თავი 5
ქადაგება უფლის მოსვლაზე (1870—1914)
„ქვემოთ მოყვანილი ისტორია უბრალოდ იმიტომ კი არ დავწერე, რომ მთხოვეს, გადმომეცა, როგორ გვხელმძღვანელობს ღმერთი სინათლის გზაზე სიარულისას, არამედ საჭიროდ ჩავთვალე, ჭეშმარიტება მოკრძალებულად მიმეტანა ადამიანებამდე, გამებათილებინა არასწორი შეხედულებები და დამღუპველი მტკიცებები და ჩვენი მკითხველისთვის დამენახვებინა, როგორ გვეხმარება და გვხელმძღვანელობს ღმერთი დღემდე“.a
ამ სიტყვების შემდეგ ჩარლზ ტეიზ რასელმა აღწერა, რა მოვლენებმა განაპირობა, გამოეცა ნაშრომი „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“ (მოგვიანებით ეწოდა „საღვთო წერილის გამოკვლევა“) და ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ (დღეს ცნობილია, როგორც „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“). ეს ისტორია იეჰოვას მოწმეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მათი თანამედროვე საქმიანობა და ბიბლიური ჭეშმარიტების დღევანდელი გაგება 1870-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამ დროს მოღვაწეობდნენ ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრენი, რომლებიც ცდილობდნენ, ბიბლიაში ჩაწერილის თანახმად მოქცეულიყვნენ და პირველი ქრისტიანებისთვის მიებაძათ.
ვინ იყო ჩარლზ ტეიზ რასელი? რა ადასტურებს, რომ მის საქმიანობას მართლა ღმერთი უჭერდა მხარს და ხელმძღვანელობდა?
ჭეშმარიტების ძიებაში
ჩარლზ ტეიზ რასელი დაიბადა 1852 წლის 16 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ალეგანიში (დღეს ეკუთვნის პიტსბურგს, პენსილვანიის შტატი). ის იყო ჯოზეფ და ენ ილაიზა (ბერნი) რასელების მეორე ვაჟი. ჩარლზის მშობლები, რომლებიც შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობისა იყვნენ, პრესვიტერიანულ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. თუმცა ჩარლზი ცხრა წლისა იყო, როცა დედა მოუკვდა, მასზე ღრმა კვალი დატოვეს მორწმუნე მშობლებმა. მოგვიანებით რასელის ერთმა თანამოაზრემ თქვა, რომ „ჩარლზს ისინი პატარა ნერგივით უვლიდნენ, რომელიც უფლისკენ იზრდებოდა“. მართალია, რასელი პრესვიტერიანულ ოჯახში გაიზარდა, საბოლოოდ ის კონგრეგაციონალურ ეკლესიას შეუერთდა, რადგან მათ შეხედულებებს უფრო იზიარებდა.
ახალგაზრდა ჩარლზი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო. სულ რაღაც 11 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიას ამუშავებდა. მოგვიანებით ჩარლზმა გააფართოვა თავისი ბიზნესი და სხვადასხვა ადგილას საკუთარი მაღაზიები გახსნა. მას საქმე კარგად მისდიოდა, თუმცა სულიერ სიცარიელეს გრძნობდა. რა იყო ამის მიზეზი?
ჩარლზის მშობლებს გულწრფელად სწამდათ ის, რასაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიდნენ და შვილსაც ამ სწავლებებს უნერგავდნენ. ამგვარად, ჩარლზს პატარაობიდანვე ასწავლიდნენ, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ბუნებით უკვდავად შექმნილი ადამიანისთვის მოამზადა ცეცხლოვანი ადგილი, სადაც მარადიულად დატანჯავდა ყველას, ვისაც გადარჩენა არ ეწერა. ეს აზრი ყოვლად მიუღებელი იყო ახალგაზრდა ჩარლზისთვის. ის ასე მსჯელობდა: „ღმერთი, რომელმაც თავისი ძალით შექმნა ადამიანები, წინასწარ განსაზღვრა მათი ბედი და თავიდანვე მარადიული ტანჯვისთვის გასწირა, შეუძლებელია იყოს ბრძენი, სამართლიანი და მოსიყვარულე. ბევრ ადამიანს უფრო მაღალი ზნეობრივი ნორმები ექნება, ვიდრე ასეთ ღმერთს“.
ახალგაზრდა რასელი ათეისტი არ იყო; ის, უბრალოდ, ვერ ეთანხმებოდა ეკლესიების ფართოდ გავრცელებულ სწავლებებს. მან თქვა: „თანდათანობით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა სარწმუნოებაში იყო ჭეშმარიტების მარცვალი, თუმცა მთლიანობაში ისინი სიცრუეს ასწავლიდნენ და ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგებოდნენ“. სინამდვილეში ამ ეკლესიების სწავლებებში არსებული „ჭეშმარიტების მარცვალი“ დაფარა იმ წარმართულმა სწავლებებმა, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი განდგომილების შედეგად შეიჭრა ქრისტიანობაში. რასელმა უარყო ეკლესიური სწავლებები და ჭეშმარიტების პოვნის მიზნით ზოგიერთი ძირითადი აღმოსავლური რელიგიაც გამოიკვლია, თუმცა უშედეგოდ.
რწმენის გაძლიერება
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩარლზი ღვთისმოშიშმა მშობლებმა გაზარდეს და ის „უფლისკენ იზრდებოდა“. 1869 წელს, როცა ის ჯერ კიდევ ეძებდა ჭეშმარიტებას, ისეთი რამ მოხდა, რამაც მას შერყეული რწმენა გაუძლიერა. როცა რასელი თავის მაღაზიას უახლოვდებოდა ფედერალ-სტრიტზე, ერთი სარდაფიდან რელიგიური სიმღერა შემოესმა. ჩარლზი თავად იხსენებს, რა მოხდა მაშინ:
„ერთ საღამოს შემთხვევით, თუ შეიძლება ამას შემთხვევითობა დავარქვათ, მტვრიან, ჩაბნელებულ ოთახში შევედი. როგორც ვიცოდი, აქ რელიგიური მსახურება ტარდებოდა. მინდოდა გამეგო ამ ოთახში, სადაც პატარა ჯგუფი შეკრებილიყო, უფრო გონივრულ რამეს ხომ არ შემომთავაზებდნენ, ვიდრე დიდი ეკლესიების სწავლებები იყო. ასე გავეცანი ადვენტისტების [ადვენტისტური ქრისტიანული ეკლესიის] სწავლებებს. იმ დღეს ქადაგებას კითხულობდა მისტერ ჯონას უენდელი . . . ამგვარად, უნდა ვაღიარო, რომ ვალში ვარ ადვენტისტებთან, ასევე სხვა კონფესიის მიმდევრებთან. თუმცა უენდელის მიერ ახსნილი ბიბლიური მუხლები ბოლომდე ნათელი არ იყო . . . ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღმერთის შეწევნით განმემტკიცებინა ღვთის შთაგონებით დაწერილი ბიბლიისადმი შერყეული რწმენა და დამენახა კავშირი წინასწარმეტყველებებსა და მოციქულების ჩანაწერებს შორის. მოსმენილმა აღმძრა, უფრო გულმოდგინედ დამეწყო ბიბლიის გამოკვლევა, ვიდრე ოდესმე. ყოველთვის მადლობელი ვიქნები უფლისა, რომ მაშინ სწორად წარმართა ჩემი ნაბიჯები. ადვენტისტების მეშვეობით ვერც ერთ ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდი, სამაგიეროდ, ისინი დამეხმარნენ, დამენახა, რაში ვცდებოდი, რამაც ჭეშმარიტებისთვის შემამზადა“.
ამ შეხვედრამ საბოლოოდ გადააწყვეტინა ახალგაზრდა რასელს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ეძებნა. მან ასეთი გულმოდგინებით პირველად დაიწყო ბიბლიის გამოკვლევა. რასელი მალევე მიხვდა, რომ ახლო იყო დრო, როცა ღვთის მსახურები ზუსტად გაიგებდნენ ღვთის განზრახვას. ასე რომ, 1870 წელს რასელმა და მისმა რამდენიმე ნაცნობმა პიტსბურგიდან და ახლომდებარე ალეგანიდან ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ისინი ენთუზიაზმით მოეკიდნენ საქმეს. რასელის თანამოაზრემ, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა მას, გვიამბო, როგორ ტარდებოდა ეს შეხვედრები: „ერთ-ერთი სვამდა კითხვას. შემდეგ ამ კითხვაზე მსჯელობდნენ. კითხულობდნენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ბიბლიურ მუხლს. როდესაც ნახავდნენ, რომ ეს მუხლები ეთანხმებოდა ერთმანეთს, საბოლოო დასკვნას აკეთებდნენ და ამ დასკვნას იწერდნენ“. როგორც მოგვიანებით რასელმა აღნიშნა, „1870—1875 წლებში ისინი განუწყვეტლივ იზრდებოდნენ წყალობაში, ცოდნაში და ღვთისა და მისი სიტყვის სიყვარულში“.
წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად ჭეშმარიტების ამ გულწრფელმა მაძიებლებმა ნათლად გაიგეს ზოგიერთი საკითხი. ისინი ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ადამიანის სული მოკვდავია და უკვდავება ძღვენია მათთვის, ვინც ქრისტეს მემკვიდრე გახდება მის ზეციერ სამეფოში (ეზეკ. 18:20; რომ. 2:6, 7). მათთვის თანდათანობით ნათელი გახდა სწავლება იესო ქრისტეს გამოსასყიდის შესახებ; მათ ისიც გაიგეს, რის შესაძლებლობას მისცემდა ეს გამოსასყიდი კაცობრიობას (მათ. 20:28). მათ დაინახეს, რომ თუმცა იესო თავიდან დედამიწაზე ხორციელად მოვიდა, ის უხილავად დაბრუნდებოდა, როგორც სულიერი პიროვნება (იოან. 14:19). შემდეგ მათ გაიგეს, რომ იესო ყველას დასაღუპავად კი არ დაბრუნდებოდა, არამედ დედამიწაზე ღვთისმოშიში ოჯახების საკურთხებლად (გალ. 3:8). რასელი წერდა: „ძალიან გვტკენდა გულს ადვენტისტების მცდარი შეხედულება, რომ ქრისტე ხორციელად მოვიდოდა და, ადვენტისტების გარდა, ყველასა და ყველაფერს . . . ცეცხლით გაანადგურებდა“.
მკვლევართა ამ პატარა ჯგუფის მიერ გაგებული ბიბლიური სწავლებები სრულიად განსხვავდებოდა იმ წარმართული სწავლებებისგან, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი განდგომილების შედეგად გაიდგა ფესვი ქრისტიანობაში. მაგრამ სხვების დახმარების გარეშე გაიგეს რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს სწავლებები?
სხვების გავლენა
რასელი გულახდილად ამბობდა, რომ ბიბლიის გაგებაში მას სხვები დაეხმარნენ. ის არა მარტო ადვენტისტ ჯონას უენდელის წინაშე თვლიდა თავს მოვალედ, არამედ თბილად იხსენებდა სხვა ორ მამაკაცსაც, რომლებიც მას დაეხმარნენ. მათ შესახებ რასელმა თქვა: «ამ ძვირფას ძმებთან ღვთის სიტყვის შესწავლამ თანდათანობით „აბიბინებულ საძოვრებზე“ გამიყვანა». ერთ-ერთი მათგანი იყო ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი და ედინბოროში (პენსილვანიის შტატი) ადვენტისტური ქრისტიანული ეკლესიის პასტორი ჯორჯ სტეტსონი.
მეორე იყო ჯორჯ სტორზი, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი) ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარს“ გამოსცემდა. სტორზი 1796 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. თავიდან მან ბიბლიის მკვლევარის, ფილადელფიელი (პენსილვანიის შტატი) ჰენრი გრუს მიერ იმ დროს ანონიმურად გამოცემული ნაშრომი წაიკითხა, რამაც აღძრა გაეგო, თუ რას ამბობდა ბიბლია მკვდრების მდგომარეობაზე. სტორზი მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ სული მოკვდავია და უკვდავება ერთგული ქრისტიანების ჯილდოა. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ ვინაიდან ბოროტები მოკვდავები არიან, შესაბამისად, არც მარადიული სატანჯველი არსებობს. სტორზი ბევრს მოგზაურობდა და მოხსენებებს კითხულობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტები უკვდავებას ვერ მიიღებდნენ. სხვა ნაშრომებთან ერთად მან გამოაქვეყნა „ექვსი ქადაგება“, რომლის 200 000 ეგზემპლარი გავრცელდა. ეჭვგარეშეა, რომ სტორზის ბიბლიაზე დაფუძნებულმა მტკიცე შეხედულებებმა სულთან, გამოსყიდვასა და ყველაფრის აღდგენასთან დაკავშირებით (იმ ყველაფრის აღდგენასთან, რაც ადამის ცოდვის შედეგად დაიკარგა; საქმეები 3:21), დადებითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ჩარლზ რასელზე.
მაგრამ იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც არა მარტო ღრმა კვალი დატოვა რასელის ცხოვრებაზე, არამედ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი მისი ერთგულებაც გამოსცადა.
დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და უფლის მოსვლა
1876 წლის იანვრის ერთ დილას 23 წლის რასელმა მიიღო რელიგიური ჟურნალი „დილის მაცნე“. გარეკანის სურათიდან რასელი მიხვდა, რომ ის ადვენტისტების მიერ იყო გამოცემული. ჟურნალის რედაქტორი როჩესტერელი (ნიუ-იორკის შტატი) ნელსონ ბარბორი აცხადებდა, რომ ქრისტე დედამიწაზე მცხოვრები ოჯახების გასანადგურებლად კი არ დაბრუნდებოდა, არამედ მათთვის კურთხევების მოსატანად; ასევე ის ხორციელად კი არ მოვიდოდა, არამედ უხილავად, როგორც სულიერი პიროვნება. რასელიცა და მისი ალეგანელი თანამოაზრეებიც ხომ სწორედ ასეთ შეხედულებებს იზიარებდნენ!b საინტერესოა, რომ ბარბორი ეყრდნობოდა დროების შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომ ქრისტე უკვე მოვიდა (უხილავად) და დადგა დრო, მოემკათ „ხორბალი“ (ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც სამეფო კლასს შეადგენენ) და ერთად შეეგროვებინათ (მათე, თავი 13).
რასელი, რომელსაც არასდროს გამოუკვლევია დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები, დაფიქრდა: „დროების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებსაც ადვენტისტების მცდარი განმარტებების გამო არაფრად ვაგდებდი, ხომ შეიძლება მართლა მიუთითებდეს იმ დროზე, როცა უფალი უხილავად მოვიდოდა თავისი სამეფოს დასამყარებლად?“ ბიბლიური ჭეშმარიტების დაუოკებელმა წყურვილმა უბიძგა რასელს, მეტი გაეგო. მან ბარბორს შეხვედრა დაუთქვა ფილადელფიაში. ამ შეხვედრის დროს მათ თავიანთი აზრები გაუზიარეს ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ბიბლიურ საკითხში მათ ერთი აზრი ჰქონდათ. მოგვიანებით რასელი იხსენებდა: „როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, მან ბევრი გაიგო ჩემგან აღდგენის სისრულეზე, რომელიც შესაბამის გამოსასყიდზე იყო დაფუძნებული და ყველასთვის იყო გაღებული, მე კი დროებთან დაკავშირებით ბევრი ვისწავლე მისგან“. ბარბორმა დაარწმუნა რასელი, რომ ქრისტეს უხილავად მოსვლა 1874 წელს დაიწყო.c
„გადავწყვიტე, ძალ-ღონე არ დამეშურებინა ჭეშმარიტების გასავრცელებლად“
ჩარლზ რასელი მტკიცე შეხედულებების კაცი იყო. როცა დარწმუნდა, რომ ქრისტეს უხილავად მოსვლა დაწყებული იყო, გადაწყვიტა, სხვებისთვისაც ეცნობებინა ამის შესახებ. მოგვიანებით მან დაწერა: „გავიგე თუ არა, რომ უკვე მკის პერიოდში ვცხოვრობდით, ამან ჭეშმარიტების გავრცელების სურვილი ისე გამიძლიერა, როგორც არასდროს. გადავწყვიტე, ძალ-ღონე არ დამეშურებინა ჭეშმარიტების გასავრცელებლად“. ქადაგებისთვის მეტი დრო რომ დარჩენოდა, რასელმა თავისი კომერციული საქმიანობა შეამცირა.
უფლის მოსვლასთან დაკავშირებით არასწორი შეხედულებები რომ გაექარწყლებინა, რასელმა 1877 წელს გამოაქვეყნა ბროშურა „უფლის მეორედ მოსვლა — რისთვის და როგორ?“. იმავე წელს ბარბორმა და რასელმა ერთად გამოსცეს წიგნი „სამი ქვეყნიერება და ამ ქვეყნიერების მკა“. ამ 196-გვერდიან წიგნში საუბარი იყო ყველაფრის აღდგენასა და დროების შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე. თუმცა ამ საკითხებზე მანამდე სხვებიც მსჯელობდნენ, რასელის აზრით, ეს იყო პირველი წიგნი, რომელშიც „ყველაფრის აღდგენის შესახებ სწავლება დაუკავშირდა დროების შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს“. წიგნში ნათქვამი იყო, რომ იესო ქრისტეს უხილავად მოსვლა 1874 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
მოგზაურობისა და ქადაგების დროს რასელმა დაინახა, რომ ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვლის მოსარწყავად და მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად მეტის გაკეთება იყო საჭირო. რისი გაკეთება? მან თქვა: „საჭიროა ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა“. ამიტომ რასელმა და ბარბორმა გადაწყვიტეს, განეახლებინათ ჟურნალ „მაცნის“ გამოცემა, რომელიც უსახსრობის გამო დაიხურა, რადგან ხალხი გამოწერებს აუქმებდა. ამ ჟურნალის გამოცემა რასელმა დააფინანსა და მისი ერთ-ერთი გამომცემელი გახდა.
1878 წლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა.
რასელი ურთიერთობას წყვეტს ბარბორთან
„დილის მაცნის“ 1878 წლის აგვისტოს გამოცემაში გამოჩნდა ბარბორის სტატია, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ქრისტეს სიკვდილი საკმარისი არ იყო ცოდვების გამოსასყიდად. ბარბორზე თითქმის 30 წლით უმცროს რასელს ესმოდა, რომ ეს გამოსყიდვის შესახებ სწავლების მთავარი არსის უარყოფა იყო. ამიტომ შემდეგ ნომერში (1878 წლის სექტემბერი) რასელმა დაწერა სტატია „გამოსყიდვა“, რომელშიც მხარი დაუჭირა იესოს გამოსასყიდს და ბარბორის განაცხადებს შეეწინააღმდეგა. რასელისა და ბარბორის პოლემიკა რამდენიმე თვის განმავლობაში ჟურნალის ფურცლებზე გაგრძელდა. ბოლოს რასელმა გადაწყვიტა, ურთიერთობა გაეწყვიტა ბარბორთან და, შესაბამისად, აღარ დაეფინანსებინა „მაცნის“ გამოცემა.
ჩარლზ რასელი ფიქრობდა, რომ „მაცნის“ გამომცემლობიდან მხოლოდ წამოსვლა საკმარისი არ იყო. ის თვლიდა, რომ უნდა დაეცვა გამოსასყიდის შესახებ სწავლება და ყველასთვის უნდა ეუწყებინა ქრისტეს მოსვლა. ამიტომ 1879 წლის ივლისში რასელმა დაიწყო ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს მოსვლის მაცნის“d გამოცემა. ის ამ ჟურნალის რედაქტორიც იყო და გამომცემელიც. თავიდან ჟურნალზე მის გარდა კიდევ ხუთი ადამიანი მუშაობდა. პირველი ნომრის ტირაჟი 6 000 იყო, 1914 წლისთვის კი თითოეული ნომრის ტირაჟი დაახლოებით 50 000-ს შეადგენდა.
„არა ახალი, არა ჩვენი საკუთარი, არამედ უფლისა“
ჩარლზ რასელი „საგუშაგო კოშკისა“ და სხვა პუბლიკაციების მეშვეობით მხარს უჭერდა ბიბლიურ სწავლებებს და აბათილებდა ცრურელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს, რომლებიც ბიბლიას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ის არასოდეს მიაწერდა საკუთარ თავს ახალი სწავლებების აღმოჩენას.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მრავალი რელიგიური მსახური და ბიბლეისტი გამოდიოდა ისეთი ცრუ სწავლებების წინააღმდეგ, როგორიცაა სულის უკვდავება და მარადიული სატანჯველი. ამის შესახებ დაწვრილებით იყო მოთხრობილი აარონ ელისის წიგნში (Bible Vs. Tradition), რომელიც პირველად ინგლისში გამოვიდა, შემდეგ კი ის 1853 წელს ჯორჯ სტორზმა გამოსცა შეერთებულ შტატებში. მაგრამ იმ დროს ამ ჭეშმარიტების გასავრცელებლად ყველაზე მეტს რასელი და მისი თანამოაზრენი აკეთებდნენ.
რის თქმა შეიძლება სხვა ბიბლიურ სწავლებებზე, რომლებიც „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა პუბლიკაციებში განიხილებოდა? საკუთარ დამსახურებად თვლიდა რასელი ჭეშმარიტების ამ ძვირფასი მარგალიტების პოვნას? ის წერდა: „ჩვენ დავინახეთ, რომ საუკუნეების განმავლობაში სექტებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა ერთმანეთში დაინაწილეს ბიბლიური სწავლებები და მათში მეტ-ნაკლებად შეურიეს ადამიანური იდეები და მცდარი შეხედულებები . . . ჩვენ დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი სწავლება — ადამიანი მართლდება რწმენით და არა საქმეებით — ნათლად გადმოსცეს ლუთერმა და მოგვიანებით სხვა ქრისტიანებმა; ღვთის სამართლიანობის, ძალისა და სიბრძნის შესახებ სწავლებას მთელი გულით აღიარებდნენ პრესვიტერიანელები, თუმცა მათ ბოლომდე არ ესმოდათ, როგორ ავლენდა ღმერთი ამ თვისებებს; მეთოდისტები ძალიან აფასებდნენ და აღმატებულად მიიჩნევდნენ ღვთის სიყვარულსა და თანაგრძნობას; ადვენტისტები ასწავლიდნენ, რომ უფალი მეორედ მოვიდოდა; ბაპტისტებს სხვა საკითხებთან ერთად სწორად ესმოდათ ნათლობის სიმბოლური მნიშვნელობა, თუმცა მხედველობიდან გამორჩათ, რას ნიშნავს ნამდვილი ნათლობა; ზოგი უნივერსალისტი დიდი ხნის მანძილზე აფასებდა საკითხს ყველაფრის აღდგენაზე, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ მის მნიშვნელობას. აშკარაა, თითქმის ყველა ამ რელიგიური მიმდინარეობის დამფუძნებელი ეძებდა ჭეშმარიტებას. მაგრამ ისიც ნათელია, რომ მათ წინააღმდეგობას უწევდა უდიდესი მტერი, რომელმაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება დააქუცმაცა, თუმცა მისი განადგურება ვერ შეძლო“.
ქრონოლოგიის შესახებ, რომლებსაც ხშირად ხსნიდა, რასელი წერდა: «როდესაც ვამბობთ „ჩვენი“ ქრონოლოგია, ამაში ვგულისხმობთ იმ ქრონოლოგიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ანუ ბიბლიურ ქრონოლოგიას, რომელიც ეკუთვნის ღვთის ყველა მსახურს, ვინც მას სწორად მიიჩნევს. ფაქტობრივად, ის უცვლელად გამოიყენებოდა დიდი ხნით ადრე ისევე, როგორც სხვადასხვა წინასწარმეტყველება, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, გამოიყენებოდა ადვენტისტების მიერ, ოღონდ სხვა მიზნით; ისევე როგორც სხვადასხვა სწავლება, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ და რომლებიც ახალი ჩანს, ამა თუ იმ სახით ჩვენამდე უკვე არსებობდა, მაგალითად: არჩევა, წყალობა, აღდგენა, გამართლება, განწმენდა, განდიდება და აღდგომა».
რას ფიქრობდა თავად რასელი იმაზე, თუ რა როლს ასრულებდნენ ის და მისი თანამოაზრენი ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადებაში? მან დაწერა: „ჩვენი საქმიანობის მიზანია . . . ერთად შევაგროვოთ დიდი ხნის წინათ გაფანტული ჭეშმარიტების მარცვლები და წარვუდგინოთ ის უფლის ხალხს, არა როგორც ახალი, არა როგორც ჩვენი საკუთარი, არამედ როგორც უფლისა . . . ჩვენ საკუთარ დამსახურებად არ უნდა ჩავთვალოთ არც ის, რომ ვიპოვეთ ჭეშმარიტების ძვირფასი მარცვლები და აღვადგინეთ სრული სურათი“. შემდეგ რასელმა დასძინა: „ეს საქმე, რომელშიც უფალმა ინება, გამოეყენებინა ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობები, არის არა ახლის შექმნა, არამედ უკვე არსებულის აღდგენა, შესწორება და ერთმანეთთან შეთანხმება“.
რასელი არ ტრაბახობდა თავისი მიღწევებით. მაგრამ ფაქტია, რომ „ჭეშმარიტების გაფანტულ მარცვლებში“, რომლებიც მან ერთად მოაგროვა და წარუდგინა უფლის ხალხს, არ იყო სამებისა და სულის უკვდავების შესახებ ღვთის შეურაცხმყოფელი წარმართული სწავლებები, რომლებმაც დიდი განდგომილების შედეგად ფესვი გაიდგა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში. რასელისა და მისი თანამოაზრეების მსგავსად იმ დროს მთელ მსოფლიოში სხვა არავინ აცხადებდა, თუ რას ნიშნავდა უფლის მოსვლა და რა იყო ღვთის განზრახვა.
„უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი“
გულწრფელი ადამიანები სწრაფად გამოეხმაურნენ განმათავისუფლებელ ჭეშმარიტებას, რომელსაც ჩარლზ რასელი და მისი თანამოაზრენი აუწყებდნენ ბეჭდვითი სიტყვითა და მოხსენებებით. რასელი, რომელსაც ჯერ 30 წელიც არ შესრულებოდა, მიხვდა, რომ საჭირო იყო, „საგუშაგო კოშკის“ მკითხველებს ერთმანეთი გაეცნოთ და გაემხნევებინათ. პიტსბურგში ბიბლიის მკვლევარები რეგულარულად იკრიბებოდნენ ერთად, მაგრამ როგორ შეიძლებოდა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველების დახმარება სხვა ადგილებში?
ამ კითხვაზე პასუხი გაცემული იყო 1880 წლის „საგუშაგო კოშკის“ მაისისა და ივნისის ნომრებში.e მათში რასელმა დაწერა, რომ მოინახულებდა რამდენიმე დიდ თუ პატარა ქალაქს პენსილვანიის, ნიუ-ჯერზის, მასაჩუსეტსისა და ნიუ-იორკის შტატებში. „ჩვენი მკითხველები, — ნათქვამი იყო განცხადებაში, — ძალიან გაფანტულები არიან, ზოგან ორი-სამი კაცია, სხვაგან კი — ორმოცდაათამდე. ბევრგან ისინი საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს და ვერ იღებენ იმ თანაგრძნობასა და ნუგეშს, რომელიც ჩვენი ზეციერი მამის განზრახვის თანახმად, თავიანთ შესაკრებელში უნდა მიიღონ. ღვთის ნებაა, რომ ჩვენ აღვაშენოთ ერთმანეთი უწმინდეს რწმენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ერთმანეთის გაცნობას მოემსახურება“ (ებრ. 10:24, 25).
რასელის მოგზაურობის დროს ჩატარებული შეხვედრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან მან „საგუშაგო კოშკის“ მკითხველები ერთმანეთთან დააახლოვა. რასელის ამ და შემდგომ მოგზაურობას და „მომლოდინეთა პატარა ჯგუფების“ მონახულებას შედეგად ის მოჰყვა, რომ ზემოხსენებული შტატების გარდა ოჰაიოსა და მიჩიგანის შტატებშიც ჩამოყალიბდა კლასები ანუ ეკლესიები (მოგვიანებით მათ კრებები ეწოდა). ამ კლასებს მოუწოდებდნენ, რეგულარულად შეკრებილიყვნენ. მაგრამ, რა სახის შეხვედრები უნდა ჩაეტარებინათ მათ?
პიტსბურგის კლასს ჩვევად ჰქონდა, რომ კვირაში სულ მცირე ორჯერ მაინც შეკრებილიყვნენ. ეს კლასი შესაძლოა ერთ შეხვედრას დაქირავებულ დარბაზში ატარებდა, სადაც შესაფერისი მომხსენებელი მთელი ეკლესიის წინაშე გამოდიოდა სიტყვით. მაგრამ მეორე შეხვედრა, ჩვეულებრივ, ტარდებოდა კერძო სახლებში და დამსწრეებს სთხოვდნენ, მოეტანათ ბიბლია, ბიბლიის სიმფონია, ფანქარი, ფურცელი და მონაწილეობა მიეღოთ განხილვაში.
ყოველკვირეულ შეხვედრებზე სულიერ საკითხებზე მსჯელობა და იქ არსებული თბილი და მეგობრული ატმოსფერო, ძალიან განსხვავდებოდა იმ ცივი და ოფიციალური ატმოსფეროსგან, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში იყო. თუმცა რეგულარულად შეკრების იდეა არც რასელს ეკუთვნოდა და არც მის თანამოაზრეებს. ერთად შეკრების ჩვეულება, კერძო სახლებშიც კი, დააწესეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა (რომ. 16:3, 5; კოლ. 4:15).
„ქადაგებთ?“
ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ მკის პერიოდში ცხოვრობდნენ და საჭირო იყო, ხალხს მოესმინა ჭეშმარიტება, რომელსაც თავისუფლება მოაქვს. მაგრამ ისინი ცოტანი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ „საგუშაგო კოშკი“ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებდა, რასელი და მისი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. 1880 წელს მათ დაიწყეს „ბიბლიის შემსწავლელთა ტრაქტატების“ გამოცემა (მოგვიანებით ეწოდა „ძველი თეოლოგიური ტრაქტატის კვარტალური გამოცემა“). ეს ტრაქტატები ეგზავნებოდა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველებს, რომ ხალხში უფასოდ გაევრცელებინათ.
„საგუშაგო კოშკის“ მკითხველებს მოუწოდებდნენ, რომ ნასწავლი ჭეშმარიტება სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. „ქადაგებთ?“ — ასეთი კითხვა იყო დასმული 1881 წლის „საგუშაგო კოშკის“ ივლისისა და აგვისტოს გაერთიანებულ ნომერში. რამდენად აუცილებელი იყო ქადაგება? სტატიაში ეწერა: „ჩვენ გვწამს, რომ მცირე სამწყსოში მხოლოდ მქადაგებლები იქნებიან . . . დიახ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ [იესო ქრისტესთან] ერთად ვიტანჯოთ და გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა დღეს, რათა თავის დროზე განვდიდდეთ და შევასრულოთ ის, რასაც ახლა ვქადაგებთ. ჩვენ მოწოდებულები ანუ ცხებულები ვართ არა იმიტომ, რომ მივიღოთ პატივი და მოვიხვეჭოთ სიმდიდრე, არამედ იმიტომ, რომ თავი არ დავზოგოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის“.
ბიბლიის ამ მკვლევარებს სრული საფუძველი ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ საჭირო იყო სასიხარულო ცნობის ქადაგება. ქადაგების საქმე პირველი საუკუნის ქრისტიანებს დაევალათ და დღემდე ის ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის მოვალეობაა (მათ. 24:14; 28:19, 20; საქ. 1:8). მაგრამ, რა მიზანი ჰქონდა რასელისა და „საგუშაგო კოშკის“ მკითხველების ქადაგებას? მხოლოდ ის, რომ ბიბლიური ლიტერატურა გაევრცელებინათ და ეკლესიის წევრების ყურადღება ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე გადაეტანათ?
„თქვენ უნდა დატოვოთ ის“
დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ჩაიწერა გაფრთხილება: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“. საიდან უნდა გამოსულიყვნენ ისინი? „დიდი ბაბილონიდან, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედისგან“ (გამოცხ. 17:5; 18:4). რატომ უნდა გამოსულიყვნენ ბაბილონიდან? იმიტომ, რომ „მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები“ (გამოცხ. 18:5). ვინ არის მეძავთა დედა, ვისგანაც ხალხი უნდა გამოსულიყო?
მარტინ ლუთერი და სხვა ცნობილი რეფორმატორები კათოლიკურ ეკლესიას და პაპობას დიდ ბაბილონთან აიგივებდნენ. მაგრამ, რის თქმა შეიძლება პროტესტანტულ ეკლესიებზე, რომლებიც რეფორმაციის შემდეგ წარმოიშვნენ? მართალია, მათ პაპის უფლებამოსილება უარყვეს, მაგრამ ზოგი მათგანი დიდად არ განსხვავდებოდა კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურისგან და მის მსგავსად აღიარებდა სამების, სულის უკვდავებისა და მარადიული სატანჯველის შესახებ არაბიბლიურ სწავლებებს. ამ მიზეზის გამო ზოგი მქადაგებელი ხალხს მოუწოდებდა, რომ გამოსულიყვნენ არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიიდან, არამედ ძირითადი პროტესტანტული ეკლესიებიდანაც.
რასელსა და მის თანამოაზრეებსაც ესმოდათ, რომ ეს სახელგატეხილი მეძავი მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას არ წარმოადგენდა. 1879 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დიდი ბაბილონი გაიგივებული იყო „პაპობასთან, როგორც სისტემასთან“, თუმცა სტატიაში ისიც იყო ნათქვამი: „ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ და დიდ ბაბილონს უნდა მივაკუთვნოთ სხვა რელიგიებიც (და არა მათი ცალკეული წევრები), რომლებიც გაერთიანებულნი არიან მსოფლიოს სამეფოებთან. ნებისმიერი ეკლესია, რომელიც აცხადებს, რომ უმანკოა და ქრისტეზეა დანიშნული, მაგრამ საქმეებით ქვეყნიერებასთან (მხეცთან) არის გაერთიანებული და მისი მხარდაჭერით სარგებლობს, ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, არის მეძავი ეკლესია და ჩვენ უნდა განვსაჯოთ ის“.
რისკენ მოუწოდებდა „საგუშაგო კოშკი“ მკითხველს? რასელი წერდა: „თუ ეკლესია, რომელსაც თქვენ მიეკუთვნებით, მეძაობს ამ ქვეყნიერებასთან, თქვენ უნდა დატოვოთ ის, თუ გინდათ, რომ თეთრი, წაუბილწველი ტანსაცმელი შეინარჩუნოთ“. რასელსა და მის თანამოაზრეებს იმ დროს სრულად არ ესმოდათ, რამხელა გავლენა ჰქონდა დიდ ბაბილონს. მიუხედავად ამისა, „საგუშაგო კოშკში“ მოწოდება იყო, რომ კავშირი გაეწყვიტათ საეკლესიო სისტემასთან, რომელიც გახრწნილი და ქვეყნიური იყო (იოან. 18:36).
„მასში ჩაწერილმა ჭეშმარიტებამ მაშინვე დაიპყრო ჩემი გული“
1886 წელს ჭეშმარიტების გაცხადებას დიდად შეუწყო ხელი რასელის დაპირებული მრავალტომიანი წიგნის „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ პირველი ტომის გამოცემამ. ამ ტომის სათაური იყო „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“. მასში განხილული იყო 16 საკითხი, რომელთაგან ზოგი ქვემოთ არის მოყვანილი: „ყოვლადბრძენი შემოქმედის არსებობა დამტკიცებულია“, „ბიბლია — ნათელი გონებით დანახული ღვთიური გამოცხადება“, „ჩვენი უფლის დაბრუნება ყოველივეს აღსადგენად“ და „ითვალისწინებდა ღვთის გეგმა ბოროტების დაშვებას?“. მთლიანობაში რასელმა წიგნის, „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“, ექვსი ტომი დაწერა.f
სიკვდილმა ხელი შეუშალა რასელს დაპირებული მეშვიდე ტომის გამოცემაში, თუმცა მის მიერ დაწერილი ექვსი ტომი ფართოდ გავრცელდა და ბევრ გულმართალ ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების დანახვაში. «თქვენი წიგნი „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“ გასულ შემოდგომას ჩამივარდა ხელში, — დაწერა ერთმა ქალბატონმა 1889 წელს. — არც კი ვიცოდი, თუ ასეთი ნაშრომი არსებობდა. ის შაბათ საღამოს მივიღე და მაშინვე შევუდექი კითხვას. თავიდან ბოლომდე ისე წავიკითხე, თითქმის არ შემისვენია. მასში ჩაწერილმა ჭეშმარიტებამ მაშინვე დაიპყრო ჩემი გული. დაუყოვნებლივ დავტოვე პრესვიტერიანული ეკლესია, სადაც ამდენი ხნის მანძილზე სიბნელეში ხელისცეცებით ამაოდ ვეძებდი ჭეშმარიტებას».
იმ დროს ეკლესიის დატოვება დიდ სიმამაცეს მოითხოვდა. ამის მაგალითია მანიტობაში (კანადა) მომხდარი შემთხვევა. ერთმა ქალმა 1897 წელს წაიკითხა წიგნი „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“. თავიდან მას სურდა დარჩენილიყო თავის ეკლესიაში და საკვირაო სკოლაში ესწავლებინა. თუმცა 1903 წელს გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეკლესია. ის წამოდგა და იქ შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ ეკლესიაში დარჩენას აღარ აპირებდა. ერთი მეზობელი (იმ დროს პატარა დასახლებებში მეზობლების აზრს დიდ ყურადღებას აქცევდნენ) არწმუნებდა ამ ქალს, რომ ეკლესიაში დაბრუნებულიყო. მაგრამ ქალი მტკიცედ იდგა თავის აზრზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო ბიბლიის მკვლევართა არც ერთი კრება არ იყო. მისმა შვილმა მოგვიანებით აღწერა დედის მდგომარეობა: „არც ჯგუფის მსახური [უხუცესი] იყო, რომ მხარი დაეჭირა მისთვის და არც კრებები ტარდებოდა. იყო მხოლოდ მოდრეკილი გული, გაცრეცილი ბიბლია და ლოცვაში გატარებული მრავალი საათი“.
რატომ ეხებოდა ადამიანთა გულებს „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“, „საგუშაგო კოშკი“ და საზოგადოების მიერ გამოცემული სხვა პუბლიკაციები და რატომ უბიძგებდა მათ, ასეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ? ბიბლიური სწავლებების ახსნისადმი რასელის მიდგომა სრულიად განსხვავდებოდა მის თანამედროვეთა მიდგომისგან. მას სწამდა, რომ ბიბლია არის ღვთის უშეცდომო სიტყვა და მისი სწავლებები ურთიერთთანხმობაშია. ამიტომ, თუ ბიბლიის რომელიმე ადგილი ძნელად გასაგები იყო, რასელი ფიქრობდა, რომ მას შთაგონებული სიტყვის სხვა ადგილი მოჰფენდა ნათელს. ის არ ცდილობდა, რომ ბიბლიის მონაკვეთების თავისეული ახსნა მისი თანამედროვე თეოლოგების ან ეგრეთ წოდებული ადრეული ეკლესიის მამების აზრებით გაემყარებინა. „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ I ტომში ის წერდა: „ჩვენი აზრით, ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები იმაში ცდებიან, რომ სწამთ ესა თუ ის სწავლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის სწამდათ მათ, ვისაც ისინი ენდობიან . . . ჭეშმარიტების მაძიებლებმა უნდა გადაღვარონ თავიანთი ჭურჭლიდან ტრადიციებით დაბინძურებული წყალი და ის ჭეშმარიტების ანკარა წყაროდან — ღვთის სიტყვიდან უნდა აავსონ“.
ჭეშმარიტებას მოწყურებული სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეხმაურებოდა იმას, რასაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში კითხულობდნენ; ამიტომ ალეგანიში საჭირო გახდა ზოგიერთი ცვლილების მოხდენა.
ბიბლიის სახლის მთავარი სამმართველო
ბიბლიის მკვლევარები, რომლებიც ალეგანიში „საგუშაგო კოშკს“ გამოსცემდნენ, უფლის საქმის კეთებაში გამოცდილები იყვნენ და ყველა კრება მათგან ელოდებოდა ხელმძღვანელობას. თავიდან მათი მთავარი სამმართველოს ოფისები მდებარეობდა პიტსბურგში, მეხუთე ავენიუს 101-ში, მოგვიანებით კი — ალეგანიში, ფედერალ-სტრიტის 44-ში. მაგრამ 1880-იანი წლების მიწურულს ეს შენობები საკმარისი აღარ იყო, ამიტომ რასელმა უფრო დიდი შენობების აგება გადაწყვიტა. 1889 წელს ალეგანიში, არჩ-სტრიტის 56—60-ში დასრულდა ოთხსართულიანი აგურის შენობის მშენებლობა, რომელიც 34 000 ამერიკული დოლარი დაჯდა და ცნობილი გახდა, როგორც ბიბლიის სახლი. საზოგადოების მთავარი სამმართველო იქ დაახლოებით 19 წელი მუშაობდა.
ბიბლიის სახლის თანამშრომელთა პატარა ოჯახი 1890 წლისთვის რამდენიმე ასეულ ადამიანს ემსახურებოდა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საქმიანობაში. მაგრამ მომდევნო ათი წლის მანძილზე ამ საქმიანობისადმი ინტერესი გაიზარდა. „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული არასრული ანგარიშის თანახმად, 1899 წლის 26 მარტს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო 339 ადგილას ჩატარდა და მას 2 501 ადამიანი დაესწრო. მაგრამ რა დაეხმარებოდა ბიბლიის მკვლევართა ამ მზარდ ჯგუფს ერთიანობის შენარჩუნებაში?
ერთიანობის შენარჩუნება მზარდ სამწყსოში
ჩარლზ რასელი მოუწოდებდა „საგუშაგო კოშკის“ მკითხველებს, ერთად შეკრებილიყვნენ და ჩამოეყალიბებინათ დიდი თუ პატარა ჯგუფები, რომ ერთმანეთი სულიერად განემტკიცებინათ. ბიბლიური რჩევები მათ „საგუშაგო კოშკის“ მეშვეობით მიეწოდებოდათ. ამასთანავე, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველო გზავნიდა თავის მიმომსვლელ წარმომადგენლებს, რათა ჯგუფებთან კავშირი ჰქონოდა და ისინი სულიერად გაეძლიერებინა.
გარდა ამისა, დროდადრო ტარდებოდა დიდი შეხვედრები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსული ბიბლიის მკვლევარები ესწრებოდნენ. 1886 წლის მარტის „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა მკითხველს: „ეს არის სპეციალური მოწვევა მათთვის, ვისაც შეუძლია მოსვლა“. რა იყო ეს შეხვედრა? ეს იყო უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად გამართული ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ჩატარდებოდა ალეგანიში 1886 წლის 18 აპრილს, კვირა დღეს. აგრეთვე გახსენების საღამოს მომდევნო კვირაში საღამოობით სხვა სპეციალური შეხვედრები იგეგმებოდა. ალეგანიში მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევარებმა ყოველგვარი საფასურის გარეშე სიამოვნებით მიიღეს ჩამოსული სტუმრები თავიანთ სახლებში. შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე ეს შეხვედრები ალეგანიში ტარდებოდა.
1890-იანი წლების მიწურულს მრავალ ადგილას გაეწია ორგანიზება დიდ შეხვედრებს, ანუ კონგრესებს, სადაც ჩარლზ რასელი ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით. რა შთაბეჭდილებას ტოვებდა ის მსმენელზე?
რალფ ლეფლერი, რომელმაც რასელის მოხსენება მოისმინა, იხსენებდა: „აუდიტორიის წინაშე ის ყოველთვის გრძელი შავი ლაბადითა და თეთრი ჰალსტუხით გამოდიოდა. მას არ ჰქონდა მაღალი ხმა. იმ დროს არ იყო გამოგონებული არც მიკროფონი და არც ხმის გამაძლიერებელი, მაგრამ მისი სიტყვები დარბაზის ბოლოშიც კი ყოველთვის ისმოდა. მას შეეძლო, მიეპყრო აუდიტორიის ყურადღება არა ერთი საათით, არამედ ორი ან სამი საათითაც კი. აუდიტორიისთვის მისალმების ნიშნად ის ლექციებს ყოველთვის თავის დაკვრით იწყებდა. ლაპარაკის დროს ის ძეგლივით არ იდგა ერთ ადგილას, არამედ განუწყვეტლივ მოძრაობდა, ჟესტიკულირებდა და სცენაზე მიმოდიოდა. არასდროს მინახავს მის ხელში ჩანაწერი ან ლექციის ტექსტი. მას მხოლოდ ბიბლია ეჭირა, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებდა. ის მთელი გულით და დამაჯერებლად ლაპარაკობდა. სცენაზე, ჩვეულებრივ, მხოლოდ პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც ეწყო ბიბლია, გრაფინი და ჭიქა, საიდანაც მომხსენებელი დროდადრო წყალს სვამდა“.
ეს პირველი დიდი შეხვედრები დამსწრეთა თბილ ურთიერთობასა და სულიერ გამოცოცხლებას ემსახურებოდა. ისინი ხელს უწყობდა ბიბლიის მკვლევართა ერთობასა და ბიბლიის ჭეშმარიტების გაცხადებას. მაგრამ 1890-იანი წლების მიწურულს ბიბლიის მკვლევარებმა დაინახეს, რომ ჭეშმარიტების გასავრცელებლად უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო, თუმცა მაშინ ისინი ჯერ კიდევ ცოტანი იყვნენ. არსებობდა კიდევ სხვა საშუალება, რითაც მილიონობით ადამიანამდე მიიტანდნენ ამ ცნობას? დიახ, ასეთი საშუალება არსებობდა!
„სახარების ქადაგება გაზეთებით“
XIX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში სატელეგრაფო ხაზები გაიყვანეს. სატელეგრაფო კავშირი სწრაფი იყო და იაფი. მან პრესაში რევოლუცია მოახდინა. ახალი ამბები სწრაფად გადაეცემოდა შორ მანძილებზე და გაზეთებში იბეჭდებოდა. XX საუკუნის დასაწყისში რასელი და მისი თანამოაზრენი მიხვდნენ, რომ გაზეთების მეშვეობით ფართო მასებთან შეეძლოთ დაკავშირება. მოგვიანებით რასელმა აღნიშნა: „გაზეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცივილიზებული მსოფლიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
„საგუშაგო კოშკის“ 1904 წლის 1 დეკემბრის ნომერში გაკეთებული იყო განცხადება, რომ რასელის ქადაგებები სამ გაზეთში იბეჭდებოდა. „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრის ერთ-ერთი ქვესათაური, „სახარების ქადაგება გაზეთებით“, იუწყებოდა: «ქადაგებები, რომლებიც მილიონობით დაიბეჭდა, ფართოდ გავრცელდა და მათგან რამდენიმე მაინც გამოიღებს შედეგს. თუ უფალი ინებებს, სასიხარულო იქნება იმის დანახვა, რომ ეს „კარი“ არ დაიკეტება და უფრო ფართოდაც კი გაიღება». „გაზეთებით სახარების ქადაგებას“ მართლაც რომ ფართო კარი გაეღო. გამოთვლის თანახმად, 1913 წლისთვის რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა და მათ 15 000 000 ადამიანი კითხულობდა!
როგორ ახერხებდა რასელი ქადაგებების ყოველკვირეულად გამოქვეყნებას, როცა ამდენს მოგზაურობდა? ყოველ კვირას ის ტელეგრაფით აგზავნიდა ქადაგებას (გაზეთის გვერდის დაახლოებით ორი სვეტი) ბეჭდვითი სიტყვის სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ ამ ქადაგებას ტელეგრაფით გზავნიდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის გაზეთების რედაქციებში.
რასელი დარწმუნებული იყო, რომ უფალმა გაზეთებით ქადაგების კარი ფართოდ გააღო. XX საუკუნის პირველი ათი წლის მანძილზე გაზეთების დახმარებით ბიბლიის ცნობა, რომელსაც რასელი და მისი თანამოაზრეები აუწყებდნენ, საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ერთ გამოცემაში რასელის შესახებ ნათქვამი იყო: „ფაქტები მეტყველებს, რომ ყოველკვირა რასელის საგაზეთო სტატიების ტირაჟი ბევრად აღემატება სხვა ნებისმიერი ავტორის სტატიების ტირაჟს; მისი სტატიები უფრო მეტად იბეჭდება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ყველა მღვდლისა და მქადაგებლის სტატიები ერთად აღებული“ (The Continent).
ბრუკლინში გადასვლა
გაზეთებით ქადაგება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ ბიბლიის მკვლევარებმა დაიწყეს ახალი ადგილის ძებნა, სადაც დაიწერებოდა და საიდანაც გავრცელდებოდა ქადაგებები. ალეგანიში მდებარე ბიბლიის სახლი უკვე საკმარისი აღარ იყო. ამასთანავე, ფიქრობდნენ, რომ, თუ რასელის ქადაგებები უფრო დიდი და ცნობილი ქალაქიდან გავრცელდებოდა, მათ უფრო მეტი გაზეთი დაბეჭდავდა. რომელ ქალაქზე გაკეთდა არჩევანი? 1908 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «ღვთის ხელმძღვანელობით, ჩვენ ერთსულოვნად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბრუკლინი (ნიუ-იორკის შტატი), სადაც ძირითადად საშუალო ფენის ხალხი ცხოვრობს და რომელიც „ეკლესიების ქალაქად“ არის ცნობილი, ყველაზე შესაფერისი ადგილია იმისთვის, რომ თვალყური ვადევნოთ მკის საქმეს დარჩენილი რამდენიმე წლის განმავლობაში».
1908 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის იურისკონსულტი ჯოზეფ რუტერფორდი, ქალაქ ნიუ-იორკში მივლინებით გაემგზავრა. მათი მიზანი იყო იმ უძრავი ქონების შეძენა, რომელიც ჩარლზ ტეიზ რასელმა შეარჩია თავისი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს. მათ იყიდეს ძველი „პლიმუთის ბეთელი“, რომელიც ბრუკლინში ჰიქს-სტრიტის 13—17-ში მდებარეობდა. ეს შენობა ეკუთვნოდა ახლომდებარე პლიმუთის კონგრეგაციონალური ეკლესიის წარმომადგენლობას, სადაც ოდესღაც ჰენრი უორდ ბიჩერი მსახურობდა პასტორად. აგრეთვე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლებმა კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში შეიძინეს ბიჩერის ყოფილი ოთხსართულიანი სახლი, რომელიც „პლიმუთის ბეთელიდან“ რამდენიმე კვარტალში მდებარეობდა.
ჰიქს-სტრიტზე მდებარე შენობა გადააკეთეს და „ბრუკლინის კარავი“ უწოდეს. მასში განთავსებული იყო საზოგადოების სამუშაო ოფისები და დარბაზი. კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარე ბიჩერის ყოფილი სახლის ძირფესვიანი გადაკეთების შემდეგ, მასში „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველო გადავიდა. რა დაარქვეს ამ სახლს? 1909 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «ამ ახალ სახლს დავარქვით „ბეთელი“ [რაც ნიშნავს „ღვთის სახლს“]».g
ბრუკლინში გადასვლამ მართლაც გაამართლა მოლოდინი და „გაზეთებით სახარების ქადაგებამ“ ფართო მასშტაბები შეიძინა. მაგრამ ეს არ იყო ფართო მასებთან დასაკავშირებელი ერთადერთი საშუალება.
სასიხარულო ცნობის ქადაგება ფართო მასშტაბებს იძენს
1912 წელს რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ახალი საგანმანათლებლო კამპანია წამოიწყეს. იმ დროისთვის ეს გაბედული, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმარებოდა. ეს იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც შედგებოდა მოძრავი სურათებისა და სლაიდებისგან, გაფორმებული იყო მუსიკით და ფირფიტაზე ჩაწერილი მოხსენებებით. ის რვა საათი გრძელდებოდა და ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი. გარდა ამისა, მომზადდა „ევრიკადრამა“, რომელიც ან მოხსენების ჩანაწერისა და მუსიკისგან შედგებოდა, ან მოხსენების ჩანაწერისა და სლაიდებისგან. მართალია „ევრიკადრამა“ არ შეიცავდა მოძრავ სურათებს, მაგრამ ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიებზე მას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
წარმოიდგინეთ ისტორიული სურათი: იდგა 1914 წლის იანვარი, უხმო კინოს ერა.h ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში 63-ე ქუჩაზე მდებარე შენობაში, „ტემპლში“, 5 000 ადამიანი შეკრებილიყო. ბევრი ადგილის გარეშე დარჩა. რა შეხვედრა იყო ეს? მიმდინარეობდა „შემოქმედების ფოტოდრამის“ პრემიერა. აუდიტორია დიდ ეკრანს მისჩერებოდა. როცა ისინი მოძრავ სურათებს უყურებდნენ და ხმას ისმენდნენ, მათ თვალწინ საოცარი რამ მოხდა. ეკრანზე 60 წელს გადაცილებული ჩარლზ ტეიზ რასელი გამოჩნდა. მისი ტუჩები ამოძრავდა და გაისმა მისი ხმა! წარმოდგენის დროს, გახმოვანებული ტექსტის, ფერადი გამოსახულებებისა და მუსიკის თანხლებით, მაყურებელმა დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლომდე პერიოდში იმოგზაურა. გარდა ამისა, ისინი (სპეციალური, აჩქარებული კადრების მეშვეობით) კიდევ ერთი შთამბეჭდავი სანახაობის მოწმენი გახდნენ — მათ თვალწინ გაიშალა ყვავილი და კვერცხიდან გამოიჩეკა წიწილა!
1914 წლის ბოლოსთვის „ფოტოდრამა“ მილიონობით ადამიანმა ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. საკმაოდ მოკლე დროში „ფოტოდრამამ“ მართლაც მიაღწია ფართო მასებამდე.
ამასობაში, ახლოვდებოდა 1914 წლის ოქტომბერი. რასელი და მისი თანამოაზრეები არაერთი ათწლეული აცხადებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დრო 1914 წელს დასრულდებოდა. ისინი გრანდიოზულ მოვლენებს ელოდებოდნენ. რასელი კრიტიკულად უდგებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც უფლის მოსვლის დროდ სხვადასხვა თარიღს ასახელებდნენ; მაგალითად, უილიამ მილერსა და ზოგ ადვენტისტურ მიმდინარეობას. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნელსონ ბარბორთან თანამშრომლობდა, რასელი დარწმუნებული იყო დროების შესახებ ზუსტი ბიბლიური წინასწარმეტყველებების არსებობაში, რაც მიუთითებდა, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დრო 1914 წელს დამთავრდებოდა.
ამ მნიშვნელოვანი წლისგან ბიბლიის მკვლევარები ბევრს ელოდნენ. მაგრამ ყველა მათი მოლოდინი არ იყო წმინდა წერილებზე დაფუძნებული. რა უნდა მომხდარიყო ამ წელს?
[სქოლიოები]
a 1906 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 229.
b არც ბარბორი და არც რასელი არ იყვნენ პირველები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უფალი უხილავად დაბრუნდებოდა. ისააკ ნიუტონმა (1642—1727) დიდი ხნით ადრე დაწერა, რომ ქრისტე დაბრუნდებოდა და „მოკვდავთათვის უხილავად“ იმეფებდა. 1856 წელს ჯოზეფ საისი, ლუთერანული ეკლესიის მღვდელი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი), წერდა, რომ ქრისტეს დაბრუნება ორ ეტაპად მოხდებოდა — პარუსია ანუ მოსვლა უხილავი იქნებოდა, რასაც ხილული მოვლენები მოჰყვებოდა. შემდეგ 1864 წელს ბენჯამინ უილსონმა გამოაქვეყნა სტრიქონობრივი თარგმანი „ემფატიკ დიაგლოტი“, რომელშიც სიტყვა პარუსია გადმოტანილია როგორც „მოსული იქნებოდა“ და არა როგორც „მოსვლა“; ბ. უ. კიტმა, რომელიც ბარბორის მომხრე იყო, ბარბორსა და მის თანამოაზრეებს სწორედ ამაზე გაამახვილებინა ყურადღება.
c ბიბლიური ქრონოლოგიის უფრო ნათელი ახსნა მოგვიანებით გამოქვეყნდა. იხილეთ ამავე წიგნის მე-10 თავი სათაურით „ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მატება“.
d გამოთქმა „საგუშაგო კოშკი“ არც მხოლოდ რასელის გამოცემებში გვხვდება და მას არც მხოლოდ იეჰოვას მოწმეები იყენებენ. ჯორჯ სტორზმა 1850-იან წლებში გამოსცა წიგნი „საგუშაგო კოშკი — გარდაცვლილები და მომავალი ცხოვრების იმედი“. გამოთქმა „საგუშაგო კოშკს“ ზოგიერთი რელიგიური პერიოდიკის სახელწოდებაც შეიცავდა. ის მიუთითებს სიფხიზლის შენარჩუნებასა და ღვთის განზრახვების შესრულებისთვის თვალყურის დევნებაზე (ეს. 21:8, 11, 12; ეზეკ. 3:17; აბაკ. 2:1).
e თუ მითითებული არ არის, რომელ ენაზეა პუბლიკაცია გამოცემული, იგულისხმება ინგლისური.
f ესენია: ტომი II, „დანიშნული დრო ახლოს არის“ (1889); ტომი III, „მოვიდეს შენი სამეფო“ (1891); ტომი IV, „შურისძიების დღე“ (1897, მოგვიანებით ეწოდა „არმაგედონის ბრძოლა“); ტომი V, „ღვთისა და ადამიანის შერიგება“ (1899) და ტომი VI, „ახალი ქმნილება“ (1904). როდესაც „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟს“ შეეცვალა სახელი და გახდა „საღვთო წერილის გამოკვლევა“, პირველ ტომს დაერქვა „სერია I“, მეორე ტომს — „სერია II“ და ა. შ. დაახლოებით 1904 წლის ოქტომბრიდან ახალი სახელწოდებით ეს წიგნი მცირე ტირაჟით გამოდიოდა, დიდი ტირაჟით მისი გამოცემა 1906 წლიდან დაიწყო.
g მოგვიანებით ბეთელის სახლი გაფართოვდა — შეიძინეს გვერდით მდებარე შენობა კოლუმბია-ჰაიტსის 122-ში; 1911 წელს კი ბეთელის სახლს უკან ახალი საცხოვრებელი შენობა მიამატეს.
h მართალია, მცდელობა უფრო ადრე იყო, მაგრამ ხმოვანი კინოს ერა დაიწყო 1926 წლის აგვისტოში, როცა შედგა ფილმის „დონ ჟუანის“ პრემიერა (გაფორმებული იყო მუსიკით, ოღონდ სიტყვები არ ჰქონდა); შემდეგ 1927 წლის მიწურულს გამოვიდა ფილმი „ჯაზის მომღერალი“ (სიტყვებით).
[ჩანართი 51 გვერდზე]
„მოწოდებულნი ვართ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“
[ჩარჩო⁄სურათი 44 გვერდზე]
„მკამდე ერთად იზარდონ“
რა დაემართა ჭეშმარიტ ქრისტიანობას პირველი საუკუნის შემდეგ? იესომ მაგალითის მეშვეობით გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ ეშმაკი „სარეველას“ — ცრუქრისტიანებს — ჩათესავდა „ხორბალში“ — ჭეშმარიტ ქრისტიანებში ანუ „სამეფოს ძეებში“. ორივე ერთად გაიზრდებოდა „მკამდე“ ანუ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე“ (მათ. 13:24—30, 36—43). დიდი განდგომილების განმავლობაში, რომელიც მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაიწყო, „სარეველა“ მრავალი საუკუნის მანძილზე მძლავრობდა.
რა მოუვიდა „ხორბალს“? ვინ იყვნენ დიდი განდგომილების განმავლობაში „სამეფოს ძეები“? ჩვენ არ შეგვიძლია ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. როგორც ფიქრობენ, იესოს მიერ იგავში მოხსენიებული სარეველა არის ჩვეულებრივი ღვარძლი, რომელიც არაფრით განსხვავდება ჯეჯილისგან. მაგრამ შემოსული ხორბლისგან სარეველა უკვე ძალიან განსხვავდება, რადგან შავი პატარა თესლი აქვს. მსგავსად, მხოლოდ „მკის“ დროს იქნებოდა შესაძლებელი ცრუქრისტიანების „სამეფოს ძეებისგან“ გამორჩევა. ამიტომ იესომ თქვა: „მკამდე ერთად იზარდონ“. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანობა სრულად არასდროს ყოფილა განადგურებული.
საუკუნეების განმავლობაში განდგომილების მიუხედავად, ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჭეშმარიტება. მაგალითად, ჯონ უიკლიფი (დაახლ. 1330—1384) და უილიამ ტინდალი (დაახლ. 1494—1536) თავიანთი სიცოცხლისა და თავისუფლების დაკარგვის რისკის მიუხედავად მუშაობდნენ ბიბლიის თარგმანზე. ვოლფგანგ ფაბრიციუს კაპიტო (1478—1541), მარტინ სელერიუსი (1499—1564), იოჰანეს კამპანესი (დაახლ. 1500—1575) და ტომას ემლენი (1663 — დაახლ. 1741) ღვთის სიტყვად აღიარებდნენ ბიბლიას და უარყოფდნენ სამების დოგმატს. ჰენრი გრუ (1781—1862) და ჯორჯ სტორზი (1796—1879) არა მარტო აღიარებდნენ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, და უარყოფდნენ სამების დოგმატს, არამედ მადლიერებასაც გამოხატავდნენ ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდისთვის.
თუმცა ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები არიან იესოს იგავში მოხსენიებული „ხორბალი“, მაგრამ იმის თქმა უდავოდ შეგვიძლია, რომ „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19).
[ჩარჩო 45 გვერდზე]
ჯორჯ სტეტსონი — „გამორჩეული უნარის მქონე კაცი“
ჩარლზ რასელი დიდად მადლიერი იყო ედინბოროში (პენსილვანიის შტატი) მცხოვრები ჯორჯ სტეტსონის, რომელიც მას წმინდა წერილების შესწავლაში დაეხმარა. 64 წლის სტეტსონი 1879 წლის 9 ოქტომბერს დაიღუპა. „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო თვის ნომერში მის შესახებ ნეკროლოგი გამოქვეყნდა, საიდანაც კარგად ჩანდა, თუ რა დიდ პატივს სცემდა მას 27 წლის რასელი. „ჩვენი ძმა გამორჩეული უნარის მქონე კაცი იყო, — წერდა რასელი. — მას შეეძლო ქვეყნიერებაში წარმატებისთვის მიეღწია და დიდი პოლიტიკოსის სახელიც დაეტოვებინა, მაგრამ ქრისტეს შესახებ ქადაგებისთვის მან ამ ყველაფერზე უარი თქვა“. სტეტსონის უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ მის დაკრძალვაზე რასელს ქადაგება წარმოეთქვა. რასელმა შეასრულა მისი თხოვნა. „ქადაგება დაკრძალვაზე მოსულმა დაახლოებით ათას ორასმა ადამიანმა მოისმინა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ჩვენს ძმას ძალიან აფასებდნენ“, — დაწერა რასელმა (1879 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“).
[ჩარჩო⁄სურათი 46 გვერდზე]
ჯორჯ სტორზი — „მეგობარი და ძმა“
ჩარლზ რასელი ბევრ რამეში უმადლოდა ჯორჯ სტორზს, რომელიც მასზე 56 წლით უფროსი იყო. რასელმა ბევრი რამ გაიგო სტორზისგან იმასთან დაკავშირებით, რომ სული კვდება. 1879 წლის მიწურულს, როცა სტორზი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა, რასელმა შესთავაზა, რომ მისი მდგომარეობის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ დაწერდა. «ჩვენი ძმა, — წერდა რასელი, — რომელიც დიდი ხანია ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარის“ რედაქტორია, მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. სერიოზული ავადმყოფობის გამო ის იძულებულია, შეწყვიტოს ჟურნალის გამოცემა». რასელის აზრით, სტორზს „ბევრი მიზეზი ჰქონდა, ღვთის მადლობელი ყოფილიყო, რომლის წყალობითაც მან თავისი ცხოვრების გრძელი გზა ღვთისადმი მსახურებას მიუძღვნა“. სტორზი 1879 წლის 28 დეკემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ 1880 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ ქრისტეში ჩვენი მეგობრისა და ძმის დაკარგვის გამო, ოღონდ არა სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“.
[სურათი]
ჯორჯ სტორზი
[ჩარჩო⁄სურათი 48 გვერდზე]
«„მაცნეს“ თქვენ გიტოვებთ»
1879 წლის გაზაფხულზე ჩარლზ ტეიზ რასელმა ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა ჟურნალ „დილის მაცნეს“, რომელსაც ის ნელსონ ბარბორთან ერთად გამოსცემდა. ბარბორისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1879 წლის 3 მაისით, რასელი თავისი წასვლის მიზეზს ხსნის: „ჩვენი მამის სიტყვაში მოცემულ სწავლებაზე [გამოსასყიდის შესახებ] ჩვენი აზრები განსხვავდება და თუმცა პატივს ვცემ თქვენს გულწრფელ და პატიოსან შეხედულებას, რომელსაც არ ვიზიარებ, მე უნდა ვიხელმძღვანელო ჩვენი მამის სიტყვის ჩემეული გაგებით და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თქვენ ცდებით . . . ის საკითხები, რომლებშიც ჩვენი შეხედულებები განსხვავდება, იმდენად ძირეულად და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ შეუძლებელია ჩვენ შორის ის ერთსულოვნება და ურთიერთგაგება დარჩეს, რაც ჟურნალებისა თუ გაზეთების გამომცემლებსა და რედაქტორებს შორის არის. ვინაიდან საქმე ასე წარიმართა, საჭიროდ ვთვლი ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტას“.
მომდევნო წერილში, რომელიც 1879 წლის 22 მაისით არის დათარიღებული, რასელი წერდა: «„მაცნეს“ თქვენ გიტოვებთ. მივდივარ რედაქციიდან და თქვენგან არაფერს ვითხოვ . . . გთხოვთ, „მაცნის“ შემდეგ ნომერში გამოაქვეყნოთ ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და ჩემი სახელი ამოშალოთ». 1879 წლის ივნისის ნომრიდან დაწყებული რასელი მეტად აღარ მოიხსენიებოდა „მაცნის“ რედაქტორის მოადგილედ.
ბარბორი „მაცნეს“ 1903 წლამდე გამოსცემდა. ბიბლიოთეკაში არსებული ჩანაწერის თანახმად, ამ წელს ჟურნალის გამოცემა შეწყდა. რამდენიმე წელიწადში, კერძოდ 1906 წელს, ბარბორი გარდაიცვალა.
[სურათი 48 გვერდზე]
ნელსონ ბარბორი
[ჩარჩო 54 გვერდზე]
რატომ უწოდებდნენ რასელს პასტორს?
ჩარლზ ტეიზ რასელს თანამოაზრეები პასტორს უწოდებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ რასელი ღვთის სამწყსოს მწყემსავდა. „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ეფესოელების 4:11-ში ნათქვამია, რომ ქრისტემ თავის კრებაში ზოგი „პასტორად“ ანუ „მწყემსად“ დანიშნა. ძმა რასელი ქრისტიანულ კრებაში მართლაც სულიერ მწყემსად მსახურობდა.
იმის გათვალისწინებით, რომ უფროსი მწყემსის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით რასელი სამწყემსო საქმეს ასრულებდა, ზოგმა კრებამ ხმის მიცემით ის თავის პასტორად აირჩია. ეს სახელი რასელმა საკუთარ თავს თვითონ არ უწოდა. 1882 წელს პირველად პიტსბურგის (პენსილვანიის შტატი) კრებამ აირჩია რასელი თავის პასტორად. მას შემდეგ ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დაახლოებით 500 კრებაში აირჩიეს პასტორად.
იმ დროს, ჩვეულებრივ, კრება ყოველ წელს ხმის მიცემით ირჩევდა კრების თავმჯდომარეს. დღეს იეჰოვას მოწმეებში უხუცესებს ადგილობრივი კრება კი არ ირჩევს, არამედ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო ნიშნავს. გარდა ამისა, მოწმეები სიტყვა „პასტორს“ ან „უხუცესს“ ტიტულად არ იყენებენ.
[ჩარჩო⁄სურათები 56, 57 გვერდებზე]
„შემოქმედების ფოტოდრამა“
„შემოქმედების ფოტოდრამა“ შედგებოდა მოძრავი სურათებისა და სლაიდებისგან, რომელთა პარალელურად ხმაც ისმოდა. ამ გასაოცარი წარმოდგენის დროს მაყურებლის თვალწინ გადიოდა პერიოდი, რომელიც იწყებოდა დედამიწის შექმნით და მთავრდებოდა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასრულებით.
ამ ოთხნაწილიანი „ფოტოდრამის“ სულ მცირე 20 კომპლექტი გაკეთდა, რაც შესაძლებელს ხდიდა, რომ „ფოტოდრამის“ ესა თუ ის ნაწილი ყოველდღე 80 სხვადასხვა ქალაქში ეჩვენებინათ. ცხადია, ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მატარებლის განრიგი ყოველთვის მოსახერხებელი არ იყო და კრებებს ყოველთვის არ შეეძლოთ სასურველ დღეს შენობის დაქირავება. მიუხედავად ამისა, 1914 წლის ბოლოსთვის „ფოტოდრამას“ მთლიანობაში 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში.
[სურათები]
„ფოტოდრამის“ სცენარი, რომელიც შეიცავდა ლექციებსა და მრავალ ილუსტრაციას
თეატრები, სადაც ყოველდღე აჩვენებდნენ „ფოტოდრამას“
ჩიკაგო
ნიუ-იორკი
კინოპროექტორი
სლაიდების პროექტორი
ფონოგრაფის ფირფიტები
„ფოტოდრამის“ სლაიდები
სარეკლამო ფურცელი
[ჩარჩო 60 გვერდზე]
„დაელოდეთ 1914 წელს!“
როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი გაზეთი იუწყებოდა: «ევროპაში საშინელი ომი გაჩაღდა, რითაც განსაკუთრებული წინასწარმეტყველება სრულდება . . . „დაელოდეთ 1914 წელს!“ — ხმამაღლა გაიძახის ასობით მოგზაური მქადაგებელი, რომლებიც უცნაურ სარწმუნოებას მიჰყვებიან [უკავშირდება რასელს]. მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და აცხადებენ, რომ „მოახლოვდა ღვთის სამეფო“» (The World Magazine, August 30, 1914).
[სურათი 42 გვერდზე]
ჩარლზ ტეიზ რასელი
[სურათი 43 გვერდზე]
ჯოზეფ რასელი, ჩარლზის მამა, ალეგანიში ბიბლიის მკვლევართა ჯგუფის წევრი იყო. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თავის შვილთან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საქმეებში. ჯოზეფ რასელი 1897 წელს გარდაიცვალა
[სურათები 50 გვერდზე]
ბიბლიის მკვლევარებმა ათობით მილიონი ტრაქტატი გაავრცელეს, რომლებშიც ამხელდნენ რელიგიურ სიცრუეს, ხსნიდნენ ბიბლიურ სწავლებებს და ყურადღებას ამახვილებდნენ 1914 წელზე
[სურათი 52 გვერდზე]
ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ ექვსი ტომი (1886—1904); ასევე დაახლოებით 37 წლის მანძილზე წერდა ტრაქტატებს, ბროშურებს და „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს
[სურათი 53 გვერდზე]
მოხსენებით გამოსვლისას ძმა რასელი არ იყენებდა ჩანაწერებს, გამუდმებით ჟესტიკულირებდა და სცენაზე მიმოდიოდა
[სურათები 58 გვერდზე]
გამოთვლის თანახმად, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში დაიბეჭდა და ისინი 15 000 000-მა ადამიანმა წაიკითხა