ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲥᲐᲝᲡᲨᲘᲐ
1 | იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:
სტიქიურმა უბედურებებმა თუ სხვა პრობლემებმა შეიძლება მრავალმხრივ შეუქმნას საფრთხე თქვენს ჯანმრთელობას.
პრობლემები სტრესს იწვევს; ხანგრძლივი სტრესი კი, შეიძლება არაერთი დაავადების მიზეზი გახდეს.
მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა დიდი დარტყმა მიაყენოს ჯანდაცვის სისტემას და მედიკამენტებისა თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი გამოიწვიოს.
სტიქია, პანდემია თუ სხვა პრობლემები პირდაპირ აისახება ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ მათ ხშირად ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ.
რა უნდა იცოდეთ:
რაიმე დაავადებისა თუ სტრესის გამო შეიძლება საღად აზროვნება გაგიჭირდეთ და იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ აღარ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ამან შესაძლოა თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.
თუ ჯანმრთელობის პრობლემას უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს და თქვენს სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე.
კარგი ჯანმრთელობა დაგეხმარებათ, სტრესული სიტუაციების დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შეგიძლიათ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე.
რა უნდა გააკეთოთ:
გონიერი ადამიანი წინასწარ ფიქრობს პოტენციურ საფრთხეებზე და პრევენციულ ზომებს იღებს. ეს პრინციპი ჯანმრთელობაზეც ვრცელდება. ჰიგიენური ნორმების დაცვა დაგეხმარებათ, შეამციროთ დაინფიცირების რისკები ან თავიდან აირიდოთ დაავადების გამწვავება. სჯობს, ვიფრთხილოთ, რომ არ შეგვექმნას ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე მათ მოგვარებაზე ვიზრუნოთ.
„ვცდილობთ, დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სახლშიც სისუფთავე შევინარჩუნოთ. ამიტომ ნაკლებ ფულს ვხარჯავთ ექიმებთან ვიზიტში და მედიკამენტებში“ (ანდრეასი).a
a ამ ჟურნალში ზოგი სახელი შეცვლილია.