ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 13
იეჰოვას თაყვანისცემა გვაბედნიერებს
„იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 4:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 31 იარე ღმერთთან ერთად!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა შემთხვევაში მოიწონებს იეჰოვა ჩვენს თაყვანისცემას?
ᲠᲐ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲑᲐᲗ თვალწინ, როცა სიტყვა „თაყვანისცემა“ გესმით? საწოლთან მუხლმოხრილი ქრისტიანი ხომ არა, რომელიც გულმხურვალედ ლოცულობს, ან ოჯახი, რომელიც ერთად იკვლევს ბიბლიას?!
2 ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე სიტუაცია იეჰოვას თაყვანისცემას უკავშირდება. მაგრამ იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებს ამას, თუ ეს ქრისტიანები მისი ნების თანახმად ცხოვრობენ, უყვართ ღმერთი და პატივს სცემენ მას. ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვესმის, რომ ის იმსახურებს თაყვანისცემას. ამიტომ გვინდა, საუკეთესო გავიღოთ მისთვის.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, როგორ თაყვანისცემას იწონებდა იეჰოვა ძველად და ვიმსჯელებთ მისთვის მისაღები თაყვანისცემის რვა მხარეზე. განხილვის დროს დაფიქრდით, რომელიმე მათგანში ხომ არ გჭირდებათ გაუმჯობესება. ბოლოს კი იმასაც შევეხებით, რატომ გვაბედნიერებს იეჰოვას თაყვანისცემა.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲐᲡ ᲘᲬᲝᲜᲔᲑᲓᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲫᲕᲔᲚᲐᲓ
4. როგორ გამოხატავდნენ ძველად მცხოვრები ღვთის მსახურები მისადმი პატივისცემასა და სიყვარულს?
4 ძველად მცხოვრები ისეთი ღვთისმოშიში მამაკაცები, როგორებიც იყვნენ აბელი, ნოე, აბრაამი და იობი, სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ იეჰოვას მიმართ. ეს იქიდან ჩანდა, რომ ისინი რწმენასა და მორჩილებას ავლენდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას. ბიბლია არ აკონკრეტებს, როგორ სცემდნენ ისინი მას თაყვანს, მაგრამ ფაქტია, საუკეთესოს იღებდნენ მისთვის და იეჰოვაც იწონებდა მათ თაყვანისცემას. მოგვიანებით იეჰოვამ აბრაამის შთამომავლებს მოსეს მეშვეობით კანონი მისცა. ეს კანონი კონკრეტულ მითითებებს შეიცავდა იმის შესახებ, თუ როგორ თაყვანისცემას იწონებდა იეჰოვა.
5. როგორ თაყვანისცემას მოითხოვს იეჰოვა ქრისტიანებისგან?
5 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეჰოვა აღარ მოითხოვდა მოსეს კანონის დაცვას (რომ. 10:4). ქრისტიანებს ახალი კანონის, „ქრისტეს კანონის“, შესრულება ევალებოდათ (გალ. 6:2). ამისთვის მათ უამრავი წესის დამახსოვრება და დაცვა კი არ სჭირდებოდათ, არამედ იესოს მიბაძვა და მისი სწავლებების თანახმად ცხოვრება. დღესაც ქრისტიანები მაქსიმალურად ვცდილობთ, მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს. ეს ჩვენთვისაც გამომაცოცხლებელია და, რაც მთავარია, იეჰოვასთვისაც მოსაწონია (მათ. 11:29).
6. რაში დაგვეხმარება ეს სტატია?
6 იეჰოვას თაყვანისცემის თითოეული მხარის განხილვის დროს დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: როგორ გავუმჯობესდი ამ მხრივ? კიდევ რას უნდა მივაქციო მეტი ყურადღება? უნდა გვიხაროდეს, თუ რომელიმე საკითხში გარკვეულწილად გავუმჯობესდით. მაგრამ მაინც უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვანახვოს, კიდევ რაზე გვაქვს სამუშაო.
ᲠᲐ ᲛᲮᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲐ
7. როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს?
7 ლოცვა. ბიბლიაში ლოცვები საგულდაგულოდ მომზადებულ საკმეველთან არის შედარებული, რომელსაც კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში აკმევდნენ (ფსალმ. 141:2). იეჰოვას სიამოვნებდა საკმევლის სურნელება. მას მსგავსადვე სიამოვნებს მთელი გულით წარმოთქმული ლოცვები იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბრალო სიტყვებით მივმართავთ (იგავ. 15:8; კან. 33:10). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როცა სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავთ მისადმი. ღმერთს სურს, რომ გაუზიაროთ მას თქვენი საწუხარი, მოლოდინი თუ სურვილები. კარგი იქნება, თუ ლოცვამდე დაფიქრდებით, რის თქმას აპირებთ იეჰოვასთვის. ასეთ შემთხვევაში საუკეთესოდ მომზადებულ „საკმეველს“ აღუვლენთ ზეციერ მამას.
8. იეჰოვას განდიდების რა შესანიშნავი საშუალება გვაქვს?
8 ღვთის განდიდება (ფსალმ. 34:1). ჩვენ განვადიდებთ იეჰოვას, როცა მის საოცარ თვისებებსა და საქმეებზე ვსაუბრობთ. ამისკენ მადლიერი გული გვიბიძგებს. თუ ვფიქრობთ ყველა იმ სიკეთეზე, რასაც იეჰოვა დღემდე გვიკეთებს, მისი განდიდების მიზეზი არასდროს გამოგველევა. ქადაგება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, „შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი“ (ებრ. 13:15). როგორც ლოცვამდე უნდა დავფიქრდეთ, რის თქმას ვაპირებთ იეჰოვასთვის, ასევე მსახურებაში გასვლამდე უნდა დავფიქრდეთ, რას ვეტყვით ხალხს. ჩვენ გულანთებულები ვუზიარებთ ხალხს სასიხარულო ცნობას, რადგან გვინდა, საუკეთესო მსხვერპლი შევწიროთ იეჰოვას.
9. რა სიკეთე მოაქვს კრების შეხვედრებზე დასწრებას? მოიყვანეთ პირადი მაგალითი.
9 კრების შეხვედრებზე დასწრება. ძველად ისრაელებს ასეთი მითითება მიეცათ: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს“ (კან. 16:16). ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ სახლ-კარსა და ყანებს ვერავინ დაიცავდა. მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა მათ: „არავინ დაეპატრონება თქვენს მიწას იმ დროს, როცა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე წარსადგომად წახვალთ“ (გამ. 34:24). იეჰოვას მფარველობაში დარწმუნებული ებრაელები ყოველ წელიწადს ესწრებოდნენ დღესასწაულებს. ეს მრავალმხრივ იყო მათთვის სასიკეთო. ერთი ის, რომ ისინი მეტს იგებდნენ ღვთის კანონზე და უკეთ სწვდებოდნენ მას. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ, ეფიქრათ ღვთის სიკეთეზე და თანამორწმუნეებთან ურთიერთობით გაეხარათ (კან. 16:15). იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც, როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრების შეხვედრებს დავესწროთ. მეტიც, იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ კრებაზე მომზადებულები მივდივართ და მოკლე, შინაარსიან კომენტარებს ვაკეთებთ.
10. რატომ უკავია სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი ღვთის თაყვანისმცემლობაში?
10 სიმღერით ღვთის განდიდება (ფსალმ. 28:7). სიმღერას ისრაელთა თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მეფე დავითს ტაძარში 288 ლევიანი ჰყავდა მგალობლებად დაყენებული (1 მატ. 25:1, 6—8). დღეს ჩვენც შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარული სადიდებელი სიმღერებით გამოვხატოთ. ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ კარგი მომღერლები ვიყოთ. მაგალითად, ჩვენ ხომ თავს არ ვიკავებთ საუბრისგან კრებასა თუ მსახურებაში მხოლოდ იმის გამო, რომ სიტყვით ყველანი ხშირად ვცდებით (იაკ. 3:2). მაშ, რატომ უნდა შევიკავოთ თავი იეჰოვას სიმღერით განდიდებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ხმა არ გვაქვს?!
11. რატომ უნდა გამოყონ ოჯახებმა დრო ბიბლიის ერთად შესასწავლად, როგორც ეს ფსალმუნის 48:13-დან ჩანს?
11 ღვთის სიტყვის შესწავლა და შვილებისთვის იეჰოვას გაცნობა. შაბათის დაცვა ისრაელებს შესაძლებლობას აძლევდა, გვერდზე გადაედოთ ყოველდღიური საქმეები და მთელი ყურადღება იეჰოვასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე გადაეტანათ (გამ. 31:16, 17). ამ დღეს ღვთისმოშიში მშობლები შვილებს იეჰოვასა და მის სიკეთეზე უყვებოდნენ. ჩვენც უნდა გამოვყოთ დრო ღვთის სიტყვის კითხვისა და შესწავლისთვის. ეს ჩვენი თაყვანისმცემლობის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც იეჰოვასთან გვაახლოებს (ფსალმ. 73:28). ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მომავალ თაობას, თავიანთ შვილებს, დაეხმარონ ზეციერ მამასთან თბილი და ახლო ურთიერთობის განვითარებაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 48:13).
12. როგორ უყურებდა იეჰოვა მათ სამუშაოს, ვინც კარვისთვის განკუთვნილ ნივთებს ამზადებდა და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
12 თეოკრატიული შენობების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კარვისა და მისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადება წმინდა მსახურება იყო (გამ. 36:1, 4). ჩვენი დარბაზებისა თუ სხვა თეოკრატიული შენობების მშენებლობას იეჰოვა დღესაც წმინდა მსახურებად მიიჩნევს. ზოგი და-ძმა ბევრ დროს უთმობს ამ საქმეს. ეჭვგარეშეა, ყველანი ვაფასებთ სამეფო საქმის მხარდასაჭერად გაწეულ მათ შრომას. გარდა ამისა, ეს და-ძმები სამქადაგებლო საქმეშიც მონაწილეობენ. შეიძლება ზოგმა მათგანმა პიონერად მსახურებაც კი მოინდომოს. თუ ეს მძიმედ მშრომელი და-ძმები აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, უხუცესები მხარს დაუჭერენ სამშენებლო საქმეს, თუ მათ პიონერებად დანიშნავენ. იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა სამშენებლო გამოცდილება, ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თეოკრატიული შენობების დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობაში.
13. როგორ უნდა ვუყურებდეთ სამეფო საქმისთვის გაღებულ შესაწირავებს?
13 შესაწირავის გაღება სამეფოს საქმისთვის. ებრაელები იეჰოვას წინაშე ხელცარიელები არ უნდა წარმდგარიყვნენ (კან. 16:16). ყველას ის უნდა მიეტანა ძღვნად, რისი საშუალებაც ჰქონდა. ასე გამოხატავდნენ ისინი მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა მათი სულიერი კეთილდღეობისთვის აკეთებდა. ჩვენს შემთხვევაში რა არის იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება? შესაწირავები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გავიღოთ კრების საჭიროებისა თუ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. აი, რა თქვა ამის შესახებ პავლე მოციქულმა: „ღმერთი განსაკუთრებით იწონებს მზადყოფნით გაღებულ ძღვენს; ის ჩვენგან იმის გაღებას ელის, რაც გვაქვს და არა იმის, რაც არ გვაქვს“ (2 კორ. 8:4, 12). იეჰოვა ძალიან აფასებს მთელი გულით გაღებულ ჩვენს შესაწირავს მიუხედავად იმისა, ბევრს ვიღებთ, თუ ცოტას (მარ. 12:42—44; 2 კორ. 9:7).
14. იგავების 19:17-ის თანახმად, როგორ უყურებს იეჰოვა გაჭირვებული და-ძმების დახმარებას?
14 გაჭირვებული თანაქრისტიანების დახმარება. იეჰოვა დაჰპირდა ისრაელებს, რომ გულუხვად გადაუხდიდა ღარიბთათვის გაწეული დახმარებისთვის (კან. 15:7, 10). როცა გაჭირვებულ თანამორწმუნეებს ვეხმარებით, იეჰოვა ამას მისთვის მირთმეულ ძღვნად მიიჩნევს (წაიკითხეთ იგავების 19:17). მაგალითად, დაპატიმრებულმა პავლე მოციქულმა ფილიპელი ქრისტიანების მიერ მისთვის გაგზავნილ ძღვენს, „ღვთისთვის სასიამოვნო და მოსაწონი მსხვერპლი“ უწოდა (ფილ. 4:18). შეგიძლიათ თქვენც გაუწოდოთ ვინმეს კრებაში დახმარების ხელი? იეჰოვას ძალიან უხარია, როცა ხედავს, რომ ჩვენს დროს, ენერგიას, უნარსა თუ სახსრებს გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად ვიყენებთ. ის ამასაც თაყვანისცემად მიიჩნევს (იაკ. 1:27).
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲐ ᲒᲕᲐᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲡ
15. რატომ არ არის ჩვენთვის ტვირთი იეჰოვას თაყვანისცემა?
15 იეჰოვას თაყვანისცემა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ეს ტვირთი არ არის ჩვენთვის (1 იოან. 5:3). ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც სურს, მამას საჩუქარი გაუკეთოს. სურათის დახატვას რამდენიმე საათიც რომ მოანდომოს, მას არ დაენანება ეს დრო. მას უყვარს მამა და სიამოვნებით უკეთებს ამ საჩუქარს. ჩვენც გვიყვარს იეჰოვა. ამიტომ არც დროს ვზოგავთ და არც ძალისხმევას მის თაყვანსაცემად.
16. ებრაელების 6:10-ის თანახმად, როგორ უყურებს იეჰოვა თითოეული თავისი ერთგული მსახურის შრომას?
16 მოსიყვარულე მშობლები ერთნაირ საჩუქარს არ მოელიან შვილებისგან. მათ კარგად ესმით, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული უნარი და შესაძლებლობები აქვს. მსგავსად, ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ კარგად იცის თითოეული თავისი მსახურის მდგომარეობა. შეიძლება თქვენ უფრო მეტის კეთების შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე სხვებს. ან შესაძლოა ასაკის, შერყეული ჯანმრთელობისა თუ ოჯახური პასუხისმგებლობების გამო იმდენს ვერ აკეთებთ, რამდენსაც სხვები. გულს ნუ გაიტეხთ (გალ. 6:4). იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას. თუ საუკეთესოს იღებთ მისთვის და თანაც სწორი მოტივით, დარწმუნებული იყავით, რომ მას გულს უხარებთ (წაიკითხეთ ებრაელების 6:10). იეჰოვა იმასაც კი ხედავს, რისი გაკეთება გწადიათ. მას სურს, რომ ბედნიერები და კმაყოფილები იყოთ იმით, რისი კეთების ძალაც შეგწევთ მისთვის.
17. ა) როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ზოგიერთი რამ, რაც ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, რთული გეჩვენებათ? ბ) რა დადებითი შედეგები მოგიტანათ იმის კეთებამ, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობას უკავშირდება? (იხილეთ ჩარჩო „რა შეგმატებთ სიხარულს“).
17 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ზოგიერთი რამ, რაც ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, რთული გეჩვენებათ, მაგალითად, ბიბლიის პირადი შესწავლა ან სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა? დიდი ალბათობით, რაც უფრო მეტად დავკავდებით ამ საქმეებით, მით უფრო სასიამოვნო გახდება ისინი ჩვენთვის. ამასთანავე, იეჰოვასაც მეტად დავუახლოვდებით. ეს შეიძლება შევადაროთ ვარჯიშს ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრას. თუ ამისთვის დროს იშვიათად გამოვყოფთ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მაგრამ თუ ამ საქმეებს ყოველდღიურ განრიგში ჩავსვამთ და ნელ-ნელა გავზრდით დროს, სასურველ შედეგს დავინახავთ. ეს კი იმის სტიმულს მოგვცემს, რომ ხელიდან არ გავუშვათ ვარჯიშის ან დაკვრის შესაძლებლობა. როგორ შეგვიძლია, ეს მაგალითი იეჰოვას თაყვანისცემას დავუკავშიროთ?
18. რა შემთხვევაში გავამართლებთ ჩვენი არსებობის მიზანს და რა იქნება ამის შედეგი?
18 თუ იეჰოვას მთელი გულით ვცემთ თაყვანს, ჩვენი არსებობის მიზანს ვამართლებთ. გვაქვს ბედნიერი, აზრიანი ცხოვრება და იმედი, რომ იეჰოვას მარადიულად ვემსახურებით (იგავ. 10:22). გულს გვიმშვიდებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს თავის მსახურებს სირთულეების დროს (ეს. 41:9, 10). ნამდვილად გვაქვს საფუძველი, სიხარულით ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, რომელსაც ყველა თავისი ქმნილებისგან ეკუთვნის დიდება და პატივი! (გამოცხ. 4:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე
a იეჰოვა, როგორც ყველაფრის შემოქმედი, იმსახურებს თაყვანისცემას. ჩვენი თაყვანისცემა მისთვის მისაღები რომ იყოს, უნდა ვემორჩილებოდეთ მის მცნებებს და ვცხოვრობდეთ მისი პრინციპების თანახმად. ამ სტატიაში ღვთის თაყვანისცემის რვა მხარეზე ვიმსჯელებთ. ეს სტატია დაგვაფიქრებს, ხომ არ მოვიკოჭლებთ რომელიმე მხარეში, და დაგვანახვებს, როგორ უწყობს თითოეული მათგანი ჩვენს ბედნიერებას ხელს.