ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია
რამ აღძრა ერთ დროს რელიგიაზე გულაცრუებული ქალი, სხვებს ღვთის გაცნობაში დახმარებოდა? რამ შეაყვარა მშვიდობა კაცს, რომელსაც ძალადობრივი სპორტი იტაცებდა? რამ შეცვალა ერთი ყოფილი ნარკომანი, მსმელი და ჩხუბისთავი? აი, რას ამბობენ თავად ისინი.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: პენელოპა ტოპლიჩესკუ
ასაკი: 40 წელი
ქვეყანა: ავსტრალია
წარსულში: რელიგიაზე გულაცრუებული
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ავსტრალიაში, სიდნეიში. ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ახალ გვინეაში გადავიდა. დაახლოებით 2 წელი რაბაულში ვიცხოვრეთ, შემდეგი 8 წელი კი — ბუგენვილში. იმ დროს გვინეაში ტელევიზია არ იყო, ამიტომ მე და ჩემი ძმა მთელ დღეს გარეთ ვატარებდით: ვცურავდით, ვყვინთავდით და ლაშქრობებზე დავდიოდით.
ათი წლის ვიყავი, როცა რელიგიით დავინტერესდი. დედაჩემი კათოლიკე იყო და მირჩია, რომ ერთ მონაზონთან ერთად ბიბლიის გაკვეთილებს დავსწრებოდი. ცოტა ხანში კათოლიკური წესით მოვინათლე.
როცა ავსტრალიაში დავბრუნდით, უკვე მოზარდი ვიყავი და ჩემს რელიგიურ შეხედულებას ეჭვის თვალით დავუწყე ყურება. სკოლაში ძველი მსოფლიოს ისტორიას ვსწავლობდი და მე და მამა ხშირად საათობით ვსაუბრობდით რელიგიაზე. ვფიქრობდით, რომ ბიბლიაში მითები და ლეგენდები ეწერა. საბოლოოდ, უარი ვთქვი კათოლიკობაზე.
თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედაჩემისთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო, ამიტომ საცხოვრებლად მამასთან და მის საცოლესთან გადავედი. ჩემი ძმა დედასთან დარჩა და ისინი საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდნენ. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი. ორი წელი დამჭირდა, რომ დედასთან ნორმალური ურთიერთობა აღმედგინა. ამ პერიოდში სმა, ნარკოტიკების მიღება და დროსტარება დავიწყე. სკოლიდან გამოვედი, სამუშაო ვიშოვე და უზნეო ცხოვრებას მივყავი ხელი.
25 წლისამ ისევ ბიბლიაზე დავიწყე ფიქრი. ახალ სამსახურში შევხვდი ერთ სასიამოვნო გოგოს, ლინს, რომელიც თავის აუტანელ უფროსს ყოველთვის თავაზიანად ელაპარაკებოდა. ერთხელაც ვკითხე, რატომ უთმენდა ამდენს ამ უხეშ კაცს. ლინმა ამიხსნა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და ცდილობდა, ბიბლიის პრინციპები ცხოვრებაში გამოეყენებინა. ლინმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. თავიდან ვიფიქრე, რომ ამისთვის ერთ საათზე მეტი არ დაგვჭირდებოდა. მაგრამ იმ საღამოს ლინი სამი საათი პასუხობდა ჩემს შეკითხვებს. გავოცდი, რომ ყველა კითხვაზე ბიბლიიდან მიპასუხა.
მახსოვს, იმ საღამოს სახლში ღმერთზე განაწყენებული დავბრუნდი და ვამბობდი, ჭეშმარიტება აქამდე რატომ არ გამაგებინა-მეთქი. ვიცოდი, რომ მოწმეები ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწეოდნენ და მეგონა, რომ ცხოვრების წესს ვეღარ შევიცვლიდი. იმასაც ვფიქრობდი, რომ მოწმეებივით კარდაკარ ქადაგებას ვერასოდეს შევძლებდი. მოწმეებთან შესწავლას ვაგრძელებდი, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ისინი რაღაცაში გამომეჭირა და შემდეგ მშვიდი სინდისით მათთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ერთხელაც მივხვდი, რომ მათ სწავლებაში სადაო არაფერი იყო.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიიდან, მით უფრო მაწუხებდა სინდისი. ამიტომ ნარკოტიკებს თავი დავანებე. მაგრამ, როცა ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად, ისევ დროსტარებასა და სმას მივყავი ხელი. რამდენჯერაც არ ვცადე ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება, იმდენჯერ წავბორძიკდი. დარცხვენილი ვესაუბრებოდი იეჰოვას, მაგრამ თავს მაინც ძალიან ცუდად ვგრძნობდი.
ძალიან დამეხმარა დავითისა და ბათ-შებას ისტორია და იმის ცოდნა, თუ რა გულმოწყალებით მოექცა მათ იეჰოვა. დავითს ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ დანაშაული გულწრფელად ეღიარებინა და პასუხი ეგო საკუთარ საქციელზე (2 სამუელი 12:1—13). ყოველთვის, როცა შეცდომას ვუშვებდი, ეს ისტორია მახსენდებოდა და უფრო მიადვილდებოდა იეჰოვასთვის ბოდიშის მოხდა. მერე გადავწყვიტე, შეცდომის დაშვების შემდეგ კი არ მელოცა, არამედ მანამდე, რაც ძალიან დამეხმარა.
კურთხევები: საკმაოდ მძიმე ხასიათი მქონდა. მაგრამ ეფესოელების 4:29—31-მა დამანახვა, რომ „გამწარება, ბრაზი [და] რისხვა“ უნდა მომეშორებინა. თავშეკავების გამოვლენა ენის გაკონტროლებაშიც დამეხმარა. „თქვენი დიახ იყოს დიახ“, — იესოს ამ რჩევამ მასწავლა, რომ სიტყვის შემსრულებელი ვყოფილიყავი (მათე 5:37).
დედაჩემს თავიდან არ მოსწონდა, რომ მოწმეებთან მქონდა ურთიერთობა. მაგრამ მოგვიანებით გამომიტყდა, რომ ჩემით ამაყობდა. ერთხელ მითხრა: „ვიცი, რომ ჩემი დამსახურებით არ გამხდარხარ ასეთი. ამაში იეჰოვას გაცნობა დაგეხმარა“. ძალიან გამახარა მისგან ამის მოსმენამ.
დღეს უკვე ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. ცხრა წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს ვუთმობთ იმას, რომ ბიბლია ვასწავლოთ ხალხს. მე კარდაკარაც ვქადაგებ და ვხვდები, რომ ეს ყველაზე საუკეთესო საქმეა, რაც ოდესმე გამიკეთებია.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: დენის ბუსიგინი
ასაკი: 30 წელი
ქვეყანა: რუსეთი
წარსულში: კარატისტი
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ქალაქ პერმში. ვიზრდებოდი ფურმანოვში, რომელიც ივანოვოს ოლქში (რუსეთი) მდებარეობს. იქ 40 000-მდე კაცი ცხოვრობს. ფურმანოვი ლამაზი ქალაქია, შემოდგომობით ხეები წითელ-ყვითელი ფოთლებით იმოსება. 80-90-იან წლებში ქალაქში დამნაშავეობამ იმატა. ეკონომიურად გვიჭირდა. მე და ჩემი უმცროსი ძმა მშობლებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.
შვიდი წლისამ კარატეს სწავლა დავიწყე. ეს სპორტი ისე შემიყვარდა, რომ მთლიანად მასზე გადავერთე. მთელ დროს სპორტდარბაზში ვატარებდი, ამიტომ ჩემი ყველა მეგობარი სპორტსმენი იყო. 15 წლისამ კარატეში წითელი ქამარი ავიღე, ერთ წელიწადში კი — ყავისფერი ქამარი. ჩვენი გუნდი რუსეთისა და ევროპის ტურნირებში ასპარეზობდა კარატეში. მომავალი პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ 17 წლისა ვიყავი, როცა ყველაფერი ყირაზე დადგა.
მე და ჩემმა მეგობრებმა დანაშაული ჩავიდინეთ და დაგვაპატიმრეს. ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ციხეში ძალიან გამიჭირდა. იქ პირველად ავიღე ხელში ბიბლია. წავიკითხე „დაბადება“, „ფსალმუნები“ და ახალი აღთქმა. დავიზეპირე ლოცვა „მამაო ჩვენო“, რომელსაც ძილის წინ ვამბობდი ხოლმე. მეგონა, ეს რამეში დამეხმარებოდა.
2 000 წელს ციხიდან გამათავისუფლეს, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. დავიწყე ნარკოტიკების მიღება. ამ პერიოდში დედა დამეღუპა. მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე, რადგან ის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის. იმდენი მოვახერხე, რომ ნარკოტიკებს თავი დავანებე და სპორტს დავუბრუნდი. საცხოვრებლად ივანოვოში გადავედი. მუშაობა დავიწყე სურსათის მაღაზიაში, სადაც ერთ-ერთი გამყიდველი იეჰოვას მოწმე იყო. მან ბიბლიიდან ამიხსნა ძირითადი საკითხები და იზრუნა იმაზე, რომ ერთ-ერთ მოწმესთან რეგულარულად დამეწყო ბიბლიის შესწავლა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ბიბლიის შესწავლის დროს ჩემზე ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა. მეც მინდოდა სამოთხეში ცხოვრება. მალევე მივხვდი, რომ იეჰოვა ღმერთს მაღალი ნორმები აქვს და სურს, რომ ადამიანებმა ამ ნორმებით იცხოვრონ. მანამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი, მაგრამ გავიგე, რომ სხვებზეც უნდა მეფიქრა და ისეთი თვისებები განმევითარებინა, რომლებიც მანამდე არ მქონდა. მაგალითად, გულკეთილი და მშვიდი უნდა გავმხდარიყავი.
ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რაც იეჰოვამ ჩემთვის გააკეთა, მაგალითად, თავისი ძე რომ გაიღო ჩემი ცოდვებისთვის. ღვთისადმი მადლიერების გრძნობამ ცხოვრების შეცვლის ძალა მომცა. ფსალმუნის 11:5-დან გავიგე, რომ იეჰოვას სძულს ძალადობა. ამიტომ თავი დავანებე ძალადობისა და სიძულვილის ამსახველი ტელეგადაცემების ყურებას. სპორტისთვის თავის დანებება დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა. 1 კორინთელების 15:33-ში ჩაწერილმა პრინციპმა დამანახვა, რომ მეგობრები დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. თუნდაც ის ფაქტი, რომ ციხეში მოვხვდი, ამის დადასტურება იყო. ამიტომ ურთიერთობა გავწყვიტე მათთან, ვისაც ძალადობრივი სპორტი იტაცებდა.
კურთხევები: იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობამ და ბიბლიის შესწავლამ პატიოსან კაცად მაქცია. ებრაელების 13:5-დან დავინახე, რომ იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, რაც მქონდა და ფულის სიყვარულს არ უნდა გადავყოლოდი. ამ რჩევის გათვალისწინებით ტყუილებსა და ქურდობასაც დავანებე თავი.
ჩემთვის მეგობრობა ყოველთვის ბევრს ნიშნავდა. ადრე ვხედავდი, სიხარბე და კაცთმოშიშება როგორ აშორებდა ერთმანეთს მეგობრებს. იეჰოვას მოწმეები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ისინი აფასებენ ღვთის ნორმებს და მაქსიმალურად ცდილობენ, ღვთის რჩევები სხვებთან ურთიერთობაში გამოიყენონ. მათ შორის კარგი მეგობრები შევიძინე.
შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ბიბლიის პრინციპებით რომ არ მეცხოვრა. ალბათ, ისევ ციხეში მოვხვდებოდი და სხვებს ტკივილსა და ტანჯვას მივაყენებდი. ახლა კი მზრუნველი ცოლი და ორი ვაჟი მყავს. მთელი ოჯახი სიხარულით ვეხმარებით სხვებს ღვთის გაცნობაში.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: ჟუზე კარლოს პერეირა და სილვა
ასაკი: 31 წელი
ქვეყანა: ბრაზილია
წარსულში: ჩხუბისთავი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე სან-პაულუს ღატაკთა უბანში. არც სუფთა წყალი გვქონდა და არც სანიტარული პირობები. ჩვენი უბანი კრიმინალების ბუდე იყო.
ძალიან აგრესიული ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, რის გამოც სამეზობლოში ეშინოდათ ჩემი. ვინც მხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, რომ ჩემთან ხუმრობა არ ღირდა. ხშირად უგონოდ ვთვრებოდი. ჩემი ძმებივით მეც ნარკოტიკებს მივეძალე. ჩემმა ერთმა ძმამ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღო და დაიღუპა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როცა იეჰოვას მოწმეებს პირველად შევხვდი, მათ ბიბლიიდან მიჩვენეს, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა (ლუკა 23:42, 43; გამოცხადება 21:3, 4). ისიც გავიგე, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და ღმერთი ბოროტ ადამიანებს ჯოჯოხეთში არ ტანჯავს (ეკლესიასტე 9:5, 6). ეს ჩემთვის დიდი შვება იყო. რაც უფრო მეტს ვიგებდი ღვთის შესახებ, მით მეტად მიძლიერდებოდა იმის სურვილი, რომ ცხოვრების წესი შემეცვალა. მაგრამ ადვილი არ იყო ნარკოტიკებისთვის, სმისთვის, ჩხუბისა და გინებისთვის თავის დანებება.
1 კორინთელების 6:9—11-ში ჩაწერილმა სიტყვებმა ძალა შემმატა. ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ჩემსავით ცუდი ჩვევები პირველ საუკუნეში ზოგ ქრისტიანსაც ჰქონდა. მაგრამ პავლე ამბობს: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“. ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ მეც შევძლებდი შეცვლას და ღვთისმოსაწონად ცხოვრებას.
როცა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, რომ ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ ადრე მოძალადე და აგრესიული ვიყავი, მაგრამ მაინც თბილად და სიყვარულით მიმიღეს.
კურთხევები: ბიბლია რომ არ მესწავლა და ცხოვრების წესი არ შემეცვალა, დღეს ალბათ მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ერთ-ერთ ძმას დავეხმარე ბიბლიის გამოკვლევასა და ნარკოტიკებისთვის თავის დანებებაში. ამას გარდა, ჩემს სხვა ნათესავებსაც დავეხმარე ბიბლიის შესწავლის დაწყებაში. ძალიან მიხარია, რომ თავი მივუძღვენი იეჰოვა ღმერთის მსახურებას, რომელიც ასე ზრუნავს ჩვენზე!
[ჩანართი 24 გვერდზე]
„გადავწყვიტე, შეცდომის დაშვების შემდეგ კი არ მელოცა, არამედ მანამდე, რაც ძალიან დამეხმარა“