ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 8
„იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“
„იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“ (1 ᲞᲔᲢ. 5:8).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა უთხრა იესომ მოწაფეებს აღსასრულზე და რისკენ მოუწოდა?
ᲘᲔᲡᲝᲡ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან ოთხი მოწაფე მივიდა და ჰკითხა: „რა იქნება . . . იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ (მათ. 24:3). როგორც ჩანს, მათ აინტერესებდათ, რას უნდა მიეხვედრებინა ისინი, რომ იუდეველთა სისტემის აღსასრული მოახლოებული იყო. პასუხად იესომ არა მხოლოდ იუდეველთა სისტემის ბოლოზე ისაუბრა, არამედ ქვეყნიერების ბოლოზეც, იმ ქვეყნიერებისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აღსასრულზე საუბრისას იესომ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი: „მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ“. ამიტომაც მოუწოდა მოწაფეებს სიფხიზლისკენ (მარ. 13:32—37).
2. რატომ უნდა ეფხიზლათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
2 პირველი საუკუნის ებრაელ ქრისტიანებს უნდა ეფხიზლათ, რადგან ამაზე მათი სიკვდილ-სიცოცხლე იყო დამოკიდებული. იესომ მოიხსენია კონკრეტული მოვლენები, რომლებიც მის მიმდევრებს იუდეველთა სისტემის აღსასრულის მოახლოებაზე მიანიშნებდა. აი რა უთხრა მათ: „როცა დაინახავთ იერუსალიმს, დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი გაპარტახება მოახლოებულია“. ამის დანახვაზე მათ ყურად უნდა ეღოთ იესოს გაფრთხილება და მთებში გაქცეულიყვნენ (ლუკ. 21:20, 21). ვინც ასე მოიქცა, გადარჩა, როცა რომაელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს.
3. რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?
3 ჩვენ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ამიტომ უნდა გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შევხედოთ საღად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, როგორ დავუკვირდეთ საკუთარ თავს და როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი დრო გონივრულად.
ᲡᲐᲦᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲐ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲖᲔ
4. რატომ უნდა გვაინტერესებდეს მსოფლიო მოვლენები და მათი კავშირი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან?
4 ბუნებრივია, რომ ქრისტიანებს გვაინტერესებს, როგორ მეტყველებს მსოფლიო მოვლენები ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაზე. იესომ დაასახელა მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი (მათ. 24:3—14). პეტრე მოციქული მოგვიწოდებდა, დავკვირვებოდით წინასწარმეტყველებების შესრულებას, რაც რწმენას განგვიმტკიცებდა (2 პეტ. 1:19—21). ბიბლიის ბოლო წიგნში კი ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო, რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს“ (გამოცხ. 1:1). ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ გვაინტერესებს მსოფლიო მოვლენები და მათი კავშირი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან. შესაბამისად, ამ თემებზე ერთმანეთთან საუბრის სურვილიც გვიჩნდება.
5. რა უნდა გვახსოვდეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე მსჯელობისას? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
5 როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვმსჯელობთ, უნდა მოვერიდოთ საკუთარი ვარაუდების გამოთქმას, რათა კრების ერთობას საფრთხე არ შევუქმნათ. მაგალითად, როცა ვიგებთ, როგორ საუბრობენ მსოფლიო ლიდერები ამა თუ იმ კონფლიქტის მოგვარებაზე და მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, არ გვინდა, ეს ყველაფერი ავტომატურად 1 თესალონიკელების 5:3-ის შესრულებას დავუკავშიროთ. აჯობებს, იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული უახლესი ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. ამგვარად მსგავს საკითხებზე სხვებთან მსჯელობისას ხელს ვუწყობთ კრების ერთსულოვნებას (1 კორ. 1:10; 4:6).
6. რას ვსწავლობთ 2 პეტრეს 3:11—13-დან?
6 წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11—13. მოციქული პეტრე გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვმსჯელობთ. ის ამბობს, რომ ქრისტიანები მოუთმენლად ელიან „იმ დროს, როცა დადგება იეჰოვას დღე“. მოუთმენლად ლოდინის მიზანი ის კი არ არის, რომ არმაგედონის მოსვლის „დღე და საათი“ გავარკვიოთ, არამედ ის, რომ ამ დღის დადგომამდე სიწმინდე დავიცვათ და ღვთისმოსაწონად მოვიქცეთ (მათ. 24:36; ლუკ. 12:40). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი საქციელი უნდა შეესაბამებოდეს ღვთის ნორმებს და რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ, ყველაფერი მისდამი სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ დავუკვირდებით საკუთარ თავს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲣᲙᲕᲘᲠᲓᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ?
7. საიდან გამოჩნდება, რომ ვუკვირდებით საკუთარ თავს? (ლუკა 21:34).
7 იესოს მითითების თანახმად, მისი მოწაფეები მხოლოდ მსოფლიო მოვლენებს არ უნდა დაკვირვებოდნენ. როგორც ლუკას 21:34-დან (წაიკითხეთ) ვიგებთ, იესომ უთხრა მათ: „დაუკვირდით საკუთარ თავს“. ვინც საკუთარ თავს უკვირდება, მაშინვე ამჩნევს ნებისმიერ საფრთხეს და თავს არიდებს, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეს. ეს ეხმარება, რომ კვლავაც ღვთის სიყვარულის ღირსად ჩაითვალოს (იგავ. 22:3; იუდ. 20, 21).
8. რისკენ მოუწოდა მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს?
8 მოციქული პავლეც იმისკენ მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, რომ დაკვირვებოდნენ საკუთარ თავს. აი რას სწერდა ის ეფესოელ ქრისტიანებს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა“ (ეფეს. 5:15, 16). სატანა სულ იმას ცდილობს, რომ იეჰოვასთან გაგვიფუჭოს ურთიერთობა; ამიტომაც მოგვიწოდებს ბიბლია, რომ ჩავწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება, რათა თავი დავიცვათ სატანის ხრიკებისგან (ეფეს. 5:17).
9. როგორ ჩავწვდეთ იეჰოვას ნებას?
9 ბიბლია არ საუბრობს ყველა საფრთხეზე, რამაც შეიძლება იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ცხოვრებაში ხშირად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაზეც ბიბლიაში კონკრეტული მითითება არ გვაქვს. თუ ჩავწვდით, რა არის იეჰოვას ნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ გაგვიჭირდება. ამაში კი ღვთის სიტყვის რეგულარული კვლევა და წაკითხულის გაანალიზება დაგვეხმარება. რაც უფრო მეტად ჩავწვდებით იეჰოვას ნებას და განვივითარებთ „ქრისტეს გონებას“, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ბრძნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მაშინაც კი, როცა კონკრეტული მითითებები არ გვაქვს (1 კორ. 2:14—16). ზოგი საფრთხე აშკარაა, მაგრამ ზოგი საფრთხის შემჩნევა არც ისე მარტივია.
10. რას უნდა მოვერიდოთ?
10 ფაქტია, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ფლირტს, გადამეტებულ ჭამა-სმას, საზიანო ლაპარაკს, ძალადობისა თუ პორნოგრაფიის შემცველ მასალას და, ზოგადად, ყოველგვარ უმსგავსობას (ფსალმ. 101:3). ჩვენს მტერს, ეშმაკს, არ სძინავს და სულ იმის მცდელობაშია, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს (1 პეტ. 5:8). თუ არ ვიფხიზლებთ, სატანა ადვილად ჩათესავს ჩვენში შურს, უპატიოსნობას, სიხარბეს, სიძულვილს, სიამაყესა და ბოღმას (გალ. 5:19—21). თავიდან ამაში შეიძლება საგანგაშო ვერაფერი დავინახოთ, მაგრამ თუ დროულად არ მივიღებთ საჭირო ზომებს, ეს მანკიერებები ღრმად გაიდგამს ჩვენში ფესვს და სავალალო შედეგებსაც მოვიმკით (იაკ. 1:14, 15).
11. რომელია ერთ-ერთი ფარული საფრთხე, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ და რატომ?
11 ერთ-ერთი ფარული საფრთხე ჩვენთვის შეიძლება ცუდი საზოგადოება აღმოჩნდეს. დავუშვათ, გყავთ თანამშრომელი, რომელიც არ იზიარებს თქვენს მრწამსს. თქვენ გინდათ, რომ იეჰოვას მოწმეებზე კარგი წარმოდგენა შეუქმნათ, ამიტომ ეხმარებით და კარგად ექცევით. შიგადაშიგ შესვენებაზე ერთადაც სადილობთ. ცოტა ხანში ამას უკვე სისტემატური სახე ეძლევა. თქვენს თანამშრომელს საუბარში ზოგჯერ უხამსი თემები შემოაქვს, რომელსაც თავიდან თავს არიდებთ. თუმცა დროთა განმავლობაში ისე მიაჩვიეთ ყური ამ თემებს, რომ დისკომფორტს აღარ გიქმნით. ერთ საღამოსაც თანამშრომელი დასალევად გეპატიჟებათ და თქვენც თანხმდებით. საბოლოოდ იქამდე მიხვალთ, რომ თქვენც მასავით დაიწყებთ ფიქრს. არც იმას დასჭირდება დიდი დრო, რომ საქციელშიც დაემსგავსოთ. მართალია, ყველას თბილად და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ გვინდა თუ არ გვინდა, მათ ვემსგავსებით, ვისთანაც დიდ დროს ვატარებთ (1 კორ. 15:33). თუ იესოს რჩევისამებრ დავუკვირდებით საკუთარ თავს, ზედმეტ ურთიერთობას მოვერიდებით მათთან, ვინც იეჰოვას ნორმებით არ ცხოვრობს (2 კორ. 6:15). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წინასწარ განვჭვრეტთ საფრთხეს და თავს ავარიდებთ მას.
ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲗ ᲓᲠᲝ
12. რა უნდა ეკეთებინათ იესოს მოწაფეებს იერუსალიმისა და ტაძრის განადგურებამდე?
12 იესოს მოწაფეები გულხელდაკრეფილები არ უნდა დალოდებოდნენ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურებას. იესოს მათთვის დავალებული ჰქონდა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგათ „იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:6—8). ეს ნამდვილად არ იყო პატარა საქმე. მოწაფეებმაც გონივრულად გამოიყენეს დრო და თავი მიუძღვნეს ამ საქმის შესრულებას.
13. რატომ უნდა გამოვიყენოთ გონივრულად დრო? (კოლოსელები 4:5).
13 წაიკითხეთ კოლოსელების 4:5. საკუთარ თავს რომ დავუკვირდეთ, უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვიყენებთ დროს. ყველა ჩვენგანზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). ასე რომ, არაფრისგან ვართ დაზღვეული.
14, 15. როგორ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ დრო? (ებრაელები 6:11, 12; იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 თუ იეჰოვას ნებას ვასრულებთ და მასთან მეგობრობას ვიმტკიცებთ, გამოდის, რომ დროს გონივრულად ვიყენებთ (იოან. 14:21). როგორც პავლემაც მოგვიწოდა, უნდა ვიყოთ მტკიცენი, ურყევნი და ყოველთვის ბევრი ვიშრომოთ უფლისთვის (1 კორ. 15:58). ასეთ შემთხვევაში სანანებელი არაფერი გვექნება, გინდ ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგეს, გინდ ჩვენ გამოვეთხოვოთ სიცოცხლეს (მათ. 24:13; რომ. 14:8).
15 იესო დღესაც ხელმძღვანელობს თავის მოწაფეებს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ იქადაგონ დედამიწის კიდით-კიდემდე. იესო ასრულებს პირობას და იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით გვასწავლის ქადაგებას და უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად გვჭირდება (მათ. 28:18—20). ჩვენ კი ჩვენი უნდა გავაკეთოთ და გულმოდგინედ ვიქადაგოთ და ვასწავლოთ სხვებს. ამასთანავე უნდა ვიფხიზლოთ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე. თუ გავითვალისწინებთ ებრაელების 6:11, 12-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილ რჩევას, ბოლომდე ურყევი იქნება ჩვენი იმედი.
16. რისი გაკეთება გვმართებს?
16 იეჰოვას დათქმული აქვს დღე და საათი სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად. როცა ეს დღე დადგება, იეჰოვა შეასრულებს თავის სიტყვაში ჩაწერილ ყველა წინასწარმეტყველებას, რაც ჩვენს ბედნიერ მომავალს ეხება. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აღსასრული აყოვნებს, მაგრამ ფაქტია, იეჰოვას დღეს „არ დააგვიანდება!“ (აბაკ. 2:3). ამიტომ კვლავაც მიპყრობილი გვქონდეს მზერა იეჰოვასკენ და მოთმინებით დაველოდოთ ჩვენი „ხსნის ღმერთს“! (მიქ. 7:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში
a ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა და სიფხიზლე. იმასაც განვიხილავთ, როგორ დავუკვირდეთ საკუთარ თავს და როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად.
b ᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: (ზედა სურათი) ცოლ-ქმარი უყურებს ახალ ამბებს. მოგვიანებით კრების შეხვედრაზე ისინი სხვებს თავიანთ აზრს ახვევენ თავს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. (ქვედა სურათი) ცოლ-ქმარი უყურებს, როგორ მსჯელობს ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზე. ისინი გამვლელს სთავაზობენ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ ბიბლიურ ლიტერატურას.