ბიბლიის თვალსაზრისი
გაუმართლებელია რელიგიის შეცვლა?
როცა ავთარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც სიქიზმის მიმდევრები იყვნენ, ძალზე აღშფოთდნენ. „ჩემს ქვეყანაში, თუ რელიგიას შეიცვლი, თემიდან მოგკვეთენ. ჩვენს სახელებსაც კი რელიგიური მნიშვნელობა აქვს. რელიგიის შეცვლა წარმომავლობის უარყოფად და ოჯახის უპატივცემულობად ითვლება“, — ამბობს ავთარი.
ავთარი ყველაფრის მიუხედავად იეჰოვას მოწმე გახდა. გაუმართლებელი იყო მისი მოქმედება? შეიძლება თქვენც მისი ოჯახის მსგავსად ფიქრობთ, რომ ვინაიდან რელიგია წინაპრებისგან გადმოგეცათ და ის თქვენი კულტურის ნაწილია, მისი შეცვლა ყოვლად დაუშვებელია.
ცხადია, ოჯახის ღირსების დაცვა მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უსმინე შენს მშობელ მამას“ (იგავები 23:22). მაგრამ შემოქმედისა და მისი განზრახვების შესახებ ცოდნის ძიება გაცილებით მნიშვნელოვანია (ესაია 55:6). რეალურია ასეთი ცოდნის შეძენა? თუ დიახ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი მოპოვება?
ჭეშმარიტების ძიება
მსოფლიო რელიგიების სწავლებები ურთიერთგამომრიცხავია. ბუნებრივია, ყველა სწავლება ვერ იქნება ჭეშმარიტი. არიან ადამიანები რომლებსაც, როგორც ბიბლია ამბობს, „ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). მაგრამ 1 ტიმოთეს 2:4-ში მოციქული პავლე ამბობს, რომ ღვთის ნებაა, „ყველანაირმა ადამიანმა . . . საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“. როგორ შეიძლება საფუძვლიანი ცოდნის მიღება?
ახლა განვიხილოთ, რატომ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია. პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16). გამოიკვლიეთ ის მტკიცებები, რაც ბიბლიის უტყუარობაში დაგარწმუნებთ. ჩასწვდით ბიბლიის უსაზღვრო სიბრძნეს, დარწმუნდით, რომ იგი შეიცავს ზუსტ ისტორიულ ცნობებს და შესრულებულ წინასწარმეტყველებებს.
ნუ იფიქრებთ, რომ ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ დავიჯეროთ ყველა სიტყვა, რასაც მოვისმენთ, არამედ შევამოწმოთ „შთაგონებული სიტყვები, რათა დავინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). მაგალითად, ყველა სწავლებაში, რომელიც ნამდვილად ღვთისგან მომდინარეობს, უნდა აისახებოდეს ღვთის ბუნება, მათ შორის მისი აღმატებული თვისება — სიყვარული (1 იოანე 4:8).
ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთს სურს, ვეძებოთ იგი (საქმეები 17:26, 27). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს შემოქმედს სურს, ვეძებოთ ჭეშმარიტება, განა დანაშაული იქნება თუ ნაპოვნი ჭეშმარიტების თანახმად მოვიქცევით, თუნდაც ამისთვის რელიგიის შეცვლა გახდეს საჭირო? მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
ოჯახი და რელიგია
როდესაც ადამიანი რელიგიას იცვლის, აღარ მონაწილეობს ამ რელიგიის რიტუალებსა და დღესასწაულებში, ეს კი ხშირად ოჯახის წევრებს შორის მწვავე დაპირისპირებას იწვევს. იესომ იცოდა ეს და ამიტომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის“ (მათე 10:35). უნდოდა იესოს იმის თქმა, რომ ბიბლიის სწავლებები აუცილებლად გახდებოდა ოჯახში კონფლიქტის მიზეზი? არა. მან, უბრალოდ, წინასწარ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ ოჯახის წევრებს, თუ რომელიმე მათგანი განსხვავებულ რწმენას მიიღებდა.
ღირს ნებისმიერ დათმობაზე წასვლა ოჯახში კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად? ბიბლიაში წერია, რომ ბავშვები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს, ცოლები კი — ქმრებს (ეფესოელები 5:22; 6:1). მაგრამ ბიბლიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ ღვთისმოყვარულები ‘ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დაემორჩილონ’ (საქმეები 5:29). ამიტომ, ღმერთს რომ უერთგულოთ, ზოგჯერ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრები არ მოიწონებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში აშკარად არის დანახვებული განსხვავება ჭეშმარიტსა და ცრუ სწავლებებს შორის, ღმერთი თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი (კანონი 30:19, 20). არავის აქვს უფლება, აიძულოს ვინმე, ღმერთს თაყვანი სცეს ისე, როგორც თვითონ თვლის სწორად ან არჩევანი გააკეთოს რწმენასა და ოჯახს შორის. ასწავლის ბიბლია ისეთ რამეს, რაც ოჯახების ნგრევას გამოიწვევდა? რასაკვირველია, არა. პირიქით, ბიბლია მოუწოდებს ქმარსა და ცოლს, რომ განსხვავებული რელიგიის მიუხედავად, ერთად დარჩნენ (1 კორინთელები 7:12, 13).
შიშის დაძლევა
შეიძლება გაშინებთ საზოგადოების რეაქცია, თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყება გსურთ. მარიამა ამბობს: „ჩემი ოჯახის წევრები შიშობდნენ, რომ ვერასდროს გავთხოვდებოდი, ამიტომ წინააღმდეგი იყვნენ, რომ ბიბლია შემესწავლა“. მარიამა იეჰოვა ღმერთს მიენდო და სწავლა განაგრძო (ფსალმუნი 37:3, 4). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ. ნუ შეგეშინდებათ შედეგების, პირიქით, იფიქრეთ დადებით მხარეებზე. ბიბლიური ცნობა რადიკალურად ცვლის ადამიანის პიროვნებასა და მის ცხოვრებას. ადამიანები სწავლობენ, რომ ოჯახის წევრების მიმართ უანგარო სიყვარული გამოავლინონ. ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, წარსულის საქმედ რჩება (2 კორინთელები 7:1). ბიბლია ეხმარება ადამიანებს, განივითარონ ერთგულება, პატიოსნება და შრომისმოყვარეობა (იგავები 31:10—31; ეფესოელები 4:24, 28). კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, როგორ გაალამაზებს თქვენს ცხოვრებას ბიბლიური პრინციპების დაცვა.
გიფიქრიათ?
◼ რატომ უნდა გამოიკვლიოთ თქვენი მრწამსი? (იგავები 23:23; 1 ტიმოთე 2:3, 4)
◼ როგორ უნდა ამოიცნოთ ჭეშმარიტება? (2 ტიმოთე 3:16; 1 იოანე 4:1)
◼ უნდა მიატოვოთ ბიბლიის შესწავლა ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობის გამო? (საქმეები 5:29)
[ჩანართი 29 გვერდზე]
ბიბლიური ცნობა რადიკალურად ცვლის ადამიანის პიროვნებას და მის ცხოვრებას
[სურათი 29 გვერდზე]
მარიამა და მისი ქმარი