რატომ მოხდა ჰოლოკოსტი? რატომ არ შეაჩერა ღმერთმა ეს მასობრივი ჟლეტა?
ბევრი ამ კითხვას იმიტომ სვამს, რომ მათაც შეეხო ეს საშინელება. ასეთებს არა მარტო პასუხების მიღება სურთ, არამედ ნუგეშისცემაც სჭირდებათ. ზოგისთვის ჰოლოკოსტი ადამიანის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი სისასტიკეა და ამიტომ უჭირთ ღვთის არსებობის დაჯერება.
გავრცელებული მცდარი აზრები ღმერთსა და ჰოლოკოსტზე
სიცრუე: არ არის მართებული იმ კითხვის დასმა, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ეს გენოციდი.
სინამდვილე: კითხვა, თუ რატომ უშვებდა ღმერთი ბოროტებას, ძლიერი რწმენის მქონე ღვთის არაერთ მსახურსაც დაუსვამს. ერთხელ წინასწარმეტყველმა აბაკუმმა ღმერთს ჰკითხა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?“ (აბაკუმი 1:3). ამ კითხვების დასმის გამო ღმერთს არ გაუკიცხავს აბაკუმი. უფრო მეტიც, მან აბაკუმს ეს სიტყვები ბიბლიაში ჩააწერინა, რათა ყველას წაეკითხა.
სიცრუე: ღმერთს არ აღელვებს ადამიანთა ტანჯვა.
სინამდვილე: ღმერთს სძულს ბოროტება და ტანჯვა, რომელიც ამ უკანასკნელს თან სდევს (იგავები 6:16—19). ნოეს დროს ღმერთი დამწუხრდა იმის გამო, რომ მთელი დედამიწა ძალადობას მოეცვა (დაბადება 6:5, 6). ეჭვგარეშეა, რომ ღმერთი ენით აუწერელ ტკივილს გრძნობდა ებრაელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემხედვარე (მალაქია 3:6).
სიცრუე: ჰოლოკოსტი ებრაელებისთვის ღვთის სასჯელი იყო.
სინამდვილე: ღმერთმა დაუშვა, რომ პირველ საუკუნეში იერუსალიმი რომაელებს გაენადგურებინათ (მათე 23:37—24:2). მას შემდეგ ღმერთს არც ერთი ეთნიკური ჯგუფის მიმართ არ გამოუვლენია განსაკუთრებული კეთილგანწყობა და არც არავინ დაუსჯია. ღვთის თვალში „არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის“ (რომაელები 10:12, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
სიცრუე: მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე ღმერთი რომ არსებობდეს, არ დაუშვებდა ჰოლოკოსტს.
სინადვილე: მართალია, ბოროტება ღვთის ნებით არ ხდება, მაგრამ ხანდახან ღმერთი დროებით უშვებს მას (იაკობი 1:13; 5:11).
რატომ დაუშვა ღმერთმა ჰოლოკოსტი?
ღმერთმა იმავე მიზეზით დაუშვა ჰოლოკოსტი, რა მიზეზითაც ყველა სხვა უბედურება — უნდა გადაჭრილიყო ის მნიშვნელოვანი საკამათო საკითხები, რომლებიც დიდი ხნის წინათ წამოიჭრა. ბიბლიიდან ნათლად ვხედავთ, რომ დღეს ქვეყნიერების მმართველი ეშმაკია და არა ღმერთი (ლუკა 4:1, 2, 6; იოანე 12:31). მართალია, ამ თემატურ სექციაში მოცემულია სტატია, რომელშიც უფრო კონკრეტულადაა განხილული, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას, მაგრამ უშუალოდ ამ სტატიაში შევეხებით ორ მთავარ საკითხს და ბიბლიის მეშვეობით გავიგებთ, რატომ დაუშვა ღმერთმა ჰოლოკოსტი.
რატომ მოხდა ჰოლოკოსტი? ღმერთმა უთხრა პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, თუ რა მოითხოვებოდა მათგან, თუმცა, არ აიძულა, დამორჩილებოდნენ მას. მათ გადაწყვიტეს, თავად განესაზღვრათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი. მათი არასწორი არჩევანისა და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მიღებული მსგავსი არასწორი გადაწყვეტილებების გამო ადამიანები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ (დაბადება 2:17; 3:6; რომაელები 5:12). ერთ წიგნში ნათქვამია: „მსოფლიოში უბედურებების მიზეზი ხშირად ღვთის მიერ ადამიანებისთვის ბოძებული ნების თავისუფლების უმართებულოდ გამოყენებაა“ (Statement of Principles of Conservative Judaism). ღმერთს ადამიანებისთვის ნების თავისუფლება არ წაურთმევია; მან დრო მისცა მათ, რომ მისგან დამოუკიდებლად მოეგვარებინათ თავიანთი პრობლემები.
ღმერთს შესწევს ძალა, რომ ყველას, ვისაც ჰოლოკოსტი შეეხო, მოუშუშოს ჭრილობები. ღმერთი გვპირდება, რომ მილიონობით ადამიანს, მათ შორის ჰოლოკოსტის მსხვერპლთ, მკვდრეთით აღადგენს. ის დაუამებს ტკივილს მათ, ვინც გადაურჩა ჰოლოკოსტს და თვალებიდან არ ამოსდის ეს საშინელება (ესაია 65:17; საქმეები 24:15). ღმერთს უყვარს კაცობრიობა, ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ის შეასრულებს თავის დანაპირებს (იოანე 3:16).
მათგან ბევრს, ვინც ცოცხალი გადაურჩა ჰოლოკოსტს, არ დაუკარგავს ღვთისადმი რწმენა და იპოვა ცხოვრების აზრი, რადგან გაიგეს, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და როგორ აღმოფხვრის მის შედეგებს.