ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
მეგონა, რომ აზრიანი ცხოვრება მქონდა
დაბადების წელი: 1982
ქვეყანა: პოლონეთი
წარსულში: ძალადობისა და ნარკოტიკების მოყვარული. ისწრაფოდა პრესტიჟული კარიერისკენ
მოკლე ბიოგრაფია:
დავიბადე პოლონეთის პატარა ქალაქში, გერმანიის საზღვართან ახლოს. ჩემს ქალაქს გარშემო ფერმები და ტყეები ეკრა. მშვიდი და წყნარი ცხოვრება მქონდა. მოსიყვარულე მშობლები მომიწოდებდნენ, სამაგალითო ადამიანი ვყოფილიყავი, სკოლაში კარგად მესწავლა და პრესტიჟული კარიერისკენ მესწრაფა.
პრობლემები მაშინ დამეწყო, როცა უმაღლესი განათლების მისაღებად ქალაქ ვროცლავში გადავედი. იქ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა. მშობლებისგან შორს მყოფი ცუდ წრეში მოვხვდი. ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახალი მეგობრების გავლენით ამ სპორტისადმი ფანატიკური სიყვარული განმივითარდა. ვარშავის გუნდს ვგულშემატკივრობდი და უქმეებზე ყველგან თან დავყვებოდი. აქეთ-იქით ხეტიალში ნარკოტიკებს და უზომო სმას მივეჩვიე. ზოგჯერ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებთან ხელჩართული ჩხუბი მოგვდიოდა. ასეთ ცხოვრებას ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევის საშუალებად მივიჩნევდი, თუმცა ისიც კარგად მესმოდა, რომ თუ პოლიციას ხელში ჩავუვარდებოდი, შეიძლებოდა კარიერა გვერდზე დამრჩენოდა.
მე და ჩემს მეგობრებს ღამის კლუბები და დისკოთეკები გვიზიდავდა. იქიდან გამოსულები ხშირად ვებმებოდით ქუჩურ ჩხუბში. პოლიცია რამდენჯერმე წამოგვადგა თავზე, მაგრამ თავის დაძვრენას ყოველთვის ვახერხებდი, ზოგჯერ ქრთამის ფასად. მეგონა, რომ ცხოვრებისგან ყველანაირ სიამოვნებას ვიღებდი. თუმცა სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. სინდისის დასამშვიდებლად კვირაობით ეკლესიაში დავდიოდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
2004 წელს კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ მომიკაკუნა. მათ დავთანხმდი, რომ ერთად გვემსჯელა ბიბლიურ თემებზე. როცა გავიგე, როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ქრისტიანი, სინდისმა სერიოზულად შემაწუხა. მივხვდი, რომ უზომო სმას და ნარკოტიკებს უნდა მოვრიდებოდი და უარი მეთქვა მათთან ურთიერთობაზე, რომლებიც ბიბლიური ფასეულობებით არ ცხოვრობდნენ. იმასაც ვხედავდი, რომ აგრესიული და ძალმომრეობითი ხასიათი უნდა მომეშორებინა. ცვლილებების მოხდენის საჭიროებას ნამდვილად ვგრძნობდი, მაგრამ ერთ ადგილს ვტკეპნიდი.
გონს მაშინ მოვეგე, როდესაც ერთ ღამეს რვა კაცს ავუტეხე ჩხუბი. მახსოვს, როგორ ვეგდე მიწაზე და როგორ მირტამდნენ წიხლებსა და მუშტებს თავში. უკვე სულს ვღაფავდი. უცებ ლოცვა დავიწყე: „მაპატიე იეჰოვა, რომ შენს სიტყვას სათანადოდ ვერ ვაფასებდი. თუ გადავრჩი, გპირდები, რომ აუცილებლად დავიწყებ მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას და გამოვსწორდები“. ჩემდა გასაოცრად, გადავრჩი. პირობა შევასრულე და ბიბლიის შესწავლა დავიწყე.
2006 წელს ინგლისში წავედი, რათა საკმარისი ფული მეშოვა და პოლონეთში იურისტის კვალიფიკაცია ამემაღლებინა. პარალელურად ბიბლიის შესწავლას განვაგრძობდი. ერთი მუხლი განსაკუთრებით შეეხო ჩემს გულს. ეს იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილიპელები 3:8). ჩემსავით პავლე მოციქულსაც იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული და ჩემსავით ისიც მოძალადე იყო (საქმეები 8:3). მაგრამ პავლემ უკეთეს გზას მიაგნო. მან ღვთისმსახურება აირჩია და ყველაფერს აკეთებდა, რომ ქრისტეს მიჰყოლოდა. პავლეს ცხოვრებაზე დაფიქრებით მივხვდი, რომ პრესტიჟული კარიერა და ძალადობა ბედნიერებას ვერ მომიტანდა. დავრწმუნდი, რომ თუ პავლე შეიცვალა, მეც შევიცვლებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, უარი მეთქვა იურისტის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ინგლისში დავრჩენილიყავი.
რაც მეტს ვიგებდი იეჰოვას შესახებ, მით მეტად მეწეოდა მისკენ გული. ძალებს მმატებდა იმის ცოდნა, რომ ღმერთი გულწრფელ მომნანიებლებს ცოდვებს პატიობდა (საქმეები 2:38). როდესაც 1 იოანეს 4:16-ზე ვფიქრობდი, სადაც წერია, რომ „ღმერთი სიყვარულია“, მივხვდი, თუ რატომ სძულს ღმერთს ბოროტება.
მსურდა, მეც გავმხდარიყავი იეჰოვას მოწმეების ბედნიერი საძმოს წევრი
მოწმეების საქციელითაც ძალიან მოვიხიბლე. აშკარა იყო, რომ ისინი ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას ცდილობდნენ. მსურდა, მეც გავმხდარიყავი ამ ბედნიერი საძმოს წევრი. დიდი ბრძოლისა და ცვლილებების შემდეგ, 2008 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
კურთხევები:
ერთ დროს ამბიციური, მოძალადე, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული და ფეხბურთზე გაგიჟებული კაცი ბიბლიამ ღვთის მსახურად მაქცია, რომელსაც სხვებისთვის ღვთის სიტყვის სწავლება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ფეხბურთის ყურება დღემდე მსიამოვნებს, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, გართობის ამ სახეობას დიდი მნიშვნელობა აღარ მივანიჭო.
დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს. მყავს ძვირფასი მეუღლე, ესთერი, რომელიც ჩემსავით იეჰოვას თაყვანისმცემელია. აქ, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, პოლონურ ენაზე მოსაუბრეებს ბიბლიას ვასწავლით, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს. ცხოვრებაში პირველად განვიცადე ნამდვილი კმაყოფილება. დღეს უკვე სუფთა სინდისი და აზრით აღსავსე ცხოვრება მაქვს.