ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 20
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 67 „იქადაგე სიტყვა“
იქადაგეთ სიყვარულით აღძრულებმა!
„ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (ᲛᲐᲠ. 13:10).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რა აღგვძრავს მთელი გულით ქადაგებისკენ.
1. რა გავიგეთ ბოლო ყოველწლიურ შეხვედრაზე?
ᲑᲝᲚᲝ ყოველწლიურ შეხვედრაზეa საკმაოდ სერიოზული ცვლილებების მომსწრენი გავხდით. მაგალითად, შევიტყვეთ, რომ ზოგმა მას შემდეგაც კი შეიძლება დაიკავოს იეჰოვას მხარე, რაც „დიდი ბაბილონი“ განადგურდება. ისიც გავიგეთ, რომ ნოემბრიდან მაუწყებლებს აღარ მოეთხოვებოდათ დეტალური ანგარიშის ჩაბარება. ნიშნავს ეს იმას, რომ სამქადაგებლო საქმე აღარ არის ისეთი გადაუდებელი, როგორიც უწინ? არამც და არამც.
2. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სამქადაგებლო საქმე დღითი დღე უფრო გადაუდებელი ხდება? (მარკოზი 13:10).
2 რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სამქადაგებლო საქმე დღითი დღე უფრო გადაუდებელი ხდება? მიზეზი ისაა, რომ დრო იწურება (რომ. 13:11). როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა უნდა ეუწყოს ყველა ხალხს (მათ. 24:14; წაიკითხეთ მარკოზის 13:10). თანაც იეჰოვას დადგენილი აქვს „დღე და საათი“, როცა სატანის ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო უნდა მოუღოს (მათ. 24:36; 25:13; საქ. 1:7). ამიტომ სანამ ის დღე დადგება, მთელი შემართებით უნდა ვიქადაგოთ.
3. რატომ ვქადაგებთ?
3 რაკი მსახურებაზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, საერთოდ რატომ ვქადაგებთ? იმიტომ რომ გვიყვარს ჭეშმარიტება, ადამიანები და, რაც მთავარია, იეჰოვა. მოდი თითოეულზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ
4. Როგორ ვიქცევით ხოლმე, როცა სასიხარულო ამბავს ვიგებთ?
4 როცა ადამიანის ცხოვრებაში რაიმე სასიხარულო ხდება, მაგალითად, ბავშვი შეეძინება ან ზუსტად ისეთ სამსახურს შესთავაზებენ, როგორსაც ეძებდა, გახარებულს სურვილი უჩნდება ხოლმე, ეს ამბავი ახლობლებსაც უთხრას. შესაძლოა თქვენც მსგავსი რეაქცია გქონდათ, როცა სასიხარულო ცნობა მოისმინეთ და მიხვდით, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ.
5. რა იგრძენით, როცა ჭეშმარიტება გაიგეთ და რისკენ აღგძრათ ამან? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
5 გაიხსენეთ ის დრო, როცა პირველად გაიგეთ, რომ თურმე ზეციერ ღმერთს ჰყვარებიხართ, თავის სულიერ ოჯახში გიღებდათ და ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას გპირდებოდათ, სადაც გარდაცვლილები აღდგებოდნენ და არანაირი პრობლემა აღარ შეგაწუხებდათ (მარ. 10:29, 30; იოან. 5:28, 29; რომ. 8:38, 39; გამოცხ. 21:3, 4). ამ ყველაფერმა, ალბათ, ისე აღგაფრთოვანათ, რომ სიხარულს გულში ვეღარ იტევდით (ლუკ. 24:32; შეადარეთ იერემიას 20:9).
6. რა ისწავლეთ ერნესტისა და როზესგან?
6 მოვიყვანოთ ერთი წყვილის, ერნესტის და როზეს, მაგალითი.b ერნესტი 10 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. ის იხსენებს: „ძალიან მინდოდა, გამეგო, სად იმყოფებოდა მამაჩემი. მაინტერესებდა, ზეცაში წავიდა თუ საერთოდ შეწყვიტა არსებობა. მშურდა იმ ბავშვების, რომელთაც მამა ცოცხალი ჰყავდათ“. ერნესტი მამის საფლავზე ხშირად დადიოდა და მუხლმოყრილი ღმერთს ევედრებოდა: „გთხოვ, ღმერთო, გამაგებინე, სად არის მამაჩემი“. მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 17 წლის შემდეგ ერნესტმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როგორც იქნა, მან მიიღო თავის კითხვებზე პასუხები და გაიგო, რომ სიკვდილი ძილს ჰგავს და მკვდრები ვერაფერს გრძნობენ. ის ძალიან ანუგეშა მკვდრეთით აღდგომის იმედმაც (ეკლ. 9:5, 10; საქ. 24:15). მისმა მეუღლემ, როზემაც, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ორივენი 1978 წელს მოინათლნენ. ისინი ჭეშმარიტებას ყველას უზიარებდნენ — მეგობრებს, ოჯახის წევრებს თუ სხვებს. მათმა გულმოდგინებამ ნაყოფი გამოიღო — ისინი 70-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ, გაეცნოთ იეჰოვა და მონათლულიყვნენ.
7. რისკენ აღგვძრავს ჭეშმარიტების სიყვარული? (ლუკა 6:45).
7 როგორც დავინახეთ, რაც უფრო მეტად გვიყვარდება ჭეშმარიტება, მით უფრო გვიძლიერდება იმის სურვილიც, რომ ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა (წაიკითხეთ ლუკას 6:45). ჩვენც ისეთივე განწყობა გვაქვს, როგორიც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს მოწაფეებს: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:20).
ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ
8. კიდევ რა აღგვძრავს სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ? (იხილეთ ჩარჩო „გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები“; იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ჩვენც გვიყვარს ადამიანები (იგავ. 8:31; იოან. 3:16). თანაც გვებრალებიან ისინი, რადგან „უიმედოდ და უღმერთოდ“ არიან და პრობლემებიდან გამოსავალს ვერ პოულობენ (ეფეს. 2:12). ჩვენ კი ვიცით, რა არის გამოსავალი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, მათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავაგებინოთ. ეს ცნობა მათ იმედს უსახავს, დღესვე ეხმარება ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და გზას უხსნის მარადიული სიცოცხლისკენ (1 ტიმ. 6:19).
9. რის შესახებ ვაფრთხილებთ ხალხს და რატომ? (ეზეკიელი 33:7, 8).
9 ადამიანების სიყვარული იმისკენაც აღგვძრავს, რომ ისინი ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შესახებ გავაფრთხილოთ (წაიკითხეთ ეზეკიელის 33:7, 8). ჩვენ გული შეგვტკივა ოჯახის წევრებსა თუ სხვებზე, რომლებიც ცხოვრების დინებას მიჰყვებიან და არ იციან, რომ წინ გველის „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:21). ჩვენ გვინდა, გავაგებინოთ მათ, რა მოვლენები განვითარდება ამ პერიოდში: განადგურდება ცრუ რელიგია და არმაგედონის ომში — მთელი ბოროტი ქვეყნიერება (გამოცხ. 16:14, 16; 17:16, 17; 19:11, 19, 20). ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იღოს ყურად გაფრთხილება და იეჰოვას მხარე დაიკავოს. მაგრამ, თუ დღეს ჩვენი მცდელობა სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ნიშნავს ეს იმას, რომ იმედი უნდა გადავიწუროთ?
10. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ხალხის გაფრთხილება?
10 როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, „დიდი ბაბილონის“ განადგურების შემდეგ ზოგს შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეს, რომ იეჰოვას მხარე დაიკავოს, და მანაც მისცეს მათ გადარჩენის შესაძლებლობა. საპყრობილის ზედამხედველის მსგავსად, რომელსაც ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გაუჩნდა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი, იმ ხალხისთვისაც, დღეს რომ ვაფრთხილებთ, შესაძლოა „დიდი ბაბილონის“ განადგურება გამომაფხიზლებელი იყოს და გაახსენდეთ ჩვენი ნათქვამი (შეადარეთ ეზეკიელის 33:33; საქ. 16:25—34). თუ ეს ასე მოხდება, არმაგედონის დადგომამდე ზოგმა შესაძლოა იეჰოვას მსახურება მოინდომოს. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ ხალხის გაფრთხილება.
ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ
11. საიდან გამოჩნდება, რომ ვეთანხმებით გამოცხადების 4:11-ში ჩაწერილ სიტყვებს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
11 სასიხარულო ცნობის ქადაგების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გვიყვარს იეჰოვა. ჩვენც ვეთანხმებით გამოცხადების 4:11-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილ სიტყვებს, რომ იეჰოვას თავისი თაყვანისმცემლებისგან ეკუთვნის „დიდება, პატივი და ძლიერება“. როცა ხალხთან იმის მტკიცებულებები მოგვყავს, რომ ყველაფერი იეჰოვამ შექმნა და ჩვენს სიცოცხლეს მას უნდა ვუმადლოდეთ, დიდებას და პატივს მივაგებთ მას. ხოლო, როცა სასიხარულო ცნობის გასაზიარებლად არ ვიშურებთ დროს, ენერგიას და მატერიალურ სახსრებს, ცხადვყოფთ, რომ ჩვენს ძალებს მას ვუმადლით (მათ. 6:33; ლუკ. 13:24; კოლ. 3:23). ქადაგების დროს არც ის გვავიწყდება, რომ ხალხს ღვთის სახელი გავაცნოთ და გავაგებინოთ, როგორი პიროვნებაა იეჰოვა. რატომ ვანიჭებთ ამას ამხელა მნიშვნელობას?
12. როგორ შეგვაქვს წვლილი ღვთის სახელის განწმენდაში?
12 სატანის გავრცელებული სიცრუის გამო იეჰოვას რეპუტაცია შეილახა (დაბ. 3:1—5; იობ. 2:4; იოან. 8:44). ჩვენ კი გვინდა, რომ მისი სახელის განწმენდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რადგან გვიყვარს იეჰოვა (მათ. 6:9). ამის კარგ შესაძლებლობას მსახურება გვაძლევს, რადგან ამ დროს შეგვიძლია ხალხს ავუხსნათ, როგორია იეჰოვა სინამდვილეში. ჩვენ გვინდა, ყველას გავაგებინოთ, რომ ის მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია და რომ თავისი სამეფოს მეშვეობით მალე ყველა პრობლემას გადაჭრის, დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს და ყველა ბედნიერი იქნება (ფსალმ. 37:10, 11, 29; 1 იოან. 4:8). გარდა იმისა, რომ მსახურების დროს ღვთის სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი, ჩვენ ჩვენს სახელსაც ვამართლებთ ანუ იმას ვაკეთებთ, რაც მოგვეთხოვება. რას ვგულისხმობთ?
13. რატომაა ჩვენთვის დიდი პატივი, „იეჰოვას მოწმეებად“ ვიწოდებოდეთ? (ესაია 43:10—12).
13 იეჰოვამ თავის მოწმეებად აგვირჩია (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). წლების წინ ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთ წერილში აღნიშნული იყო: «ჩვენთვის უდიდესი პატივია, „იეჰოვას მოწმეებად“ ვიწოდებოდეთ». რატომ მივიჩნევთ ამას დიდ პატივად? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, ვინმე უსამართლოდ გდებთ ბრალს და ახლა სასამართლოში თქვენი სიმართლის დამტკიცება გიწევთ. როგორ მოწმეს მიიყვანდით? ალბათ ისეთს, ვისაც ენდობით და იტყვის, სინამდვილეში როგორი ხართ. სწორედ ასე იქცევა იეჰოვაც. მან იმიტომ აგვირჩია მოწმეებად, რომ გვენდობა და იცის, რომ მასზე სიმართლეს ვილაპარაკებთ. ჩვენც გვინდა, გავამართლოთ მისი ნდობა და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ სხვებს მისი სახელი გავაცნოთ და გავაბათილოთ მის შესახებ გავრცელებული სიცრუე. ჩვენ, მის მოწმეებს, ხომ ზუსტად ამის გაკეთება მოგვეთხოვება (ფსალმ. 83:18; რომ. 10:13—15).
ᲐᲦᲡᲐᲡᲠᲣᲚᲐᲛᲓᲔ ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲔᲗ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ
14. რისი იმედი გვაქვს?
14 იმედი გვაქვს, რომ „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება იეჰოვას ხალხს. ჩვენ იმაზე ფიქრიც გვახარებს, რომ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში, „დიდ გასაჭირში“, ზოგი გამოეყოფა სატანის ქვეყნიერებას და იეჰოვას მხარეს დაიკავებს (საქ. 13:48).
15, 16. რა საქმე არ უნდა შევწყვიტოთ და როდემდე?
15 ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, აღსასრულის დადგომამდე მთელ მსოფლიოში ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ვაუწყოთ. ეს საქმე აღარასდროს განმეორდება, ამიტომ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ხალხის გასაფრთხილებლად. და როცა აღსასრული დადგება, მაშინ ყველა მიხვდება, რომ ჩვენ ღვთის ცნობას გადავცემდით (ეზეკ. 38:23).
16 ასე რომ, სანამ იეჰოვა არ იტყვის, დასრულდაო ქადაგება, ჩვენ ჭეშმარიტების, ადამიანებისა და ღვთის სიყვარულით აღძრულები მთელი შემართებით და ენთუზიაზმით განვაგრძობთ ქადაგებას!
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 54 „ეს არის გზა“
a ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ნიუბურგის საკონგრესო დარბაზში (აშშ, ნიუ-იორკი). ამ პროგრამის პირველი ნაწილი 2023 წლის ნოემბერში განთავსდა JW მაუწყებლობაზე, ხოლო მეორე ნაწილი — 2024 წლის იანვარში.
b იხილეთ 2015 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის — გამაოცა ბიბლიის ნათელმა და ლოგიკურმა პასუხებმა“.