ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 17
იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ, როცა მოულოდნელად ხვდებით სირთულეებს
„მრავალი უბედურება ატყდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 34:19).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რაში ვართ დარწმუნებული?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ მსახურებს გვჯერა, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენთვის ყოველივე საუკეთესო სურს (რომ. 8:35—39). ისიც ვიცით, რომ როცა ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება (ეს. 48:17, 18). მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა სირთულეები მოულოდნელად იჩენს თავს?
2. რა პრობლემებს შეიძლება შევხვდეთ და რა კითხვები შეიძლება გაგვიჩნდეს?
2 უპრობლემო ცხოვრება არცერთ იეჰოვას მსახურს არ აქვს. შეიძლება ოჯახის წევრმა გაგვიცრუოს იმედი ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო იეჰოვას მსახურებაში იმდენი ვეღარ გავაკეთოთ, რამდენიც უწინ. შეიძლება სტიქიურმა უბედურებამ დაგვაზარალოს ან რწმენის გამო შევხვდეთ დევნას. ამ დროს ბუნებრივია, ასეთი კითხვები დაგვებადოს: რატომ ხდება ეს ჩემს თავს? რამე ხომ არ შემეშალა? იქნებ იეჰოვა აღარ მწყალობს? თუ თქვენც გაგჩენიათ მსგავსი კითხვები, გულს ნუ გაიტეხთ. ასეთი გრძნობები არც სხვა ღვთის ერთგული მსახურებისთვის ყოფილა უცხო (ფსალმ. 22:1, 2; აბაკ. 1:2, 3).
3. რას ვიგებთ ფსალმუნის 34:19-დან?
3 წაიკითხეთ ფსალმუნის 34:19. ამ მუხლში ყურადღება მიაქციეთ ორ მნიშვნელოვან აზრს: 1) მართალი ადამიანები არ არიან პრობლემებისგან დაზღვეული და 2) იეჰოვა ყველა განსაცდელისგან გვიხსნის. როგორ აკეთებს ის ამას? იეჰოვა რეალურ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორია ცხოვრება ამ ქვეყნიერებაში. მართალია, ის გვპირდება, რომ მისი მსახურება სიხარულს მოგვგვრის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ გვექნება (ეს. 66:14). იეჰოვა მოგვიწოდებს, მომავლისკენ, იმ დროისკენ მივაპყროთ მზერა, როცა მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით (2 კორ. 4:16—18). თუმცა ამ დროის დადგომამდე ის ყოველდღიურად გვაძლევს მისი მსახურებისთვის საჭირო ძალას (გოდ. 3:22—24).
4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 ამ სტატიაში განვიხილავთ როგორც წარსულში, ისე თანამედროვე დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებს. ეს განხილვა ორ რამეს დაგვანახვებს: პირველი, ყველანი შეიძლება მოულოდნელად აღმოვჩნდეთ სირთულის წინაშე და მეორე, თუ იეჰოვას მივენდობით, ის აუცილებლად ამოგვიდგება მხარში (ფსალმ. 55:22). განხილვისას დაფიქრდით, თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით, როგორ გიძლიერებთ ღვთისადმი ნდობას ეს მაგალითები და როგორ გამოიყენებთ ნასწავლს ცხოვრებაში.
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ
5. რა სირთულეებს შეხვდა იაკობი ლაბანის გამო? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
5 ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები მოულოდნელად არაერთხელ დამდგარან სირთულეების წინაშე. ამის ერთ-ერთი მაგალითია იაკობი. ისაკმა იაკობს ურჩია, რომ ცოლად მათი მორწმუნე ნათესავის, ლაბანის, რომელიმე ქალიშვილი მოეყვანა, და დაარწმუნა, რომ იეჰოვა კურთხევას არ მოაკლებდა (დაბ. 28:1—4). იაკობმაც გაითვალისწინა მამის რჩევა და იმ ადგილისკენ მიმავალ შორეულ გზას დაადგა, სადაც ლაბანი ცხოვრობდა. ლაბანს ორი ქალიშვილი ჰყავდა — ლეა და რახელი. იაკობს უმცროსი ქალიშვილი რახელი ჩაუვარდა გულში და მამამისს მოურიგდა, რომ მისი გულისთვის 7 წელი ემსახურებოდა (დაბ. 29:18). თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას იაკობი ელოდა. ლაბანმა მას მოტყუებით თავისი უფროსი ქალიშვილი ლეა მიათხოვა. მართალია, ერთ კვირაში რახელიც მიათხოვა იაკობს, მაგრამ მოსთხოვა, რომ მისთვის კიდევ 7 წელი ემსახურა (დაბ. 29:25—27). თითქოს ესეც არ კმაროდა, ლაბანი იაკობს საქმიან ურთიერთობაშიც არაკეთილსინდისიერად ექცეოდა. მთლიანობაში ამ უსამართლო მოპყრობამ 20 წელი გასტანა (დაბ. 31:41, 42).
6. კიდევ რა სირთულეების ატანა მოუწია იაკობს?
6 იაკობს სხვა სირთულეების ატანაც მოუწია. მას ბევრი შვილი ჰყავდა, რომლებსაც ერთმანეთთან მთლად კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იაკობის შვილებმა თავიანთი ძმა იოსები მონად გაყიდეს. გარდა ამისა, სიმონმა და ლევიმ თავი მოჭრეს ოჯახს და შეურაცხყვეს ღვთის სახელი. იაკობის საყვარელი ცოლი რახელი მშობიარობას გადაჰყვა, თავად მას კი, ღრმად მოხუცებულს, შიმშილობის გამო ეგვიპტეში მოუწია გახიზვნა (დაბ. 34:30; 35:16—19; 37:28; 45:9—11, 28).
7. საიდან ჩანდა, რომ იეჰოვა სწყალობდა იაკობს?
7 ყველაფრის მიუხედავად, იაკობს არ დაუკარგავს რწმენა იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი. იეჰოვაც წყალობას იჩენდა მის მიმართ. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ ლაბანი იაკობს წლების განმავლობაში უპატიოსნოდ ექცეოდა, იეჰოვამ მას დიდძალი ქონება უბოძა. იაკობი მაშინაც იგრძნობდა ღვთის წყალობას, როცა გულში ჩაიკრავდა იოსებს, ვაჟს, რომელიც წლების განმავლობაში მკვდარი ეგონა. რა აძლევდა იაკობს სირთულეების ატანის ძალას? იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა (დაბ. 30:43; 32:9, 10; 46:28—30). ჩვენც შევძლებთ მოულოდნელად თავსდატეხილი სირთულეების ატანას, თუ ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვექნება.
8. რისი გაკეთება სურდა დავითს?
8 კიდევ ერთი მაგალითია მეფე დავითი. მას ღვთის მსახურებაში ბევრის გაკეთების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის არ ეძლეოდა ამის შესაძლებლობა. ერთხელ მან გულით მოიწადინა ღვთისთვის ტაძრის აშენება და გულისნადები ნათან წინასწარმეტყველს გაუზიარა. ნათანმაც მოიწონა მისი გადაწყვეტილება და უთხრა: „გააკეთე, რაც გულით გწადია, რადგან შენთანაა ღმერთი!“ (1 მატ. 17:1, 2). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა ეს სიტყვები დავითს. ის, ალბათ, მაშინვე შეუდგებოდა სამზადისს.
9. როგორ შეხვდა დავითი ახალ ამბავს?
9 თუმცა იმ ღამით იეჰოვამ ნათან წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ტაძარს დავითი კი არა, მისი ერთ-ერთი ვაჟი ააშენებდა. ასე რომ, წინასწარმეტყველს არცთუ ისე სასიამოვნო ამბით მოუწია დავითთან დაბრუნება (1 მატ. 17:3, 4, 11, 12). როგორ შეხვდა დავითი ამ ამბავს? ის მოერგო ახალ ვითარებას და მთელი ყურადღება ამ მშენებლობისთვის საჭირო სახსრებისა და მასალის შეგროვებაზე გადაიტანა (1 მატ. 29:1—5).
10. როგორ აკურთხა იეჰოვამ დავითი?
10 თუმცა იეჰოვას დავითთან ნათანი მხოლოდ იმის სათქმელად არ გაუგზავნია, რომ ის არ ააშენებდა ტაძარს. ნათანის პირით იეჰოვამ დავითს შეთანხმება დაუდო და დაჰპირდა, რომ მისი ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:16). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს დავითი, როცა ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგება და გაიგებს, რომ მის საგვარეულო ხაზში მოსული მეფე იესო ზეციდან მმართველობს. დავითის შემთხვევიდან ვხედავთ, რომ იეჰოვასთვის ყოველთვის შეიძლება ვერ გავაკეთოთ ის, რაც გულით გვწადია, მაგრამ მას ისეთი რამ ჰქონდეს ჩვენთვის განზრახული, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით.
11. როგორ აკურთხა იეჰოვამ პირველი საუკუნის ქრისტიანების ძალისხმევა? (საქმეები 6:7).
11 პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც მოუწიათ ისეთი სირთულეების ატანა, რომლებსაც არ ელოდნენ. მათ ერთი სული ჰქონდათ, რომ ღვთის სამეფო მოსულიყო, მაგრამ არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა ეს (საქ. 1:6, 7). ამიტომ ყურადღება სამქადაგებლო საქმეზე გადაიტანეს და საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ გავრცელდა სასიხარულო ცნობა და როგორ აკურთხა იეჰოვამ მათი ძალისხმევა (წაიკითხეთ საქმეების 6:7).
12. როგორ მოერგნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები შექმნილ ვითარებას?
12 პირველ საუკუნეში, როცა მთელ ქვეყანაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, ქრისტიანებიც გასაჭირში აღმოჩნდნენ (საქ. 11:28). ოჯახისთავებს, ალბათ, საფიქრალი გაუჩნდებოდათ, როგორ ერჩინათ ცოლ-შვილი. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებიც მსახურების გაფართოებას გეგმავდნენ, შეიძლება ეფიქრათ, რომ ახლა ამის დრო არ იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ქრისტიანები მოერგნენ შექმნილ ვითარებას — მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმეში და იუდეაში მცხოვრებ თანაქრისტიანებსაც ხელს უმართავდნენ (საქ. 11:29, 30).
13. საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვამ აკურთხა ქრისტიანები შიმშილობის დროს?
13 საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს ქრისტიანები? მათ, ვინც დახმარება მიიღეს, უშუალოდ დაინახეს იეჰოვას ხელი (მათ. 6:31—33). ბუნებრივია, მათ უფრო მეტად შეუყვარდებოდათ თანაქრისტიანები, რომლებიც გაჭირვების დროს მხარში ამოუდგნენ. ხოლო იმ და-ძმებმა, რომლებმაც უშურველად გასცეს ან სხვაგვარად შეიტანეს თავიანთი წვლილი ამ საქმეში, გაცემით გამოწვეული სიხარული განიცადეს (საქ. 20:35). იეჰოვამ თითოეული მათგანი აკურთხა, რადგან მოერგნენ შექმნილ ვითარებას.
14. რა გადახდათ თავს პავლესა და ბარნაბას და რა შედეგი გამოიღო მათმა შეუპოვრობამ? (საქმეები 14:21, 22).
14 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ხშირად ხდებოდნენ დევნის მსხვერპლი, თანაც მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ეს კარგად ჩანს იქიდან, რაც მოციქულ პავლესა და ბარნაბას გადახდათ თავს ლისტრაში. თავდაპირველად იქაურები მათ კარგად შეხვდნენ, თუმცა მოგვიანებით მოწინააღმდეგეებმა გადაიბირეს ისინი. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გადაბირებულმა ხალხმა „პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ“ (საქ. 14:19). თუმცა პავლემ და ბარნაბამ სხვაგან გააგრძელეს ქადაგება და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ. მათი შეუპოვრობის დანახვამ და გამამხნევებელი სიტყვების მოსმენამ თანამორწმუნეებიც განამტკიცა (წაიკითხეთ საქმეების 14:21, 22). ასე რომ, ბევრისთვის კურთხევა აღმოჩნდა, რომ პავლემ და ბარნაბამ ფარ-ხმალი არ დაყარეს, როცა მოულოდნელ წინააღმდეგობას შეხვდნენ. იეჰოვა ჩვენც მოგვიმართავს ხელს, თუ არ შევწყვეტთ მონდობილი საქმის შესრულებას.
ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ
15. რა ისწავლეთ ძმა ალექსანდრე მაკმილანის მაგალითიდან?
15 1914 წლამდე იეჰოვას ხალხს იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ძალიან მალე ზეციურ ჯილდოს მიიღებდნენ. მათ შორის იყო ძმა ალექსანდრე მაკმილანიც. 1914 წლის სექტემბერში მან ერთ-ერთ საჯარო მოხსენებაში ასეთი სიტყვებიც კი თქვა: „ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი მოხსენებაა“. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. მოგვიანებით ძმა ალექსანდრემ ასეთი რამ თქვა: „ალბათ, ზოგიერთმა ჩვენგანმა ცოტა ვიჩქარეთ, როცა ვიფიქრეთ, რომ მალე წავიდოდით ზეცაში. ჩვენ უბრალოდ უფლის მსახურებით უნდა ვყოფილიყავით დაკავებული“. ძმა ალექსანდრე გულმოდგინედ მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმეში, რწმენაში განამტკიცებდა ნეიტრალიტეტის გამო დაპატიმრებულთ და სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი არ აცდენდა კრების შეხვედრებს. სანამ ზეციურ ჯილდოს მიიღებდა, ძმა ალექსანდრეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. ამიტომ 1966 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თამამად შეძლო შემდეგი სიტყვების თქმა: „რწმენა ოდნავადაც არ შემრყევია. ის ისეთივე მტკიცეა, როგორიც უწინ“. მისი განწყობა ჩვენთვის მართლაც სამაგალითოა, განსაკუთრებით, თუ იმაზე მეტხანს მოგვიწევს სირთულეების ატანა, ვიდრე ველით (ებრ. 13:7).
16. რა მოულოდნელი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ ძმა ჰერბერტი და მისი მეუღლე? (იაკობი 4:14).
16 დღეს ბევრი ღვთის მსახურის ცხოვრებაში მოულოდნელად იჩენს თავს ჯანმრთელობის პრობლემები. თავის ავტობიოგრაფიაში ჰერბერტ ჯენინგზიb იხსენებს, თუ რამხელა სიხარულს ანიჭებდა მას და მის მეუღლეს განაში მისიონერად მსახურება. თუმცა იქ მსახურების დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. თავისი მდგომარეობის აღსაწერად ძმა ჰერბერტმა იაკობის 4:14-ში ჩაწერილი სიტყვები მოიშველია (წაიკითხეთ). მან დაწერა: „სინამდვილესთან შეგუება მოგვიწია. განა და მრავალი ჩვენი ახლო მეგობარი დავტოვეთ და [მკურნალობის მიზნით] კანადაში დავბრუნდით“. იეჰოვა ძმა ჰერბერტს და მის მეუღლეს მხარში ედგა, რომ მოულოდნელად თავსდატეხილი განსაცდელის მიუხედავად, ერთგულად გაეგრძელებინათ მისი მსახურება.
17. რა მხრივ აღმოჩნდა დამხმარე ძმა ჰერბერტის მაგალითი და-ძმებისთვის?
17 ძმა ჰერბერტის გულწრფელი მონათხრობი ბევრისთვის აღმოჩნდა დამხმარე. ერთი და ამბობს: „ასე ღრმად სხვა არცერთი სტატია არ შეხებია ჩემს გულს . . . როცა წავიკითხე, რომ ძმა ჰერბერტს ავადმყოფობის გამო მისიონერად მსახურებაზე უარის თქმა მოუწია, ჩემს მდგომარეობას სხვა თვალით შევხედე“. ერთმა ძმამ კი ასეთი რამ აღნიშნა: „კრებაში ათი წელი უხუცესად ვმსახურობდი, მაგრამ ფსიქიკური დაავადების გამო ამ პასუხისმგებლობის შესრულება ვეღარ შევძელი. იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ მიმძიმდა ავტობიოგრაფიებში სხვების წარმატებების შესახებ კითხვა. თუმცა ძმა ჰერბერტის შეუპოვრობამ ძალიან გამამხნევა“. ამ და-ძმების სიტყვები შეგვახსენებს, რომ როცა მოთმინებით ვიტანთ მოულოდნელად თავსდატეხილ სირთულეებს, შეიძლება სხვებისთვის გამხნევების წყარო აღმოვჩნდეთ. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ჩვენი ცხოვრება ისე არ წარიმართება, როგორც ველით, კვლავაც შეგვიძლია მივცეთ სხვებს რწმენისა და მოთმინების მაგალითი (1 პეტ. 5:9).
18. რას ვსწავლობთ ერთი ნიგერიელი დისგან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
18 ბევრი იეჰოვას მსახური კოვიდპანდემიამაც ცუდ დღეში ჩააგდო. მაგალითად, ნიგერიაში მცხოვრებ ერთ ქვრივ დას უკიდურესად გაუჭირდა. ერთ დილას, როცა ერთი ჭიქა ბრინჯიღა ჰქონდათ დარჩენილი, მისმა გოგონამ ჰკითხა, ამის შემდეგ რას შევჭამთო. დედამ უთხრა, რომ საჭმლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდათ, თუმცა შეეძლოთ სარეფთელი ქვრივისთვის მიებაძათ — მოემზადებინათ ბოლო ულუფა და სრულად მინდობოდნენ იეჰოვას (1 მეფ. 17:8—16). ჯერ სადილის დროც არ დამდგარიყო, რომ თანაქრისტიანებმა საკვების მარაგი მიუტანეს, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს ეყოფოდათ. როგორც ამ დამ თქვა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ გულისყურით უსმენდა იეჰოვა, როცა თავის გოგონას სარეფთელი ქვრივის მაგალითზე ესაუბრებოდა. ეჭვგარეშეა, თუ ვენდობით იეჰოვას, მოულოდნელად თავსდატეხილი სირთულეები რწმენას კი არ შეგვირყევს, უფრო დაგვაახლოებს ღმერთთან (1 პეტ. 5:6, 7).
19. რისი ატანა მოუწია ალექსეი ერშოვს?
19 ბოლო წლებში ბევრი და-ძმა გახდა მოულოდნელად დევნის მსხვერპლი. განვიხილოთ რუსეთში მცხოვრები ერთი ძმის, ალექსეი ერშოვის, შემთხვევა. ის 1994 წელს მოინათლა, როცა რუსეთში იეჰოვას მოწმეები თავისუფლებით სარგებლობდნენ. თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა შეიცვალა. 2020 წელს ძმა ალექსეის სახლი გაჩხრიკეს და ბევრი ნივთი ჩამოართვეს. მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ერთი მამაკაცის ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე დაინტერესებულად ასაღებდა თავს. როგორ ატკენდა ალექსეის გულს ასეთი ღალატი!
20. როგორ დააახლოვა სირთულეებმა ალექსეი იეჰოვასთან?
20 მართალია, ალექსეის ბევრი სირთულის ატანა მოუწია, მაგრამ ამან უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. ის ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ახლა უფრო ხშირად ვლოცულობთ ერთად. ვიცი, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდები. გულგატეხილობასთან ბრძოლაში პირადი შესწავლა მეხმარება. ხშირად ვფიქრობ ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებზე და ვცდილობ, დავინახო, მათ რა ეხმარებოდა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მინდობოდნენ იეჰოვას“.
21. რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან?
21 რა ვისწავლეთ ამ სტატიიდან? ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, მაგრამ თუ იეჰოვას მივენდობით, ის არასდროს დაგვტოვებს მარტო. როგორც წამყვან მუხლშიც წერია, „მრავალი უბედურება ატყდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმ. 34:19). ამიტომ მოდი ყურადღება ჩვენი სირთულეებისკენ კი არა, იმისკენ მივმართოთ, თუ რამხელა ძალა აქვს იეჰოვას. ასეთ შემთხვევაში მოციქული პავლესავით ჩვენც ვიტყვით: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ
a ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს ნებისმიერ სირთულეს აატანინებს. როგორ ედგა იეჰოვა მხარში თავის მსახურებს წარსულში და დღეს როგორ გვიჭერს ის მხარს? როგორც ძველად, ისე თანამედროვე დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მაგალითების განხილვა დაგვარწმუნებს, რომ თუ იეჰოვას მივენდობით, ის არც ჩვენ დაგვტოვებს მარტო.