რატომ მოქმედებს ჩვენზე მუსიკა
მუსიკის აღქმისა და მეტყველების უნარი ადამიანს უნიკალურობას ანიჭებს. მათ გარეშე ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა მსოფლიო. „მეტყველება და მუსიკა ნიშანდობლივია მთელი კაცობრიობისთვის“, ნათქვამია ერთ წიგნში (Musical Mind). ჩვენ ვსაჭიროებთ ურთიერთობას და ეს ორი რამ ხელს გვიწყობს. ამგვარად, როგორც ენაზე, მუსიკაზეც შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც „საუბრობს“, ჩვენი გრძნობები „ისმენენ“.
რატომ და როგორ ესაუბრება მუსიკა ჩვენს გრძნობებს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უნდა განვიხილოთ: 1) მუსიკალური ელემენტები, როგორც ასეთი, და ჩვენი ტვინის მიერ მათი აღქმის უნარი; 2) ჩვენი ხასიათი და კულტურული წარმომავლობა, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მუსიკას; და 3) ტექსტი, რომელიც ჩვენზე მუსიკის გავლენას აძლიერებს.
მუსიკალური ელემენტები
მუსიკის თავისებურებებს ხშირად „მუსიკალურ ელემენტებს“ უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანია საკრავის ტონი, ანუ ტემბრი. მაგალითად, ვალტორნა „მედიდურობით“, ანუ „თავდაჯერებულობით“ ხასიათდება, ხოლო მისი ხმა სრულიად განსხვავდება „ყოყოჩი“ საყვირის ხმისგან. თუმცა ორივე ერთსა და იმავე ოჯახს, ანუ ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება, ყოველი მათგანი განსხვავებული ინტენსიურობის მქონე ობერტონებს, ანუ ჰარმონიკებს წარმოქმნის. ეს არის ის, რაც ყოველ ინსტრუმენტს განუმეორებელ, უნიკალურ „ხმას“ ანიჭებს. კომპოზიტორები ხშირად მიმართავენ ამ თვისებებს გარკვეული აკუსტიკური ეფექტების შესაქმნელად, რითაც მსმენელში ათასგვარ გრძნობას აღძრავენ.
ალბათ ერთ-ერთი პირველი ელემენტი, რომელსაც ვეცნობით, არის რიტმი. შესაძლოა, მას ვეცნობით ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას, როცა დედის გულისცემას ვუსმენთ. ამბობენ, რომ იმაზე, თუ რა რეაგირებას ვახდენთ მუსიკალურ რიტმზე, ქვეცნობიერად ჩვენი გულისცემა ან სუნთქვაც კი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, არ იქნებოდა უბრალო დამთხვევა ის, რომ უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს მუსიკალურ რიტმს, რომელიც წუთში 70—100 დარტყმას ითვლის, — ასევე განისაზღვრება ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის პულსის ნორმაც. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს ჟურნალი Perceptual and Motor Skills.
მუსიკის მრავალფეროვნება, რომელსაც ეს ელემენტები წარმოშობს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მათს ბგერებსა და მათზე შესრულებულ მელოდიებზე დაკვირვებით ცხადდება. ფაგოტის სევდიანმა ხმამ მოცარტის კონცერტში ფაგოტისთვის, მეორე ნაწილში, შეიძლება ღრმა გრძნობები გამოიწვიოს. იაპონური ფლეიტის, „შაკუჰაჩის“, ნაღვლიანი ხმა შეიძლება ფაქიზად შეეხოს ჩვენს გულს. საქსოფონ-ტენორის ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მრავალი ადამიანის გონებაში დიდხანს სტოვებს ბლიუზის მელოდიებს. გერმანულ ჯაზ-ორკესტრში ტუბას ენერგიული რიტმი, ჩვეულებრივ, ახალისებს ადამიანს. შტრაუსის ვალსში ვიოლინოების ცოცხალი მელოდია მრავალ მსმენელში ცეკვის სურვილს აღვიძებს. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ნორდოფ-რობინზის (ნიუ-იორკი) მუსიკალური თერაპიის ცენტრის დირექტორმა, კლივ ე. რობინზმა აღნიშნა, — „მუსიკა მთელ კაცობრიობას ესაუბრება“.
ჰარმონია, დისონანსი და მელოდია
ჰარმონია სასიამოვნო ჟღერადობას ქმნის მაშინ, როდესაც დისონანსი ბგერათა უხეშ თანახმოვანებას წარმოშობს. მაგრამ იცოდით, რომ ეს ელემენტები ზოგჯერ ავსებენ ერთმანეთს? ჰარმონიული მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება გაცილებით მეტ დისონანსს შეიცავდეს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ჰარმონიისა და დისონანსის მუდმივი ურთიერთქმედება ხშირად წარმოქმნის შეუმჩნეველ რხევას, რომელიც ჩვენს გრძნობებს გადაეცემა. ეს რბილი რხევა ყურს აამებს. აი, დისონანსი კი გვაღიზიანებს და უსიამოვნო გრძნობებს იწვევს, როგორც მაშინ, როცა წერის დროს ცარცი ან ფრჩხილი ეხახუნება დაფას. სხვა მხრივ, თუ მუსიკა მხოლოდ ჰარმონიაზე არის აგებული, შეიძლება მოსაწყენი იყოს.
მელოდია არის ცალკეული ნოტების თანმიმდევრული განლაგება მუსიკალურ რიგში. ზოგი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, ეს სიტყვა ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „მელოს“, რაც ნიშნავს „სიმღერას“. ლექსიკონების განმარტების თანახმად მელოდია სასიამოვნო მუსიკა ან სულაც სასიამოვნო ჟღერადობაა.
ამისდა მიუხედავად, მხოლოდ ბგერების თანამიმდევრობა როდი ქმნის სასიამოვნო მელოდიას. მაგალითად, დიდ ინტერვალებზე ხშირმა გადასვლამ შეიძლება მელოდია უფრო დრამატული გახადოს, ვიდრე ლირიკული. სხვა მხრივ, რამდენიმე დიდმა ინტერვალმა შეიძლება სასიამოვნო მელოდია წარმოქმნას. ბგერათა განსხვავებული თანმიმდევრობა და ინტერვალები მელოდიას ნაღვლიან ან მხიარულ ხასიათს ანიჭებს. როგორც ჰარმონიის შემთხვევაში, მელოდიაც ქმნის თავისებურ დაძაბულობასა და განმუხტვას და ჩვენს გრძნობებზე მოქმედებს ხმის სიმაღლის მონაცვლეობით, ანუ მაღალი ან დაბალი ბგერების ჟღერადობით.
ეს ელემენტები ურთიერთშეთანხმებით ქმნის ძალებს, რომელთაც ჩვენი ემოციების აღძვრა ან დამშვიდება შეუძლიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ტვინი მუსიკას სხვადასხვანაირად აღიქვამს.
მუსიკა და ტვინი
ზოგიერთი თვლის, რომ მეტყველებასა და ლოგიკას ძირითადად ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს, მაშინ, როცა ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მუსიკის აღქმითა და ამასთანავე ჩვენი გრძნობებისა და ემოციების ხელმძღვანელობით არის დაკავებული. ასეა ეს თუ არა, ცხადია, რომ მსმენელებში მუსიკა გრძნობებს აღვიძებს. ჟურნალი Perceptual and Motor Skills ამ აზრს ასე გამოხატავს: „მუსიკას შეუძლია გრძნობები და ემოციები სწრაფად აღძრას. რის აღსაწერადაც პროზაულ ნაწარმოებში მრავალი წინადადება იქნებოდა საჭირო . . . მუსიკაში ხშირად ერთი მუსიკალური ტაქტით ან აკორდით შეიძლება გადმოიცეს“.
მხედველობისა და სმენის ურთიერთქმედებისა და დანახულსა თუ მოსმენილზე რეაქციის შესახებ ერთი წიგნი საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს: „მოსმენილი უფრო მეტად აღძრავს გრძნობებს, ვიდრე დანახული . . . დაჭრილი პირუტყვისა თუ ადამიანის მხოლოდ ხილვა დამკვირვებელში იმდენ გრძნობებს არ იწვევს, რამდენსაც მაშინ, როცა ისინი ხმით გამოხატავენ თავიანთ ტკივილს; ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაში დამკვირვებელი დიდად არის შეძრული“ (Music and the Mind).
მუსიკა, ტექსტი და თქვენ
ერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ გარკვეული მუსიკალური ნაწარმოები ყველა მსმენელზე ერთნაირად მოქმედებს. მეორე კი ამბობდეს, რომ მელოდიასა თუ სიმღერაზე რეაგირება ადამიანის განწყობილებასა თუ მოგონებებს ირეკლავს. მაგალითად, მან, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა, შეიძლება გარკვეული მუსიკა მოისმინოს, ვთქვათ, თაყვანისცემის ადგილას, რამაც შეიძლება რაღაც შემთხვევები გაახსენოს და დაამწუხროს, შეიძლება აატიროს კიდეც. ხოლო სხვებმა, ვინც არ არიან ასეთ მდგომარეობაში, იგივე სიმღერა შეიძლება ხალისით იმღერონ.
ახლა განვიხილოთ ზემოხსენებული ვალტორნის და საყვირის თავისებურებები. თქვენ შეიძლება არ დაეთანხმოთ იმ აზრს, რომ ვალტორნის ჟღერადობა თავდაჯერებულობას გამოხატავს. თქვენთვის ის შეიძლება როხროხა და მხიარული იყოს, იმ დროს, როცა საყვირის ხმა შეიძლება უფრო სევდიანად მოგეჩვენოთ. ყოველ ჩვენგანში არსებობს გრძნობების უშრეტი წყარო, რომელთა გაღვიძება შეუძლია მუსიკას — ამიტომ ჩვენ მას ჩვენებურად ვეხმაურებით..
მუსიკა ხელს უწყობს სიტყვებისა და აზრების გრძნობებთან დაკავშირებას. ამიტომ არის, რომ სატელევიზიო თუ რადიორეკლამას თითქმის არასოდეს გადმოსცემენ მუსიკის თანხლების გარეშე. ხშირად სიტყვებში აზრიც არ ჩანს, მაგრამ თუ იყენებენ მიმზიდველ მუსიკას, რეკლამა მსმენელის გრძნობებზე მოქმედებს.. ჭეშმარიტებაა ის, რომ უმეტესწილად რეკლამირების მიზანი უფრო გრძნობებზე მოქმედებაა, ვიდრე აზროვნებაზე!
მაშინ, როდესაც რეკლამით მომხმარებლის მოხიბლვას ცდილობენ, სიტყვებისა და მუსიკის ძალას სხვა უფრო არასასურველი შედეგი მოჰყვება. ერთ ჟურნალში ნათქვამია, რომ გარკვეული სტილის სიმღერების ტექსტის კვლავ და კვლავ გამეორებით სიმღერების ავტორები ასწავლიან მოზარდებს, სხვების აზრი არაფრად ჩააგდონ და „თავისაზე დარჩნენ“ (Journal of Youth and Adolescence). სხვა წყაროს თანახმად, „რეპის საეჭვო შინაარსის ტექსტები უფრო მეტყველია, ვიდრე მისი ორეულის — ჰევი-მეტალის“, ამიტომაც შეუძლია მსმენელთა გრძნობების დაპყრობა და ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისკენ მათი აღძვრა.
გაექცეოდა ადამიანი უარყოფით გავლენას, თუ ტექსტის გარეშე მოისმენდა მუსიკას? უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტს, რომ უმეტესწილად ჰევი-მეტალსა და რეპ-მუსიკაში ტექსტი ძნელი გასაგებია. ფაქტობრივად, სიტყვები ხშირად თითქმის არც ისმის უკიდურესად ხმამაღალი მუსიკის გამო. ფაქტი ერთია, გასაგებია სიტყვები თუ გაუგებარი, ინტენსიური რიტმი და მელოდიის გამეორება სათქმელს ისედაც ამბობს!
როგორ? დაფიქრდით, სიმღერის მხოლოდ სათაურიც კი წარმოდგენაში რაღაც სურათებს ქმნის. გარდა ამისა, ხშირად თავად მუსიკის სტილი გამოხატავს სათქმელს. კონკრეტულად რას? ერთი ახალგაზრდული ჟურნალი ამბობს: „ეს არის სხვებზე წარმოსახვითი ბატონობა, დასახული მიზნების მიღწევის უნარი და სექსუალური უზნეობის მხარდაჭერა“. სხვა ჟურნალი ამბობს: „ძირითადი თემებია . . . უკიდურესი წინააღმდეგობა, ძალადობა, ლოთობა და ნარკომანია, სექსუალური აღვირახსნილობა და სატანიზმი“.
ზოგიერთი ახალგაზრდა აცხადებს, რომ, თუმცა ეს, შეიძლება ასეც იყოს, მუსიკა მათზე უარყოფითად არ მოქმედებს. ისინი ირწმუნებიან, რომ ასეთი მუსიკა სასარგებლოა, რადგან „თვითგამოვლენაში“ ეხმარება. მართლაც ასეა? ერთი ჟურნალი აღნიშნავს: «რისხვა, მტრობა და ძალა, რომლებიც ზოგი მოზარდისთვის ჰევი-მეტალშია ასახული, უფრო სასურველი ხდება დღის ბოლოსთვის, როცა ბიჭები, რომლებიც დაბალი მოსწრებით ხასიათდებიან, „თავისუფლდებიან“ სკოლიდან, სადაც არაერთხელ უმეორებენ, რომ ვერ ასრულებენ მოთხოვნებს». ჟურნალი ამატებს: «პარადოქსი ის არის, რომ საკუთარ თავში დაჯერებულობისა და საკუთარი „მე“-ს მოსაძებნად მოზარდები სტერეოტიპებს მიმართავენ. იმის ნაცვლად, რომ თვითგამოხატვის საშუალება საკუთარ თავში მოძებნონ, მოზარდები კომერციული ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულ მზა ნიმუშს ამჯობინებენ“ (Journal of Youth and Adolescence). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს სხვა კარნახობს, რაზე უნდა იფიქრონ და რას უნდა გრძნობდნენ“.
მოდით, ახლა როკ-კონცერტებს გადავავლოთ თვალი. როგორ მოქმედებენ ისინი დამსწრეებზე? ერთ-ერთი ზემოხსენებული წიგნი პასუხობს: „უეჭველია, მასების გრძნობების გამწვავებითა და იმის შთაგონებით, რომ ემოციური პიკის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და არა ცალ-ცალკე, მუსიკა აბრმავებს ადამიანს და ამ დროს საღ აზროვნებას ცვლის მასებისთვის ესოდენ დამახასიათებელი უმართავი ვნებები, რომლებიც შეიძლება სახიფათო იყოს“ (Music and the Mind). როკ-კონცერტებზე შემჩნეული უკონტროლო თავაშვებულობა ამ განაცხადის ჭეშმარიტებას ამტკიცებს.
ამგვარად, გულისა და გონების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უნდა შეგვეძლოს გარჩევა, თუ რომელ მუსიკას ვუსმენთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? დასკვნითი სტატია ამ კითხვას გასცემს პასუხს.
[სურათი 7 გვერდზე]
მუსიკა ხშირად ცეკვის სურვილს აღვიძებს.