აღსარება (აღიარება)
განმარტება: ვინმეს წინაშე ან საჯაროდ 1) საკუთარი მრწამსის ან 2) ცოდვების გაცხადება ან აღიარება.
აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი აღსარების წეს-ჩვეულებებს, მათ შორის საიდუმლო აღსარებას (ინდივიდუალური აღსარება სასულიერო პირის წინაშე)?
სასულიერო პირისადმი მიმართვის წესი.
კათოლიკური ტრადიციით, სასულიერო პირს ასე მიმართავენ: „შემინდე, მამაო, რადგან შევცოდე. ჩემი ბოლო აღსარებიდან . . . [დროის მონაკვეთი] გავიდა“ („U.S. Catholic“, ოქტომბერი, 1982, გვ. 6).
მათ. 23:1, 9: „[იესომ თქვა:] არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“.
ცოდვები, რომელთა მიტევებაც შეიძლება.
„ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ცოდვის მიტევება, რაოდენ სერიოზულიც არ უნდა იყოს ის“ („The Catholic Encyclopedia“, რ. ბროდერიკი, ნეშვილი, ტენესი, 1976 , გვ. 554). ამ აზრს იზიარებს მართლმადიდებელი ეკლესიაც: „არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა . . . როგორ შეიძლება სულიწმიდის მადლით მიეტეოთ ცოდვა, როდესაც ამ მადლზე მკრეხელობას ანთხევენ?! მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ამ ცოდვაში ჩავარდნილებსაც მიეტევებათ, თუ მას გულწრფელად შეინანებენ და აღიარებენ“ („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006, გვ. 258, 259).
ებრ. 10:26: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“.
მარ. 3:29: „ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“.
როგორ უნდა ხდებოდეს მონანიება?
ზოგ შემთხვევაში სასულიერო პირი მომნანიებელს უდგენს ეპიტიმიას, მორალურ-გამოსასწორებელ სასჯელს. „ეპიტიმიების მაგალითებია: განსაკუთრებით მკაცრი მარხვა, სინანულის ლოცვანი მეტანიების [სინანულის ნიშნად დაჩოქება და შუბლით მიწაზე შეხება] გარკვეულ რაოდენობასთან ერთად და სხვა“ („დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე გამოცემა, თბილისი, 2006, გვ. 260). კათოლიკური ტრადიციით, ხშირად სასულიერო პირი მომნანიებელს ეუბნება, რამდენჯერ უნდა წარმოთქვას „მამაო ჩვენო“ და „ავე, მარია“.
მათ. 6:7: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“.
მათ. 6:9—12, სსგ: „ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა . . . მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“ (ბიბლიაში არსად არ არის მითითებული, რომ, მაგალითად, მარიამს უნდა მივმართოთ ან მისი მეშვეობით უნდა ვილოცოთ. იხილეთ ფილიპელების 4:6; აგრეთვე გვერდი 214, „მარიამი“).
რომ. 12:9: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“.
განა არ მისცა იესომ თავის მოციქულებს ცოდვების მიტევების უფლებამოსილება?
იოან. 20:21—23, სსგ: „როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე წარგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება მათ; და ვისაც დაუტოვებთ, დარჩება მათ“.
როგორ ესმოდათ ეს სიტყვები მოციქულებს? ბიბლიაში ერთი შემთხვევაც კი არ არის აღწერილი, როცა მოციქულებმა ვინმესგან საიდუმლო აღსარება მოისმინეს და შემდეგ ცოდვებისგან განწმენდილად გამოაცხადეს. ბიბლიაში ნათქვამია, თუ რა მოითხოვება ღვთისგან ცოდვების მისატევებლად. წმინდა სულის ხელმძღვანელობით მოციქულებს შეეძლოთ გაერჩიათ, აკმაყოფილებდა თუ არა ადამიანი ასეთ მოთხოვნებს, და ამის საფუძველზე ეთქვათ, მიუტევა თუ არა ღმერთმა მას ცოდვები. მაგალითად, იხილეთ საქმეების 5:1—11, აგრეთვე 1 კორინთელების 5:1—5 და 2 კორინთელების 2:6—8.
იხილეთ აგრეთვე „მოციქულთა მემკვიდრეები“.
მეცნიერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ საიდუმლო აღსარების წარმოშობის შესახებ.
„საიდუმლო აღსარების ტრადიცია მეოთხე საუკუნიდან დამკვიდრდა“ („The Catholic Encyclopedia“, რ. ბროდერიკი, გვ. 58).
„ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი . . . საიდუმლო აღსარების დასაბამს უკავშირებს ირლანდიის, უელსისა და ბრიტანეთის ეკლესიებს, სადაც სხვადასხვა საიდუმლოს, მათ შორის სინანულის საიდუმლოს, ასრულებდნენ აბატები (მონასტრის წინამძღვრები) და ბერები. მონასტრებში დამკვიდრებული აღსარებისა და სახალხოდ თუ ინდივიდუალურად ეპიტიმიის [მორალურ-გამოსასწორებელი სასჯელის] დადების ჩვეულება იქცა ნიმუშად, რომლის საფუძველზეც, როგორც ჩანს, საერო პირთათვისაც შემოიღეს მრავალჯერადი აღსარება და მრწამსის სახალხოდ აღიარების ჩვეულება . . . მხოლოდ მე-11 საუკუნიდან დაიწყეს აღსარების დროს ფარული ცოდვების შენდობა ეპიტიმიის შესრულებამდე“ („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XI, გვ. 75).
ისტორიკოსი ა. სეისი აღნიშნავს: „სარიტუალო ტექსტებიდან ჩანს, რომ როგორც საიდუმლო, ისე სახალხო აღსარება ბაბილონში იყო გავრცელებული. საიდუმლო აღსარებას, როგორც ჩანს, უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს და უფრო ხშირად მიმართავდნენ“ („The Religions of Ancient Egypt and Babylonia“, ედინბურგი, 1902, გვ. 497).
რა შეხედულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს აღსარებაზე?
საკუთარი რწმენის სახალხოდ აღიარება.
რომ. 10:9, 10: «თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად».
მათ. 10:32, 33: „ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან [იესო ქრისტესთან], მეც ვაღიარებ ზეციერი მამის წინაშე, რომ ერთობაში ვარ მასთან. ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“.
როცა ადამიანი სცოდავს ღვთის წინაშე.
მათ. 6:6—12: «როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას . . . „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი . . . გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“».
ფსალმ. 32:5: «ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ [ღვთის] წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს, ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“. შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული».
1 იოან. 2:1: „თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“.
როცა ადამიანი სცოდავს სხვის წინააღმდეგ ან მას ექცევიან უსამართლოდ.
მათ. 5:23, 24: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“.
მათ. 18:15: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში, როცა მარტონი იქნებით“.
ლუკ. 17:3: „თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე“.
ეფეს. 4:32: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“.
როცა ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის და სულიერ დახმარებას საჭიროებს.
იაკ. 5:14—16: „ავად არის რომელიმე თქვენგანი [სულიერი გაგებით]? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება [ღვთისგან]. ამიტომ გულახდილად აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ“.
იგავ. 28:13: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“.
რისი გაკეთებაა საჭირო, თუ შემცოდველს არ სურს დახმარების მიღება?
გალ. 6:1: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით, რათა თავადაც არ ცდუნდეთ“.
1 ტიმ. 5:20: „ისინი კი, ვინც ცოდვას სჩადიან, ყველას წინაშე [ანუ მათ წინაშე, ვინც იცოდა ცოდვის შესახებ] შეაგონე, რათა დანარჩენებსაც ჰქონდეთ შიში“.
1 კორ. 5:11—13: «აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ . . . „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“».