როგორია ზეციერი ცხოვრება?
ზოგის აზრით, შეუძლებელია ზეციერი ცხოვრების შესახებ რამის გაგება, რადგან არავის უნახავს ვინმე იქიდან ჩამოსული. ასეთ ადამიანებს შესაძლოა ავიწყდებათ იესოს სიტყვები: ‘ზეციდან ჩამოვედი’ (იოანე 6:38). მან ზოგ რელიგიურ წინამძღოლს უთხრა: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან“ (იოანე 8:23). რა თქვა იესომ ზეცის შესახებ?
იესომ დაადასტურა, რომ ზეცა არის ადგილი, სადაც იეჰოვა მკვიდრობს. მან ღმერთს „ზეციერი მამა“ უწოდა (მათე 12:50). იესოს სიტყვა „ზეცა“ მხოლოდ ერთი მნიშვნელობით არ გა მოუყენებია. მაგალითად, როცა მან მოწაფეებს უთხრა, დაკვირვებოდნენ ცის ფრინველებს, „ცაში“ ატმოსფერო იგულისხმა (მათე 6:26). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ატმოსფეროში მკვიდრობს. ბიბლიაში ნათქვამია: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე“ (ესაია 40:22).
„ზეციერი მამა“ არც ვარსკვლავებს შორის მკვიდრობს. წმინდა წერილებში ფიზიკური სამყაროც „ცად“ არის მოხსენიებული. ერთმა ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს?“ (ფსალმუნი 8:3, 4).
მართალია, ფიზიკური სამყარო იეჰოვამ შექმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მასში უნდა მკვიდრობდეს, ისევე როგორც აუცილებელი არაა დურგალი ცხოვრობდეს კარადაში მხოლოდ იმიტომ, რომ მან გააკეთა. მეფე სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მიძღვნისას შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?!“ (1 მეფეები 8:27). მაშ, სად მკვიდრობს იეჰოვა?
ადამიანები ფიზიკურ ცას მძლავრი ტელესკოპებით აკვირდებიან და ზოგი კოსმოსშიც მოგზაურობს, მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება უცვლელია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). იესო გვიხსნის ამის მიზეზს: „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24).
სულიერი სხეული აღემატება ფიზიკურს. ფიზიკური სხეულისგან განსხვავებით, სულიერი სხეული არ შედგება ხორცისა და სისხლისგან; მისი დანახვა და შეხება შეუძლებელია. როცა იესომ მამასთან ერთად „ზეცაში“ ცხოვრება მოიხსენია, ის გულისხმობდა, რომ ზეცაში ნებისმიერ ფიზიკურ ქმნილებასთან შედარებით აღმატებული მდგომარეობა ეკავა (იოანე 17:5; ფილიპელები 3:20, 21). ბიბლია იმ ადგილს, სადაც იესო მამასთან ერთად სულიერი სხეულით ცხოვრობდა, „ზეცას“ უწოდებს. რა არის ზეცა? რა ხდება იქ?
სულიერი ქმნილებების მსახურება ზეცაში
ბიბლია ზეცას აღგვიწერს ისეთ ადგილად, სადაც უამრავი საქმე სრულდება. ღვთის სიტყვაში მოხსენიებულია ასობით მილიონი ერთგული სულიერი ქმნილება, რომლებიც ზეცაში მსახურობენ (დანიელი 7:9, 10). თითოეული სულიერი ქმნილება ცალკეული პიროვნებაა. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? რამდენადაც დედამიწაზე არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ფიზიკური ქმნილება, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზეცაშიც მსგავსი მრავალფეროვნებაა. აღსანიშნავია, რომ ეს ზეციერი ქმნილებები ურთიერთშეთანხმებულად მსახურობენ, რითაც განსხვავდებიან ადამიანებისგან, რომლებსაც უჭირთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.
ბიბლია აღგვიწერს, თუ რით არიან დაკავებული ზეციერი ქმნილებები: „აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო, მისი სიტყვის მოსმენით! აკურთხეთ იეჰოვა, მისნო ლაშქარნო, მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!“ (ფსალმუნი 103:20, 21). ამგვარად, ზეცაში არაერთი საქმე სრულდება. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი სასიამოვნო საქმეს ასრულებენ.
ანგელოზები დედამიწის შექმნამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ხარობდნენ თავიანთი მსახურებით ზეცაში. ღვთის სიტყვის თანახმად, როდესაც ღმერთი დედამიწას ქმნიდა, ღვთის ძეები „ჟრიამულობდნენ“ და „ყიჟინებდნენ“ (იობი 38:4, 7). ღვთის ერთ-ერთ ძეს წილად ხვდა პატივი, რომ ღმერთთან ერთად ყველაფრის შექმნაში მიეღო მონაწილეობა (კოლოსელები 1:15—17). ბიბლიაში ასე შთამბეჭდავად არის აღწერილი სულიერი ქმნილებების მსახურება, ამიტომ შესაძლოა ადამიანებისა და ზეცის შესახებ არაერთი კითხვა გაგიჩნდეთ.
ზეცაში საცხოვრებლად შეიქმნა ადამიანი?
ანგელოზები დედამიწის შექმნამდე ემსახურებოდნენ ღმერთს ზეცაში, ამიტომ, როგორც ჩანს, ღმერთს პირველი კაცი და ქალი ზეცაში საცხოვრებლად არ შეუქმნია. მან პირველ წყვილს შემდეგი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28; საქმეები 17:26). ადამი დედამიწაზე პირველი ქმნილება იყო, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, გაეცნო ღმერთი და ერთგულად ემსახურა მისთვის. ადამისგან წარმოიშობოდა ადამიანთა მოდგმა, რომლებსაც დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ. „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).
ბუნებრივია, არავის სურს სიკვდილი, რადგან ადამიანები იმისთვის არ შექმნილან, რომ მომკვდარიყვნენ. ღმერთმა ადამი დაუმორჩილებლობის გამო დასაჯა სიკვდილით. ადამი რომ დამორჩილებოდა ღმერთს, ის არასდროს მოკვდებოდა (დაბადება 2:17; რომაელები 5:12).
აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ღმერთს არაფერი უთქვამს ადამისთვის ზეცაში წასვლის შესახებ. დედამიწა იმ მიზნით არ შექმნილა, რომ ადამიანები გამოცდილიყვნენ, დაიმსახურებდნენ თუ არა ზეცაში ცხოვრებას. ღმერთმა ისინი დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებისთვის შექმნა და მისი განზრახვა არ შეცვლილა. ბიბლია გვპირდება, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). აშკარაა, ღმერთის თავდაპირველი განზრახვა არ ყოფილა, რომ ადამიანებს ზეცაში ეცხოვრათ. მაშ, რატომ დაჰპირდა იესო თავის მოციქულებს ზეცაში ცხოვრებას? ხომ არ გულისხმობდა ის, რომ ყველა კარგი ადამიანი მოხვდებოდა ზეცაში?