სამუელი — წიგნი პირველი
20 გაიქცა დავითი რამის ნაიოთიდან, მივიდა იონათანთან და უთხრა: „რა ჩავიდინე,+ რა დავუშავე ან რა შევცოდე მამაშენს ასეთი, მოსაკლავად რომ დამდევს?!“ 2 მან მიუგო: „არ მოკვდები, არამც და არამც!+ მამაჩემი ისე არაფერს გააკეთებს, მე რომ არ გამიმხილოს, და ამას რატომღა დამიმალავს?! ეს არ მოხდება!“ 3 მაგრამ დავითმა უთხრა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ მოწყალე თვალით მიყურებ+ და, ალბათ, იფიქრა, იონათანმა არ გაიგოს და არ დამწუხრდესო. ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და შენს თავს ვფიცავ, ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს!“+
4 უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ შენთვის!“ 5 მიუგო დავითმა იონათანს: „ხვალ ახალმთვარობაა+ და წესით მეფესთან ერთად უნდა ვიყო სუფრაზე; გამიშვი, რომ დავიმალო მინდორში ზეგ საღამომდე. 6 თუ მამაშენი მომისაკლისებს, უთხარი: ძალიან მთხოვა-თქო დავითმა, დაუყოვნებლივ გამიშვი ჩემს ქალაქში, ბეთლემში,+ რადგან ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ ოჯახს.+ 7 თუ იტყვის, კარგიო, მაშინ მშვიდად იქნება შენი მსახური, მაგრამ, თუ განრისხდა, იცოდე, რაღაც ცუდი აქვს განზრახული. 8 დაე ურყევი იყოს შენი სიყვარული* შენი მსახურისადმი,+ რადგან იეჰოვას წინაშე შეჰფიცე ძმობა შენს მსახურს.+ მაგრამ, თუ დამნაშავე ვარ,+ ბარემ შენ მომკალი, მამაშენის ხელში რატომ უნდა ჩამაგდო?!“
9 იონათანმა მიუგო: „რას ამბობ! თუ გავიგე, რომ მამაჩემს ცუდი რამ განუზრახავს, როგორ დაგიმალავ?!“+ 10 ჰკითხა დავითმა იონათანს: „ვინ გამაგებინებს, თუ განრისხდება მამაშენი?“ 11 იონათანმა მიუგო დავითს: „წამო, მინდორში გავიდეთ“, და გავიდნენ ისინი მინდორში. 12 უთხრა იონათანმა დავითს: „ისრაელის ღმერთი იეჰოვა იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის დაველაპარაკები მამაჩემს. თუ კარგი თვალით გიყურებს, აუცილებლად შეგატყობინებ ამას ვისიმე პირით. 13 იეჰოვამ დამსაჯოს, თუ მამაჩემს ცუდი რამ ექნება განზრახული შენთვის, მე კი არ გაგაგებინო და მშვიდობით არ გაგიშვა! იეჰოვა იყოს შენთან,+ როგორც მამაჩემთან იყო.+ 14 ჩემს სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც ხომ ისეთივე ურყევი იქნება შენი სიყვარული*, როგორსაც იეჰოვა იჩენს?!+ 15 დაე ნუ შეირყევა შენი სიყვარული* ჩემი სახლეულობის მიმართ,+ მაშინაც კი, როცა იეჰოვა ყველა შენს მტერს აღგვის მიწის პირიდან!“ 16 ასე დადო შეთანხმება იონათანმა დავითთან და მის სახლეულობასთან. შემდეგ დასძინა: „ვიცი, იეჰოვა პასუხს აგებინებს ყველა შენს მტერს“. 17 კვლავ დააფიცა იონათანმა დავითს ის სიყვარული, რომელიც დავითს მისდამი ჰქონდა, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.+
18 უთხრა მას იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა+ და მოგისაკლისებენ, შენი ადგილი ცარიელი რომ იქნება; 19 ზეგ კიდევ უფრო დააკლდები თვალში. მოდი ამ ადგილას, სადაც სხვა დროსაც იმალებოდი, და აი ამ ქვასთან გაჩერდი. 20 სამ ისარს ვისვრი მის ერთ მხარეს ისე, თითქოსდა მიზანში ვისროდე. 21 გამოვგზავნი მსახურს და ვეტყვი, ისრები მომიძებნე-მეთქი. თუ მსახურს ვეტყვი, ისრები შენ გვერდით არის და აიღე-მეთქი, მაშინ დაბრუნდი, რადგან, ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშვიდობაა და საფრთხე არ გემუქრება. 22 მაგრამ, თუ ვეტყვი იმ ბიჭს, შენ იქით არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან იეჰოვას შენი წასვლა ნდომებია. 23 იეჰოვა იყოს მარადიულად ჩვენ შორის დადებული შეთანხმების+ მოწმე!“+
24 დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთვარობის დღესასწაული და დაჯდა მეფე საჭმელად+ 25 თავის ჩვეულ ადგილას, კედელთან. იონათანი მის პირდაპირ იჯდა, აბნერი+ — მის გვერდით, დავითის ადგილი კი ცარიელი იყო. 26 იმ დღეს არაფერი უთქვამს საულს, რადგან იფიქრა, ეტყობა, რაღაცით წაიბილწა თავი+ და გაუწმინდურდაო. 27 დავითის ადგილი ახალმთვარობის მეორე დღესაც ცარიელი რომ იყო, ჰკითხა საულმა თავის ვაჟ იონათანს: „რატომ არ მოვიდა სუფრაზე იესეს+ ვაჟი არც გუშინ და არც დღეს?“ 28 იონათანმა მიუგო საულს: „შემეხვეწა დავითი, ბეთლემში+ გამიშვიო. 29 მთხოვა, წავალ, ჩემმა ძმამ შემომითვალა, ქალაქში ჩვენი ოჯახი მსხვერპლს სწირავს და, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გამიშვი ჩემი ძმების სანახავადო. ამიტომ არ მოვიდა ის მეფის სუფრასთან“. 30 განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „შე ურჩი ქალის შვილო, გგონია არ ვიცი, რომ იესეს ვაჟს ემხრობი შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?! 31 სანამ იესეს ვაჟი ცოცხალია, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი ტახტი!+ აქ მოაყვანინე, უნდა მოკვდეს!“+
32 მიუგო იონათანმა საულს, მამამისს: „რატომ უნდა მოკვდეს?+ რა დააშავა?“ 33 მაშინ საულმა შუბი გაუქანა მას მოსაკლავად+ და მიხვდა იონათანი, რომ მამამისს გადაწყვეტილი ჰქონდა დავითის მოკვლა.+ 34 გამწარებული წამოხტა იონათანი სუფრიდან. არაფერი უჭამია ახალმთვარობის მეორე დღეს იონათანს, რადგან წუხდა დავითზე+ და იმაზე, ასე რომ შეურაცხყო ის მამამისმა.
35 გავიდა დილით იონათანი მინდორში, როგორც დაუთქვა დავითს. თან მსახური ბიჭიც ახლდა.+ 36 მან მსახურს სთხოვა: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ გავისვრი!“ გაიქცა მსახური, მან კი გადააცილა მას ისარი. 37 როცა მსახური იმ ადგილთან მივიდა, სადაც იონათანმა ისარი ისროლა, იონათანმა გასძახა მას: „შენ იქით ხომ არაა ისარი?“ 38 კვლავ გასძახა იონათანმა მსახურს: „ჩქარა, სწრაფად წადი! ნუ დააყოვნებ!“ შეაგროვა ისრები იონათანის მსახურმა და დაბრუნდა თავის ბატონთან. 39 მსახური ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო ეს გასაგები. 40 ჩააბარა იონათანმა მსახურს თავისი იარაღი და უთხრა: „წადი და ქალაქში წაიღე!“
41 როცა მსახური წავიდა, დავითი გამოვიდა სამალავიდან, სამხრეთით რომ იყო. მუხლი მოიყარა და სამჯერ პირქვე დაემხო მის წინაშე; შემდეგ გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ. დავითი უფრო მწარედ ტიროდა. 42 იონათანმა უთხრა დავითს: „წადი მშვიდობით, რადგან იეჰოვა დავიფიცეთ,+ რომ იეჰოვა იქნებოდა მარადიულად ჩვენსა და ჩვენს შთამომავლობას შორის დადებული შეთანხმების მოწმე!“+
წავიდა დავითი, იონათანი კი ქალაქში დაბრუნდა.