ასი წლის წინ — 1916
ათას ცხრაას თექვსმეტი წლის დასაწყისისთვის ერთ წელზე მეტი იყო გასული, რაც დიდი ომი მძვინვარებდა, რომელსაც მოგვიანებით პირველი მსოფლიო ომი ეწოდა. ამ ომმა აურაცხელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1916 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „დიდმა ომმა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა, ხალხი მომავალზე დააფიქრა და რელიგიისადმი ინტერესი გაუჩინა“. იმავე სტატიაში ნათქვამი იყო: „დაე, უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განვაგრძოთ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ქადაგება!“.
1916 წლის მუხლი რომაელების 4:20-ზე იყო დაფუძნებული და მოუწოდებდა ძმებს, მტკიცენი დარჩენილიყვნენ რწმენაში. ბევრი ბიბლიის მკვლევარი ასეც მოიქცა და უხვი კურთხევები მოიმკა.
პილიგრიმები — გამხნევების წყარო
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიმომსვლელი წარმომადგენლები, რომლებიც პილიგრიმების სახელით იყვნენ ცნობილნი, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ. მათი მიზანი იყო, გაემხნევებინათ ბიბლიის მკვლევრები და მათთვის საჭირო მითითებები მიეცათ. ამ საქმისთვის 1916 წელს სულ მცირე 69 პილიგრიმმა 800 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.
ნორფოკში (ვირჯინია) გამართულ კონგრესზე პილიგრიმმა, ვოლტერ თორნმა, თავის მოხსენებაში ქრისტიანული ბრძოლა დიდ ომს შეადარა და თქვა: «ვარაუდობენ, რომ ომში 20-დან 30 მილიონამდე ჯარისკაცია ჩაბმული . . . ქვეყნიერებას წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ ბრძოლა სხვა ფრონტზეც მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში ჩაბმული „ჯარისკაცები“ უფლის მეომრები არიან, და როგორც გედეონის ჯარი, ისინიც იბრძვიან, ოღონდ უიარაღოდ. უფლის მეომრები რწმენის ღირსეულ ბრძოლაში ჭეშმარიტებისა და სიმართლისთვის იბრძვიან».
ქადაგება ომის ქარცეცხლში
საფრანგეთში 1916 წლის მიწურულს მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა. ამ დროს ქვეყნის სხვა ნაწილში ერთგული ძმები ყველაფერს აკეთებდნენ ბიბლიის მკვლევართა ჯგუფებისა თუ კრებების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების გამო ეს საკმაოდ სახიფათო იყო. 1916 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ბიბლიის მკვლევრის, ჯოზეფ ლეფევრის, წერილი. ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი მას შემდეგ, რაც 1914 წელს გერმანიის არმია მის ქალაქში, დენენში, შეიჭრა. ის პარიზის სამხრეთით ერთ ქალაქში გადაიხვეწა, სადაც იქ არსებულ ერთადერთ ბიბლიის მკვლევართა ჯგუფს შეუერთდა. შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, მალე იგი ყველა ქრისტიანულ შეხვედრას უძღვებოდა.
მოგვიანებით ჯოზეფი თეოფილე ლეკიმს შეუერთდა, რომელიც მასსავით დენენიდან ყოფილა გაქცეული. თავიდან ძმა თეოფილემ ქალაქ ოშელს (საფრანგეთი) შეაფარა თავი, სადაც „საგუშაგო კოშკის“ სტატიების თარგმნა დაიწყო. ნათარგმნ სტატიებს იგი საფრანგეთის არაოკუპირებულ მხარეში მცხოვრებ ძმებს უგზავნიდა. მაგრამ, როდესაც სამხედროებმა ეჭვი აიღეს მის საქმიანობაზე, ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ძმა ჯოზეფი თვლიდა, რომ პარიზში თეოფილე ლეკიმის ჩასვლა მის ლოცვებზე პასუხი იყო.
პარიზში მათ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. ძმა ჯოზეფ ლეფევრი წერდა: „დღეს ჩვენს ჯგუფში დაახლოებით 45 კაცია . . . მათგან ზოგმა უკვე გააცნობიერა, რამხელა პატივია, თავი მიუძღვნა ღვთისმსახურებას, ამიტომაც ისინი სულიერად სწრაფად მიიწევენ წინ. ჯგუფიდან თითქმის ყველა ესწრება ყოველკვირეულ დამოწმების შეხვედრას“.
მათ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს
რადგანაც ომი არა და არ წყდებოდა, ბევრი ძმა გამოცდის წინაშე დადგა, შეინარჩუნებდა თუ არა ნეიტრალიტეტს. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში გამოიცა კანონი, რომელიც 18-დან 40 წლამდე ყველა მამაკაცს ავალდებულებდა სამხედრო სამსახურში ჩადგომას. ყველაფრის მიუხედავად, ბევრმა ბიბლიის მკვლევარმა მტკიცედ დაიცვა ნეიტრალიტეტი.
მაგალითად, 1916 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ძმა უორდენის წერილი, რომელიც შოტლანდიიდან იყო. იგი წერდა: „ჩემს ერთ ვაჟს ახლახან 19 წელი შეუსრულდა. იგი დღემდე უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და უფლის ერთგული რჩება. ის ტყვიას დაუდგება წინ, მაგრამ კომპრომისზე არ წავა. ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა გააძლიერებს მას და დაეხმარება, მტკიცედ იდგეს ჭეშმარიტებისა და სიმართლის მხარეს“.
ახალგაზრდა წიგნების დამტარებელი, ჯეიმზ ფრედერიკ სკოტი, რომელიც ედინბურგიდან (შოტლანდია) იყო, იმის გამო გაასამართლეს, რომ არ გამოცხადდა კომისარიატში. თუმცა ჩვენების მოსმენის შემდეგ სასამართლომ გაამართლა ძმა ჯეიმზი და აღნიშნა, რომ „მისი შემთხვევა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი იყო“.
თუმცა არსებული კანონის მიუხედავად, ბევრი ძმა არ გაათავისუფლეს. სექტემბრისთვის 264-მა ძმამ მიმართა სასამართლოს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მათგან 23 ისეთ სამსახურში გაანაწილეს, რომელიც უშუალოდ არ იყო დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. დანარჩენები, რომელთაგან ზოგმა „სასტიკ მოპყრობას გაუძლო . . . ალტერნატიულ სამსახურში ჩააბეს და ისეთ მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ, როგორიც იყო: გზების დაგება, კარიერში მუშაობა და სხვა“, — იუწყებოდა 1916 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“. სამხედრო სამსახურიდან სრულად მხოლოდ 5 ძმა გაათავისუფლეს.
ჩარლზ ტეიზ რასელის სიკვდილი
1916 წლის 16 ოქტომბერს ბიბლიის მკვლევართა ხელმძღვანელი, ჩარლზ ტეიზ რასელი, ბიბლიური მოხსენებების წასაკითხად ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში გაემგზავრა. სამწუხაროდ, ის უკან ვეღარ დაბრუნდა. 31 ოქტომბერს, სამშაბათს, 64 წლის ჩარლზ ტეიზ რასელი ქალაქ პამპაში (ტეხასის შტატი) მატარებელში გარდაიცვალა.
ბევრ ძმას ვერ წარმოედგინა, ვის შეიძლებოდა დაეკავებინა მისი ადგილი. ძმა რასელის სურვილი, სადაც მოკლე მონახაზს აკეთებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო საქმე, გამოქვეყნდა 1916 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“. მაგრამ ბიბლიის მკვლევრებს მაინც აფიქრებდათ, თუ ვინ გააგრძელებდა მის წამოწყებულ საქმეს.
ეს საკითხი „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ ყოველწლიურ შეხვედრაზე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც 1917 წლის დასაწყისში ჩატარდებოდა. დამსწრეებმა ხმის მიცემის შემდეგ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მომდევნო თვეებში გამოიკვეთა, რომ მათმა ერთსულოვნებამ დიდხანს ვერ გასტანა. ძმებს წინ სერიოზული განსაცდელები ელოდათ.