ბიბლიის წიგნი 9 — 1 სამუელი
დამწერი: სამუელი, გადი, ნათანი
დაწერის ადგილი: ისრაელი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 1078
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 1180—1078
1. რა ძირეული ცვლილება მოხდა ძვ. წ. 1117 წელს ისრაელში და რა მოჰყვა ამას შედეგად?
ისრაელი ერის ისტორიაში ძვ. წ. 1117 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა — მათ ქვეყანას სათავეში მეფე ჩაუდგა. ეს მაშინ მოხდა, როცა სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად მსახურობდა ისრაელში. თუმცა იეჰოვამ მანამდე იცოდა და იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ ეს მოხდებოდა, სამუელისთვის დიდი დარტყმა იყო ხალხის მოთხოვნით მონარქიულ მმართველობაზე გადასვლა. სამუელი ბავშვობიდან ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას და აფასებდა მის მმართველობას. მას არ გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რა საშიშროების წინაშე იდგნენ მისი თანამემამულეები, რომლებიც ღვთის წმინდა ერს წარმოადგენდნენ. მან მხოლოდ იეჰოვას მითითების შემდეგ შეასრულა ხალხის მოთხოვნა. „სამუელი ხალხს მეფის უფლებამოსილებაზე ელაპარაკა, წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო“ (1 სამ. 10:25). ასე დასრულდა მსაჯულების ეპოქა და დაიწყო მეფეების მმართველობის ხანა, როცა ისრაელის დიდებამ ზენიტს მიაღწია. ბოლოს მეფეების მმართველობის ხანა სამარცხვინოდ დასრულდა და ერმა იეჰოვას წყალობა დაკარგა.
2. ვინ დაწერეს „პირველი სამუელი“ და რატომ იყვნენ ისინი შესაფერისნი ამ საქმისთვის?
2 ვინ შეძლებდა ღვთის შთაგონებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერას? ლოგიკურია, რომ წიგნის დასაწერად ღმერთმა ერთგული სამუელი აირჩია. მისი სახელი სიტყვასიტყვით „ღვთის სახელს“ ნიშნავს. იმ დროს ის იეჰოვას სახელის მართლაც გამორჩეული დამცველი იყო. როგორც ჩანს, სამუელმა წიგნის პირველი 24 თავი დაწერა. მისი სიკვდილის შემდეგ წიგნის წერა გადმა და ნათანმა დაასრულეს და აღწერეს ბოლო მოვლენები, მათ შორის საულის სიკვდილი. ეს ჩანს 1 მატიანეს 29:29-ში ჩაწერილი სიტყვებიდან: „დავით მეფის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმხილველ სამუელის, წინასწარმეტყველ ნათანისა და წინასწარმხილველ გადის სიტყვებში“. მეფეებისა და მატიანის წიგნებისგან განსხვავებით, სამუელის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული უფრო ადრინდელი წყაროები. აქედან გამომდინარე, წიგნის დამწერები იყვნენ დავითის თანამედროვენი — სამუელი, გადი და ნათანი. სამივენი იეჰოვას ერთგული წინასწარმეტყველები იყვნენ და ილაშქრებდნენ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რომელიც ძალას აცლიდა ხალხს.
3. ა) როგორ გახდა „პირველი სამუელი“ ბიბლიის ცალკეული წიგნი? ბ) როდის დასრულდა მისი წერა და რა პერიოდს მოიცავს ის?
3 თავდაპირველად, სამუელის ორივე წიგნი ერთი გრაგნილი ანუ ერთი ტომი იყო. გრაგნილი ორ წიგნად მას შემდეგ გაიყო, რაც ბერძნული სეპტუაგინტის ეს ნაწილი გამოქვეყნდა. სეპტუაგინტაში „პირველ სამუელს“ ეწოდებოდა „პირველი წიგნი მეფეების შესახებ“. სეპტუაგინტის საფუძველზე წიგნი ლათინურ ვულგატაშიც გაყვეს და პირველ ნაწილს „პირველი მეფეები“ უწოდეს. იმავე პრინციპს ვხვდებით ბიბლიის მრავალ თარგმანში. მასორეტულ ტექსტში 1 სამუელის 28:24-თან გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ეს მუხლი სამუელის წიგნის შუაშია, რაც ადასტურებს, რომ პირველი და მეორე სამუელის წიგნები თავდაპირველად ერთი წიგნი იყო. სავარაუდოდ, წიგნის წერა ძვ. წ. 1078 წელს დასრულდა. აქედან გამომდინარე, „პირველი სამუელი“ მოიცავს ას წელზე ცოტა მეტს, დაახლოებით ძვ. წ. 1180—1078 წლამდე პერიოდს.
4. რა ამტკიცებს „პირველი სამუელის“ უტყუარობას?
4 ამ წიგნის უტყუარობაზე ბევრი რამე მეტყველებს. გეოგრაფიული ადგილები შეესაბამება წიგნში მოცემულ აღწერილობას. საინტერესოა, რომ ფილისტიმელებთან მიქმაშში ბრძოლის დროს იონათანის მიერ წარმატებით გამოყენებული საბრძოლო ტაქტიკა პირველი მსოფლიო ომის დროს გაიმეორა ბრიტანეთის ჯარის ოფიცერმა. გადმოცემის თანახმად, მან დაამარცხა თურქები, რადგან იხელმძღვანელა იმ ადგილების აღწერილობით, რომელიც ღვთის შთაგონებით სამუელმა ჩაწერა (14:4—14)a.
5. როგორ დაამტკიცეს ბიბლიის დამწერებმა „პირველი სამუელის“ უტყუარობა?
5 არსებობს უფრო საფუძვლიანი მტკიცებები, რომ ეს წიგნი სარწმუნო და ღვთივშთაგონებულია. წიგნიდან ვიგებთ, რომ ისრაელმა მეფე მოითხოვა, რითაც იეჰოვას წინასწარმეტყველება შესრულდა (კან. 17:14; 1 სამ. 8:5). წლების შემდეგ ამ ფაქტის დასადასტურებლად ოსიამ იეჰოვას სიტყვები მოიყვანა: „რისხვით მოგეცი მეფე და მრისხანებით წაგართმევ მას“ (ოს. 13:11). სამუელი რომ ღვთის შთაგონებით წერდა, პეტრემაც ცხადყო, რადგან ის იმ წინასწარმეტყველთა რიცხვს მიაკუთვნა, რომლებიც ‘ცხადად აუწყებდნენ იესოს დღეების შესახებ’ (საქ. 3:24). ისრაელის ისტორიის მოკლე მიმოხილვისას პავლე 1 სამუელის 13:14-ს ციტირებდა (საქ. 13:20—22). იესომაც დაადასტურა ამ წიგნის უტყუარობა, როცა ფარისევლებს ჰკითხა: „არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მას და მასთან მყოფებს მოშივდათ?“. ამის შემდეგ მოუყვა მათ, როგორ ითხოვა დავითმა წარსადგენი პურები (მათ. 12:1—4; 1 სამ. 21:1—6). ეზრაც სარწმუნოდ მიიჩნევდა ამ წიგნს (1 მატ. 29:29).
6. როგორ ადასტურებს „პირველი სამუელის“ უტყუარობას ბიბლიის სხვა წიგნები?
6 ეს არის პირველწყარო, საიდანაც ვიგებთ დავითის მოღვაწეობის შესახებ. წმინდა წერილებში დავითის მოხსენიების თითოეული შემთხვევა კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ სამუელის წიგნი ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილია. მასში აღწერილი ზოგიერთი მოვლენა მოხსენიებულია დავითის რამდენიმე ფსალმუნის ეპიგრაფში, მაგალითად 59-ე ფსალმუნში (1 სამ. 19:11), 34-ე ფსალმუნში (1 სამ. 21:13, 14) და 142-ე ფსალმუნში (1 სამ. 22:1 ან 1 სამ. 24:1, 3). ამგვარად, „პირველი სამუელის“ უტყუარობას თავად ღვთის სიტყვა ადასტურებს.
შინაარსი
7. ისრაელის რომელი წინამძღოლების ცხოვრებაა აღწერილი წიგნში?
7 წიგნში ნაწილობრივ ან მთლიანად არის აღწერილი ისრაელის ოთხი წინამძღოლის — მღვდელმთავარ ელის, წინასწარმეტყველ სამუელის, ისრაელის პირველი მეფის, საულისა და მის შემდეგ მეფედ ცხებული დავითის ცხოვრება.
8. როგორ გაჩნდა სამუელი და როგორ გახდა ის „იეჰოვას მსახური“?
8 მსაჯული ელი და ნორჩი სამუელი (1:1—4:22). წიგნში თხრობა იწყება ხანას ისტორიით, რომელიც ლევიანი ელკანას საყვარელი ცოლი იყო. რაკი შვილები არ ჰყავდა, ელკანას მეორე ცოლი, ფენინა დასცინოდა მას. ერთხელ, როცა ყოველწლიური ტრადიციისამებრ მთელი ოჯახი ასული იყო შილოში, სადაც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი იდგა, ხანამ მხურვალედ სთხოვა ღმერთს, რომ მისთვის ვაჟი ეჩუქებინა. ქალმა პირობა დადო, რომ მისი ლოცვა თუ შესმენილი იქნებოდა, ბავშვს იეჰოვას მიუძღვნიდა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ხანას ვაჟი, სამუელი შეეძინა. როგორც კი ბავშვი ძუძუს მოსწყვიტა, ის იეჰოვას სახლში მიიყვანა და მღვდელმთავარ ელის ჩააბარა, როგორც ‘იეჰოვასთვის მიბარებული’ (1:28). ამის შემდეგ ხანამ სიმღერით გამოხატა თავისი მადლიერება და სიხარული. ბავშვი „იეჰოვას მსახურად დარჩა მღვდელ ელისთან“ (2:11).
9. როგორ გახდა სამუელი წინასწარმეტყველი?
9 ელის ოჯახში ყველაფერი რიგზე არ იყო. მოხუცებული ელის ვაჟები უვარგისები იყვნენ და „არ ცნობდნენ იეჰოვას“ (2:12). მღვდლობას ისინი თავიანთი სიხარბისა და უზნეო სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ. ელიმ არაფერი იღონა მათ გამოსასწორებლად. ამიტომ იეჰოვამ ელის სახლს უწინასწარმეტყველა: „აღარ იქნება მოხუცებული შენს სახლში“. მისი ორივე ვაჟი ერთ დღეს დაიხოცებოდა (1 სამ. 2:30—34; 1 მეფ. 2:27). ბოლოს იეჰოვამ პატარა სამუელი გაგზავნა ელისთან განაჩენის გასაცხადებლად, რომლის მოსმენაზეც მას ყურები შუილს დაუწყებდა. ასე გახდა სამუელი წინასწარმეტყველი ისრაელში (1 სამ. 3:1, 11).
10. როგორ აღასრულა იეჰოვამ თავისი განაჩენი ელის სახლზე?
10 გავიდა დრო და იეჰოვამ ფილისტიმელების შემოსევის დროს აღასრულა თავისი განაჩენი. ისრაელები ბრძოლას აგებდნენ, ამიტომ მოითხოვეს, რომ შილოდან იქ მიეტანათ შეთანხმების კიდობანი, სადაც მათი ჯარი იყო დაბანაკებული. ფილისტიმელებს მოესმათ ისრაელების ყიჟინა და გაიგეს, რომ კიდობანი ისრაელთა ბანაკში იყო. მათ გამბედაობა მოიკრიბეს, კიდევ ერთხელ შეუტიეს ისრაელის ჯარს და დაამარცხეს ის. ბრძოლაში დაიხოცნენ ელის ვაჟები, შეთანხმების კიდობანი კი ფილისტიმელებმა ჩაიგდეს ხელში. ეს ამბავი რომ გაიგო, ელის გული აუთრთოლდა. კიდობნის ხსენებაზე ელი უკან გადავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა. ის ორმოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული. კიდობნის წაღებით ფილისტიმელებმა ‘ისრაელის დიდება წაიღეს’, რადგან კიდობანი თავის ხალხში იეჰოვას ყოფნაზე მიანიშნებდა (4:22).
11. როგორ დამტკიცდა, რომ კიდობანი თილისმა არ იყო?
11 სამუელი ისრაელის მსაჯული გახდა (5:1—7:17). ფილისტიმელებმა მწარე გამოცდილების ფასად გაიგეს, რომ იეჰოვას კიდობანი თილისმა არ იყო. მათ კიდობანი აშდოდში დაგონის ტაძარში დადგეს. მეორე დღეს მათი ღმერთი კიდობნის წინ პირქვე ეგდო. მომდევნო დღეს დაგონი ისევ პირქვე ეგდო, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ტაძრის ზღურბლთან ეყარა. მას შემდეგ ცრუმორწმუნე ფილისტიმელები ‘დაგონის ზღურბლზე აღარ ადგამდნენ ფეხს’ (5:5). ფილისტიმელებმა კიდობანი სასწრაფოდ წაიღეს ჯერ გათში, შემდეგ კი ეკრონში, მაგრამ სადაც კიდობანი მიიტანეს, ყველგან აურზაური ატყდა, ხალხს ბუასილი შეეყარა და მღრღნელები შეესია. დაღუპულთა მზარდი რაოდენობით შეშფოთებულმა ფილისტიმელთა მთავრებმა კიდობანი ისრაელებს დაუბრუნეს. ის დადეს ახალ ურემზე, რომელშიც ორი მეწველი ძროხა შეაბეს. ბეთ-შემეშში ზოგი ისრაელი დაიღუპა, რადგან კიდობანს უყურებდნენ (1 სამ. 6:19; რიცხ. 4:6, 20). საბოლოოდ, კიდობანი ქალაქ კირიათ-იეარიმში, აბინადაბის სახლში მიიტანეს.
12. რა კურთხევები მოჰყვა სამუელის მიერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაცვას?
12 კიდობანი 20 წელი იდგა აბინადაბის სახლში. უკვე წამოზრდილმა სამუელმა მოუწოდა ისრაელებს, მოეშორებინათ ბაალისა და აშთორეთის კერპები და მთელი გულით ემსახურათ იეჰოვასთვის. ისინი ასეც მოიქცნენ და თაყვანისმცემლობისთვის მიცფაში შეიკრიბნენ. ფილისტიმელთა მთავრებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და თავს დაესხნენ ისრაელს. ისრაელმა სამუელის მეშვეობით მოუხმო იეჰოვას. იეჰოვამ დიდი ხმით დაიგრგვინა და თავზარი დასცა ფილისტიმელებს. მსხვერპლშეწირვამ და ლოცვამ მხნეობა შემატა ისრაელებს და მათ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს მტერზე. იმ დღიდან „ფილისტიმელების წინააღმდეგ იყო მიმართული იეჰოვას ხელი სამუელის სიცოცხლეში“ (7:13). მაგრამ სამუელს არ დაუსვენია. ის ისევ მსაჯულობდა ისრაელში, ყოველ წელს მიდიოდა ბეთელში, გილგალსა და მიცფაში რამადან, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით იყო. მან რამაში სამსხვერპლო აუგო იეჰოვას.
13. როგორ უარყო ისრაელმა იეჰოვას მეფობა და რის შესახებ გააფრთხილა ისინი სამუელმა?
13 ისრაელის პირველი მეფე საული (8:1—12:25). სამუელი ღრმა მოხუცებულობამდე იეჰოვას ემსახურებოდა, მაგრამ მისი ვაჟები მამის გზით არ დადიოდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. მაშინ მივიდნენ სამუელთან ისრაელის უხუცესები და უთხრეს: „დაგვიყენე მეფე, როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“ (8:5). არ მოეწონა სამუელს მათი მოთხოვნა და ლოცვით მიმართა იეჰოვას. იეჰოვამ უპასუხა: „შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ . . . გაუგონე მათ“ (8:7—9). თავდაპირველად, სამუელს უნდა გაეფრთხილებინა ხალხი, რა მოჰყვებოდა მათ მოთხოვნას: მათ ვაჟებს მეფე ჯარში წაიყვანდა, მათ გადასახადებს დააკისრებდა და თავისუფლებას წაართმევდა; ბოლოს ისინი მწარედ ინანებდნენ და იეჰოვას შეღაღადებდნენ. ხალხი ამან ვერ შეაშინა და ისევ მეფეს ითხოვდნენ.
14. როგორ განმტკიცდა საულის მეფობა?
14 საული, კიშის ვაჟი ბენიამინის ტომიდან, ყველაზე ლამაზი და მაღალი კაცი იყო ისრაელში. ის მივიდა სამუელთან, რომელმაც პატივი სცა მას წვეულების დროს, ზეთი დაასხა თავზე და შემდეგ მიცფაში შეკრებილ ისრაელს წარუდგინა. თავიდან საული ბარგის უკან დაიმალა, მაგრამ ბოლოს მაინც წარდგა ხალხის წინაშე როგორც იეჰოვას რჩეული. სამუელმა ისევ შეახსენა ხალხს მეფის უფლებამოსილება და წიგნში ჩაწერა. მაგრამ საულის პოზიცია მხოლოდ მაშინ განმტკიცდა, რაც ამონელებზე გამარჯვების შემდეგ ალყიდან გაათავისუფლა გალაადის იაბეში და ხალხმა ის მეფედ აღიარა გილგალში. სამუელმა კვლავ მოუწოდა ხალხს, ჰქონოდათ იეჰოვას შიში, ემსახურათ მისთვის და დამორჩილებოდნენ. შემდეგ სთხოვა იეჰოვას, ნიშანი მიეცა მათთვის და უჩვეულო დროს, მოსავლის აღებისას მოევლინა ჭექა-ქუხილი და წვიმა. იეჰოვამ ასეთი თავზარდამცემი სახით გამოავლინა თავისი რისხვა, რადგან ხალხმა უარყო მისი მეფობა.
15. რა ცოდვა ჩაიდინა საულმა კადნიერებით?
15 საულის ურჩობა (13:1—15:35). ფილისტიმელების შემოსევისას საულის მამაცმა ვაჟმა იონათანმა გაანადგურა ფილისტიმელთა ბანაკი. ამის საპასუხოდ მტერმა „ზღვის ქვიშასავით ურიცხვი“ ლაშქარი გამოგზავნა, რომელიც მიქმაშში დაბანაკდა. ისრაელთა ბანაკი მღელვარებამ მოიცვა: ‘ნეტავ სამუელი მოსულიყო და იეჰოვას ხელმძღვანელობა დაენახვებინა’. სამუელის ლოდინში საული მოუთმენლობამ შეიპყრო და შესცოდა, რადგან კადნიერად შესწირა დასაწვავი მსხვერპლი. მოულოდნელად სამუელი მივიდა. მან არ მოუსმინა საულის თავის მართლებას და იეჰოვას განაჩენი გამოუცხადა: „ახლა შეირყევა შენი სამეფო. იეჰოვა თვითონ მოძებნის გულით სასურველ კაცს და დანიშნავს მას იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად, რადგან შენ არ დაიცავი იეჰოვას ბრძანება“ (13:14).
16. რა მოჰყვა საულის დაუფიქრებლობას?
16 იეჰოვას სახელის მოშურნე იონათანმა კვლავ შეუტია ფილისტიმელთა მოწინავე ჯარს, ამჯერად მხოლოდ საჭურველმტვირთველთან ერთად; მათ პირველ ჯერზე 20 კაცი მოკლეს. არეულობა მტრის ბანაკში მიწისძვრამაც გამოიწვია. ისინი გაიქცნენ და მთელი ისრაელი მათ დაედევნა. მაგრამ გამარჯვებას ძალა დაუკარგა საულის დაუფიქრებელმა ფიცმა, რომ ბრძოლის დამთავრებამდე არავის არაფერი ეჭამა. ხალხი მალე დაიქანცა და სისხლიანი ხორცი ჭამა, რითაც შესცოდეს იეჰოვას. იონათანმა კი, რადგან არ იცოდა მამამისის ფიცის შესახებ, ფიჭიდან გადმოსული თაფლი შეჭამა და მოძლიერდა. მან გაბედულად გამოაცხადა, რომ ეს ფიცი დაბრკოლება იყო ხალხისთვის. ხალხმა ის სიკვდილს გადაარჩინა, რადგან დიდებულად იხსნა ისრაელი.
17. როგორ უარყო კიდევ ერთხელ იეჰოვამ საული?
17 დადგა საძულველ ამალეკზე იეჰოვას განაჩენის აღსრულების დრო (კან. 25:17—19). მისი სახსენებელი უნდა ამოშლილიყო ცისქვეშეთიდან. ყველა და ყველაფერი უნდა დაეხოცათ, ადამიანიც და ცხოველიც. იქიდან ისრაელს ნადავლიც არ უნდა წამოეღო. ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ. მაგრამ საულმა ურჩობა გამოავლინა, დაინდო ამალეკის მეფე აგაგი და საუკეთესო ცხვარ-ძროხა, ვითომდა იეჰოვასთვის შესაწირად. ისრაელის ღმერთი გაანაწყენა ამან და სამუელს უკვე მეორედ ათქმევინა, რომ საული უარყო. სამუელმა ყური არ ათხოვა საულს, რომელიც თავის მართლებას ცდილობდა და უთხრა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია . . . როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა, ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“ (1 სამ. 15:22, 23). შემდეგ საულმა პატიება სთხოვა სამუელს, სტაცა ხელი მოსასხამზე და გაიგლიჯა მისი მოსასხამი. სამუელმა უთხრა, რომ იეჰოვა ასე გამოჰგლეჯდა სამეფოს ხელიდან საულს და მასზე უკეთესს მისცემდა. სამუელმა აიღო მახვილი და მოკლა აგაგი; მან ზურგი აქცია საულს და მეტად აღარ უნახავს.
18. რატომ აირჩია იეჰოვამ დავითი?
18 დავითის ცხება და მისი გმირობა (16:1—17:58). იეჰოვამ სამუელი გაგზავნა იუდაში, ბეთლემელი იესეს სახლში, რათა მომავალი მეფე აერჩია და ეცხო. იესეს ვაჟებმა ერთიმეორის მიყოლებით ჩაიარეს სამუელის წინაშე, მაგრამ იეჰოვას არც ერთი არ აურჩევია. მან შეახსენა სამუელს: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (16:7). ბოლოს იეჰოვამ მიანიშნა სამუელს, რომ აირჩია დავითი, ‘წითური ყმაწვილი ლამაზი თვალებით და კარგი შესახედაობით’; სამუელმა მას თავზე ზეთი დაასხა და მეფედ სცხო (16:12). იეჰოვას სული ახლა დავითთან იყო, საული კი მიატოვა.
19. როგორ გაიმარჯვა დავითმა იეჰოვას სახელით?
19 ფილისტიმელები კვლავ გამოვიდნენ ისრაელების წინააღმდეგ და გამოიყვანეს გოლიათი, ბუმბერაზი მეომარი, რომელიც ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი (2,9 მ.) სიმაღლისა იყო. მისი სპილენძის ჯავშანი 57 კილოგრამს იწონიდა, მისი შუბის პირი კი — 6,8 კილოგრამს (17:4, 5, 7). გოლიათი ყოველდღე გადიოდა ისრაელის წინაშე, დასცინოდა ღმერთს და ზიზღით იწვევდა ისრაელებს საბრძოლველად, მაგრამ მასთან შერკინებას ვერავინ ბედავდა. საული თავის კარავში შიშისგან კანკალებდა. მაგრამ დავითმა გაიგო ფილისტიმელის დაცინვა. ის სამართლიანად აღშფოთდა და ღვთისგან გაძლიერებულმა წამოიძახა: „ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს რომ დასცინის!“ (17:26). მან უარი თქვა საულის საჭურველზე, რომელიც არასდროს უტარებია, და ფილისტიმელთან საბრძოლველად მხოლოდ მწყემსის ჯოხით, შურდულითა და ხუთი პრიალა ქვით გავიდა. გოლიათმა ღირსების შელახვად მიიჩნია მწყემს ბიჭთან ბრძოლა და დასწყევლა ის. დავითმა გაბედულად მიუგო: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას . . . სახელით გამოვდივარ“ (17:45). დავითმა ქვა ესროლა შურდულით და გოლიათი მიწაზე დაენარცხა! შემდეგ მიირბინა მასთან, ორივე ხელით ასწია მისი მახვილი და ორივე ჯარის თვალწინ თავი მოჰკვეთა გოლიათს. მართლაც, რა დიდებულად იხსნა იეჰოვამ ისრაელი! ისრაელთა ბანაკი სიხარულით ყიჟინებდა. ფილისტიმელების გმირი მოკვდა. ფილისტიმელები გაიქცნენ, ისრაელები კი უკან დაედევნენ.
20. საულისგან განსხვავებით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იონათანს დავითისადმი?
20 დევნილი დავითი (18:1—27:12). იეჰოვას სახელისთვის მებრძოლმა დავითმა თავისი სიმამაცით შესანიშნავი მეგობარი, იონათანი შეიძინა. ის საულის ვაჟი და სამეფო ხაზის გამგრძელებელი იყო. იონათანმა „საკუთარი სულივით შეიყვარა“ დავითი; მათ ერთმანეთს მეგობრობა შეჰფიცეს (18:1—3). როცა ისრაელში დავითს დიდებას მიაგებდნენ, განრისხებული საული მის მოკვლას ლამობდა, თუმცა თავისი ქალიშვილი მიქალი მაინც მიათხოვა დავითს ცოლად. საული უფრო და უფრო ბოროტდებოდა, ამიტომ იონათანის დახმარებით დავითმა გაქცევით უშველა თავს. განშორებისას ორივე ტიროდა; იონათანმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა დავითი თავის ერთგულებაში და უთხრა: „იეჰოვა იყოს მარადიულად ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის“ (20:42).
21. რა მოხდა საულისგან დავითის გაქცევის შემდეგ?
21 გაბოროტებული საულისგან გაქცეული დავითი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მშივრები იყვნენ, ნობს მიადგნენ. როცა დარწმუნდა, რომ დავითი და მისი კაცები ქალებს არ გაჰკარებოდნენ, მღვდელმა ახიმელექმა მათ საჭმელად წმინდა წარსადგენი პური მისცა. გოლიათის მახვილით შეიარაღებული დავითი ფილისტიმელთა გათში გადავიდა, სადაც თავი მოიგიჟიანა. შემდეგ დავითმა ადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი, იქიდან მოაბში გაიქცა, მოგვიანებით კი წინასწარმეტყველ გადის რჩევისამებრ იუდას მიწაზე დაბრუნდა. დავითის წარმატებით შეშინებულმა და ავადმყოფური ეჭვებით შეპყრობილმა საულმა დოეგ ედომელს ნობში ყველა მღვდლის მოკვლა უბრძანა; გადარჩენილი აბიათარი დავითთან გაიქცა და მისი რაზმის მღვდელი გახდა.
22. როგორ უერთგულა დავითმა იეჰოვასა და მის მიერ დანიშნულ მეფეს?
22 დავითი იეჰოვას ერთგული მსახური იყო, ამიტომ შურისძიების მიზნით ფილისტიმელების წინააღმდეგ პარტიზანული ომი წამოიწყო. მაგრამ საული კვლავაც ცდილობდა დავითის შეპყრობას. მან ყველა მებრძოლი შეჰყარა და ‘ენ-გედის უდაბნოში’ დაედევნა დავითს (24:1). დავითი, რომელიც უყვარდა იეჰოვას, ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა თავის მდევნელებს. ერთხელ მას საულის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ მოსასხამის კალთა მოაჭრა, რათა ეჩვენებინა, რომ სასიკვდილოდ არ ემეტებოდა. ამ უწყინარი საქციელისთვისაც კი ბრალს სდებდა დავითს გული, რადგან გრძნობდა, რომ არასწორად მოექცა იეჰოვას ცხებულს. დავითი მართლაც დიდ პატივს სცემდა მათ, ვინც იეჰოვამ აღჭურვა უფლებამოსილებით.
23. როგორ შეაკავა აბიგაილმა დავითი სისხლისღვრიდან და რა მოხდა შემდეგ?
23 წიგნში შემდეგ ვკითხულობთ, რომ სამუელი მოკვდა (25:1). თუმცა თხრობა გრძელდება. დავითმა სთხოვა იუდას მაონში მცხოვრებ ნაბალს, მისთვის და მისი ხალხისთვის საკვები მიეცა, რადგან ისინი მეგობრულად ექცეოდნენ ნაბალის მწყემსებს. ნაბალმა „ყვირილით გაისტუმრა“ დავითის კაცები და დავითმა გადაწყვიტა, დაესაჯა ის (25:14). ნაბალის ცოლი აბიგაილი მიხვდა, რა საშიშროება ელოდათ, ამიტომ დავითს ჩუმად მიუტანა საკვები და შეაკავა სისხლისღვრისგან. დავითმა აკურთხა აბიგაილი გონივრული საქციელისთვის და მშვიდობით გაუშვა სახლში. აბიგაილმა უამბო ქმარს, რაც მოხდა; გული ჩაუკვდა ნაბალს და რამდენიმე დღის შემდეგ მოკვდა. დავითმა ცოლად მოიყვანა სათნო და მშვენიერი აბიგაილი.
24. როგორ დაინდო დავითმა კიდევ ერთხელ საული?
24 საული მესამედ დაედევნა დავითს და დავითმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გულმოწყალება მის მიმართ. „ღრმა ძილი მოჰგვარა იეჰოვამ“ საულსა და მის ხალხს. დავითი შეიპარა საულის ბანაკში, აიღო მისი შუბი, მაგრამ ხელი არ აღუმართავს „იეჰოვას ცხებულზე“ (1 სამ. 26:11, 12). დავითი იძულებული გახდა, მეორედ შეხიზვნოდა ფილისტიმელებს, რომლებმაც მას საცხოვრებლად ციკლაგი მისცეს. დავითი ციკლაგიდან თავს ესხმოდა ისრაელის მტრებს.
25. კიდევ რა მძიმე ცოდვა ჩაიდინა საულმა?
25 საულის თვითმკვლელობა (28:1—31:13). ფილისტიმელთა მთავრებმა ჯარი შეკრიბეს და შუნემში დაბანაკდნენ. საული გილბოას მთასთან დაბანაკდა. ის ბევრს ეცადა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო იეჰოვასგან. ახლა მას ძალიან სჭირდებოდა სამუელის რჩევა. საულმა კიდევ ერთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა. მან გადაიცვა და სულების გამომძახებელ ქალთან წავიდა ენ-დორში, ფილისტიმელების ზურგში. ქალს მან სამუელის სულის გამოძახება სთხოვა. საულს იმდენად უნდოდა პასუხის მიღება, რომ მოჩვენება მკვდარ სამუელად ჩათვალა. მაგრამ „სამუელმა“ სანუგეშო ვერაფერი უთხრა მეფეს; მეორე დღეს ის მოკვდებოდა და, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, სამეფო ხელიდან გამოეცლებოდა. ფილისტიმელთა მთავრები საბრძოლველად გაემზადნენ. მათ ეჭვი შეეპარათ დავითისა და მისი ხალხის ერთგულებაში და სახლში გაუშვეს ისინი. დავითი თავის ხალხთან ერთად დროულად დაბრუნდა ციკლაგში. მის არყოფნაში ამალეკელები თავს დასხმოდნენ ციკლაგს, ტყვედ წაეყვანათ მისი ოჯახი და წაეღოთ მთელი ქონება, რაც მას და მის ხალხს ებადა. დავითი თავის ხალხთან ერთად დაედევნა ამალეკელებს და ყველაფერი უკლებლივ დაიბრუნა.
26. როგორ დასრულდა ისრაელის პირველი მეფის წარუმატებელი მმართველობა?
26 ბრძოლა გილბოას მთაზე გაიმართა. ისრაელი სასტიკად დამარცხდა. ფილისტიმელები სტრატეგიულ ადგილებს დაეპატრონენ. იოანათანი და საულის სხვა ვაჟები ბრძოლაში დაიღუპნენ, სასიკვდილოდ დაჭრილი საული კი თავისივე მახვილს დაეგო. გამარჯვებულმა ფილისტიმელებმა საულისა და მისი სამი ვაჟის გვამები ქალაქ ბეთ-შანის კედელზე ჩამოკიდეს. იაბეშ-გალაადელებმა ჩამოხსნეს მათი გვამები, რათა მტრებს მეტი შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინათ. ასე სამწუხაროდ დასრულდა ისრაელის პირველი მეფის წარუმატებელი მმართველობა.
რატომ არის სასარგებლო
27. ა) რაში შეცდნენ ელი და საული? ბ) რა მხრივ არიან სამუელი და დავითი სამაგალითონი ზედამხედველებისა და ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის?
27 „პირველ სამუელში“ ჩაწერილი ისტორია მრავლისმომცველია. მასში საოცარი გულწრფელობით არის მოთხრობილი ისრაელის ძლიერებისა თუ სისუსტეების შესახებ. მასში საუბარია ისრაელის ოთხ წინამძღოლზე, რომელთაგან ორი ღვთის კანონით ხელმძღვანელობდა, ორი კი — არა. აღსანიშნავია, რაში შეცდნენ ელი და საული: ერთმა არ იმოქმედა, როცა საჭირო იყო, მეორე კი კადნიერად მოიქცა. მათგან განსხვავებით, სამუელმა და დავითმა ბავშვობიდან დაამტკიცეს, რომ უყვარდათ იეჰოვას კანონები. ამიტომ მათ ხელიც ემართებოდათ. რამდენი რამის სწავლა შეუძლიათ ამ წიგნიდან ქრისტიანული კრების ზედამხედველებს! ისინი უნდა იყვნენ მტკიცენი, უნდა ზრუნავდნენ სიწმინდისა და წესრიგის დაცვაზე იეჰოვას ორგანიზაციაში, პატივს უნდა სცემდნენ ღვთის დადგენილებებს, უნდა იყვნენ შეუპოვრები, გაწონასწორებულები, გაბედულები და სიყვარულით უნდა ზრუნავდნენ სხვებზე (2:23—25; 24:5, 7; 18:5, 14—16). სამუელისა და დავითის წარმატებაში იმანაც შეიტანა წვლილი, რომ ისინი ბავშვობიდან სულიერად იყვნენ დამოძღვრილნი და ადრეული ასაკიდანვე აცხადებდნენ იეჰოვას ცნობას და ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას (3:19; 17:33—37). კარგი იქნება, თუ იეჰოვას ახალგაზრდა თაყვანისმცემლები სამუელსა და დავითს მიჰბაძავენ.
28. როგორ ესმება ხაზი „პირველ სამუელში“ მორჩილებას და მასში ჩაწერილი რომელი რჩევა მეორდება ბიბლიის სხვა წიგნებში?
28 წიგნში ჩაწერილი სასარგებლო სიტყვებიდან განსაკუთრებით ყურადსაღებია სამუელის ღვთივშთაგონებული სიტყვები საულზე, რომელმაც არ ‘ამოშალა ამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან’ (კან. 25:19). ‘მორჩილება რომ მსხვერპლზე უკეთესია’, არაერთხელ გამეორდა ბიბლიის სხვა მუხლებშიც, კერძოდ ოსიას 6:6-ში, მიქას 6:6—8-სა და მარკოზის 12:33-ში (1 სამ. 15:22). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურად ვიღოთ ეს გაფრთხილება და ბოლომდე დავემორჩილოთ ჩვენი ღვთის, იეჰოვას ხმას. 1 სამუელის 14:32, 33-ში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მორჩილება სისხლის სიწმინდის აღიარებასთანაც არის დაკავშირებული. სისხლიანი ხორცის ჭამა იეჰოვას წინაშე ცოდვა იყო. ეს პრინციპი ეხება ქრისტიანულ კრებასაც, რაც კარგად ჩანს საქმეების 15:28, 29-დან.
29. რა შედეგი მოჰყვა ისრაელის მიერ დაშვებულ შეცდომას და რის სწავლა შეუძლიათ ამ წიგნიდან მათ, ვინც თვითნებურად იქცევა?
29 „პირველი სამუელიდან“ ვიგებთ, რა სავალალო შეცდომა დაუშვა ხალხმა, როცა ღვთის მმართველობით არ დაკმაყოფილდნენ (1 სამ. 8:5, 19, 20; 10:18, 19). წიგნში მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითებიდან და წინასწარმეტყველებებიდან ჩანს, რამდენად უუნარო და ამაოა ადამიანური მმართველობა (8:11—18; 12:1—17). თავიდან საული მოკრძალებული იყო და ღვთის სული ჰქონდა (9:21; 11:6), მაგრამ როგორც კი სამართლიანობის სიყვარული და ღვთისადმი რწმენა გაუნელდა, განსჯის უნარი დაკარგა და გული გაუსასტიკდა (14:24, 29, 44). თავისი კადნიერებით, ურჩობითა და ღვთისადმი ორგულობით მან ხაზი გადაუსვა თავის კარგ საქმეებს (1 სამ. 13:9; 15:9; 28:7; ეზეკ. 18:24). მან ურწმუნოების გამო დაკარგა სიმშვიდე და მასში შურმა, სიძულვილმა და მკვლელობის სურვილმა გაიღვიძა (1 სამ. 18:9, 11; 20:33; 22:18, 19). ის ისე მოკვდა, როგორც დაიმსახურა. მან ვერც ღვთის მოლოდინი გაამართლა და ვერც ადამიანების. მისი მაგალითი ჭკუის სასწავლებელია თავნება ადამიანებისთვის (2 პეტ. 2:10—12).
30. სამუელის რომელი თვისებები უნდა განივითარონ დღეს ღვთის მსახურებმა?
30 წიგნში ვხვდებით კარგ მაგალითებსაც. სამუელი მთელი ცხოვრება სიცრუის, მიკერძოებისა და პირადი გამორჩენის გარეშე ერთგულად ემსახურებოდა თავის ხალხს (1 სამ. 12:3—5). ის იყო ბავშვობიდანვე მორჩილი (3:5), თავაზიანი და პატივისმცემელი (3:6—8), საქმის ერთგული (3:15), თავისი მიძღვნის ერთგული (7:3—6; 12:2), მომსმენი (8:21), იეჰოვას გადაწყვეტილებების მხარდამჭერი (10:24), განაჩენის გამოტანის დროს მტკიცე და მიუკერძოებელი (13:13), ღვთისადმი მორჩილების ქომაგი (15:22) და თავისი საქმის ბოლომდე მიმყვანი (16:6, 11). სხვებიც კარგად ახასიათებდნენ მას (2:26; 9:6). სამუელის კარგი მაგალითი აღძრავს ახალგაზრდებს, პატარაობიდანვე ემსახურონ ღმერთს (2:11, 18), სიცოცხლის ბოლომდე მისი დაუღალავი შრომა კი ამხნევებს ხანდაზმულებს (7:15).
31. რა მხრივ გვაძლევს იონათანი კარგ მაგალითს?
31 კიდევ ერთ კარგ მაგალითს იონათანი გვაძლევს. ის არ გამწარებულა, როცა გაიგო, რომ მის ნაცვლად დავითი გამეფდებოდა. პირიქით, მან დაინახა დავითის კარგი თვისებები და მათ მეგობრობა შეჰფიცეს ერთმანეთს. მსგავსი უანგარო მეგობრობა დღესაც აძლიერებს იეჰოვას ერთგულ მსახურებს (23:16—18).
32. რა მაგალითს აძლევენ ქალებს ხანა და აბიგაილი?
32 ქრისტიან ქალებს კარგ მაგალითს აძლევს ხანა, რომელიც ქმართან ერთად რეგულარულად დადიოდა იეჰოვას თაყვანისმცემლობის ადგილას. ის ღვთისმოსავი, თავმდაბალი ქალი იყო და შვილის გვერდით ყოფნას თავისი სიტყვის შესრულება არჩია იმის დასანახვებლად, რომ აფასებდა იეჰოვას სიკეთეს. მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ის იყო, რომ მისი შვილი მთელი ცხოვრება იეჰოვას ემსახურებოდა (1:11, 21—23, 27, 28). კარგი მაგალითია აბიგაილიც, რომელმაც გონიერება და ქალისთვის შესაფერისი მორჩილება გამოავლინა, რითაც დავითის მოწონება დაიმსახურა და მოგვიანებით მისი ცოლი გახდა (25:32—35).
33. რისკენ აღგვძრავს დავითის მიერ გამოვლენილი სიყვარული და ერთგულება?
33 იეჰოვასადმი დავითის სიყვარული კარგად გამოჩნდა მის მიერ უდაბნოში დაწერილ ფსალმუნებში, როცა გაურბოდა საულს, „იეჰოვას ცხებულს“, რომელიც განუდგა იეჰოვას (1 სამ. 24:6; ფსალმ. 34:7, 8; 52:8; 57:1, 7, 9). დავითს გულწრფელად სურდა იეჰოვას სახელის განწმენდა, ამიტომ შეებრძოლა გოლიათს, რომელიც დასცინოდა ისრაელს. „მე ლაშქართა ღვთის, იეჰოვას . . . სახელით გამოვდივარ . . . დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა . . . და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგებს მთელი კრებული, რომ იეჰოვა არც მახვილით იხსნის და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს“ (1 სამ. 17:45—47). დავითი, ღვთის მამაცი და ერთგული ცხებული, განადიდებდა იეჰოვას, მთელი დედამიწის შემოქმედს და ერთადერთ მხსნელს (2 სამ. 22:51). მოდი ჩვენც ვიყოთ დავითივით გაბედულები!
34. როგორ მოეფინა ნათელი სამეფოსთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვას „პირველ სამუელში“?
34 რას ვიგებთ „პირველი სამუელიდან“ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული განზრახვის შესახებ? ეს ამ წიგნის მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ ამ წიგნში ვხვდებით პირველად დავითს, რომლის სახელიც, როგორც ჩანს, „საყვარელს“ ნიშნავს. იეჰოვას უყვარდა დავითი, რომელიც „გულით სასურველი კაცი“ და ისრაელის მეფობის ღირსი იყო (1 სამ. 13:14). ამგვარად, მეფობა გადაეცა იუდას ტომს, რის შესახებაც იაკობმა იწინასწარმეტყველა დაბადების 49:9, 10-ში ჩაწერილ თავის კურთხევაში. ეს მეფობა არ გადაეცემოდა სხვას, სანამ არ მოვიდოდა მმართველი, რომელსაც ყველა ხალხი დაემორჩილებოდა.
35. როგორ უკავშირდება დავითის სახელი სამეფოს შთამომავალს და დავითის რომელ თვისებებს გამოავლენს ის?
35 გარდა ამისა, დავითის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეფოს შთამომავალთან, რომელიც ასევე ბეთლემში დაიბადა და დავითის საგვარეულო ხაზიდან იყო (მათ. 1:1, 6; 2:1; 21:9, 15). ეს შთამომავალი არის იესო ქრისტე, „ლომი იუდას ტომიდან“, „დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (გამოცხ. 5:5; 22:16). სამეფოს ძალაუფლებით აღჭურვილი „დავითის ძე“ თავისი სახელოვანი წინაპრის მსგავსად დიდ სიმტკიცესა და სიმამაცეს გამოავლენს, დაამხობს ღვთის მტრებს და განწმენდს იეჰოვას სახელს მთელ დედამიწაზე. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ შთამომავალზე!
[სქოლიო]
a The Romance of the Last Crusade, 1923, მაიორი ვივიან გილბერტი, გვ. 183—186.