იეჰოვა ამოგიდგებათ მხარში!
„იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე“ (ფსალმ. 41:3).
1, 2. რა კითხვა შესაძლოა დაგვებადოს ხანდახან და რომელი ბიბლიური მაგალითები შეიძლება გაგვახსენდეს ასეთ დროს?
თუ ოდესმე სერიოზულად ყოფილხართ ავად, ალბათ გიკითხავთ: „ნეტავ, გამოვჯანმრთელდები“? მსგავსი კითხვა შესაძლოა ოჯახის წევრის ან მეგობრის ავადმყოფობის დროსაც გაგჩენიათ. ეს სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ყველას გვსურს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. ასეთი საწუხარი არც ელიასა და ელისეს დროს მცხოვრები ორი მეფისთვის, ახაზიასა და ბენ-ჰადადისთვის, იყო უცხო. მეფე ახაზიას, ახაბისა და იზებელის ვაჟს, რომელიც სარკმლიდან გადმოვარდა და დაშავდა, სულს უფორიაქებდა კითხვა: „გამოვკეთდები?“. სირიის მეფე ბენ-ჰადადსაც, რომელიც მძიმედ იყო ავად, მსგავსი კითხვა აწუხებდა: „მოვრჩები?“ (2 მეფ. 1:2; 8:7, 8).
2 მართალია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ ერთ მშვენიერ დღეს როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ახლობლები თავს დავაღწევთ ავადმყოფობის მარწუხებს, მაგრამ ხანდახან შესაძლოა მაინც დაგვებადოს კითხვა: იღონებს დღეს ღმერთი რამეს ჩვენ დასახმარებლად? ზემოხსენებული მეფეების დროს ღმერთი დროდადრო სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს; იგი თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით მიცვალებულებსაც კი აღადგენდა (1 მეფ. 17:17—24; 2 მეფ. 4:17—20, 32—35). აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, გვწამდეს, რომ ღმერთი ასეთ სასწაულებს ჩვენს დროშიც მოახდენს?
3—5. რის ძალა შესწევთ ღმერთსა და იესოს და რა კითხვები წამოიჭრება?
3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს ძალუძს ადამიანისთვის ჯანმრთელობის წართმევა; მან ცალკეულ ადამიანებს დასჯის მიზნით ავადმყოფობა შეჰყარა. სწორედ ასე მოხდა აბრაამის დროს მცხოვრები ფარაონისა და მოსეს დის, მირიამის, შემთხვევაში (დაბ. 12:17; რიცხ. 12:9, 10; 2 სამ. 24:15). ღმერთს თავისი ერიც ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ურჩობის შემთხვევაში „დაავადებასა და უბედურებას“ შეჰყრიდა (კან. 28:58—61). თუმცა იეჰოვას თავისი ხალხისთვის ისიც ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ ერთგულებას გამოავლენდნენ, მოაშორებდა ყოველგვარ ავადმყოფობას და აარიდებდა ყველანაირ სნეულებას (გამ. 23:25; კან. 7:15). რა თქმა უნდა, ღმერთს განკურნების ძალაც შესწევს. ამას იობის მაგალითზე ვხედავთ; ღმერთმა იობი მაშინ განკურნა, როცა იმდენად მძიმედ იყო, რომ სიკვდილსაც კი ნატრობდა (იობ. 2:7; 3:11—13; 42:10, 16).
4 დიახ, ღმერთს შესწევს ძალა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს და განკურნოს ავადმყოფი. იმავეს თქმა შეიძლება მის ძეზე, იესო ქრისტეზე. სახარებებიდან ვიგებთ, რომ იგი სასწაულებრივად კურნავდა კეთროვნებს, ბნედიანებს, უსინათლოებსა და დამბლადაცემულებს (წაიკითხეთ მათეს 4:23, 24; იოან. 9:1—7). მართლაც გულებს გვითბობს იმაზე ფიქრი, რომ იესოს სასწაულები პირველსახეა იმ დიდებული სასწაულებისა, რასაც იგი ახალ ქვეყნიერებაში მოიმოქმედებს. აი, მაშინ „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24).
5 მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი და იესო დღესვე სასწაულებრივად განგვკურნავენ? როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვადასხვაგვარი ფიზიკური უძლურებისა თუ სერიოზული დაავადების მიმართ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ?
მხარში ამოგიდგება სარეცელზე
6. რას გვატყობინებს ბიბლია „განკურნების ძღვნის“ შესახებ?
6 ბიბლია გვატყობინებს, რომ ღმერთმა პირველ საუკუნეში ზოგ ცხებულ ქრისტიანს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა (საქ. 3:2—7; 9:36—42). როგორც ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ვხედავთ, წმინდა სულის „სხვადასხვაგვარ ძღვენს“ შორის „განკურნების ძღვენიც“ შედიოდა (1 კორ. 12:4—11). მაგრამ ეს ძღვენი სხვა ძღვენთან, მაგალითად, სხვადასხვა ენაზე საუბრისა და წინასწარმეტყველების ძღვენთან ერთად, მალე გაუქმდებოდა (1 კორ. 13:8). როგორც ვიცით, დღეს „სხვადასხვაგვარი ძღვენი“ აღარ გვეძლევა. აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს სასწაულებრივად განგვკურნავს.
7. რა გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ ფსალმუნის 41:3-ში?
7 თუმცა ავადმყოფობის დროს ჩვენც შეგვიძლია წარსულში მცხოვრები ერთგული მსახურების მსგავსად, გვქონდეს ღვთის იმედი, რომ იგი გვანუგეშებს, მოგვცემს საჭირო სიბრძნეს და მხარში ამოგვიდგება. მეფე დავითმა დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს; უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას. იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“ (ფსალმ. 41:1, 2). ცხადია, მეფე დავითის თანამედროვეებმა, რომლებიც „ყურადღებას აქცევდნენ საწყალს“, ადრე თუ გვიან დაასრულეს სიცოცხლე. თავის სიტყვებში მეფე დავითს ის არ უგულისხმია, რომ ასეთი ადამიანები სასწაულებრივად გადაურჩებოდნენ სიკვდილს და მარადიულად იცოცხლებდნენ. ღვთივშთაგონებით დაწერილ ამ სიტყვებში ერთი მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება: ღმერთი დახმარების გარეშე ერთგულ და სხვებზე მზრუნველ ადამიანებს არასდროს მიატოვებს. და, თუ როგორ დაეხმარება ღმერთი ასეთ ადამიანებს, ამაზე პასუხს ისევ დავითის სიტყვებიდან ვიგებთ: „იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე. შენ [იეჰოვა] შეცვლი მისი სნეულების სარეცელს“ (ფსალმ. 41:3). დიახ, იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს საწყალზე, შეუძლია ჰქონდეს ღვთის იმედი, რომ იგი მის შრომასა და ერთგულებას არ დაივიწყებს. გარდა ამისა, ღვთის მიერ შექმნილ სხეულს თვითაღდგენის უნარი გააჩნია, რის წყალობითაც შესაძლებელია, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს.
8. რას შესთხოვდა მეფე დავითი იეჰოვას, როგორც ამას ფსალმუნის 41:4-დან ვიგებთ?
8 დავითმა საკუთარი გამოცდილებით დაწერა: „წყალობა მიყავი, იეჰოვა. სული განმიკურნე, რადგან შეგცოდე“ (ფსალმ. 41:4). სავარაუდოდ, მეფემ ეს სიტყვები იმ პერიოდში დაწერა, როცა იმდენად ავად იყო, რომ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავის ძეს, აბესალომს, რომელიც სამეფო ტახტის მითვისებას ლამობდა. მართალია, იეჰოვამ დავითს შეცოდება აპატია, მაგრამ მეფე ბათ-შებასთან ჩადენილი მრუშობის შედეგებს იმკიდა (2 სამ. 12:7—14). მიუხედავად ყველაფრისა, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა „ავადმყოფს სარეცელზე“. მაგრამ ისმის კითხვა: შესთხოვდა ამ სიტყვებით მეფე დავითი ღმერთს სასწაულებრივ განკურნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას?
9. ა) რით განსხვავდება ხიზკიას შემთხვევა დავითის შემთხვევისგან? ბ) რას ელოდა დავითი იეჰოვასგან?
9 ბიბლიიდან ვიგებთ იმ შემთხვევის შესახებაც, როცა ღმერთმა სასიკვდილოდ დასნეულებული ხიზკია სასწაულებრივად განკურნა. ამ ამბის შემდეგ ხიზკიამ კიდევ 15 წელი იცოცხლა (2 მეფ. 20:1—6). თუმცა მეფე ხიზკიასგან განსხვავებით, დავითს ღვთისთვის სასწაულებრივი განკურნება არ უთხოვია. კონტექსტიდან ვიგებთ, რომ მეფე ღმერთს შესთხოვდა, მასაც ისევე მოპყრობოდა, როგორც მოეპყრობოდა ადამიანს, რომელიც „ყურადღებას აქცევს საწყალს“. ამაში ის იმასაც გულისხმობდა, რომ ღმერთი მას, „ავადმყოფს სარეცელზე“, მხარში ამოდგომოდა. ვინაიდან ღმერთმა დავითს ცოდვა აპატია, მას შეეძლო ღვთისგან ნუგეში და მხარდაჭერა ეთხოვა; აგრეთვე ეთხოვა, რომ სხეულის თვითაღდგენის უნარის წყალობით გამოკეთებულიყო (ფსალმ. 103:3). ჩვენც შეგვიძლია ასე მოვიქცეთ.
10. რას ვიგებთ ტროფიმესა და ეპაფროდიტეს შემთხვევებიდან?
10 დავითის მსგავსად, არც პავლეს თანამსახური ტროფიმე განკურნებულა სასწაულებრივად და არც მას გახანგრძლივებია სიცოცხლე. როგორც წმინდა წერილებიდან ვიგებთ, ღმერთი პავლეს დროდადრო განკურნების ძალას აძლევდა (წაიკითხეთ საქმეების 14:8—10). მაგალითად, წიგნი „საქმეები“ გვატყობინებს, რომ პუბლიუსის მამა „ციებ-ცხელებითა და დიზენტერიით იტანჯებოდა“, პავლემ კი „ილოცა, ხელები დაადო და განკურნა“ (საქ. 28:8). თუმცა პავლე თავის თანამსახურ ტროფიმესთან მიმართებით, რომელიც მას მისიონერულ მოგზაურობაში ახლდა, ასე არ მოქცეულა (საქ. 20:3—5, 22; 21:29). როცა ტროფიმე ავად გახდა, პავლეს იგი სასწაულებრივად არ განუკურნავს; ტროფიმე მან გამოსაჯანმრთელებლად მილეტში დატოვა (2 ტიმ. 4:20). პავლეს სასწაულებრივად არც თავისი მეგობარი, ეპაფროდიტე განუკურნავს, რომელიც „ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო“ (ფილ. 2:25—27, 30).
მოუხმეთ გონიერებას
11, 12. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ლუკას პავლესთვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეეძლო და რის თქმა შეგვიძლია მასზე, როგორც თავისი საქმის მცოდნეზე?
11 პავლეს მისიონერულ მოგზაურობაში წიგნ „საქმეების“ დამწერი, „საყვარელი ექიმი ლუკაც“ ახლდა (კოლ. 4:14; საქ. 16:10—12; 20:5, 6). ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ექიმი ლუკა პავლეს საჭირო რჩევებს აძლევდა და როგორც მას, ისე მასთან ერთად მისიონერულ მსახურებაში მყოფთ, სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა. რატომ უწევდა ლუკას საკუთარი ცოდნის გამოყენება? იმიტომ, რომ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მოგზაურობის დროს პავლეც გამხდარა ავად (გალ. 4:13). დიახ, ლუკას შეეძლო სხვებისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა; როგორც იესომ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (ლუკ. 5:31).
12 ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ სად და როდის მიიღო ლუკამ სამედიცინო განათლება. როგორც ჩანს, პავლემ კოლოსელთა მიმართ მიწერილ წერილში ლუკა ექიმად იმიტომ მოიხსენია, რომ კოლოსელები იცნობდნენ მას. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სკოლა კოლოსეს მახლობლად, ლაოდიკეაში მდებარეობდა. ფაქტი ერთია, ლუკა ექიმბაში კი არ იყო, რომელიც არაკვალიფიციურ რჩევებს იძლეოდა, არამედ — გამოცდილი ექიმი. ამაზე მოწმობს როგორც მის სახარებასა და წიგნ „საქმეებში“ გამოყენებული სამედიცინო ლექსიკა, ისე პროფესიული ენით აღწერილი იესოს მიერ მოხდენილი განკურნების სასწაულები.
13. რატომ უნდა მოვუხმოთ გონიერებას, როცა მკურნალობასთან დაკავშირებულ რჩევებს გვაძლევენ?
13 ჩვენი თანაქრისტიანები „განკურნების ძღვენს“ არ ფლობენ, შესაბამისად, მათ ჩვენი განკურნება არ ხელეწიფებათ. ზოგჯერ კარგი მოტივებით აღძრული ზოგიერთი და-ძმა მკურნალობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით გვაძლევს რჩევებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა და-ძმები ზოგად და პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობენ. მაგალითად ისეთს, როგორიც პავლემ ტიმოთეს მისცა, რომელსაც, როგორც ჩანს, დაბინძურებული წყლის გამო კუჭი აწუხებდაa (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:23). ეს რჩევა მართლაც განსხვავდება იმ „რჩევისგან“, როცა ერთი თანაქრისტიანი მეორის დარწმუნებას ცდილობს, რათა მან მკურნალობის მიზნით გამოიყენოს ესა თუ ის მცენარე, მეთოდი ან დიეტა, რაც შეიძლება მისთვის უშედეგო, ან უარეს შემთხვევაში, საზიანოც კი აღმოჩნდეს. ხშირად ამგვარ „რეკომენდაციებს“ ასეთი შესავალი უძღვის: „იცი, ჩემი ახლობელიც ზუსტად შენ დღეში იყო და ამან უშველა“. რაც არ უნდა კარგი მოტივები ჰქონდეთ და-ძმებს, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: მათ მიერ შემოთავაზებული ფართო მოხმარების მედიკამენტების მიღება თუ მკურნალობის საყოველთაოდ ცნობილი მეთოდების გამოყენებაც კი შესაძლოა გარკვეულ რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული (წაიკითხეთ იგავების 27:12).
სიფრთხილე სიბრძნის მაჩვენებელია
14, 15. ა) რის შესაძლებლობად მიიჩნევს ბევრი სხვების ავადმყოფობას? ბ) რა მხრივ წაგვადგება იგავების 14:15-ში ჩაწერილი აზრი, როცა საქმე მკურნალობის არჩევაზე მიდგება?
14 ბუნებრივია, ქრისტიანებს გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელნი, რათა გავიხაროთ ცხოვრებით და სრულად დავიხარჯოთ ღვთის საქმეში. თუმცა ვინაიდან მემკვიდრეობად არასრულყოფილება გვერგო, ყველა ვხდებით ავად. ამა თუ იმ ავადმყოფობის მოსარჩენად შეიძლება უამრავი საშუალება და მეთოდი არსებობდეს. შესაბამისად, თითოეული ადამიანის პირადი გადასაწყვეტია, თუ რომელ მედიკამენტს ან მკურნალობის მეთოდს აირჩევს. სამწუხაროდ, დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც სიხარბეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, ხალხი სხვების ავადმყოფობას ფულის შოვნის შესაძლებლობად მიიჩნევს. ზოგი მომხმარებელს სხვადასხვა სახის მედიკამენტებსა თუ მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს, რომელთა ეფექტიანობაში დასარწმუნებლადაც მათთვის ყალბი მტკიცებულებები მოჰყავს. ზოგიც, იქნება ეს კერძო პირი თუ კომპანია, მოგების მიზნით მომხმარებელს თავიანთი ძვირადღირებული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებს. ავადმყოფი კი, რომელსაც ერთი სული აქვს, გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს, იოლად შეიძლება ცდუნდეს მსგავსი შეთავაზებებით. მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევა: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავ. 14:15).
15 წინდახედული ადამიანი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს, როცა მას სამედიცინო საკითხებზე რჩევასა თუ რეკომენდაციას არაკომპეტენტური პირი აძლევს. ამ დროს შესაძლოა წინდახედული ადამიანი ფიქრობდეს: „როგორც მან მითხრა, ეს ვიტამინი, მცენარე თუ დიეტა ვიღაცას წაადგა. მაგრამ, არის კი ეს სიმართლე? ერთიცაა, ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე რამდენად გამომადგება ეს მეთოდი? ხომ არ ღირს, რომ უფრო კარგად გამოვიკვლიო ეს საკითხი ან უფრო კომპეტენტურ პირთან გავიარო კონსულტაცია?“ (კან. 17:6).
16. რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ, როდესაც მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებთ?
16 ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ „ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად . . . ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:12). „აზრიანად ცხოვრება“ ანუ ფხიზლად ყოფნა განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, როცა დაავადების დიაგნოსტიკა ან მკურნალობის მეთოდი გვაეჭვებს. შეუძლია მკურნალ ექიმს ან მას, ვინც რეკომენდაციას უწევს მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს, დამაკმაყოფილებლად აგვიხსნას, თუ როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ხომ არ ეწინააღმდეგება ის მეცნიერულ ფაქტებს ან მიიჩნევენ თუ არა მას სანდოდ გამოცდილი სპეციალისტები? (იგავ. 22:29). მხოლოდ ემოციებზე ხომ არაა გათვლილი რეკლამა? მაგალითად, ხომ არ გვითხრეს, რომ მკურნალობის ამ მეთოდს იქ იყენებენ, სადაც ცივილიზაციას ჯერ არ შეუღწევია და მედიკოსებმა მისი არსებობის შესახებ არაფერი იციან. რამდენად გონივრული და სარწმუნოა მკურნალობის ასეთი მეთოდი? ზოგი მკურნალი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ეგრეთ წოდებულ საიდუმლო ინგრედიენტებსა და პაციენტის ბიოენერგეტიკას იყენებს. ამ საკითხზე სერიოზულად ღირს დაფიქრება, ვინაიდან ღმერთმა თავის სიტყვაში გაგვაფრთხილა, რომ ვერიდოთ ყველაფერს, რაც ჯადოქრობასა და სულების გამოძახებას უკავშირდება (ეს. 1:13; კან. 18:10—12).
„იყავით ჯანმრთელად!“
17. რა უნდა გვსურდეს?
17 პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა საბჭომ კრებებს მეტად მნიშვნელოვანი წერილი მისწერა. იმ ყველაფრის მოხსენიების შემდეგ, რასაც ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ, წერილი ასეთი სიტყვებით სრულდებოდა: „თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად!“ (საქ. 15:29). გამოსამშვიდობებელი სიტყვები, რომლითაც წერილი მთავრდება, შეიძლება ასეც გავიგოთ: „გამაგრდით“. ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გავიხაროთ კარგი ჯანმრთელობით და ჯან-ღონით აღვსილებმა ვემსახუროთ ჩვენს დიდებულ ღმერთს.
18, 19. რას ველით ახალ ქვეყნიერებაში მთელი სულითა და გულით?
18 ვინაიდან დღეს სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და არასრულყოფილები ვართ, ავადმყოფობას თავს ვერ დავაღწევთ; არც სასწაულებრივ განკურნებას უნდა ველოდოთ. თუმცა გამოცხადების 22:1, 2-ში საუბარია იმ დროზე, როცა სრულად გამოვჯანმრთელდებით. მოციქულმა იოანემ ხილვაში „სიცოცხლის წყლის მდინარე“ და „სიცოცხლის ხეები“ იხილა, რომელთა „ფოთლებიც ხალხების განსაკურნავად იყო“. თუმცა ამაში ბალახეულით მკურნალობა ნამდვილად არ იგულისხმება. აქ საუბარია იეჰოვას სიყვარულის უდიდეს გამოხატულებაზე, იესოს გამოსასყიდზე, რომელიც მორჩილ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს; დიახ, სწორედ ამას ველით მთელი სულითა და გულით (ეს. 35:5, 6).
19 თუმცა დღეს, სანამ ჯერ კიდევ ველით აღთქმულს, დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი თითოეული ჩვენგანით ინტერესდება მაშინაც კი, როცა ავად ვხდებით. მეფე დავითის მსგავსად, არც ჩვენ გვეპარება ეჭვი, რომ ღმერთი ნებისმიერი ავადმყოფობის დროს მხარში ამოგვიდგება. ამ შემთხვევაში ჩვენც გავიზიარებთ მეფე დავითის სიტყვებს: „ჩემი უმწიკვლობის გამო მხარში ამომიდექი, შენი სახის წინ დამაყენებ მარადიულად“ (ფსალმ. 41:12).
a ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „როგორც კვლევებმა აჩვენა, ტიფის ვირუსსა თუ სხვა საშიშ მიკრობებს ადვილად კლავს ღვინოში შემავალი ფერმენტები“ (The Origins and Ancient History of Wine).