სასწავლო სტატია 8
რატომ უნდა გამოვხატოთ მადლიერება?
„იყავით მადლიერნი“ (კოლ. 3:15).
სიმღერა 46 გმადლობთ, იეჰოვა!
მოკლე შინაარსიa
1. როგორ გამოხატა იესოს მიერ განკურნებულმა სამარიელმა მადლიერება?
ათი მამაკაცი საშინელ მდგომარეობაში იყო, რადგან კეთროვნები იყვნენ და გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ ჰქონდათ. მაგრამ ერთხელ მათ შორიდან თვალი მოჰკრეს დიდებულ მასწავლებელს. ამ კეთროვნებს გაგონილი ჰქონდათ, რომ იესო ყველანაირ დაავადებას კურნავდა და სჯეროდათ, რომ მათ განკურნებასაც შეძლებდა. ამიტომ აყვირდნენ: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“. ათივე მამაკაცი სრულად განიკურნა. ეჭვგარეშეა, იესოს მიერ გამოვლენილი სიკეთისთვის ათივეს გაუჩნდებოდა მადლიერების გრძნობა. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ კი არ იგრძნო მადლიერება, არამედ გამოხატა კიდეც ის.b განკურნებული სამარიელი აღიძრა, რომ ხმამაღლა განედიდებინა ღმერთი (ლუკ. 17:12—19).
2, 3. ა) რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მადლიერების გამოხატვაში? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 იმ სამარიელის მსგავსად, ჩვენც გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სხვებს სიკეთისთვის. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაგვავიწყდეს მადლიერების სიტყვითა თუ საქმით გამოხატვა.
3 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, სიტყვითა და საქმით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება. აგრეთვე განვიხილავთ ბიბლიაში მოხსენიებული მადლიერი და უმადური ადამიანების მაგალითებს. შემდეგ ვიმსჯელებთ მადლიერების გამოხატვის რამდენიმე საშუალებაზე.
რატომ უნდა გამოვხატოთ მადლიერება?
4, 5. რატომ უნდა გამოვხატოთ მადლიერება?
4 იეჰოვა თავად გვაძლევს მადლიერების გამოხატვის მაგალითს. ის აჯილდოებს მათ, ვინც მის მოსაწონად იქცევა (2 სამ. 22:21; ფსალმ. 13:6; მათ. 10:40, 41). ბიბლია ჩვენც მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ „ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1). ამგვარად, მადლიერების გამოვლენის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გვსურს, იეჰოვას მივბაძოთ.
5 განვიხილოთ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გვსურს სხვების მიმართ მადლიერების გამოხატვა. მადლიერება შეიძლება გემრიელ საკვებს შევადაროთ. მისი მირთმევა უფრო სასიამოვნო ხდება, თუ სხვებსაც ვუზიარებთ. როცა ჩვენდამი მადლიერებას გამოხატავენ, ბედნიერები ვართ, და პირიქით, როცა ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას, სხვებს ვაბედნიერებთ. ადამიანი, ვის მიმართაც გამოვხატავთ მადლიერებას, ხვდება, რომ ჩვენ დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა ან გაკეთებული სიკეთე ფუჭი არ იყო. შედეგად, ჩვენ შორის მეგობრული კვანძები უფრო ძლიერდება.
6. რა მსგავსებაა მადლიერების სიტყვებსა და ოქროს ვაშლებს შორის?
6 მადლიერების გამომხატველ სიტყვებს დიდი ფასი აქვს. ბიბლია ამბობს: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავ. 25:11). წარმოიდგინეთ, რა ლამაზი და რა ძვირადღირებული საჩუქარი იქნება ვერცხლის ლანგარზე დაწყობილი ოქროს ვაშლები! რას იგრძნობდით, თუ ასეთ საჩუქარს მოგართმევდნენ? თქვენ მიერ გამოხატული მადლიერების სიტყვები შეიძლება ასეთივე ძვირფასი იყოს სხვებისთვის. ფაქტია, ჩვეულებრივი ვაშლისგან განსხვავებით, ოქროს ვაშლები გაცილებით დიდხანს იარსებებს. მსგავსად, თქვენ მიერ გამოხატული მადლიერების სიტყვები შეიძლება ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი იყოს და მთელი ცხოვრება ახსოვდეს.
მათ გამოხატეს მადლიერება
7. როგორ გამოხატა ფსალმუნის 27:4-ში დავითმა მადლიერება და როგორ გამოხატავდნენ მადლიერებას სხვა ფსალმუნმომღერლები?
7 ღვთის ბევრი მსახური ავლენდა მადლიერებას. მათ შორის იყო დავითი (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:4). ის ძალიან აფასებდა წმინდა თაყვანისმცემლობას, რაზეც მისი საქმეები მეტყველებდა. მაგალითად, მან დიდძალი ძვირფასეულობა შესწირა ტაძრის მშენებლობას. ასაფის შთამომავლებმა მადლიერება იმით გამოხატეს, რომ ღვთის განმადიდებელი სიმღერები ანუ ფსალმუნები დაწერეს. ერთ სიმღერაში ისინი მადლობას უხდიდნენ ღმერთს და აღტაცებას ვერ მალავდნენ იეჰოვას „საოცარი საქმეების“ გამო (ფსალმ. 75:1). აშკარაა, დავითსა და ასაფის შთამომავლებს სურდათ, ეჩვენებინათ იეჰოვასთვის, რაოდენ მადლიერები იყვნენ მისგან მიღებული კურთხევებისთვის. რა მხრივ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ამ ფსალმუნმომღერლებს?
8, 9. როგორ გამოხატა მოციქულმა პავლემ და-ძმების მიმართ მადლიერება და რა შედეგს მოიტანდა ეს?
8 მოციქული პავლე ძალიან აფასებდა და-ძმებს, რაც მისი საუბრებიდან ჩანდა. ის ლოცვებში ყოველთვის მადლობას უხდიდა ღმერთს მათ გამო და მათდამი მიწერილ წერილებშიც გამოხატავდა მადლიერებას. რომაელების მე-16 თავის პირველ 15 მუხლში პავლე 27 თანაქრისტიანს მოიხსენიებს სახელით. მან განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა პრისკილა და აკვილა, რომლებიც „თავს საფრთხეში იგდებდნენ“ მისთვის, ხოლო ფებეზე თქვა, რომ „მრავლის ქომაგი იყო“, მათ შორის მისიც. მან შეაქო ეს საყვარელი და მძიმედ მშრომელი თანაქრისტიანები (რომ. 16:1—15).
9 პავლემ იცოდა, რომ მისი და-ძმები არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ რომაელების მიმართ მიწერილი წერილის ბოლოს მათ კარგ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. წარმოიდგინეთ, როგორ გამხნევდებოდნენ ის და-ძმები, როცა მოისმენდნენ პავლეს სიტყვებს, რომელთაც ხმამაღლა წაიკითხავდნენ კრებაში! მათ შორის მეგობრული კვანძები უეჭველად განმტკიცდებოდა. გაქვთ ჩვევაში, მადლობა გადაუხადოთ კრების წევრებს კარგი სიტყვებისა თუ საქმეებისთვის?
10. როგორ გამოხატა მადლიერება იესომ თავისი მიმდევრების მიმართ და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
10 მცირე აზიის კრებებისთვის გადაცემულ ცნობაში იესომ მადლიერება გამოხატა იმ საქმეებისთვის, რასაც მისი მიმდევრები აკეთებდნენ. მაგალითად, თიატირის კრებისთვის გადაცემული ცნობა ასე იწყება: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხ. 2:19). იესომ არა მხოლოდ ის მოიხსენია, რომ ისინი ადრინდელზე მეტს აკეთებდნენ, არამედ შეაქო კიდეც იმ თვისებებისთვის, რომლებიც კარგი საქმეების საკეთებლად აღძრავდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ თიატირის კრებიდან ზოგიერთს იესომ რჩევა მისცა, თავისი ცნობა მან გამამხნევებელი სიტყვებით დაიწყო და დაასრულა (გამოცხ. 2:25—28). დაფიქრდით, რამხელა ძალაუფლებას ფლობს იესო, როგორც კრების თავი! ის ვალდებული არ არის, მადლობა გვითხრას იმ საქმისთვის, რასაც მისთვის ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, მან მაინც გამოხატა მადლიერება, რითაც კარგი მაგალითი მისცა უხუცესებს.
მათ უმადურობა გამოავლინეს
11. როგორც ებრაელების 12:16-დან ვიგებთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა ესავს წმინდის მიმართ?
11 სამწუხაროდ, ბიბლიაში მოხსენიებულმა ზოგმა ადამიანმა უმადურობა გამოავლინა. მაგალითად, ესავმა, რომელიც ღვთისმოშიშმა მშობლებმა აღზარდეს, არ დააფასა წმინდა (წაიკითხეთ ებრაელების 12:16). რაში გამოჩნდა მისი უმადურობა? ესავმა დაუფიქრებლად მიჰყიდა პირმშოობა თავის უმცროს ძმას, იაკობს, ერთი ულუფა „ოსპის შეჭამანდის“ სანაცვლოდ (დაბ. 25:30—34). მოგვიანებით ესავმა ძალიან ინანა თავისი გადაწყვეტილება. თუმცა, რადგან ის არ აფასებდა პირმშოობას, არც წუწუნის საფუძველი ჰქონდა, როცა უკან ვეღარ დაიბრუნა ის.
12, 13. როგორ გამოავლინეს ისრაელებმა უმადურობა და რა მოჰყვა ამას შედეგად?
12 ისრაელებს არაერთი მიზეზი ჰქონდათ მადლიერების გამოსახატავად. იეჰოვამ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა. შემდეგ კი ღმერთმა ეგვიპტელთა ჯარი წითელ ზღვაში ჩაახრჩო, რითაც ისრაელები უბედურებისგან იხსნა. უზომოდ მადლიერმა ხალხმა იეჰოვას განსადიდებლად გამარჯვების სიმღერა იმღერა. მაგრამ დარჩნენ ისინი ბოლომდე მადლიერები?
13 როცა ისრაელები ახალი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ, ადვილად დაივიწყეს ყველა ის სიკეთე, რაც იეჰოვას მათთვის ჰქონდა გაკეთებული. ისრაელებმა უმადურობა მალევე გამოავლინეს (ფსალმ. 106:7). რაში გამოჩნდა ეს? „დაიწყო დრტვინვა ისრაელის ძეების მთელმა კრებულმა უდაბნოში მოსესა და აარონის წინააღმდეგ“, თუმცა სინამდვილეში ისინი იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინავდნენ (გამ. 16:2, 8). ღმერთს გული ატკინა თავისი ხალხის ასეთმა უმადურობამ. ამიტომ იეჰოვამ ისრაელთა მთელ იმ თაობაზე თქვა, რომ ქალებ იეფუნეს ძისა და იესოს ნავეს ძის გარდა, ყველანი უდაბნოში დაიხოცებოდნენ (რიცხ. 14:22—24; 26:65). განვიხილოთ, რის გაკეთება გვმართებს, რომ ამ ცუდი მაგალითების ნაცვლად, ბიბლიაში მოხსენიებული მადლიერი ადამიანების მაგალითებს მივბაძოთ?
მადლიერების გამოხატვა დღეს
14, 15. ა) როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვა? ბ) როგორ შეიძლება მშობლებმა შვილებს მადლიერების გამოვლენა ასწავლონ?
14 ოჯახში. მთელ ოჯახზე დადებითად აისახება, როცა თითოეული ცდილობს მადლიერების გამოხატვას. რაც უფრო მეტად ავლენს ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ მადლიერებას, მით მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს და უფრო უადვილდებათ ერთმანეთის შეცდომებზე თვალის დახუჭვა. მადლიერი ქმარი არა მხოლოდ ამჩნევს თავისი ცოლის დადებით საუბარსა და კარგ საქმეებს, არამედ „აქებს მას“ (იგავ. 31:10, 28). თავის მხრივ, გონიერი ცოლიც კონკრეტულად ეუბნება ქმარს, რისთვის არის მადლიერი.
15 მშობლებო, როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ შვილებს მადლიერების გამოვლენა? გახსოვდეთ, რომ ბავშვები თქვენ მოგბაძავენ, ამიტომ მადლიერების კარგი მაგალითი მიეცით და როცა რაიმე კარგს გააკეთებენ თქვენთვის, მადლობა გადაუხადეთ. აგრეთვე ასწავლეთ შვილებს, მადლობა უთხრან მათ, ვინც მათთვის რაღაცას აკეთებს. აუხსენით, რომ მადლიერება გულიდან მოდის და მათ სიტყვებს ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა ქალი, სახელად კლეიდი, ამბობს: „დედაჩემი 32 წლისა იყო, როცა მამა მოულოდნელად დააპატიმრეს და მას მარტოს მოუწია სამი შვილის აღზრდა. როცა 32 წლის გავხდი, დავფიქრდი, რა რთული იქნებოდა მისთვის ასეთ ასაკში შვილების მარტო აღზრდა. ამიტომ ვუთხარი მას, როგორი მადლიერი ვიყავი იმ დიდი მსხვერპლისთვის, რომელიც ჩემი და ჩემი ძმების აღსაზრდელად გაიღო. ახლახან მან მითხრა, რომ ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის, ხშირად ფიქრობდა მათზე და მთელი დღე ბედნიერად გრძნობდა თავს“.
16. როგორ შეუძლია მადლიერების გამოხატვას სხვების გამხნევება? მოიყვანეთ მაგალითი.
16 კრებაში. ჩვენ ვამხნევებთ და-ძმებს, როდესაც მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ. მაგალითად, უხუცეს ძმა ხორხეს, რომელიც 28 წლისაა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ის ერთი თვე ვერ ესწრებოდა კრების შეხვედრებს. კრებაზე დაბრუნების შემდეგაც კი მას არ შეეძლო შეხვედრებს გაძღოლოდა. ხორხე აღიარებს: «თავს უღირსად ვგრძნობდი, რადგან ჩემი შეზღუდული შესაძლებლობები საშუალებას არ მაძლევდა, კრებაში პასუხისმგებლობები შემესრულებინა. მაგრამ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ჩემთან ერთი ძმა მოვიდა და მითხრა: „მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ ასეთ კარგ მაგალითს აძლევ ჩემს ოჯახს. დიდი სიამოვნებით ვუსმენდით შენს მოხსენებებს, რომლებიც წლების მანძილზე სულიერ ზრდაში გვეხმარებოდა“. თავი ვეღარ შევიკავე და თვალზე ცრემლი მომადგა. ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რისი მოსმენაც ასე მჭირდებოდა».
17. კოლოსელების 3:15-დან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას გულუხვობისთვის?
17 გულუხვი ღვთისადმი. იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყოფს. მაგალითად, მითითებებს ვიღებთ ქრისტიანული შეხვედრების, ჩვენი ჟურნალებისა და ვებგვერდების მეშვეობით. გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოისმინეთ მოხსენება, წაიკითხეთ სტატია ან უყურეთ მაუწყებლობას და გაიფიქრეთ: „სწორედ ისაა, რაც მჭირდებოდა?“. როგორ შეგვიძლია იეჰოვას მიმართ მადლიერების გამოხატვა? (წაიკითხეთ კოლოსელების 3:15). ამის ერთ-ერთი საშუალებაა, მუდამ ვმადლობდეთ მას ლოცვაში „კარგი ძღვნისთვის“ (იაკ. 1:17).
18. რა მხრივ შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება სამეფო დარბაზისთვის?
18 გარდა ამისა, იეჰოვასადმი მადლიერებას ვავლენთ, როცა ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილს სუფთად და მოწესრიგებულად ვინარჩუნებთ — მონაწილეობას ვიღებთ სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობაში და ვუფრთხილდებით აპარატურას, რომელსაც კრების შეხვედრებზე ვიყენებთ. როცა სამეფო დარბაზს სათანადოდ ვუვლით, უფრო დიდხანს გვემსახურება და იშვიათად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ამგვარად ვზოგავთ თანხებს, რაც შესაძლებელს ხდის, აშენდეს და გარემონტდეს სხვა სამეფო დარბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.
19. რა ისწავლეთ ერთი სარაიონო ზედამხედველისა და მისი ცოლის შემთხვევიდან?
19 მათდამი, ვინც მძიმედ შრომობს ჩვენთვის. სიტყვებით გამოხატულმა მადლიერებამ შეიძლება ადამიანს სხვა თვალით დაანახვოს თავისი პრობლემები. განვიხილოთ, ერთი სარაიონო ზედამხედველისა და მისი მეუღლის შემთხვევა. ზამთრის ერთ ცივ დღეს მსახურებიდან ისინი შინ გადაღლილები დაბრუნდნენ. ისე ციოდა, რომ ცოლმა ქურთუკით დაიძინა. დილით მან ქმარს უთხრა, რომ მიმოსვლითი საქმიანობის გაგრძელება აღარ შეეძლო. იმავე დილას ფილიალიდან მათ წერილი მიიღეს, რომელიც სარაიონო ზედამხედველის ცოლის სახელზე იყო. წერილში მას გულთბილად აქებდნენ მსახურებისა და მოთმინებისთვის. იქ ისიც იყო ნათქვამი, რომ ესმოდათ, როგორი რთული იქნებოდა ყოველკვირა ერთი სახლიდან მეორეში გადაბარგება. ქმარი ამბობს: „ამ შექებამ იმდენად იმოქმედა მასზე, რომ მას შემდეგ მიმოსვლითი მსახურების შეწყვეტაზე სიტყვაც კი არ დასცდენია. პირიქით, რამდენჯერმე თვითონ წამახალისა, გამეგრძელებინა მსახურება“. ამ წყვილმა თითქმის 40 წელი გაატარა მიმოსვლით მსახურებაში.
20. რის გაკეთებას უნდა ვეცადოთ ყოველდღე და რატომ?
20 მოდი ვეცადოთ, ყოველდღე გამოვხატოთ მადლიერება სიტყვითა თუ საქმით. ჩვენი გულწრფელი სიტყვები ან საქმეები შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ადამიანს ამ უმადურ მსოფლიოში პრობლემებსა და სტრესთან გასამკლავებლად სჭირდება. მადლიერების გამოხატვა განამტკიცებს მეგობრობას, რომელიც არასოდეს დამთავრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ასე მოვიქცევით, ჩვენს გულუხვ და მადლიერ მამას, იეჰოვას მივბაძავთ.
სიმღერა 20 უძვირფასესი ძე გაიღე
a რას ვსწავლობთ მადლიერების გამოხატვის შესახებ იეჰოვასგან, იესოსა და სამარიელი კეთროვნისგან? ამ სტატიაში განვიხილავთ სხვა მაგალითებსაც და ვიმსჯელებთ, რატომ არის მადლიერება ასე მნიშვნელოვანი. აგრეთვე ვისაუბრებთ მისი გამოხატვის რამდენიმე საშუალებაზე.
b განმარტება: მადლობის გადახდა ნიშნავს ვისიმე სასიკეთო ან სასურველი მოქმედების დაფასებას. ის გამოიყენება გულწრფელი მადლიერების გამოსახატავად.
c სურათის აღწერა: პავლეს წერილს კითხულობენ რომის კრებაში; აკვილა, პრისკილა, ფებე და სხვები სიამოვნებით ისმენენ წერილში მოხსენიებულ თავიანთ სახელებს.
d სურათის აღწერა: დედა ეხმარება თავის გოგონას, მადლობა გადაუხადოს ხანდაზმულ დას, რომელიც კარგ მაგალითს იძლევა.