რას ვსწავლობთ ბუნებისგან?
„რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“ (ფსალმუნი 104:24).
ბევრი ფიქრობს, რომ ცოცხალი ქმნილებები ბუნებამ შექმნა. მაგალითად, ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ 2003 წლის მარტის გამოცემაში აღნიშნული იყო: „ბუნებამ სხეულის მრავალგვარი საფარველი შექმნა, მაგრამ ბუმბული ყველაზე ნაირგვაროვანი და ბოლომდე შეუსწავლელია“. ამ სიტყვების ავტორი ბუნებაში, ალბათ, უპიროვნო ძალას გულისხმობს. მაგრამ შეუძლია ძალას რაიმეს შექმნა?
ერთი ლექსიკონის თანახმად „შექმნა“ გულისხმობს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით კონკრეტული ჩანაფიქრის განხორციელებას (The New Oxford Dictionary of English). შექმნა და გამოგონება მხოლოდ პიროვნებას შეუძლია. როგორც ყველა გამომგონებელს, შემოქმედსაც აქვს სახელი. ბუნების შემოქმედს იეჰოვა ჰქვია. მხოლოდ ის არის „უზენაესი მთელ დედამიწაზე“, რომელმაც ყველაფერი შექმნა (ფსალმუნი 83:18; გამოცხადება 4:11).
რას გვასწავლის შემოქმედება? ის გვაცნობს იეჰოვას და მის შესანიშნავ თვისებებს, მათ შორის სიბრძნეს. „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). ბუნებაზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ ღმერთი ჩვენზე გაცილებით ბრძენია. თუ ღმერთი მეცნიერებზე უკეთ ქმნის, განა მოგვცემს ვინმე მასზე უკეთეს რჩევებს?!
მაგრამ რჩევებს ბუნებაზე დაკვირვებით ვერ მივიღებთ. ღმერთმა ისინი თავის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერა. თქვენი აზრით, შემოქმედს, რომელმაც სმენისა და მეტყველების ორგანოები შექმნა, არ ენდომება ჩვენთან ურთიერთობა? ლოგიკურია, რომ ენდომება. ბიბლია ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).
თუ თქვენთვის საინტერესოა გამომგონებლების შესახებ ინფორმაციის მიღება, სამყაროს შემოქმედის შესახებ მეტის გაგება ბევრად უფრო საინტერესო არ იქნება?! ალბათ, დაგაინტერესებთ ისეთ კითხვებზე პასუხები, როგორიცაა: რატომ ვიტანჯებით და ვკვდებით? ნუთუ ეს სურდა ღმერთს? და თუ არ სურდა, რატომღა უშვებს ამდენ უბედურებას?
მეცნიერებმა ბევრი რამ ისწავლეს იეჰოვასგან იმისდა მიუხედავად, აღიარებენ თუ არა ისინი ამას. შემოქმედისგან თქვენც ბევრს გაიგებთ. მაგალითად, რა უნდა გააკეთოთ ოჯახის ბედნიერებისთვის, როგორ აღზარდოთ შვილები სწორად, რა აქვს ღმერთს ჩაფიქრებული ადამიანებისთვის და ბევრ სხვა რამეს, რაც თქვენს ცხოვრებას აზრიანს გახდის. ღვთის სიტყვის კარგად გაგებაში დაგეხმარებათ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.