რა არის დიდი გასაჭირი?
ბიბლია გვპასუხობს
დიდი გასაჭირი არის დროის პერიოდი, როცა კაცობრიობას არნახული უბედურებები დაატყდება თავს. ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად ეს „ბოლო დღეებში“, „უკანასკნელ დროს“ მოხდება (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება“ (მარკოზი 13:19; დანიელი 12:1; მათე 24:21, 22).
დიდი გასაჭირის დროს მოსახდენი მოვლენები
ცრუ რელიგიების განადგურება. ცრუ რელიგიები საოცარი სისწრაფით განადგურდება (გამოცხადება 17:1, 5; 18:9, 10, 21). მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციით წარმოდგენილი პოლიტიკური მმართველობები გაანადგურებენ, რითაც ღვთის ნებას შეასრულებენ (გამოცხადება 17:3, 15—18).a
ღვთის ხალხზე თავდასხმა. ერთა კოალიცია, რომელიც ეზეკიელის ხილვაში წარმოდგენილია როგორც „გოგი მაგოგის მიწიდან“, შეეცდება ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების განადგურებას. თუმცა ღმერთი დაიცავს თავის ხალხს (ეზეკიელი 38:1, 2, 9—12, 18—23).
ადამიანთა გასამართლება. იესო გაასამართლებს და „გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“ (მათე 25:31—33). ადამიანები იმის მიხედვით გასამართლდებიან, უჭერდნენ თუ არა მხარს „იესოს ძმებს“ ანუ მათ, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში (მათე 25:34—46).
სამეფოს მმართველების შეკრება. ღმერთმა თავისი მსახურებიდან ზოგიერთი იესო ქრისტეს თანამეფეებად აირჩია. მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ მათ ღმერთი ზეციური ცხოვრებისთვის აღადგენს (მათე 24:31; 1 კორინთელები 15:50—53; 1 თესალონიკელები 4:15—17).
არმაგედონი. „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ გამართულ ამ ომს ბიბლია აგრეთვე უწოდებს „იეჰოვას დღეს“ (გამოცხადება 16:14, 16; ესაია 13:9; 2 პეტრე 3:12). ისინი, ვისაც იესო მსჯავრს დასდებს, არმაგედონის ომში განადგურდებიან (სოფონია 1:18; 2 თესალონიკელები 1:6—10). გარდა ამისა, განადგურდება მსოფლიო პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბიბლიაში შვიდთავიანი მხეცითაა წარმოდგენილი (გამოცხადება 19:19—21).
დიდი გასაჭირის შემდეგ განვითარებული მოვლენები
სატანისა და დემონების შებოჭვა. ძლიერი ანგელოზი სატანასა და დემონებს უფსკრულში ჩაყრის, სადაც ისინი სიკვდილის მსგავს უმოქმედო მდგომარეობაში იქნებიან (გამოცხადება 20:1—3). უფსკრული, სადაც სატანა იქნება ჩაკეტილი, შეიძლება შევადაროთ ციხეს. იქიდან ეს ბოროტი ანგელოზი ვერ შეძლებს, გავლენა მოახდინოს ვინმეზე ან რამეზე (გამოცხადება 20:7).
ათასწლიანი მმართველობა. დაიწყება ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობა. ამ დროის განმავლობაში ღმერთი კაცობრიობას უხვად აკურთხებს (გამოცხადება 5:9, 10; 20:4, 6). „უამრავი ხალხი“, რომელიც დიდ გასაჭირს გადაიტანს, საკუთარი თვალით იხილავს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისს (გამოცხადება 7:9, 14; ფსალმუნი 37:9—11).
a გამოცხადების წიგნში „დიდი ბაბილონი“ და „დიდი მეძავი“ ცრუ რელიგიებს განასახიერებენ (გამოცხადება 17:1, 5). „ალისფერი მხეცი“, რომელიც გაანადგურებს „დიდ ბაბილონს“, ასიმბოლოებს ორგანიზაციას, რომლის მიზანიც ერების გაერთიანებაა. თავდაპირველად ის ერთა ლიგის სახელით იყო ცნობილი, დღეს კი მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეწოდება.