ბიბლიის თვალსაზრისი
ზეცა
ზეცასთან დაკავშირებული საკითხი ხშირად ხდება ფართო მსჯელობისა თუ ცხარე დისკუსიის საგანი. თუმცა ის, რასაც ბიბლიიდან ვიგებთ ზეცის შესახებ, სრულიად განხსვავდება მრავალი ადამიანის წარმოდგენისგან.
რა არის ზეცა?
რას ამბობს ხალხი:
ზეცაზე და მისი არსებობის მიზანზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მაგალითად:
ბევრი, ვინც ქრისტიანულ სამყაროს მიეკუთვნება, დაეთანხმებოდა „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ განმარტებას, რომელიც ზეცას აღწერს, „იმ კურთხეულთა საბოლოო სამკვიდროდ, რომელნიც უფალში დაიხოცნენ“.
იუდაიზმი უფრო მეტ მნიშვნელობას ახლანდელ ცხოვრებას ანიჭებს, ვიდრე სიკვდილის შემდგომს, — აღნიშნავს რაბინი ბენტზონ კრავიტზი. მაგრამ ის იმასაც ამბობს, რომ „სული ზეცაში უდიდეს ნეტარებას ეზიარება — უფრო მეტ სიახლოვეს განიცდის ღმერთთან, ვიდრე ხორცში ყოფნისას“. თუმცა კრავიტზი აღიარებს: „მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზმი სულის უკვდავებას ასწავლის, თორა თითქმის არაფერს ამბობს ამის შესახებ“.
ინდუსებს და ბუდისტებს სწამთ, რომ ზეცაში ბევრი სულიერი საფეხური არსებობს. ის დროებითი სამყოფელია, რის მერეც ადამიანი ან ხელახლა იბადება დედამიწაზე, ან ნირვანას აღწევს, ან კიდევ ბუდას — სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს.
ზოგი ზეცასთან დაკავშირებით არანაირ რელიგიურ შეხედულებას არ იზიარებს და ყველაფერს ზღაპრად მიიჩნევს.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლიაში სიტყვა „ზეცა“ ერთზე მეტი მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად:
დაბადების 1:20-ში საუბარია ფრინველებზე, რომლებიც დაფრინავენ „ცის სივრცეში“. ამ შემთხვევაში ცაში იგულისხმება ატმოსფერული სივრცე, ხილული ცა.
ესაიას 13:10-ში მოხსენიებულია „ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები“ — ის, რასაც ჩვენ კოსმოსს ვუწოდებთ.
ბიბლია მოიხსენიებს აგრეთვე ღვთის „ზეციურ სამყოფელს“ და „ანგელოზებს ზეცაში“ (1 მეფეები 8:30; მათე 18:10). ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ მუხლებში გამოყენებული სიტყვები „ზეციური“ და „ზეცაში“ მეტაფორა კი არ არის, არამედ მიუთითებს კონკრეტულ ადგილზე, სადაც სულიერი ქმნილებები მკვიდრობენ.a
„გადმოიხედე ციდან და იხილე შენი სიწმინდისა და სილამაზის ამაღლებული სამყოფლიდან!“ (ესაია 63:15).
ყველა კარგი ადამიანი მიდის სიკვდილის შემდეგ ზეცაში?
ბიბლია არ ასწავლის, რომ დედამიწა დროებითი საცხოვრებელი ადგილია, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ვტოვებთ და ზეცაში მივდივართ. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ადამიანის სიკვდილი არ იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი. დაფიქრდით:
ღმერთმა პირველ წყვილს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). დედამიწა ადამიანის მუდმივი სახლი უნდა ყოფილიყო, სადაც მარადიულად იცხოვრებდა. პირველი ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდებოდნენ, თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ, მათ დაუმორჩილებლობა არჩიეს (დაბადება 2:17; 3:6).
პირველი მამაკაცის დაუმორჩილებლობამ არა მარტო მას და მის ცოლს მოუტანა სიკვდილი, არამედ მთელ მათ შთამომავლობას (რომაელები 5:12). ნუთუ სამუდამოდ იყო განწირული კაცობრიობა?
ბიბლიაში წერია: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას“ b (2 პეტრე 3:13). სამეფოს მეშვეობით ღმერთი კვლავ აღადგენს დედამიწაზე იმ პირობებს, რაც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული და „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4). ეს სიტყვები ზეცას ეხება თუ დედამიწას? როცა რაღაცაზე ვამბობთ „აღარ იქნება“, ეს ნიშნავს, რომ ის ოდესღაც იყო. სიკვდილი ზეცაში არასოდეს ყოფილა, ამიტომ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ეს მუხლი მიანიშნებს იმაზე, რაც მოხდება დედამიწაზე, ანუ იქ, სადაც ღვთის განზრახვისამებრ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მარადიულად უნდა გვეცხოვრა. ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ გარდაცვლილები მკვდრეთით აღდგებიან და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან (იოანე 5:28, 29).
ბევრმა გაიხარა, როცა გაიგო ის, რასაც ბიბლია ზეცასთან დაკავშირებით ასწავლის. მაგალითად, ყოფილი კათოლიკე, სახელად ჯორჯი, ამბობს: „ჩემთვის მანუგეშებელი აღმოჩნდა ბიბლიური სწავლება დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ. ეს უფრო ლოგიკურად ჟღერს, ვიდრე ზეცაში ცხოვრება“.c
„იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).
a ცხადია, ღმერთი სულიერი პიროვნებაა და მას არ გააჩნია ფიზიკური სხეული (იოანე 4:24). აქედან გამომდინარე, მისი ზეციური სამყოფელი უნდა იყოს სულიერი სამყარო, რომელიც გამიჯნულია იმ ფიზიკური სამყაროსგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
b ფრაზაში „ახალი დედამიწა“ პირდაპირი გაგებით დედამიწა არ იგულისხმება. სიმბოლურად ის მიანიშნებს ღვთისმოსაწონ ადამიანებზე, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ (ფსალმუნი 66:4).
c ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის პერიოდში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, კერძოდ 144 000, ზეცაში წავა, რომ იესოსთან ერთად იმმართველონ (1 პეტრე 1:3, 4; გამოცხადება 14:1).