თავი 4
დიდი განდგომილება ქრისტიანობაში
„ერთია უფალი, ერთია რწმენა“ (ეფეს. 4:5). როცა მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ეს სიტყვები დაწერა (დაახლოებით ახ. წ. 60-61 წელი), მხოლოდ ერთი ქრისტიანული რწმენა არსებობდა. მაგრამ დღეს ბევრია ისეთი რელიგიური მიმდინარეობა, აღმსარებლობა თუ სექტა, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ, თუმცა მათი სწავლებები და ქცევის ნორმები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისინი სრულიად განსხვავდებიან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრებისგან, რომელშიც ერთიანობა სუფევდა. როგორ მოხდა ქრისტიანობის დაყოფა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადავინაცვლოთ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში.
ღვთის მტერი, სატანა, პირველი კრების ჩამოყალიბების დღიდანვე ცდილობდა, დევნის მეშვეობით დაედუმებინა იეჰოვას ქრისტიანი მოწმეები (1 პეტ. 5:8). თავიდან ქრისტიანებს იუდეველები დევნიდნენ, შემდეგ კი — რომის იმპერიის მმართველები. პირველმა ქრისტიანებმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლეს (შეადარეთ გამოცხადების 1:9; 2:3, 19). ამიტომ სატანამ სხვა მეთოდს მიმართა და რამდენადაც დევნით არაფერი გამოუვიდა, ის ქრისტიანულ კრებაში არეულობის შეტანას შეეცადა. ამგვარად, ახალფეხადგმული ქრისტიანული კრების არსებობას შიდა მტერი — განდგომილებაa დაემუქრა.
მაგრამ ქრისტიანებისთვის მოულოდნელი არ იყო კრებაში განდგომილების გამოჩენა. კრების თავმა, ქრისტემ წინასწარ გააფრთხილა თავისი მიმდევრები ამის შესახებ (კოლ. 1:18).
„თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“
„უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან“, — გააფრთხილა იესომ თავისი მიმდევრები (მათ. 7:15). იესომ იცოდა, რომ სატანა შეეცდებოდა კრების დაყოფასა და გახრწნას. ამიტომ თავისი მსახურების დასაწყისშივე გააფრთხილა ისინი, რომ ცრუმასწავლებლები გამოჩნდებოდნენ.
საიდან მოვიდოდნენ ეს ცრუმასწავლებლები? „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან“, — უთხრა პავლე მოციქულმა ეფესოს კრების ზედამხედველებს ახ. წ. 56 წელს. დიახ, კრებაში გამოჩნდებოდნენ მამაკაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებდნენ და თან გაიყოლებდნენ მოწაფეებს (საქ. 20:29, 30). ეს განდგომილები, რომლებიც მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნავდნენ, იმას კი არ დასჯერდებოდნენ, რომ საკუთარი მოწაფეები ეყოლებოდათ, არამედ შეეცდებოდნენ, ქრისტეს მოწაფეებიც თან გაეყოლებინათ.
პეტრე მოციქულმაც (დაახლოებით ახ. წ. 64 წელს) იწინასწარმეტყველა, რომ კრებაში განდგომილება იჩენდა თავს და აღწერა, როგორ იმოქმედებდნენ განდგომილები: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას . . . თავიანთი სიხარბით პირადი გამორჩენისთვის გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით“ (2 პეტ. 2:1, 3). მტრის ბანაკში მყოფი ჯაშუშებისა და მოღალატეების მსგავსად, ეს ცრუმასწავლებლები თავიანთ დამღუპველ შეხედულებებს შეუმჩნევლად ანუ შენიღბული სახით შეიტანდნენ კრებაში.
იესოსა და მოციქულების გაფრთხილებები ამაო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ შიდა განხეთქილება თავიდან უმნიშვნელო იყო, მან მალევე მოიცვა მთელი ქრისტიანული კრება.
„უკვე მოქმედებს“
იესოს სიკვდილიდან ოცი წელიც არ იყო გასული, როცა მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ სატანის ხრიკები — კრებაში განხეთქილება ჩამოეგდო და მორწმუნეები ჭეშმარიტების გზიდან გადაეყვანა — უკვე მოქმედებდა (2 თეს. 2:7). ჯერ კიდევ დაახლოებით ახ. წ. 49 წელს ხელმძღვანელი საბჭოს მიერ კრებებისთვის მიწერილ წერილში ეწერა: „გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიანთი სიტყვებით აგაფორიაქეს და შეეცადნენ თქვენი სულების დანგრევას, თუმცა მათთვის არანაირი მითითება არ მიგვიცია“ (საქ. 15:24). ამგვარად, კრების შიგნით გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც თავიანთ არასწორ შეხედულებებს ავრცელებდნენ; ამ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ, რომ საჭირო იყო, უცხოტომელ ქრისტიანებს წინადაეცვითათ და მოსეს კანონი დაეცვათ (საქ. 15:1, 5).
პირველი საუკუნის მეორე ნახევარში დამღუპველი აზროვნება განგრენასავით გავრცელდა (შეადარეთ 2 ტიმოთეს 2:17). დაახლოებით ახ. წ. 51 წელს თესალონიკის კრებაში ზოგი არასწორად ასკვნიდა, რომ ძალიან ახლოს იყო დრო, როცა ქრისტე მეორედ მოვიდოდა (2 თეს. 2:1, 2). ახ. წ. 55 წლისთვის კორინთის კრების ზოგი წევრი უარყოფდა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანულ სწავლებას (1 კორ. 15:12). დაახლოებით ახ. წ. 65 წელს სხვები აცხადებდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომა უკვე იყო და ეს სიმბოლური გაგებით იმ დროს მცხოვრებ ქრისტიანებზე შესრულდა (2 ტიმ. 2:16—18).
ღვთისგან შთაგონებული არანაირი ჩანაწერი არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქრისტიანულ კრებაში მომდევნო 30 წლის მანძილზე. მაგრამ დაახლოებით ახ. წ. 98 წლისთვის, როცა იოანე მოციქულმა თავისი წერილები დაწერა, უკვე „მრავალი ანტიქრისტე“ იყო გამოჩენილი, რომლებიც უარყოფდნენ, რომ იესო იყო ქრისტე, ღვთის ძე, რომელიც ხორციელად მოვიდა (1 იოან. 2:18, 22; 4:2, 3).
60 წელზე მეტი ხნის მანძილზე მოციქულები ცდილობდნენ, ქრისტიანული კრება განდგომილთა აზროვნებისგან დაეცვათ (2 თეს. 2:7; შეადარეთ 2 იოანეს 9, 10). მაგრამ დაახლოებით ახ. წ. 100 წელს ბოლო მოციქული, იოანე გარდაიცვალა. განდგომილებას, რომელიც მანამდე ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს კრებაში, ახლა ხელს აღარაფერი უშლიდა, რომ სწრაფად გავრცელებულიყო და დაემახინჯებინა ორგანიზაციული სტრუქტურა და სწავლებები.
სამღვდელოება და მრევლი
„თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს და დასძინა: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათ. 23:8, 10). ამიტომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში სამღვდელოების კლასი არ იყო. პირველი ქრისტიანები, როგორც ქრისტეს ცხებული ძმები, ქრისტესთან ერთად ზეცაში იმსახურებდნენ მღვდლებად (1 პეტ. 1:3, 4; 2:5, 9). რაც შეეხებოდა ორგანიზაციულ სტრუქტურას, თითოეულ კრებას ხელმძღვანელობდა უხუცესთა საბჭო ანუ ზედამხედველები.b ყველა უხუცესი თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობდა და არავინ ბატონობდა სამწყსოზე (საქ. 20:17; ფილ. 1:1; 1 პეტ. 5:2, 3). მაგრამ კრებაში განდგომილების შეჭრასთან ერთად ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.
ჭეშმარიტებიდან ერთ-ერთი პირველი გადახვევა ის იყო, რომ განსხვავება გააკეთეს ისეთ ტერმინებს შორის, როგორიცაა „ზედამხედველი“ (ბერძნულად ეპისკოპოს) და „უხუცესი“ (ბერძნულად პრესბიტეროს), და ისინი მეტად აღარ გამოიყენებოდა კრებაში ერთი და იმავე მდგომარეობის აღსანიშნავად. იოანე მოციქულის სიკვდილიდან სულ რაღაც ათი წლის შემდეგ ანტიოქიის ეპისკოპოსი იგნატი სმირნელებს სწერდა: „თქვენ ყველანი ისევე უნდა დაემორჩილოთ ეპისკოპოსს [ანუ ზედამხედველს], როგორც იესო ქრისტე ემორჩილება მამას, და პრესვიტერებს [ანუ უხუცესებს], როგორც მოციქულებს“. ამგვარად, იგნატი ანტიოქიელი მხარს უჭერდა იმას, რომ თითოეულ კრებაში ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელი — ეპისკოპოსი, ანუ ზედამხედველი, რომელსაც პრესვიტერებზე, ანუ უხუცესებზე, მეტი ძალაუფლება ექნებოდა.
როგორ მოხდა ეს დაყოფა? ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში აღნიშნავს: „მეორე საუკუნეში . . . სავარაუდოდ, შეიქმნა პრესვიტერების თავმჯდომარის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მყოფი ყველაფერს ზედამხედველობდა და ეწოდებოდა [ეპისკოპოსი]. მას ყველა პრესვიტერზე აღმატებული მდგომარეობა ეკავა“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries).
ამგვარად, თანდათანობით ჩამოყალიბდა სასულიერო კლასი. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, კართაგენის (ჩრდილოეთი აფრიკა) ეპისკოპოსი კიპრიანე იცავდა ეპისკოპოსების ავტორიტეტს, რომლებიც მისი აზრით, როგორც ჯგუფი, გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ პრესვიტერებისგან (მოგვიანებით ცნობილნი გახდნენ, როგორც მღვდლები), დიაკვნებისა და მრევლისგან. თუმცა ის ერთ ეპისკოპოსს მეორეზე მაღლა არ აყენებდა.c
იერარქიულ კიბეზე რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ ეპისკოპოსები და პრესვიტერები, მით ზემოდან დაჰყურებდნენ კრების სხვა წევრებს. შედეგად, სასულიერო პირები (წინამძღოლები) გამოეყვნენ საერო პირებს (მრევლს). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „კიპრიანეს დროიდან [გარდაიცვალა დაახლოებით ახ. წ. 258 წელს], რომელიც იერარქიული სისტემის ფუძემდებელი იყო, სამღვდელოებასა და მრევლს შორის აშკარა განსხვავება გამოიკვეთა და ძალიან მალე საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მესამე საუკუნიდან შემოიღეს ტერმინი კლირი . . . რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში უშუალოდ მღვდელმსახურებთან გამოიყენებოდა, რათა მრევლისგან განესხვავებინათ. როცა რომის იერარქია ჩამოყალიბდა, სასულიერო პირები არა მარტო ცალკე კლასად გამოეყვნენ მრევლს . . . არამედ ახლა მხოლოდ ისინი ითვლებოდნენ სამღვდელოებად“.
ამგვარად, ბოლო მოციქულის სიკვდილიდან დაახლოებით 150 წლის განმავლობაში კრებაში ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილება მოხდა. პირველი ის იყო, რომ ეპისკოპოსები გამოეყვნენ პრესვიტერებს და მათთან შედარებით იერარქიული კიბის მაღალი საფეხური დაიკავეს; მეორე, ჩამოყალიბდა სასულიერო და საერო კლასები. ნაცვლად იმისა, რომ ყველა სულითშობილი მორწმუნე „სამეფო სამღვდელოების“ ნაწილი ყოფილიყო, ახლა „მხოლოდ სასულიერო პირები ქმნიდნენ სამღვდელოებას“ (1 პეტ. 2:9).d
ასეთი ცვლილებები იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი აღარ იცავდნენ კრების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ მითითებებს, რასაც მოციქულები მიჰყვებოდნენ. თუმცა განდგომილებას მხოლოდ ორგანიზაციული ცვლილებები არ მოჰყოლია.
ქრისტიანობაში წარმართული სწავლებების შეჭრა
წმინდა წერილებმა ქრისტეს სწავლებები უცვლელად შემოინახა. მაგალითად, იესო გასაგებად ასწავლიდა, რომ იეჰოვაა „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ და ადამიანის სული კვდება (იოან. 17:3; მათ. 10:28). მაგრამ მოციქულების სიკვდილისა და ორგანიზაციული სტრუქტურის დარღვევის შემდეგ ეს ნათელი სწავლებები დამახინჯდა, რადგან ქრისტიანობაში წარმართულმა სწავლებებმა მოიკიდა ფეხი. როგორ მოხდა ეს?
ძირითადი როლი ითამაშა ბერძნულმა ფილოსოფიამ. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „ახ. წ. მეორე საუკუნის შუა პერიოდიდან ქრისტიანებმა, რომლებიც გაცნობილნი იყვნენ ბერძნულ ფილოსოფიას, საჭიროდ ჩათვალეს, თავიანთი რწმენა ამ ფილოსოფიური ცნებებით გამოეხატათ როგორც თავიანთი ინტელექტუალურობის წარმოსაჩენად, ისე განათლებული წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად“ (The New Encyclopædia Britannica). როცა ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანებმა ქრისტიანობა მიიღეს, ბერძნული ფილოსოფია და ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა ერთმანეთს შეერწყა.
შედეგად, ისედაც დამახინჯებულ ქრისტიანობაში ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი წარმართულმა სწავლებებმა — სამებამ და სულის უკვდავებამ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწავლებები ბერძნულ ფილოსოფიამდე გაცილებით ადრე არსებობდა. ბერძნებმა ისინი უფრო ძველი კულტურებიდან გადმოიღეს. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სწავლებები ძველი ეგვიპტური და ბაბილონური რელიგიებიდან მომდინარეობს.
ქრისტიანობაში წარმართული სწავლებების შეჭრასთან ერთად თანდათანობით მახინჯდებოდა ან საერთოდ იკარგებოდა ბიბლიური სწავლებები.
სამეფოს იმედი დავიწყებას მიეცა
იესოს მოწაფეებმა კარგად იცოდნენ, რომ იესოს დაპირებული მოსვლისა და სამეფოს დამყარების მოლოდინში სულიერი სიფხიზლე არ უნდა დაეკარგათ. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ეს სამეფო დედამიწაზე ათასი წელი იმმართველებს და მას სამოთხედ გადააქცევს (მათ. 24:3; 2 ტიმ. 4:18; გამოცხ. 20:4, 6). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, რომ სულიერი სიფხიზლე შეენარჩუნებინათ და ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი დარჩენილიყვნენ (იაკ. 1:27; 4:4; 5:7, 8; 1 პეტ. 4:7). მაგრამ მოციქულების სიკვდილის შემდეგ მალევე ქრისტიანებს იესოს მოსვლისა და სამეფოს დამყარების მოლოდინი გაუნელდათ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სულის უკვდავების შესახებ ბერძნული სწავლება, რამაც არაჯანსაღი გავლენა მოახდინა ქრისტიანობაზე. ქრისტეს მომავალი ათასწლიანი მმართველობის იმედი თანდათანობით დავიწყებას მიეცა. რატომ? ერთ საერთაშორისო ლექსიკონში ნათქვამია: «სულის უკვდავების დოქტრინამ ჩაანაცვლა „ახალი აღთქმის“ ესქატოლოგია [მოძღვრება უკანასკნელ მოვლენებზე] მკვდრეთით აღდგომისა და ყოველივეს ახლად შექმნის იმედთან ერთად (გამოცხ. თავი 21). მას შემდეგ ბევრს სჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ ხდება სულის გასამართლება, რის შემდეგაც ის ხვდება სამოთხეში. როგორც მიაჩნიათ, ეს სამოთხე საიქიოშია» (The New International Dictionary of New Testament Theology). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განდგომილი ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობდა არსებობას, ამიტომ ქრისტეს ათასწლიან მმართველობას კურთხევები სულიერ სამყაროში უნდა მოეტანა. ამგვარად, მათ სამოთხე დედამიწიდან გადაიტანეს ზეცაში, სადაც, მათი აზრით, გადარჩენილი სულები ხვდებოდნენ. აქედან გამომდინარე, საჭირო აღარ იყო, დალოდებოდნენ ქრისტეს მოსვლასა და მისი სამეფოს დამყარებას, რადგან ყველა იმედოვნებდა, რომ სიკვდილის შემდეგ ქრისტეს შეუერთდებოდნენ ზეცაში.e
კიდევ ერთი ფაქტორის გამო შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ აზრი არ ჰქონდა, ქრისტიანები ქრისტეს სამეფოს დამყარებას დალოდებოდნენ. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „პარუსიის [ვითომდა] დაყოვნების შედეგად პირველი ეკლესია ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და აღარ ელოდებოდა იმ მოვლენებს, რომლებიც ახლო მომავალში შესრულდებოდა. რაც უფრო კნინდებოდა ესქატოლოგიური მოძღვრებები, მით მეტად იკავებდა ეკლესია ღვთის სამეფოს ადგილს. კათოლიკური ეკლესიის იერარქიულ საფეხურებად ფორმირება პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ მიმდინარე მოვლენებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და მოლოდინს თანდათანობით კარგავდნენ“ (კურსივი ჩვენია) (New Encyclopædia Britannica). ასე რომ, მათ მხოლოდ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის კურთხევები კი არ აიტანეს დედამიწიდან ზეცაში, არამედ სამეფო ჩამოიტანეს ზეციდან დედამიწაზე. ეს „გადაადგილება“ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ავგუსტინე ნეტარმა (ახ. წ. 354—430 წლები). თავის ნაშრომში მან დაწერა: „ეკლესია უკვე არის ქრისტეს სამეფო და ზეციერი სამეფო“ (The City of God).
ამასობაში, დაახლოებით ახ. წ. 313 წელს, რომის იმპერატორის კონსტანტინეს მმართველობისას ოფიციალურ რელიგიად აღიარეს ქრისტიანობა, რომელშიც თითქმის აღარაფერი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან შემორჩენილი. რელიგიური წინამძღოლები მზად იყვნენ, ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. თავიდან სახელმწიფო განაგებდა რელიგიურ საქმეებს, შემდეგ კი მალევე ქვეყნის მართვის სადავეები რელიგიამ აიღო ხელში. ასე ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანულ სამყაროსf, რომლის ერთ-ერთი რელიგიაც (კათოლიკური) დროთა განმავლობაში რომის სახელმწიფო რელიგიად იქცა. ახლა უკვე „სამეფო“ არა მხოლოდ დედამიწაზე იყო, არამედ ის ქვეყნიერების ნაწილიც გახდა. განა ეს ის სამეფო იყო, რომლის შესახებაც ქრისტე ქადაგებდა? (იოან. 18:36).
აღადგინა რეფორმაციამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?
საუკუნეების განმავლობაში რომის ეკლესია, რომლის სათავეშიც პაპები იდგნენ, ისევე ერეოდა ქვეყნიერების საქმეებში, როგორც სარეველა ერევა ხორბალში (მათ. 13:24—30, 37—43). რაც უფრო უახლოვდებოდა ეკლესია ქვეყნიერებას, მით უფრო შორდებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანობას. ასწლეულების განმავლობაში ერეტიკოსები (იმ რელიგიური მიმართულებების მიმდევრები, რომლებსაც ეკლესია მცდარად თვლიდა) მოითხოვდნენ, რომ ეკლესიას რეფორმებისთვის მიემართა, მაგრამ ეკლესია კვლავაც ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და სიმდიდრეს იხვეჭდა. შედეგად, XVI საუკუნეში იფეთქა პროტესტანტულმა რეფორმაციამ, რელიგიურმა აჯანყებამ.
რეფორმატორები მარტინ ლუთერი (1483—1546), უილრიხ ცვინგლი (1484—1531) და ჟან კალვინი (1509—1564) სხვადასხვა საკითხში დაუპირისპირდნენ ეკლესიას. ლუთერი ინდულგენციებით ვაჭრობაში ედავებოდა ეკლესიას, ცვინგლი აკრიტიკებდა სასულიერო პირებს, რომ ცელიბატი და მარიამის თაყვანისცემა მიუღებელი იყო, ხოლო კალვინი მოითხოვდა, რომ ეკლესია თავდაპირველ ქრისტიანულ პრინციპებს დაბრუნებოდა. რა შედეგი გამოიღო მათმა მცდელობამ?
უნდა ითქვას, რომ მათმა მცდელობამ ზოგიერთ საკითხში მართლაც კარგი შედეგი გამოიღო. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენებზე ითარგმნა. რეფორმატორების ასეთ შრომას მოჰყვა ის, რომ უფრო ობიექტურად დაიწყეს ბიბლიის გამოკვლევა და უკეთ ისწავლეს ის ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. მაგრამ რეფორმაცია არ ნიშნავდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას.g
განდგომილება ძალიან ღრმად შეიჭრა ქრისტიანულ სამყაროში. მართალია, სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფი გათავისუფლდა რომის პაპის გავლენისგან, მაგრამ მათში კვლავაც შემორჩა რომის კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი არასწორი შეხედულება, რომლებმაც ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან განდგომის შემდეგ მოიკიდა ფეხი. მაგალითად, კათოლიკურისგან განსხვავებით, პროტესტანტულ ეკლესიებში შედარებით სხვაგვარად ხდებოდა ხელმძღვანელობა, თუმცა ის მაინც დაყოფილი იყო სასულიერო და საერო პირებად და სამღვდელოებას მაღალი მდგომარეობა ეკავა. აგრეთვე პროტესტანტულ ეკლესიებში შემორჩა ისეთი არაბიბლიური სწავლებები, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და სიკვდილის შემდეგ მარადიული ტანჯვა. გარდა ამისა, რომის ეკლესიის მსგავსად, პროტესტანტული ეკლესიები კვლავაც ქვეყნიერების ნაწილი იყო — მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლიტიკურ სისტემასა და მმართველ ელიტასთან.
რა შეიძლება ითქვას იესოს გაფრთხილებაზე, რომ მისი მოსვლისა და სამეფოს დამყარების მოლოდინში ქრისტიანებს სიფხიზლე უნდა შეენარჩუნებინათ? რეფორმაციის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ეკლესიები — როგორც კათოლიკური, ისე პროტესტანტული — ძალაუფლების ხელში ჩაგდებით იყვნენ დაინტერესებულნი და აღარ ელოდნენ ქრისტეს სამეფოს დამყარებას.
გამოღვიძება
რელიგიურმა ატმოსფერომ, რომელიც XIX საუკუნეში შეიქმნა, ქრისტიანულ გამოღვიძებას შეუწყო ხელი. ზოგიერთი ბიბლეისტი და სასულიერო პირი ბიბლიის გამოკვლევის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო, გადაეხედათ ისეთი სწავლებებისთვის, როგორიცაა სულის უკვდავება, სიკვდილის შემდეგ მარადიული ტანჯვა, ბედისწერა და სამება. გარდა ამისა, ბიბლიის ზოგი მკვლევარი დაწვრილებით იკვლევდა ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. შედეგად, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი სერიოზულად დაფიქრდა უფლის დაპირებულ მოსვლაზე (მათ. 24:3).
შეერთებულ შტატებში უილიამ მილერმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე 1843 ან 1844 წელს ხილულად დაბრუნდებოდა. გერმანელი თეოლოგის, ბენგალის აზრით, ეს 1836 წელს მოხდებოდა; ინგლისში ირვინგის მიმდევრები ქრისტეს დაბრუნებას ჯერ 1835 წელს, შემდეგ 1838, 1864 და 1866 წლებში ელოდებოდნენ. რუსეთში მენონიტები ფიქრობდნენ, რომ ქრისტე 1889 წელს დაბრუნდებოდა, შემდეგ ეს თარიღი მათ 1891 წლისთვის გადადეს.
გამოფხიზლების ასეთმა მცდელობამ ბევრი დააფიქრა ქრისტეს მომავალ მოსვლაზე. მაგრამ მათ იმედგაცრუება დაეუფლათ. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ისინი ადამიანთა ვარაუდებს ეყრდნობოდნენ და არა ბიბლიას. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ამ ჯგუფებიდან ბევრმა არსებობა შეწყვიტა.
გარდა ამისა, იმ პერიოდში ადამიანთა იმედებსა და მოლოდინზე სხვა რამემაც მოახდინა გავლენა.
„განმანათლებლობისა“ და ინდუსტრიალიზაციის საუკუნე
1848 წელს კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გამოაქვეყნეს „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. ისინი მხარს უჭერდნენ ათეიზმს და გამოდიოდნენ რელიგიის წინააღმდეგ, რომელსაც მარქსმა „ხალხის ოპიუმი“ უწოდა. მართალია ისინი ყველა რელიგიას უპირისპირდებოდნენ, მაგრამ მათ, ფაქტობრივად, საკუთარი რელიგია შექმნეს — გააღმერთეს სახელმწიფო და მისი ლიდერები.
დაახლოებით ათი წლის შემდეგ, 1859 წელს ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მეცნიერულ და რელიგიურ აზროვნებაზე. ევოლუციის თეორიებმა ეჭვქვეშ დააყენა შემოქმედების შესახებ ბიბლიის ჩანაწერი და ის, რომ ცოდვა პირველი ადამიანების დაუმორჩილებლობის გამო გავრცელდა (დაბ. თავები 1—3). შედეგად, ბევრს ეჭვი შეეპარა ბიბლიის უტყუარობაში.
იმ დროისთვის საფუძველი ეყრებოდა სამრეწველო გადატრიალებას. მთავარი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობას კი აღარ ენიჭებოდა, არამედ სამრეწველო და მექანიზირებულ წარმოებას. XIX საუკუნის დასაწყისში ორთქლმავლის გამოგონებას მრავალ ქვეყანაში სარკინიგზო გზების გაყვანა მოჰყვა. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში გამოიგონეს ტელეფონი (1876), ფონოგრაფი (1877) და ელექტროლამპა (1878—1879); ამასთანავე, მთლიანი სტრიქონების ასაწყობად და ჩამოსასხმელად გამოიგონეს ლინოტიპი (1884).
კაცობრიობას არ ახსოვდა, რომ მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტი და საკომუნიკაციო საშუალებები ასე სწრაფად განვითარებულიყო. თუმცა ცივილიზაციის ეს მიღწევები კომერციული და პოლიტიკური მიზნებით უნდა გამოყენებულიყო, ის რელიგიური მიზნებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. მათ საფუძველი შეუქმნეს ბიბლიის მკვლევარების პატარა ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის საქმიანობაც ბოლოს მთელ მსოფლიოს მოიცავდა.
[სქოლიოები]
a ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებული სიტყვა „განდგომილება“ (ბერძნულად აპოსტასია) ნიშნავს „განდგომას, ზურგის შექცევას ან ამბოხებას“ (საქ. 21:21). ეს ბერძნული სიტყვა ძირითადად მიანიშნებს რელიგიურ განდგომილებაზე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიტოვებაზე.
b წმინდა წერილებში სიტყვები „ზედამხედველი“ და „უხუცესი“ კრებაში ერთი და იმავე მდგომარეობაზე მიუთითებს (საქ. 20:17, 28; ტიტ. 1:5, 7). სიტყვა „უხუცესი“ ქრისტიანის სულიერ მოწიფულობაზე ამახვილებს ყურადღებას, სიტყვა „ზედამხედველი“ კი — მის პასუხისმგებლობაზე, იზრუნოს სამწყსოს კეთილდღეობაზე.
c დროთა განმავლობაში რომის ეპისკოპოსი, რომელიც საკუთარ თავს პეტრე მოციქულის მემკვიდრედ მიიჩნევდა, მთავარეპისკოპოსი და პაპი გახდა (იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, გვერდები 270—272, გამოცემულია «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» მიერ 1990 წელს).
d საინტერესოა ის, რასაც დოქტორი ნეანდერი აღნიშნავს: «ვინაიდან ძველ აღთქმაში არსებობდა ხილული სამღვდელოება, მამაკაცებისგან შემდგარი განსაკუთრებული კლასი, მივიდნენ მცდარ დასკვნამდე, რომ მსგავსად უნდა ყოფილიყო „ახალ [აღთქმაშიც]“ . . . ქრისტიანული და იუდაური სამღვდელოების არასწორმა შედარებამ უფრო მეტად შეუწყო ხელი იმას, რომ ეპისკოპოსები პრესვიტერებზე აღმატებულები გახდნენ» (The History of the Christian Religion and Church, translated by Henry John Rose, მეორე გამოცემა, ნიუ-იორკი, 1848 წელი, გვ. 111).
e ამ მცდარი შეხედულების გამო ბევრს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ქრისტიანი ზეცაში მიდის. თუმცა ბიბლია გვასწავლის, რომ მხოლოდ 144 000 იმმართველებს ქრისტესთან ერთად ზეცაში (გამოცხ. 7:4—8; 20:4—6). უამრავ სხვა ადამიანს შეუძლია მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდეს სამოთხეში დედამიწაზე, სადაც ქრისტეს სამეფო იმმართველებს (მათ. 6:10; გამოცხ. 7:9, 15).
f ამ წიგნში მოხსენიებული ტერმინი „ქრისტიანული სამყარო“ მიუთითებს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებზე და არა ჭეშმარიტ ქრისტიანებზე, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია საუბარი.
g რეფორმაციასა და მის შედეგებზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, თავი 13.
[ჩანართი 33 გვერდზე]
ახალფეხადგმული ქრისტიანული კრების არსებობას შიდა მტერი — განდგომილება დაემუქრა
[ჩანართი 34 გვერდზე]
შიდა განხეთქილება თავიდან უმნიშვნელო იყო
[ჩანართი 37 გვერდზე]
განდგომილებმა მხოლოდ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის კურთხევები კი არ აიტანეს დედამიწიდან ზეცაში, არამედ სამეფო ჩამოიტანეს ზეციდან დედამიწაზე
[ჩარჩო⁄სურათი 36 გვერდზე]
პლატონი და „ქრისტიანობა“
ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი (დაიბადა დაახლოებით ძვ. წ. 428 წელს) ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის სწავლებებს მომავალში განდგომილი ქრისტიანობა გადაიღებდა. პლატონის სწავლებებმა ხელი შეუწყო „ქრისტიანობაში“ სამებისა და სულის უკვდავების შესახებ მოძღვრებების დამკვიდრებას.
ღვთისა და ბუნების შესახებ პლატონის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანულ სამყაროში სამების დოგმატის დამკვიდრებაზე. ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „პლატონისეული ტრიადა წარმოადგენს უფრო ძველი, მანამდე გავრცელებული ტრიადების სახეცვლილებას. როგორც ჩანს, ამ რაციონალურ-ფილოსოფიური სამების ატრიბუტებმა მისცა დასაბამი ქრისტიანული ეკლესიების მიერ აღიარებულ სამ იპოსტასს ანუ ღვთაებრივ პირს . . . ამ ბერძენი ფილოსოფოსის კონცეფცია ღვთაებრივი სამების შესახებ . . . გვხვდება ყველა უძველეს [წარმართულ] რელიგიაში“ (Nouveau Dictionnaire Universel, ტომი 2, გვერდი 1467).
სულის უკვდავების შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ქრისტიანული შეხედულება უსხეულო სულის შესახებ, რომელიც ღვთის მიერ არის შექმნილი და ადამიანის ჩასახვის მომენტში ერწყმის სხეულს ცოცხალი მთლიანობის წარმოსაქმნელად, ქრისტიანული ფილოსოფიის ხანგრძლივი განვითარების შედეგია. აღმოსავლეთში ორიგენემ [გარდაიცვალა ახ. წ. 254 წელს], დასავლეთში კი ავგუსტინე ნეტარმა [გარდაიცვალა ახ. წ. 430 წელს], დაამკვიდრეს შეხედულება სულის, როგორც სულიერი სუბსტანციის შესახებ, და ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური წარმოდგენა სულის ბუნებაზე . . . [ავგუსტინეს] მოძღვრებაში (მათ შორის გარკვეულ ხარვეზებში) აშკარად იგრძნობა ნეოპლატონიზმის გავლენა“ (New Catholic Encyclopedia, ტომი XIII, გვერდები 452, 454).
[სურათი 35 გვერდზე]
კართაგენის ეპისკოპოსის კიპრიანეს აზრით, ეპისკოპოსები, როგორც კლასი, გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ პრესვიტერებისგან, დიაკვნებისა და მრევლისგან
[სურათი 38 გვერდზე]
„ეკლესია უკვე არის ქრისტეს სამეფო და ზეციერი სამეფო“ (ავგუსტინე ნეტარი)
[სურათები 39 გვერდზე]
რეფორმატორები ეკლესიას სხვადასხვა საკითხში დაუპირისპირდნენ
მარტინ ლუთერი
ჟან კალვინი
უილრიხ ცვინგლი
[სურათები 40 გვერდზე]
კარლ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ ხალხს სახელმწიფოს გაღმერთებისკენ მოუწოდებდა. ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობამ“ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მეცნიერულ და რელიგიურ აზროვნებაზე
[სურათი 41 გვერდზე]
ორთქლმავალი
[სურათი 41 გვერდზე]
ელექტროლამპა
[სურათი 41 გვერდზე]
პირველი ტელეფონი
[სურათი 41 გვერდზე]
ერთ-ერთი პირველი ლინოტიპი
[სურათი 41 გვერდზე]
ფონოგრაფი