შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?
„გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხშირად ადამიანი სასჯელის მოხდის შემდეგაც კი აგრძელებს დანაშაულის ჩადენას საზოგადოების წინააღმდეგ, და მიყენებული ზარალი, რომელიც მხოლოდ ფულით არ იზომება, კვლავაც უსაზღვროდ დიდი იქნება“, — ნათქვამია დოქტორ სტენტონ სამენოუს წიგნში (Inside the Criminal Mind).
არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყოველდღიურად ახალ-ახალი შემზარავი დანაშაული ხდება. ამგვარად, იბადება კითხვები: იძლევა სასურველ შედეგებს დაპატიმრება, სასჯელის სიმკაცრე თუ ხანგრძლივობა და სხვა მსგავსი ზომების მიღება? ცვლის ციხე ბოროტმოქმედს? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ებრძვის საზოგადოება დანაშაულის გამომწვევ ძირითად მიზეზს?
დანაშაულის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით დოქტორ სტენტონ სამენოუ წერს: „მას შემდეგ, რაც კაცი პატიმრობას გამოცდის, [დამნაშავე] შესაძლოა უფრო გამჭრიახი და ფრთხილი გახდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლოს არაფერს აკეთებდეს და კვლავ ბოროტმოქმედებას სჩადიოდეს. დამნაშავეთა ხელმეორედ დაპატიმრების დაბალი სტატისტიკური მონაცემები იმის მაჩვენებელი კი არ არის, თუ რამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, არამედ იმისა, თუ რამდენმა არ გამოავლინა სათანადო სიფრთხილე“. ასე რომ, დამნაშავეებისთვის ხშირად ციხე იმ სკოლად იქცევა, რომელიც თავისთავად ეხმარება და წვრთნის ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განსახორციელებლად (იხილეთ ჩარჩო „არის ციხეები ბოროტმოქმედების სკოლები?“, მე-7 გვერდზე).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დამნაშავეს კვლავ ბოროტმოქმედების ჩადენის სურვილს აღუძრავს. ეს სინდრომი მათ მეტ გაბედულებას სძენს, რის შემდეგაც უფრო მტკიცედ მიჰყვებიან თავიანთ გზას. ბრძენმა მმართველმა დაწერა: „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (ეკლესიასტე 8:11).
რატომ ხდებიან ბოროტმოქმედები?
არის დანაშაულის ჩადენა ზოგიერთისთვის თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება? „ვფიქრობდი, რომ დანაშაულის ჩადენა ჩვეულებრივი რამ იყო, და შესაძლოა ადვილად საპატიებელიც, რადგან [ბოროტმოქმედთა] ცხოვრება სავსეა უკიდურესი სიღარიბით, არასტაბილურობითა და სასოწარკვეთილებით, რაც მათ ბოროტმოქმედებისკენ უბიძგებს“, — აღიარებს სამენოუ. მაგრამ ამ საკითხის ღრმად გამოკვლევის შემდეგ მან აზრი შეიცვალა. „დანაშაულის ჩადენა ბოროტმოქმედთა არჩევანია“, — წერს ის. „დანაშაულამდე . . . [ადამიანი] აზროვნებას მიჰყავს და არა სოციალურ გარემოს“. სამენოუ განაგრძობს: „ძირითადად ადამიანის საქციელს ფიქრი განაპირობებს. ჩვენ ვფიქრობთ ნებისმიერი საქციელის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ“. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები მსხვერპლად მიეჩნია, სამენოუ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ისინი სხვებს იწირავენ მსხვერპლად და ცხოვრების გზას ნებაყოფლობით ირჩევენ“a.
გადამწყვეტი ფაქტორი არჩევანია. ბრიტანეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში ახლახან დაიბეჭდა სტატია ასეთი სათაურით: „უკეთეს ცხოვრებას მოწყურებული ქალაქელი ბიჭები დამნაშავეობას ირჩევენ“. ადამიანებს აქვთ ნების თავისუფლება და შეუძლიათ არჩევნის გაკეთება რთულ მდგომარეობაშიც კი. უდავოა, რომ ყოველდღიურად მილიონები ებრძვიან სოციალურ უსამართლობასა და სიღარიბეს ან არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ, მაგრამ დამნაშავეები არ ხდებიან. როგორც სამენოუ ამბობს: „ბოროტმოქმედების ჩადენის მიზეზი არც ცუდი მშობლები არიან და არც ცუდი მეზობლები, . . . ამის მიზეზად ვერც უმუშევრობას დავასახელებთ. ბოროტმოქმედება ადამიანის გონებაში ბუდობს და მას სოციალური მდგომარეობა არ იწვევს“.
დამნაშავეობა ფიქრით იწყება
ბიბლია მიუთითებს, რომ ადამიანს თავისი შინაგანი ბუნება აცდუნებს და არა გარემო, რომელშიც ცხოვრობს. იაკობის 1:14, 15-ში ნათქვამია: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. როდესაც ადამიანი იმაზე ფიქრობს, რაც ცუდია, თავს არასწორი სურვილებით კვებავს; ამას კი შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, პორნოგრაფიისადმი ინტერესმა, თუნდაც იშვიათად გამოვლენილმა, შეიძლება სექსისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაუღვივოს კაცს და საბოლოოდ თავისი ფანტაზიის განსახორციელებლად აღძრას, შესაძლოა დანაშაულებრივი გზითაც კი.
მხედველობაში მისაღები კიდევ ერთი ფაქტორი საკუთარ თავზე გადამეტებული ფიქრი, ფულისა და სიამოვნების სიყვარული და სურვილის დაუყოვნებლად შესრულების წადილია. ჩვენს დღეებზე ბიბლია წინასწარმეტყველებს: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . სასტიკები, კარგის მოძულეები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5). სამწუხაროა, რომ ფილმებით, ვიდეოთამაშებით, ლიტერატურით და მისაბაძი ადამიანების ცუდი მაგალითებით ქვეყნიერება ხელს უწყობს იმ თვისებების ჩამოყალიბებას, რაც დამნაშავეობათა რიცხვის ზრდას იწვევსb. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოექცევა ამგვარი ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ვერ გაექცა ამ ზეგავლენას, ბოლოს მაინც შეძლო, სრულიად შეეცვალა თავისი შეხედულებები და ცხოვრების წესი.
ადამიანი შეიძლება შეიცვალოს!
კაცი თუ ერთხელ ჩაიდენს დანაშაულს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედი იქნება. ზემოთ აღნიშნულ წიგნში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ქალი თუ კაცი ბოროტმოქმედების გზას აირჩევს, „შეუძლია ხელმეორედ გააკეთოს არჩევანი და ისწავლოს პატიოსნად ცხოვრება“ (Inside the Criminal Mind).
გამოცდილებამ ცხადყო, რომ, წარსულის მიუხედავად, ადამიანების შეცვლა შესაძლებელიაc. ამისათვის საჭიროა გამოსწორების სურვილი, სწორი მოტივები და არა ადამიანთა ცვალებადი ფასეულობების გათვალისწინება, არამედ ჩვენი შემოქმედის უცვლელი ნორმების გათავისება. ვინ გვიცნობს ჩვენს შემოქმედზე უკეთ? გარდა ამისა, განა არა აქვს ღმერთს უფლება გადაწყვიტოს, რა არის ადამიანისთვის კარგი და ცუდი? ეს ნორმები ჩვენთვის ცხადი რომ ყოფილიყო, ღმერთმა დაახლოებით 40 ღვთისმოშიში ადამიანი აღძრა მათ დასაწერად, და ისინი ბიბლიაშია ჩაწერილი; ეს არის საოცარი წიგნი, რომელსაც მართებულად შეიძლება ეწოდოს ბედნიერი და მიზანმიმართული ცხოვრებისთვის კაცობრიობის სახელმძღვანელო (2 ტიმოთე 3:16, 17).
შეიძლება არც ისე ადვილი იყოს ცხოვრებაში ღვთისმოსაწონი ცვლილებების მოხდენა, რადგან ცოდვილ მიდრეკილებებს ვუწევთ წინააღმდეგობას. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი თავის შინაგან წინააღმდეგობას „ბრძოლად“ აღწერს! (რომაელები 7:21—25). მან გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რადგან ის საკუთარ ძალაზე კი არ იყო დაიმედებული, არამედ ღმერთზე, ვისი სიტყვაც „ცოცხალი, [და] მოქმედია“ (ებრაელები 4:12).
ჯანსაღი „საკვების“ ძალა
სხეული რომ ჯანსაღი იყოს, საჭიროა კარგი კვება. გარდა ამისა, საჭმელი კარგად უნდა დაიღეჭოს და გადამუშავდეს, რაც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამის მსგავსად, სულიერად ჯანმრთელები რომ ვიყოთ, აუცილებელია ღვთის სიტყვის „დაღეჭვა“, ანუ მასზე ფიქრი, რათა ის „გადამუშავდეს“ და გულმა და გონებამ აითვისოს (მათე 4:4). ბიბლია ამბობს: „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ . . . და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (ფილიპელები 4:8, 9).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენ იმაზე უნდა ‘ვიფიქროთ’, რაც ღვთიურია, თუ გვინდა, ჩვენი ძველი პიროვნება ახლით შევცვალოთ. ამ დროს მოთმინება გვმართებს, რადგან სულიერად ერთ დღეში ვერ გავიზრდებით (კოლოსელები 1:9, 10; 3:8—10).
განვიხილოთ ერთი ქალის მაგალითი, რომელიც ბავშვობაში გააუპატიურეს. ის ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და თამბაქოს მიეძალა. ეს ქალი მოგვიანებით არაერთი დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ციხეში მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ნასწავლი გულთან ახლოს მიიტანა. რა იყო შედეგი? თანდათანობით მან თავისი ძველი პიროვნება ახალი ქრისტიანული პიროვნებით შეცვალა. ახლა ის აღარ ემონება დამღუპველ აზროვნებასა და ბიწიერებას. ერთ-ერთი მისი საყვარელი ბიბლიური მუხლია 2 კორინთელების 3:17, სადაც ნათქვამია: „იეჰოვა სულია და სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“. დიახ, პატიმრობის მიუხედავად, ის თავისუფალია; მსგავსი თავისუფლება აქამდე არასოდეს განუცდია.
ღმერთი გულმოწყალეა
ღვთის თვალში არავინაა გამოუსწორებელიd. ღვთის ძემ იესო ქრისტემ თქვა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ლუკა 5:32). ბიბლიური ნორმებით ცხოვრება შეიძლება მართლაც რთული იყოს, მაგრამ წარმატებას ის მიაღწევს, ვინც მომთმენია და ღვთისაგან დახმარებას იღებს, რაშიც სულიერად მოწიფული ქრისტიანების მხარდაჭერაც შედის (ლუკა 11:9—13; გალატელები 5:22, 23). იმისათვის რომ ადამიანებს ბიბლიური ნორმების შესაბამისად ცხოვრების შეცვლაში დაეხმარონ, იეჰოვას მოწმეები რეგულარულად სტუმრობენ ციხეებს და ბიბლიას უფასოდ ასწავლიან გულწრფელ ადამიანებს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ მათ ჩადენილიe. მოწმეები მრავალ საპატიმროში ყოველკვირეულ ქრისტიანულ შეხვედრებსაც ატარებენ (ებრაელები 10:24, 25).
მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა დამნაშავემ შეცვალა თავისი ცხოვრების წესი და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა, ბიბლია დაუფარავად ლაპარაკობს „უკანონობის გამრავლებაზე“ (მათე 24:12). როგორც შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, ეს წინასწარმეტყველება იმ დიდი წინასწარმეტყველების ნაწილია, რომელშიც რამდენიმე სასიხარულო ცნობა შედის.
[სქოლიოები]
a ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის მიზეზი შეიძლება ფსიქიკური ავადმყოფობა იყოს, განსაკუთრებით იქ, სადაც ასეთი ადამიანები ქუჩებში უმეთვალყურეოდ დადიან და იარაღზეც ადვილად მიუწვდებათ ხელი. მაგრამ ამ სტატიაში ამაზე არ მახვილდება ყურადღება.
b ამ საკითხის გარშემო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1998 წლის 22 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „როდის იქნება მსოფლიო დამნაშავეობის გარეშე?“, გვ 3—9 (რუს.); 1985 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“, სტატია „დადგება ოდესმე ისეთი დრო, როდესაც ჩვენს ქუჩებში აღარ იქნება დანაშაული?“, გვ 3—12 (ინგლ.).
c წინამდებარე ჟურნალსა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ხშირად განიხილება მათი ისტორიები, ვისაც ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ უარი ათქმევინა ბოროტმოქმედებაზე. იხილეთ 2006 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 11—13; 2005 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 20, 21 (რუს.); 2000 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4, 5; 1998 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 27—29; 1997 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21—24.
e იხილეთ ჩარჩო „პატიმრები სულიერ დახმარებას იღებენ“, გვერდი 9.
[ჩანართი 5 გვერდზე]
მილიონობით ადამიანი ებრძვის სიღარიბეს, მაგრამ დანაშაულს არ სჩადის
[ჩარჩო⁄სურათი 6, 7 გვერდებზე]
„ორ წელიწადში ისევ ციხეში“
ლონდონის „ტაიმზში“ ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბრიტანეთში სახლის გატეხვისა და ქურდობისთვის დაპატიმრებულთა 70 პროცენტზე მეტი ორ წელიწადში ისევ ციხეში ხვდებოდა. მრავალ დანაშაულს ნარკომანები სჩადიან, რათა იშოვონ ძვირად ღირებული და ზიანის მომტანი ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხა.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
არის ციხეები „ბოროტმოქმედების სკოლები“?
„ციხეები ბოროტმოქმედების სკოლებია“, — წერს ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბრაიტვაიტი (Law Review). თავის წიგნში დოქტორ სტენტონ სამენოუ აღნიშნავს, რომ „ბოროტმოქმედთა უმრავლესობა გამოცდილებას იძენს“, მაგრამ არა საზოგადოებისთვის სასურველს (Inside the Criminal Mind). ის წერს: „ციხეში ადამიანს აქვს ბევრი დრო და კარგი შესაძლებლობა, გახდეს უკეთესი ბოროტმოქმედი . . . ზოგი ბოროტმოქმედებაში ოსტატდება და ისე სჩადის მძიმე დანაშაულს, რომ დანაშაულის კვალს არ ტოვებს“.
თავისი წიგნის ბოლო თავებში სამენოუ წერს: „პატიმრობა არ ცვლის დამნაშავის ძირითად პიროვნულ თვისებებს. ციხეშია თუ გარეთ, ის ეძებს ახალ კავშირებს, იხვეწება ბოროტმოქმედებაში და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს“. ერთმა ახალგაზრდა ბოროტმოქმედმა თქვა: „პატიმრობამ ბოროტმოქმედების მასწავლებლის კვალიფიკაცია მომანიჭა“.