ცდილობთ, გაითავისოთ იეჰოვას აზროვნება?
„განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“ (რომ. 12:2).
1, 2. რას ვსწავლობთ სულიერ ზრდასთან ერთად? მოიყვანეთ მაგალითი.
„მადლობა გადაუხადე“. ამ სიტყვებს მშობლები მაშინ ეუბნებიან შვილებს, როცა ვინმე მათ პატარას საჩუქარს ჩუქნის, და ბავშვებიც ხშირად ავტომატურად იმეორებენ მათ სიტყვებს. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები ხვდებიან, რატომ ასწავლიდნენ მშობლები მადლობის თქმას და უფრო მეტად აფასებენ სხვების სიკეთეს. ახლა ისინი უკვე გააზრებულად იხდიან მადლობას, რადგან ამისკენ მადლიერების გრძნობა აღძრავთ.
2 მსგავსად, როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, ვისწავლეთ, რომ იეჰოვას ძირითადი მოთხოვნებისადმი მორჩილება მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ სულიერ ზრდასთან ერთად უფრო ღრმად ვწვდებით იეჰოვას აზროვნებას. მაგალითად, ვიგებთ, რა მოსწონს და რა არა, და როგორ უყურებს ამა თუ იმ საკითხს. როცა ვსწავლობთ იეჰოვას მსგავსად აზროვნებას და ეს ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აისახება, ცხადვყოფთ, რომ ვითავისებთ იეჰოვას აზროვნებას.
3. რატომ შეიძლება გაგვიძნელდეს იეჰოვას აზროვნების გათავისება?
3 მართალია, იეჰოვას აზროვნების განვითარება სასიამოვნო პროცესია, მაგრამ შეიძლება ის სირთულეებთანაც იყოს დაკავშირებული. ხანდახან ამაში არასრულყოფილება გვიშლის ხელს. მაგალითად, შეიძლება გვიძნელდება, ჩავწვდეთ იეჰოვას თვალსაზრისს ზნეობასთან, მატერიალიზმთან, ქადაგებასთან, სისხლის გადასხმასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? როგორ შეგვიძლია, უკეთ გავითავისოთ იეჰოვას აზროვნება? და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენს დღევანდელ თუ სამომავლო გადაწყვეტილებებზე?
გაითავისეთ ღვთის აზროვნება
4. რას ნიშნავს პავლეს რჩევა „განიახლეთ გონება“?
4 წაიკითხეთ რომაელების 12:2. ამ მუხლში პავლე მოციქული ხსნის, რას ნიშნავს, ვისწავლოთ იეჰოვას მსგავსად აზროვნება. წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ, თუ გვინდა, „ქვეყნიერების ყაიდაზე“ აღარ ვიცხოვროთ, უნდა უარვყოთ ქვეყნიური შეხედულებები და დამოკიდებულებები. თუმცა პავლემ ისიც აღნიშნა, რომ უნდა განვიახლოთ გონება. ამაში იგულისხმება ბიბლიის შესწავლა, ღვთის აზრების გაგება, მათზე ფიქრი და მათი გათავისება.
5. რა განსხვავებაა ზედაპირულ კითხვასა და შესწავლას შორის? ახსენით.
5 შესწავლაში მხოლოდ ზედაპირული კითხვა ან დასმულ კითხვაზე პასუხების მონიშვნა არ იგულისხმება. პირადი შესწავლის დროს ღრმად ვფიქრობთ, რას გვეუბნება ეს ინფორმაცია იეჰოვას, მისი გზებისა და აზროვნების შესახებ. ვცდილობთ, გავიგოთ, რატომ იწონებს ღმერთი ერთს და გმობს მეორეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება ჩვენს აზროვნებასა და საქციელში. შეიძლება ყოველი შესწავლის დროს ამ საკითხებიდან ყველაზე ვერ დავფიქრდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ შესწავლისთვის გამოყოფილი დროის ნახევარს მაინც დავუთმობთ წაკითხულზე ფიქრს (ფსალმ. 119:97; 1 ტიმ. 4:15).
6. რა ხდება, როცა იეჰოვას აზრებზე ვფიქრობთ?
6 როცა რეგულარულად ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე, საოცარი რამ ხდება: ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას აზროვნება სრულყოფილია; ვიწყებთ საკითხების იეჰოვას თვალით დანახვას და მათ გათავისებას; გონება გვიახლდება და აზროვნება გვეცვლება; თანდათან იეჰოვას მსგავსად ვიწყებთ ფიქრს.
ფიქრები ქმედებებში აისახება
7, 8. ა) რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას სიმდიდრეზე? (იხილეთ სურათები 23-ე გვერდზე) ბ) რას მივანიჭებთ უპირატესობას, თუ იეჰოვასავით ვიფიქრებთ?
7 არ უნდა დავასკვნათ, რომ ფიქრი მხოლოდ გონების ვარჯიშია, რადგან პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ქმედებებს (მარ. 7:21—23; იაკ. 2:17). ამის უკეთ დასანახად განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. სახარებებიდან ნათლად ჩანს იეჰოვას შეხედულება მატერიალურ საკითხებზე. ღმერთმა თავისი ძის აღსაზრდელად გულდასმით შეარჩია მშობლები. მან ისეთი წყვილი აირჩია, რომელთაც ბევრი ფული არ ჰქონდათ (ლევ. 12:8; ლუკ. 2:24). როცა იესო დაიბადა, მარიამმა „ბაგაში ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო“ (ლუკ. 2:7). იეჰოვას რომ ნდომებოდა, არაერთ გზას გამოძებნიდა, რომ მისი ძე უკეთეს პირობებში დაბადებულიყო. მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სულიერი გარემო იყო, რომელშიც იესო გაიზრდებოდა.
8 იესოს დაბადების შესახებ ამ ბიბლიური მონათხრობიდან ვიგებთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით. ზოგი მშობელი ყველანაირად ცდილობს, რომ შვილი მატერიალურად უზრუნველყოს, თუნდაც ამის გამო ბავშვის სულიერობა დაზარალდეს. აშკარაა, რომ იეჰოვა ყველაზე დიდ მნიშვნელობას სულიერობას ანიჭებს. თქვენც მსგავსად ფიქრობთ? რას ცხადყოფს თქვენი საქმეები? (წაიკითხეთ ებრაელების 13:5).
9, 10. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს სხვების დაბრკოლებასთან დაკავშირებით?
9 რას ფიქრობს იეჰოვა სხვების დაბრკოლებაზე? იესომ თქვა: „იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ“ (მარ. 9:42). ამ სიტყვებში საკმაოდ მკაცრი ტონი იგრძნობა. იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვასაც ისეთივე მკაცრი დამოკიდებულება აქვს თანამორწმუნის დაბრკოლების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა (იოან. 14:9).
10 ჩვენც მათსავით ვფიქრობთ? გვაქვს ეს გათავისებული? რაზე მეტყველებს ჩვენი საქციელი? დავუშვათ, ისეთი სტილის ტანსაცმელი, ვარცხნილობა ან მაკიაჟი მოგვწონს, რომელიც კრების ზოგიერთ წევრს აღიზიანებს ან სხვებში სექსუალურ სურვილებს აღვივებს. აღგვძრავს და-ძმების სიყვარული, რომ უარი ვთქვათ სტილზე, რომელიც ძალიან მოგვწონს? (1 ტიმ. 2:9, 10).
11, 12. როგორ დაგვიცავს არასწორი საქციელისგან იეჰოვას აზროვნების განვითარება და საკუთარი თავის გაკონტროლება?
11 კიდევ ერთი მხარე ის არის, რომ იეჰოვას სძულს უმართლობა (ეს. 61:8). მას ესმის, რომ არასრულყოფილების გამო ცუდისკენ ვართ მიდრეკილები, თუმცა მოგვიწოდებს, მივბაძოთ მას და შევიძულოთ უმართლობა (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10). იმ მიზეზებზე ფიქრი, თუ რატომ სძულს იეჰოვას ბოროტება, დაგვეხმარება, გავითავისოთ მისი აზროვნება, და ძალას შეგვმატებს, გავუძლოთ არასწორი საქციელის ჩადენის ცდუნებას.
12 უმართლობაზე იეჰოვას აზროვნების განვითარება იმაშიც დაგვეხმარება, რომ მიუღებლად მივიჩნიოთ ისეთი საქმეები, რომლებზეც ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს. მაგალითად, გარყვნილ საქმეებს მიეკუთვნება ისეთი ცეკვა, რომლის დროსაც თითქმის შიშველი მოცეკვავე კალთაში უზის კლიენტს და სექსუალურ მოძრაობებს აკეთებს. ასეთი ცეკვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღევანდელ ქვეყნიერებაში. ზოგმა შეიძლება გაამართლოს ასეთი საქციელი და თქვას, რომ ეს სექსი არ არის.a თუმცა დაფიქრდით, ირეკლავს ასეთი საქციელი ღვთის აზროვნებას, რომელსაც სძულს ყოველგვარი უზნეობა? მოდი ვისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და შევიზიზღოთ ბოროტება, რაც დაგვეხმარება, თავი შორს დავიჭიროთ ასეთი უზნეო საქციელისგან (რომ. 12:9).
წინასწარ იფიქრეთ, როგორ მოიქცევით მომავალში
13. რატომ უნდა დავფიქრდეთ წინასწარ, როგორ გამოგვადგება მომავალში ესა თუ ის აზრი, რომელიც იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს?
13 კარგი იქნება, თუ პირადი შესწავლის დროს დავფიქრდებით, როგორ გამოგვადგება მომავალში ესა თუ ის აზრი, რომელიც იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს. ეს იმ სიტუაციებისთვის მოგვამზადებს, როცა ფიქრისთვის ბევრი დრო აღარ გვექნება და სწრაფად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება (იგავ. 22:3). დავფიქრდეთ რამდენიმე ბიბლიურ მაგალითზე.
14. რას ვსწავლობთ იოსების სიტყვებიდან, რომელიც ფოტიფარის ცოლს უთხრა?
14 იოსებმა დაუყოვნებლივ უარყო ფოტიფარის ცოლის მაცდუნებელი შეთავაზება, რომ მასთან დაწოლილიყო. მისი რეაქციიდან გამოჩნდა, რომ წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი, თუ რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას მეუღლისადმი ერთგულებაზე (წაიკითხეთ დაბადების 39:8, 9). მან ფოტიფარის ცოლს უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას გათავისებული ჰქონდა იეჰოვას აზროვნება. ჩვენზე რას ვიტყვით? დავუშვათ, თანამშრომელი თქვენთან ფლირტის გაბმას ცდილობს ან ვინმე სექსუალური შინაარსის შეტყობინებას ან სურათს გიგზავნით.b ამ ცდუნებასთან გამკლავება უფრო გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ გამოიკვლევთ და გაითავისებთ იეჰოვას თვალსაზრისს და გადაწყვეტთ, როგორ მოიქცეთ.
15. როგორ შეგვიძლია სამი ებრაელის მსგავსად იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება?
15 განვიხილოთ სამი ებრაელის შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს მაგალითი. მათ მტკიცე უარი განაცხადეს ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ოქროს კერპის თაყვანისცემაზე. მეფისთვის გაცემული პასუხიდან ჩანდა, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ ნაფიქრი, რას ნიშნავდა იეჰოვას ერთგულება (გამ. 20:4, 5; დან. 3:4—6, 12, 16—18). დავუშვათ, დამსაქმებელი გთხოვთ, რომ ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ცრუ რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას. როგორ მოიქცევით? ნაცვლად იმისა, რომ ასეთ სიტუაციებს დაელოდოთ, უმჯობესი იქნება, თუ ახლავე დაფიქრდებით, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ საკითხზე. ეს დაგეხმარებათ, რომ სამი ებრაელის მსგავსად სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით.
16. როგორ დაგვეხმარება იეჰოვას აზროვნების ნათლად გაგება, მომზადებულები ვიყოთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის?
16 წინასწარ უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნებთ იეჰოვასადმი ერთგულებას, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება. მართალია, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არ გადავისხათ არც მთლიანი სისხლი და არც მისი ოთხი ძირითადი კომპონენტი, მაგრამ არის სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები, რომელთა შესახებაც ქრისტიანმა ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებით თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (საქ. 15:28, 29). ცხადია, საავადმყოფო არ არის საუკეთესო ადგილი ასეთ საკითხებზე ფიქრისთვის, რადგან ამ დროს შეიძლება ძლიერ ტკივილს განვიცდიდეთ ან გვაიძულებდნენ, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გამოვიკვლიოთ ეს საკითხი, შევავსოთ ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა სამედიცინო მინდობილობა, და დაველაპარაკოთ ჩვენს ექიმს.c
17—19. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღესვე გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე? მოიყვანეთ მაგალითი, თუ რომელი სიტუაციებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს მომზადება.
17 დაბოლოს, დაფიქრდით, რა უპასუხა იესომ პეტრეს დაუფიქრებელ რჩევაზე, რომ თავი შეეწყალებინა. აშკარაა, იესო ბევრს ფიქრობდა მასთან დაკავშირებულ ღვთის ნებაზე და იმ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც მის ცხოვრებასა და სიკვდილს უკავშირდებოდა. ამის ცოდნა დაეხმარა მას, რომ იეჰოვასადმი ერთგულება შეენარჩუნებინა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაეწირა ჩვენთვის თავი (წაიკითხეთ მათეს 16:21—23).
18 დღეს ღვთის ნებაა, რომ მისმა მსახურებმა ახლო ურთიერთობა განივითარონ მასთან და მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო საქმეში (მათ. 6:33; 28:19, 20; იაკ. 4:8). კეთილმოსურნე ადამიანები შეიძლება ჩვენს შემთხვევაშიც შეეცადონ, რომ არჩეული გზიდან გადაგვახვევინონ. როგორ მოიქცევით, თუ დამსაქმებელი დაწინაურებას და გაცილებით მაღალ ხელფასს შემოგთავაზებთ, მაგრამ ეს სამუშაო ხელს შეგიშლით სულიერ საქმეებში? ან რას გადაწყვეტთ, თუ სკოლის მოსწავლე ხართ და სწავლის გაგრძელებას გთავაზობენ, რის გამოც ოჯახისგან შორს მოგიწევთ ყოფნა? თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებით, შეეცდებით, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ილოცოთ, გამოიკვლიოთ იეჰოვას თვალსაზრისი და დაელაპარაკოთ ოჯახის წევრებს ან უხუცესებს? კარგი იქნება, თუ ახლავე გაიგებთ ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისს და გაითავისებთ მას. თუ ასე მოიქცევით, თქვენთვის ნაკლებად მაცდუნებელი იქნება მსგავსი შემოთავაზებები. გარდა ამისა, წინასწარ გექნებათ დასახული სულიერი მიზნები და განწყობილი იქნებით, რომ ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩეთ.
19 იფიქრეთ იმ სავარაუდო სიტუაციებზე, რომლებშიც შეიძლება მომავალში აღმოჩნდეთ. ფაქტია, ყველაფერს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ, თუ პირად შესწავლას იეჰოვას აზრებზე დასაფიქრებლად გამოვიყენებთ, ნებისმიერ სიტუაციაში შევძლებთ ნასწავლის გახსენებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისის გაგება, მისი გათავისება და იმის გააზრება, რომ ღვთის თვალსაზრისის ქონა გავლენას მოახდენს ჩვენს დღევანდელ თუ სამომავლო გადაწყვეტილებებზე.
იეჰოვას აზროვნება და ჩვენი მომავალი
20, 21. ა) რატომ გვექნება ახალ ქვეყნიერებაში შედარებითი თავისუფლება? ბ) როგორ შეგვიძლია დღესვე განვიცადოთ სიხარული?
20 ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქვეყნიერების დადგომას. უმეტესობა ჩვენგანი შევნატრით იმ დროს, როცა მარადიულად ვიცხოვრებთ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. სამეფოს მმართველობის დროს კაცობრიობა სრულად გათავისუფლდება იმ პრობლემებისგან, რომლებსაც დღევანდელ ქვეყნიერებაში ვხვდებით. რა თქმა უნდა, ადამიანები მაშინაც გაიხარებენ ნების თავისუფლებით. თითოეულს შეეძლება, მისთვის სასურველი და მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღოს.
21 მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტური თავისუფლება გვექნება. სწორისა და არასწორის გარჩევისას თავმდაბლები იეჰოვას კანონებით იხელმძღვანელებენ და ღვთის აზროვნებას გაიზიარებენ. ეს მართლაც შეუდარებელი დრო იქნება. მაშინ ყველა გაიხარებს და დატკბება დიდი მშვიდობით (ფსალმ. 37:11). თუმცა იეჰოვას აზროვნების გათავისება დღესვე მოგვიტანს დიდ სიხარულს.
a თუ იეჰოვას მოწმე ასეთ საქციელს ჩაიდენს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება სექსუალურ უზნეობად ჩაითვალოს და სამართლებრივ განხილვას დაექვემდებაროს. თუ ქრისტიანმა მსგავსი რამ ჩაიდინა, უხუცესებისგან დახმარება უნდა ითხოვოს (იაკ. 5:14, 15).
b მობილური ტელეფონის მეშვეობით სექსუალური შინაარსის შეტყობინებების, ფოტოებისა თუ ვიდეოების გაგზავნას სექსტინგი ჰქვია. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება სამართლებრივი კომიტეტის შექმნა გახდეს საჭირო. ყოფილა შემთხვევები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს სექსტინგის გამო არასრულწლოვნები სექსუალურ შევიწროებაში დაუდანაშაულებიათ. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org და წაიკითხეთ სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — რა უნდა ვიცოდე სექსტინგზე?“ (იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ახალგაზრდები); ან იხილეთ სტატია „როგორ უნდა ესაუბროთ მოზარდ შვილს სექსტინგზე“ 2013 წლის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 4, 5.
c ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები განხილულია ჩვენს პუბლიკაციებში. მაგალითად, იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვ. 215—218.