ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 37
მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას
„უზენაესო უფალო, იეჰოვა, გამიხსენე, . . მომეცი ძალა“ (ᲛᲡᲐᲯ. 16:28).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რატომ იქნება ჩვენთვის კარგი სამსონის მაგალითის განხილვა?
ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲘᲡ სახელის გაგონებაზე, ალბათ, განსაკუთრებულად ძლიერი მამაკაცი წარმოგიდგებათ თვალწინ. მართალია, მან ერთხელ სავალალო შეცდომა დაუშვა, მაგრამ იეჰოვამ მაინც ერთგულ პიროვნებად მიიჩნია და მისი ისტორია ჩვენ სასწავლებლად ბიბლიაში შემოინახა.
2 იეჰოვას მიერ გაძლიერებულმა ისრაელების საშველად არაერთი გასაოცარი რამ მოიმოქმედა. საუკუნეების შემდეგ პავლემ ის ღვთის შთაგონებით განსაკუთრებული რწმენის მქონე ადამიანებს შორის მოიხსენია (ებრ. 11:32—34). სამსონი ურთულეს ვითარებაშიც კი ენდობოდა იეჰოვას. ამიტომ მისი მაგალითის განხილვა ბევრ რამეს გვასწავლის და მხნეობას შეგვმატებს.
ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲖᲔ ᲘᲧᲝ ᲛᲘᲜᲓᲝᲑᲘᲚᲘ
3. რა დავალების შესასრულებლად აირჩია იეჰოვამ სამსონი?
3 როცა სამსონი დაიბადა, ისრაელებზე ფილისტიმელები ბატონობდნენ და მათ შავ დღეში აგდებდნენ (მსაჯ. 13:1). მათი ხელიდან თავისი ხალხის დასახსნელად იეჰოვამ სამსონი აირჩია (მსაჯ. 13:5). თუმცა ამ ურთულესი დავალებისთვის თავი რომ გაერთმია, სამსონი იეჰოვას უნდა მინდობოდა.
4. როგორ დააღწია სამსონმა თავი ფილისტიმელებს? (მსაჯულები 15:14—16).
4 მოდი გავიხსენოთ ერთი შემთხვევა და ვნახოთ, როგორ დაუფასდა სამსონს იეჰოვაზე მინდობა. ერთხელ ფილისტიმელები მის შესაპყრობად ლეხში მივიდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, იუდას ტერიტორიაზე მდებარეობდა. შეშინებულმა იუდეველებმა გადაწყვიტეს, რომ სამსონი ფილისტიმელებისთვის გადაეცათ. ამიტომ თოკებით შებოჭეს და მტერს მიუყვანეს (მსაჯ. 15:9—13). სამსონზე იეჰოვას სული ამოქმედდა და თოკები დაწყვიტა, შემდეგ კი იქვე დაგდებულ ვირის ყბას სტაცა ხელი და 1 000 ფილისტიმელი გამოასალმა სიცოცხლეს (წაიკითხეთ მსაჯულების 15:14—16).
5. საიდან გამოჩნდა, რომ სამსონი ენდობოდა იეჰოვას?
5 სამსონმა საკმაოდ უჩვეულო იარაღი გამოიყენა საბრძოლველად. საინტერესოა, რატომ მოიქცა ასე? მან კარგად იცოდა, რომ ბრძოლაში წარმატება იეჰოვაზე იყო დამოკიდებული და არა იარაღზე. სამსონმა იეჰოვას ნების შესასრულებლად ის გამოიყენა, რაც ხელთ ჰქონდა. ფაქტია, მას დაუფასდა იეჰოვაზე მინდობა.
6. რა უნდა გვახსოვდეს სხვადასხვა თეოკრატიული დავალების შესრულებისას?
6 იეჰოვა ჩვენც მოგვცემს საჭირო ძალას ჩვენთვის დავალებული საქმის შესასრულებლად, როგორი რთულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის. ზოგჯერ მან შეიძლება უჩვეულო სახით გამოგიწოდოთ დახმარების ხელი. თუ სამსონივით ბოლომდე მიენდობით იეჰოვას, გჯეროდეთ, რომ ის თქვენც დაგეხმარებათ, შეასრულოთ მისი ნება (იგავ. 16:3).
7. რატომაა მნიშვნელოვანი იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა? მოიყვანეთ მაგალითი.
7 მოვიყვანოთ სამშენებლო პროექტებში ჩართული და-ძმების მაგალითი. წარსულში, როგორც წესი, ძმები თავად აპროექტებდნენ და აშენებდნენ დარბაზებსა თუ სხვა თეოკრატიულ შენობებს. თუმცა მზარდი მოთხოვნილებების გამო გარკვეული ცვლილებების მოხდენა გახდა საჭირო. პასუხისმგებელი ძმები ლოცვაში სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას და ცდილობდნენ, სხვადასხვა მიდგომა მოესინჯათ. მაგალითად, გადაწყვიტეს, რომ უკვე აშენებული შენობები შეეძინათ და გაერემონტებინათ. აი რას ამბობს ერთი ძმა რობერტი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ სამშენებლო პროექტში მიიღო მონაწილეობა: „ბევრისთვის რთული აღმოჩნდა ამ ცვლილებისთვის ფეხის აწყობა, რადგან წლების მანძილზე სულ სხვანაირად ვაკეთებდით საქმეს. თუმცა ძმებმა მზადყოფნა გამოავლინეს. საბოლოოდ ყველამ დავინახეთ, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს ამ ცვლილებას“. მსგავსი მაგალითები ცხადყოფს, რომ იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს და მისი ნების შესრულებაში ეხმარება. მაგრამ კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ჩვენ თუ ვთხოვთ მას ხელმძღვანელობას და მზად ვართ თუ არა საჭირო ცვლილებების მოსახდენად.
ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲐᲕᲓᲐ
8. როგორ მოიქცა სამსონი, როცა ძალიან მოსწყურდა?
8 სამსონმა ბევრი სხვა გასაოცარი საქმეც მოიმოქმედა. მაგალითად, ერთხელ შიშველი ხელებით გაგლიჯა ლომი შუაზე, შემდეგ კი 30 ფილისტიმელი დახოცა ქალაქ აშკელონში (მსაჯ. 14:5, 6, 19). სხვა დროს, როცა 1 000 ფილისტიმელი გამოასალმა სიცოცხლეს და ძალიან მოსწყურდა, სამსონმა დახმარება იეჰოვას შესთხოვა. ამ მაგალითებიდან კარგად ჩანს, რომ ის საკუთარ ძალაზე არ იყო დაიმედებული. მას ესმოდა, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდა (მსაჯ. 15:18).
9. რა გააკეთა იეჰოვამ სამსონის გულისთვის? (მსაჯულები 15:19).
9 როცა ძლიერ მწყურვალმა სამსონმა შველა იეჰოვას შესთხოვა, მან საპასუხოდ ნაპრალიდან სასწაულებრივად გადმოუდინა წყალი. როგორც კი სამსონმა წყალი დალია, „სული მოითქვა და გამოცოცხლდა“ (წაიკითხეთ მსაჯულების 15:19). წლების შემდეგ, როცა სამუელი ამ მოვლენებს აღწერდა, როგორც ჩანს, ეს წყარო კვლავაც არსებობდა. მისი დანახვა ისრაელებს ალბათ იმ ფაქტს შეახსენებდა, რომ იეჰოვა არასდროს უცრუებს იმედს თავისზე მინდობილთ.
10. რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვასგან დახმარების მისაღებად? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 რა ნიჭი ან უნარიც არ უნდა გვქონდეს და რისთვისაც არ უნდა მიგვეღწიოს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, უნდა მივენდოთ იეჰოვას და მას მივმართოთ დახმარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ მისი ნების შესრულებას. როგორც დავინახეთ, სამსონმა სული მოითქვა და გამოცოცხლდა, როცა იეჰოვას მიერ ნაპრალიდან სასწაულებრივად გადმოდენილი წყალი დალია. ჩვენც სულიერ ძალას იმ შემთხვევაში მოვიკრებთ, თუ უარს არ ვიტყვით იეჰოვასგან დახმარების მიღებაზე (მათ. 11:28).
11. რისი გაკეთება გვმართებს იეჰოვასგან დახმარების მისაღებად? მოიყვანეთ მაგალითი.
11 განვიხილოთ რუსეთში მცხოვრები ერთი ძმის, ალექსეის მაგალითი, რომელიც სერიოზულ დევნას ხვდება. რა აძლევს მას ასეთი რთული განსაცდელის ატანის ძალას? მან და მისმა მეუღლემ კარგი სულიერი განრიგი შეადგინეს. ალექსეი ამბობს: „მე და ჩემი ცოლი დილას ყოველდღიური მუხლის განხილვით და ლოცვით ვიწყებთ. პირადი შესწავლაც ყოველთვის მაქვს“. რისი სწავლა შეგვიძლია ალექსეისგან? ჩვენც იეჰოვას უნდა მივენდოთ და არა საკუთარ თავს. ამისთვის კი რწმენის განმტკიცებაა საჭირო, რაშიც ბიბლიის რეგულარული გამოკვლევა და სულიერ საქმეებში აქტიური მონაწილეობა დაგვეხმარება. იეჰოვა ძალისხმევას აუცილებლად დაგვიფასებს და, სამსონისა არ იყოს, ჩვენც შეგვმატებს მისი მსახურებისთვის საჭირო ძალას.
ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲡ ᲤᲐᲠ-ᲮᲛᲐᲚᲘ ᲐᲠ ᲓᲐᲣᲧᲠᲘᲐ
12. რატომ იყო დალილასთან ურთიერთობის დაწყება არასწორი ნაბიჯი? ახსენით.
12 სამსონიც ჩვენნაირი არასრულყოფილი ადამიანი იყო, ამიტომ დროდადრო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინა, არ დააკვირდა, თუ რა იყო იეჰოვას ნება, რაც ძვირად დაუჯდა. წლების მანძილზე ერთგულად მსახურების შემდეგ მას დალილა შეუყვარდა სორეკის ხევიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელი იყო (მსაჯ. 16:4). რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სამსონი ფილისტიმელ ქალზე დაინიშნა, ეს იეჰოვას ნებით მოხდა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მაშინ იეჰოვა „ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა“, რომ სამსონი ფილისტიმელებს შებრძოლებოდა. მოგვიანებით სამსონი ღამის გასათევად ფილისტიმელთა ქალაქ ღაზაში ერთი მეძავის სახლში მივიდა. როგორც ჩანს, ესეც იეჰოვასგან იყო, რადგან მაშინ სამსონს იმის ძალა მისცა, რომ ქალაქის კარიბჭე მოეგლიჯა და ღაზა დაუცველი დაეტოვებინა (მსაჯ. 14:1—4; 16:1—3). თუმცა დალილას შემთხვევაში არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იეჰოვასგან იყო.
13. როგორ დაიყოლია დალილამ სამსონი, რომ მისთვის საიდუმლო გაემხილა?
13 სამსონის გასაცემად დალილამ ფილისტიმელებისგან საკმაოდ დიდი თანხა მიიღო. როგორი დაბრმავებული უნდა ყოფილიყო სამსონი სიყვარულისგან, რომ ვერ მიმხვდარიყო დალილას ჩანაფიქრს! ქალი გულს უწყალებდა სამსონს, რომ მისთვის თავისი ძალის საიდუმლო გაემხილა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც საწადელს. სამწუხაროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ სამსონმა ძალაც დაკარგა და გარკვეული პერიოდი იეჰოვას კეთილგანწყობაც (მსაჯ. 16:16—20).
14. რა იწვნია სამსონმა იმის გამო, რომ დალილას ენდო?
14 სამსონმა მწარე შედეგი იწვნია იმის გამო, რომ დალილას ენდო და არა იეჰოვას. ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი და თვალები დასთხარეს. შემდეგ ღაზაში ჩაიყვანეს, რომლის მაცხოვრებლებიც თავის დროზე ძალიან დაამცირა, და საპყრობილეში მარცვლეულს აფქვევინებდნენ. ერთხელ ფილისტიმელები დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ და თავიანთ ღვთაება დაგონს დიდი მსხვერპლი შესწირეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ სამსონი სწორედ მან ჩაუგდო ხელში. ამ დღესასწაულზე მათ სამსონიც მოიყვანეს, რომ მასხრად აეგდოთ (მსაჯ. 16:21—25).
15. საიდან გამოჩნდა, რომ სამსონი კვლავ მიენდო იეჰოვას? (მსაჯულები 16:28—30; იხილეთ სურათი გარეკანზე).
15 მართალია, სამსონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია. ის კვლავაც შეეცადა, როგორმე შეესრულებინა ღვთის ნება და შებრძოლებოდა ფილისტიმელებს (წაიკითხეთ მსაჯულების 16:28—30). მან იეჰოვას შესთხოვა: „ამ ერთხელაც მომეცი ძალა, ღმერთო, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე“. ღმერთმაც შეისმინა მისი თხოვნა და კვლავაც მისცა განსაკუთრებული ძალა. იმ დღეს მან იმაზე მეტი ფილისტიმელი მოკლა, ვიდრე ოდესმე.
16. რას ვსწავლობთ სამსონისგან?
16 თუ შეცდომას დავუშვებთ, შეიძლება საჭირო გახდეს, რომ რჩევა მოგვცენ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაიმე პასუხისმგებლობა დავკარგოთ. თუმცა სამსონის მსგავსად, ჩვენც არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზადაა, გვაპატიოს (ფსალმ. 103:8—10). დიახ, შეცდომების მიუხედავად მაინც შეგვიძლია ღვთისთვის გამოსადეგნი ვიყოთ და მისი ნება შევასრულოთ.
17, 18. რატომ იყო თქვენთვის მაიკლის შემთხვევა გამამხნევებელი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 მოდი განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ძმის, მაიკლის, მაგალითი. ის მომსახურედ და პიონერად მსახურობდა, თუმცა, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა, რის გამოც კრებაში პასუხისმგებლობები ჩამოერთვა. მაიკლი ამბობს: „იეჰოვას მსახურებაში კარგი ტემპი მქონდა აღებული. მაგრამ უცბად ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს კედელს შევეჯახე. სიმართლე გითხრათ, აზრადაც არ მომსვლია, რომ იეჰოვა მიმატოვებდა, მაგრამ ის კი მაფიქრებდა, ოდესმე თუ მექნებოდა მასთან უწინდელივით კარგი ურთიერთობა და შევძლებდი თუ არა მისთვის ბოლომდე დახარჯვას“.
18 საბედნიეროდ, მაიკლმა ფარ-ხმალი არ დაყარა. ის დასძენს: „ყველანაირად ვცდილობდი, იეჰოვასთან ურთიერთობა აღმედგინა. ბევრს ვლოცულობდი, ვიკვლევდი და წაკითხულზე ვფიქრობდი“. რაღაც დროის შემდეგ მას კვლავ მიენდო პასუხისმგებლობები კრებაში. ის ახლა უხუცესად და პიონერად მსახურობს. მაიკლი აღნიშნავს: „და-ძმები, განსაკუთრებით კი უხუცესები, მხარში მედგნენ, რამაც დამარწმუნა, რომ იეჰოვას ჩემდამი სიყვარული არ განელებია. დღეს კვლავაც სუფთა სინდისით ვემსახურები მას. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ იეჰოვა ნებისმიერ შეცდომას გვაპატიებს, თუ გულწრფელად მოვინანიებთ“. თუ ყველანაირად ვცდილობთ, გამოვსწორდეთ და იეჰოვას მივენდოთ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მისთვის კვლავაც გამოსადეგნი ვიქნებით და მისი წყალობა არ მოგვაკლდება (ფსალმ. 86:5; იგავ. 28:13).
19. რაში დაგარწმუნათ სამსონის მაგალითმა?
19 ამ სტატიაში სამსონის ცხოვრებიდან რამდენიმე შემთხვევა განვიხილეთ. მართალია, ის არ იყო სრულყოფილი, მაგრამ არასწორად გადადგმული ნაბიჯის შემდეგაც კი არ შეუწყვეტია იეჰოვას ნების შესრულება. თავის მხრივ, არც იეჰოვას ჩაუქნევია მასზე ხელი. მან კიდევ ერთხელ მისცა სამსონს მისი ნების შესრულების შესაძლებლობა. ღვთის თვალში მას კვლავ ძლიერი რწმენის მქონე კაცის სახელი ჰქონდა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ებრაელების მე-11 თავში სხვა ერთგულ მსახურთა შორისაა მოხსენიებული. რა ბედნიერებაა, ვემსახუროთ მოსიყვარულე მამას, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, გაგვაძლიეროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი დახმარება გვჭირდება! მოდი ჩვენც სამსონის მსგავსად ვევედროთ ღმერთს: „გამიხსენე, . . მომეცი ძალა“ (მსაჯ. 16:28).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო
a სამსონის შესახებ მათაც კი სმენიათ, ვისაც მაინცდამაინც დიდი შეხება არ აქვს ბიბლიასთან. მისი ისტორია არაერთი დრამატურგის, ლირიცისტის და რეჟისორის შთაგონების წყარო გამხდარა. თუმცა სამსონის შესახებ მონათხრობი მხოლოდ საინტერესო ისტორია როდია. ღვთის ამ ერთგული მსახურისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.