რას ამბობს ბიბლია მარხვის შესახებ?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიურ დროში ღმერთი იწონებდა მარხვას, რომელსაც ადამიანი წრფელი გულით იცავდა, თუმცა მისთვის მიუღებელი იყო, როცა ვინმე არასწორი მოტივებით მარხულობდა. დღეს კი, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი არც მოითხოვს ჩვენგან მარხვის დაცვას და არც გვიკრძალავს მას.
როდის მარხულობდნენ ღვთის მსახურები ბიბლიურ დროში?
როცა ღვთისგან დახმარებას და ხელმძღვანელობას ითხოვდნენ. იერუსალიმისკენ მიმავალი ისრაელები მარხულობდნენ, რითაც აჩვენებდნენ, რომ გულწრფელად სურდათ ღვთისგან დახმარების მიღება (ეზრა 8:21—23). პავლემ და ბარნაბამ იმარხულეს, სანამ კრებაში უხუცესებს დანიშნავდნენ (საქმეები 14:23).
როცა ღვთისგან მიღებული დავალების შესასრულებლად ემზადებოდნენ. ნათლობის შემდეგ იესომ 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ ის მზად იყო, მსახურება დაეწყო და ღვთის ნება შეესრულებინა (ლუკა 4:1, 2).
როცა ჩადენილ ცოდვებს ინანიებდნენ. ღმერთმა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით ორგულ ისრაელებს უთხრა: „დამიბრუნდით მთელი გულით, მარხვით, ტირილითა და მოთქმით“ (იოელი 2:12—15).
როცა გამოსყიდვის დღეს აღნიშნავდნენ. ღვთის მიერ დადგენილი კანონის თანახმად, ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ისრაელებს უნდა ემარხულათa (ლევიანები 16:29—31). ამ დღეს მარხვა მართებული იყო, რადგან ისრაელ ერს შეახსენებდა, რომ არასრულყოფილები იყვნენ და ღვთისგან პატიებას საჭიროებდნენ.
როდის არის მარხვა უმართებულო?
როცა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა გვსურს. იესო ასწავლიდა, რომ ადამიანს, რომელსაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურდა, სხვის დასანახად კი არ უნდა ემარხულა, არამედ მხოლოდ ღვთისთვის (მათე 6:16—18).
როცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვცდილობთ. მარხვა ადამიანს ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით უკეთეს პიროვნებად არ აყალიბებს (ლუკა 18:9—14).
როცა ადამიანი განზრახ ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვას ცდილობს (ესაია 58:3, 4). ღმერთი მხოლოდ იმ ადამიანის მარხვას იწონებდა, რომელიც მთელი გულით ინანიებდა ჩადენილ ცოდვებს და მზად იყო, მას დამორჩილებოდა.
როცა ადამიანი მარხვით რელიგიურ მოვალეობას იხდის (ესაია 58:5—7). ღმერთი შეიძლება შევადაროთ მშობელს, რომელიც არ იწონებს შვილისგან მოვალეობის მოხდის მიზნით, უგულოდ გამოვლენილ სიყვარულს.
სავალდებულოა ქრისტიანებისთვის მარხვა?
არა. ღმერთი ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ მათ გამოსყიდვის დღეს ემარხულათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც იესომ სამუდამოდ გამოისყიდა მომნანიებელი ადამიანების ცოდვები, ამ დღის აღნიშვნა აღარ მოითხოვება (ებრაელები 9:24—26; 1 პეტრე 3:18). ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა, რომლის თანახმადაც გამოსყიდვის დღეს ღვთის მსახურებს უნდა ემარხულათ (რომაელები 10:4; კოლოსელები 2:13, 14). აქედან გამომდინარე, თითოეულ ქრისტიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იმარხულოს თუ არა (რომაელები 14:1—4).
ქრისტიანებისთვის მარხვას ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში მთავარი ადგილი არ უკავია. ბიბლიაში მარხვა არასოდეს არის დაკავშირებული სიხარულთან. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი სიხარულით ემსახურებიან ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას, და მის თვისებებს ირეკლავენ (1 ტიმოთე 1:11; ეკლესიასტე 3:12, 13; გალატელები 5:22).
მცდარი შეხედულებები მარხვის შესახებ
მცდარი შეხედულება: მოციქულმა პავლემ დაქორწინებულ წყვილებს მოუწოდა, ემარხულათ (1 კორინთელები 7:5, სსგ).
სინამდვილე: ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში 1 კორინთელების 7:5-ში მარხვა არ არის მოხსენიებული.b როგორც ჩანს, ბიბლიის გადამწერებმა ის მოგვიანებით ჩაამატეს არა მარტო ამ მუხლში, არამედ სხვა ბიბლიურ მუხლებშიც: მათეს 17:21-ში, მარკოზის 9:29-სა და საქმეების 10:30-ში. ბიბლიის ბევრ თანამედროვე თარგმანში ამ მუხლებში მარხვა არ მოიხსენიება.
მცდარი შეხედულება: ქრისტიანებმა უნდა დაიცვან 40-დღიანი დიდმარხვა და ასე მიჰბაძონ ქრისტეს, რომელმაც ნათლობის შემდეგ 40 დღე უდაბნოში იმარხულა.
სინამდვილე: იესოს არასოდეს უთქვამს თავისი მოწაფეებისთვის, რომ ასეთი მარხვა უნდა დაეცვათ. ბიბლიაში არსად წერია, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები მსგავს მარხვას იცავდნენ.c
მცდარი შეხედულება: ქრისტიანმა იესო ქრისტეს სიკვდილის აღსანიშნავად უნდა იმარხულოს.
სინამდვილე: იესოს არ უთქვამს თავისი მოციქულებისთვის, რომ მისი სიკვდილის აღნიშვნის დღეს ემარხულათ (ლუკა 22:14—18). მართალია, იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები იმარხულებდნენ მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო მოწოდება; ის უბრალოდ აღწერდა, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ მოციქულები მისი სიკვდილის გამო (მათე 9:15). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებდა, თუ შიოდათ, სახლში ეჭამათ, სანამ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავდნენ (1 კორინთელები 11:33, 34).
a ღმერთმა ისრაელებს უთხრა, რომ გამოსყიდვის დღეს თავი დაემდაბლებინათ (ლევიანები 16:29, 31). თავის დამდაბლებაში, როგორც ჩანს, ნაგულისხმებია მარხვა (ესაია 58:3). ბიბლიის ერთ თარგმანში ლევიანების 16:29, 31 მუხლებში წერია, რომ ისრაელებს საკვების მიღებისგან თავი უნდა შეეკავებინათ, რათა ჩადენილი ცოდვის გამო სინანული გამოეხატათ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
b იხილეთ ბრუს მეცგერის ნაშრომი, მესამე გამოცემა, გვ. 554 (A Textual Commentary on the Greek New Testament).
c „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ 40-დღიანი დიდმარხვის შესახებ წერია: „I—III საუკუნეებში პასექამდე [აღდგომამდე] მარხვა ერთ კვირაზე მეტს არ გრძელდებოდა. ჩვეულებრივ, ამისთვის ერთი ან ორი დღეც საკმარისი იყო ... 40-დღიანი პერიოდის შესახებ პირველად ნიკეის კრებაზე (325 წ.) მიღებულ მეხუთე კანონში მოიხსენიება, თუმცა ზოგიერთი სწავლულის თანახმად, აქ შესაძლოა დიდმარხვა არც იგულისხმებოდეს“ (მეორე გამოცემა, ტომი 8, გვ. 468).