ნაწილი 3
უმაღლესი სიბრძნის სწორუპოვარი წყარო
1, 2. რატომ უნდა შევამოწმოთ ბიბლია?
1 წარმოადგენს თუ არა ბიბლია იმ წიგნს, რომელშიც მოიპოვება ეს უმაღლესი სიბრძნე? შეუძლია თუ არა მას სარწმუნო პასუხები გაგვცეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც სიცოცხლის აზრს ეხება?
2 უეჭველად, ბიბლია ღირსია, რომ შევამოწმოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბიბლია ოდესმე დაწერილი წიგნებიდან ყველაზე არაჩვეულებრივი და ძალიან განსხვავებული წიგნია. განიხილე შემდეგი ფაქტები.
ყველაზე უძველესი და ფართოდ გავრცელებული წიგნი
3, 4. რამდენი წლისაა ბიბლია?
3 ბიბლია ოდესმე დაწერილი წიგნებიდან ყველაზე უძველესია, რადგან მისი ზოგიერთი ნაწილი დაიწერა დაახლოებით 3 500 წლის წინ. ის მრავალი საუკუნით უძველესია, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნი, რომელიც წმიდად მიიჩნევა. ბიბლიაში შემავალი 66 წიგნიდან პირველი დაიწერა ბუდამდე და კონფუციამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე და მუჰამედამდე თითქმის ორი ათასი წლით ადრე.
4 ბიბლიაში ჩაწერილი ისტორია აღწერს ადამიანთა ოჯახის დასაწყისს და ხსნის, თუ როგორ გავჩნდით აქ, დედამიწაზე. დედამიწის ფორმირების შესახებ მოწოდებული ფაქტებით მას ადამიანის შექმნამდე გასულ დროშიც კი გადავყავართ.
5. ქვეყნიურ უძველეს მანუსკრიპტებთან შედარებით, ბიბლიის რამდენი უძველესი ხელნაწერი არსებობს?
5 სხვა რელიგიური და ასევე არარელიგიური წიგნების ძველი ხელნაწერი ასლების მხოლოდ მცირე რაოდენობაა შემორჩენილი. ბიბლიის ან მისი ნაწილების დაახლოებით 11 000 ხელნაწერი ასლი არსებობს ებრაულ და ბერძნულ ენებზე, რომელთაგან ზოგიერთი დათარიღებულია თითქმის დედნების დაწერის დროით. ისინი გადაურჩნენ ყველაზე წარმოუდგენელ, ცხარე თავდასხმებსაც კი, რომლებიც ბიბლიის წინააღმდეგ მოაწყვეს.
6. რა მასშტაბით არის ბიბლია გავრცელებული?
6 აგრეთვე, ისტორიაში ბიბლია ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია. სამ მილიარდამდე ბიბლია ან მისი ნაწილი გავრცელებულია დაახლოებით ორი ათას ენაზე. ამბობენ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 98 პროცენტისთვის ბიბლია ხელმისაწვდომია მათ მშობლიურ ენაზე. ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ მიუახლოვდა ამ ტირაჟს.
7. რა შეიძლება ითქვას ბიბლიის სიზუსტის შესახებ?
7 ამასთანავე, ვერც ერთი სხვა უძველესი წიგნი ვერ შეედრება ბიბლიას სიზუსტეში. მეცნიერები, ისტორიკოსები, არქეოლოგები, გეოგრაფები, ენათმეცნიერები და სხვები განუწყვეტლივ ადასტურებენ ბიბლიური ცნობების სიზუსტეს.
მეცნიერული სიზუსტე
8. რამდენად ზუსტია ბიბლია მეცნიერულ საკითხებში?
8 მაგალითად, როდესაც ეხება მეცნიერულ საკითხებს, ბიბლია სრულ თანხმობაშია ჭეშმარიტ მეცნიერებასთან, თუმცა მეცნიერულ სახელმძღვანელოდ არ დაწერილა. სხვა უძველესი წიგნები კი, რომლებიც წმიდადაა მიჩნეული, შეიცავენ მეცნიერულ მითებს, უზუსტობებსა და აშკარა ტყუილებს. ყურადღება მიაქციე ბიბლიის მეცნიერული სიზუსტის მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ოთხს:
9, 10. იმის ნაცვლად, რომ გაეზიარებინა ძველი დროის არამეცნიერული თვალსაზრისები, რას ამბობს ბიბლია დედამიწის საყრდენზე?
9 რას უჭირავს სივრცეში დედამიწა. ძველ დროს, როდესაც იწერებოდა ბიბლია, მრავალი ვარაუდი არსებობდა იმის შესახებ, თუ რას ეჭირა დედამიწა კოსმოსურ სივრცეში. ზოგიერთს სწამდა, რომ დედამიწა ეჭირა ოთხ სპილოს, რომლებიც იდგნენ ზღვის დიდ კუზე. ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, არისტოტელე, ასწავლიდა, რომ დედამიწა არ იყო ჩამოკიდებული ცარიელ სივრცეში. ამის ნაცვლად, ის ასწავლიდა, რომ ციური სხეულები დამაგრებული იყო მყარი, გამჭვირვალე, ერთიმეორეში მოთავსებული სფეროების ზედაპირზე. ამ წარმოდგენის თანახმად, ყველაზე შიდა სფეროზე იყო დედამიწა, ყველაზე ზედაპირულ სფეროზე კი — ვარსკვლავები.
10 მაგრამ, იმის მაგიერ, რომ აერეკლა ეს ფანტასტიკური, არამეცნიერული წარმოდგენები, რომლებიც არსებობდნენ ბიბლიის წერის დროს, ღმერთის სიტყვამ (ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1473 წელს) მარტივად განაცხადა: „[ღმერთმა] არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ებრაული წერილების ორიგინალში გამოყენებული სიტყვა „არაფერზე“, რომელიც მთელ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, ნიშნავს: „საერთოდ არაფერზე“. ბიბლიის მიერ შემოთავაზებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დედამიწის გარშემო ცარიელი სივრცეა, აღიარებულია სწავლულების მიერ, როგორც მისი დროისთვის აღსანიშნავი წინასწარგანჭვრეტა. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ (Theological Wordbook of the old Testament) ამბობს: „იობის 26:7 საოცრად აღწერს იმ დროს ცნობილ სამყაროს, როგორც სივრცეში დაკიდებულს, რითაც წინ უსწრებს მომავალ მეცნიერულ აღმოჩენას“.
11, 12. როდის მივიდა კაცობრიობა იობის 26:7-ში ჩაწერილი ჭეშმარიტების გაგებამდე?
11 ბიბლიის ეს ზუსტი მტკიცება დათარიღებულია არისტოტელემდე 1 100 წელზე მეტი ხნით ადრე. არისტოტელეს შეხედულებებს მისი სიკვდილის შემდეგაც კი, დაახლოებით 2 000 წლის მანძილზე, ასწავლიდნენ როგორც ფაქტს! საბოლოოდ, ახალი წელთაღრიცხვით 1687 წელს, სერ ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენები იმის შესახებ, რომ დედამიწა კოსმოსურ სივრცეში უჭირავს მასსა და სხვა ციურ სხეულებს შორის არსებულ ურთიერთმიზიდულობას, ანუ გრავიტაციას. მაგრამ ეს მოხდა თითქმის 3 200 წლის მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ბიბლიამ მოხდენილი უბრალოებით განაცხადა, რომ დედამიწა ‘არაფერზეა’ დაკიდებული.
12 დიახ, დაახლოებით 3 500 წლის წინ, ბიბლიამ უშეცდომოდ განაცხადა, რომ დედამიწას არა აქვს ხილული საყრდენი — ფაქტი, რომელიც თანხმობაშია არცთუ ისე დიდი ხნის წინათ აღმოჩენილ გრავიტაციისა და მოძრაობის კანონებთან. „თუ საიდან იცოდა იობმა სიმართლე, — თქვა ერთ-ერთმა სწავლულმა, — წარმოადგენს საკითხს, რომელიც არცთუ ისე ადვილი გადასაწყვეტია მათთვის, ვინც უარყოფს წმინდა წერილის ღვთაებრიობას“.
13. რას ფიქრობდნენ ადამიანები დედამიწის ფორმაზე მრავალი საუკუნის წინათ, მაგრამ რამ შეცვალა მათი აზრი?
13 დედამიწის ფორმა. ენციკლოპედია „ამერიკანა“-მ (The Encyclopedia Americana) განაცხადა: „ადრე ცნობილი წარმოდგენა, რომელიც ჰქონდათ ადამიანებს დედამიწის შესახებ, იყო ის, რომ დედამიწა წარმოადგენდა ბრტყელ, უძრავ პლატფორმას სამყაროს ცენტრში. . . კონცეფცია სფერული დედამიწის შესახებ არ იყო ფართოდ აღიარებული თვით რენესანსის პერიოდამდე“. ზოგიერთ ადრინდელ მეზღვაურს ეშინოდა კიდეც, რომ ნაოსნობისას ბრტყელი დედამიწის კიდეს მიადგებოდა. მაგრამ კომპასისა და სხვა სიახლეების შემოღებამ შესაძლებელი გახადა უფრო ხანგრძლივ საოკეანო მოგზაურობებში გასვლა. სხვა ენციკლოპედია ხსნის: „საზღვაო მოგზაურობებმა ცხადყო, რომ დედამიწა იყო მრგვალი და არა ბრტყელი, როგორც ეს მრავალ ადამიანს სწამდა“.
14. როგორ და როდის აღწერა ბიბლიამ, რომ დედამიწა მრგვალია?
14 თუმცა ასეთ მოგზაურობებამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 2 700 წლის წინ, ბიბლიამ თქვა: „[ღმერთს] უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი“ (ესაია 40:22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). ებრაული სიტყვა გადმოთარგმნილი სიტყვით „სიმრგულე“ შეიძლება, ასევე, ნიშნავდეს „სფეროს“, როგორც ამას სხვადასხვა ცნობარები აღნიშნავენ. ამიტომ, ბიბლიის სხვა თარგმანები ამას ასე გადმოსცემენ: „დედამიწის სფერო“ („დუეის თარგმანი“ [Douay Version]) და „მრგვალი დედამიწა“ („მოფატი“ [Moffatt]).
15. რატომ ვერ მოახდინა ბიბლიაზე ზეგავლენა არამეცნიერულმა შეხედულებებმა დედამიწის შესახებ?
15 მაშასადამე, ბიბლიაზე ვერ იმოქმედა იმ დროს გავრცელებულმა არამეცნიერულმა თვალსაზრისებმა დედამიწის საყრდენისა და ფორმის შესახებ. ამას მარტივი ახსნა გააჩნია: ბიბლიის ავტორი სამყაროს შემოქმედია. მან შექმნა დედამიწა და რა თქმა უნდა, ეცოდინება კიდეც, თუ რას უჭირავს და როგორი ფორმა აქვს მას. ამიტომ, როცა მან თავისი სულით შთააგონა ბიბლიის წერა, ის თვალყურს ადევნებდა, რომ მასში არ შეპარულიყო არამეცნიერული აზრები, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეს შეხედულებები შეიძლება მრავალს სწამდა.
16. როგორ ეთანხმება ცოცხალი ორგანიზმების შედგენილობა ბიბლიურ განცხადებას?
16 ცოცხალი ორგანიზმების შედგენილობა. დაბადების 2:7 აცხადებს: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან“. „მსოფლიო ენციკლოპედია“ (The World Book Encyclopedia) ამბობს: „ყველა ქიმიური ელემენტი, რომლისგანაც შედგება ცოცხალი ორგანიზმები, ასევე, მოიპოვება არაცოცხალ მატერიაში“. ასე რომ, ყველა ძირითადი ქიმიური ელემენტი, რომელსაც შეიცავს ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანის ჩათვლით, ასევე მოიპოვება მიწაში. ეს ეთანხმება ბიბლიურ უწყებას, რომელიც გვამცნობს ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების შექმნის დროს ღმერთის მიერ გამოყენებული მასალის შესახებ.
17. რა არის ჭეშმარიტება ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობის შესახებ?
17 „თავისი გვარისდა მიხედვით“. ბიბლია იუწყება, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანთა პირველი წყვილი, რომლისგანაც წარმოიშვა ყველა სხვა ადამიანი (დაბადება 1:26–28; 3:20). მასში ნათქვამია, რომ სხვა ცოცხალი ორგანიზმები: თევზები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, ასევე, წარმოიშვნენ „თავისი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:11, 12, 21, 24, 25). სწორედ ეს აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქმნილებათა სამყაროში: ყოველი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიშობა თავისივე სახეობის მშობლისაგან. გამონაკლისი არ არსებობს. ფიზიკოსი რეიმო ამას ასე აღნიშნავს: „სიცოცხლე წარმოშობს სიცოცხლეს; ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს თითოეულ უჯრედში. მაგრამ როგორ წარმოქმნა არაცოცხალმა ცოცხალი? ბიოლოგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი გადაუწყვეტელი საკითხია და ბიოლოგებმა უგუნური ვარაუდების გარდა აქამდე ვერაფერი შემოგვთავაზეს. მაგრამ არაცოცხალი მატერია როგორღაც ორგანიზებული იყო, რომ გამხდარიყო ცოცხალი. . . საბოლოო ჯამში, „დაბადების“ ავტორი, შეიძლება, მართალი იყო“.
ისტორიულად ზუსტი
18. რას ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი ბიბლიის ისტორიული სიზუსტის შესახებ?
18 სხვა წიგნებთან შედარებით ბიბლია შეიცავს ძველი დროის ყველაზე უზუსტეს ისტორიას. წიგნი „იურისტი იკვლევს ბიბლიას“ (A Lawyer Examines the Bible) ბიბლიის სიზუსტეს შემდეგნაირად უსვამს ხაზს: „იმ დროს, როცა რომანებს, ლეგენდებსა და ცრუ ჩვენებებს გულმოდგინებით გადააქვთ მათში აღწერილი მოვლენები სადღაც შორეულ ადგილებში და რომელიღაც განუსაზღვრელ დროში, რითაც არღვევენ სასამართლო საქმეების წარმოების მთავარ წესებს, რასაც ვსწავლობთ ჩვენ, ადვოკატები, რომ ‘განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დრო და ადგილი’, ბიბლიური მოთხრობები უდიდესი სიზუსტით გვთავაზობენ მოცემული მოვლენების თარიღსა და ადგილმდებარეობას“.
19. როგორ კომენტირებას აკეთებს ერთ-ერთი წყარო ბიბლიის ისტორიულ წვრილმანებზე დაფუძნებით?
19 „ახალი ბიბლიური ლექსიკონი“ (The New Bible Dictionary) კომენტირებს: „[საქმენის მწერალმა] თავისი მოთხრობა მოათავსა თავისივე დროის ისტორიის ჩარჩოებში; მისი წიგნის გვერდებზე მრავალჯერ არის მოხსენიებული ქალაქების მსაჯულები, პროვინციების მმართველები, დამოკიდებული ქვეყნების მეფეები და სხვები; ეს მითითებები ყოველთვის სწორია ადგილისა და დროის საკითხში“.
20, 21. რას ამბობს ბიბლიის მცოდნე მისი ისტორიის შესახებ?
20 ნაშრომში „იუნიენ ბაიბლ კომპენიენ“ (The Union Bible Companion) ს. ოსტინ ალიბონი ამბობს: «სერ ისააკ ნიუტონი. . . ასევე ცნობილი იყო, როგორც უძველესი ნაწერების კრიტიკოსი და დიდი ყურადღებით იკვლევდა წმინდა წერილებს. რა დაასკვნა მან ამ საკითხთან დაკავშირებით? ის ამბობს: „ახალ აღთქმაში უტყუარობის უფრო მეტ დამადასტურებელ საბუთს ვპოულობ, ვიდრე ქვეყნიური ისტორიის რომელიმე წიგნში“. დოქტორი ჯონსონი ამბობს, რომ ჩვენ უფრო მეტი მტკიცება გვაქვს ქრისტეს გოლგოთაზე სიკვდილის შესახებ, როგორც ეს ნათქვამია სახარებებში, ვიდრე მტკიცება კაპიტოლიუმში იულიუს ცეზარის სიკვდილზე. ნამდვილად, ისინი ბევრად უფრო მეტი გვაქვს».
21 ეს წყარო უმატებს: „ნებისმიერს, ვისაც ეჭვი ეპარება სახარებაში ჩაწერილი ისტორიის უტყუარობაში, ჰკითხეთ, თუ რა საფუძველი აქვს რწმენისთვის, რომ ცეზარი მოკვდა კაპიტოლიუმში ან იმპერატორი კარლოს დიდი პაპი ლეო III მიერ იყო კურთხეული 800 წელს, დასავლეთის იმპერატორად? საიდან იცით, რომ ისეთი ადამიანი, როგორიცაა [ინგლისის მეფე] ჩარლზ I, საერთოდ ცხოვრობდა, რომ მას მოჰკვეთეს თავი და მის ნაცვლად ოლივერ კრომველი გახდა მმართველი? სერ ისააკ ნიუტონს მიეწერება მიზიდულობის კანონის აღმოჩენა. . . ჩვენ გვჯერა ყველა მტკიცება, რაც უბრალოდ წარმოთქმული იყო ამ ადამიანებზე; და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული მონაცემები მათი უტყუარობის შესახებ. . . თუ ასეთი მტკიცებების მოყვანის შემდეგ ადამიანები კიდევ უარყოფენ ამის დაჯერებას, ჩვენ თავს ვანებებთ მათ, როგორც სიჯიუტით გახრწნილებს ან გამოუსწორებელ უმეცრებს“.
22. რატომ ამბობს ზოგიერთი უარს, რომ აღიაროს ბიბლიის უტყუარობა?
22 შემდეგ ეს წყარო აკეთებს დასკვნას: „მაშინ რა უნდა ვთქვათ მათზე, რომლებიც მრავალი მტკიცების მიუხედავად, რაც ახლა იყო მოყვანილი წმინდა წერილების უტყუარობასთან დაკავშირებით, აცხადებენ, რომ ვერ დარწმუნდნენ? უეჭველად, ჩვენ გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ეს იმდენად გონების ბრალი კი არ არის, არამედ გულის; — მათ არ სურთ იწამონ ის, რაც ამცირებს მათ სიამაყეს და აიძულებს მათ შეიცვალონ ცხოვრება“.
შინაგანი შეთანხმებულობა და სიწრფელე
23, 24. რატომ არის ბიბლიის შინაგანი შეთანხმებულობა ასე უჩვეულო?
23 წარმოიდგინე, რომ წიგნის დაწერა დაიწყო რომის იმპერიის დროიდან, გაგრძელდა შუა საუკუნეებში, დასრულდა მეოცე საუკუნეში და მის დაწერაში მონაწილეობდა მრავალი სხვადასხვა მწერალი. რა შედეგს მოელი, თუ მწერლები სხვადასხვა პროფესიის იყვნენ, მაგალითად: ჯარისკაცები, მეფეები, მღვდლები, მებადურები, მწყემსები და ექიმები? ფიქრობ თუ არა, რომ ასეთი წიგნი შეთანხმებული და გამართული იქნება? „ძნელად დასაშვებია“ — შეიძლება თქვა შენ. ბიბლია კი ასეთ ვითარებებში დაიწერა. მაგრამ ის სრულიად შეთანხმებულია არა მხოლოდ საერთო კონცეფციებში, არამედ წვრილმანებშიც კი.
24 ბიბლია წარმოადგენს 66 წიგნისაგან შემდგარ კრებულს, რომელიც დაიწერა 1 600-ზე მეტი წლის მანძილზე, დაახლოებით 40 სხვადასხვა მწერლის მიერ, ძველი წელთაღრიცხვით 1513 წლიდან დაწყებული და ახალი წელთაღრიცხვით 98 წელს დამთავრებული. მწერლები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ და მრავალ მათგანს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონია. მაგრამ მთლიან წიგნს გასდევს ერთი მთავარი, თანმიმდევრული თემა, რომელიც თითქოს ერთი პიროვნების გონებამ წარმოქმნა. და ზოგიერთის რწმენის საპირისპიროდ, ბიბლია არ არის დასავლური ცივილიზაციის ნახელავი, არამედ აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანების მიერ დაიწერა.
25. ბიბლიის მწერლების რომელ მტკიცებას უჭერს მხარს ბიბლიის პატიოსნება და სიწრფელე?
25 იმ დროს, როცა ძველი დროის მწერალთა უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ წარმატებებსა და ღირსებებს მოიხსენიებს, ბიბლიის მწერლები გულახდილად აღიარებენ როგორც საკუთარ შეცდომებს, ასევე თავიანთი მეფეებისა და წინამძღოლების ნაკლს. რიცხვნის 20:1–13-სა და მეორე რჯულის 32:50–52-ში ჩაწერილია მოსეს შეცდომების შესახებ: ეს წიგნები კი მან დაწერა. იონას 1:1–3-სა და 4:1-ში ჩამოთვლილია იონას შეცდომები, რომელმაც ჩაწერა ეს ცნობები. მათეს 17:18–20-ში; 18:1–6-ში; 20:20–28-სა და 26:56-ში აღწერილია იესოს მოწაფეების მიერ გამოვლენილი სისუსტეები. მაშასადამე, ბიბლიის მწერლების პატიოსნება და გულწრფელობა მხარს უჭერს მათ მტკიცებას, რომ ღმერთის მიერ იყვნენ ინსპირირებული.
მისი ყველაზე განმასხვავებელი ნიშან-თვისება
26, 27. რატომ არის ბიბლია ასე ზუსტი მეცნიერულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით?
26 ბიბლია თვითონ გვიმხელს, თუ რატომ წარმოადგენს ასე ზუსტს მეცნიერულ, ისტორიულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და რატომ არის ასე შეთანხმებული და წრფელი. ის ცხადყოფს, რომ ბიბლიის ავტორი არის უზენაესი, ყოვლისშემძლე ღმერთი, შემოქმედი, რომელმაც შექმნა სამყარო. ღმერთმა ადამიანები, უბრალოდ, როგორც თავისი მდივნები, გამოიყენა ბიბლიის მწერლებად ისე, რომ აამოქმედა ისინი თავისი ძლიერი მოქმედი ძალით, რათა დაეწერათ, რაც შთააგონა.
27 ბიბლიაში პავლე მოციქული გვამცნობს: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“. პავლე მოციქულმა აგრეთვე, თქვა: „როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა, არ მიიღეთ იგი, როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, — როგორიც ის არის ჭეშმარიტად“ (2 ტიმოთე 3:16, 17; 1 თესალონიკელთა 2:13).
28. მაშ, ვის ჩანაფიქრს წარმოადგენს ბიბლია?
28 მაშასადამე, ბიბლია წარმოადგენს ერთი ავტორის — ღმერთის — ჩანაფიქრს. და თავისი მოწიწების მომგვრელი ძალის მეშვეობით, ღმერთისთვის ძნელი არ იყო, ყურადღება მიექცია, რომ ჩვენს დღეებამდე უცვლელად ყოფილიყო დაცული ის, რაც დაიწერა. ამასთან დაკავშირებით, ბიბლიის ხელნაწერების დარგში წამყვანმა ავტორიტეტმა, სერ ფრედერიკ კენიონმა, 1940 წელს თქვა: „უკანასკნელი საფუძველი რაიმე ეჭვისთვის, რომ საღვთო წერილმა ჩვენამდე ძირითადად ისე მოაღწია, როგორც დაწერილი იყო, აღარ არსებობს“.
29. რომელი მაგალითი ცხადყოფს ღმერთის მიერ კავშირის დამყარების უნარს?
29 ადამიანებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დედამიწაზე რადიო და სატელევიზიო სიგნალები კოსმოსური სივრციდან, ათასობით კილომეტრით დაშორებული მანძილიდან, ასევე თვით მთვარიდანაც კი. კოსმოსურმა ზონდებმა დედამიწაზე გამოაგზავნეს ფიზიკური ინფორმაცია და გამოსახულებები პლანეტებიდან, რომლებიც ასიმილიონობით კილომეტრით არიან დაშორებული. უსათუოდ, ადამიანის შემოქმედს, რადიოტალღების შემქმნელს, შეეძლო, სულ მცირე, მსგავსი რამ მოემოქმედა. სინამდვილეში, მისთვის ადვილი იყო, თავისი ყოვლისშემძლე ძალის გამოყენებით, გაეგზავნა სიტყვები და ხილვები მათ გონებაში, ვინც ბიბლიის დამწერად აირჩია.
30. სურს თუ არა ღმერთს, რომ ადამიანებმა გაიგონ, რაც მათთვის განიზრახა?
30 გარდა ამისა, დედამიწასა და მასზე არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით არსებობს მრავალი რამ, რაც მოწმობს, რომ ღმერთს აინტერესებს კაცობრიობა. მაშასადამე, გასაგებია, რომ თავისი სურვილის გამო — დახმარებოდა ადამიანებს, გაეგოთ, თუ ვინ არის ის და რა განზრახვა აქვს მათთვის — ღმერთმა გარკვევით გამოხატა ყოველივე ეს წიგნში, უცვლელ საბუთში.
31. რატომ აღემატება ჩაწერილი, ინსპირირებული ცნობა ზეპირად გადმოცემულ ინფორმაციას?
31 ასევე, ყურადღება მიაქციე ღმერთის მიერ შექმნილი წიგნის აღმატებულებას იმ ინფორმაციებთან შედარებით, რომლებსაც ადამიანები მხოლოდ ზეპირად გადასცემდნენ. ზეპირსიტყვიერება არ იქნებოდა სარწმუნო, რადგანაც ადამიანები გადააკეთებდნენ მას და გარკვეული დროის შემდეგ ამ ცნობის მნიშვნელობა დამახინჯდებოდა. ისინი გადასცემდნენ ინფორმაციას თავიანთ შეხედულებებთან შეთანხმებული ზეპირი სიტყვებით. მაგრამ ღმერთის მიერ ინსპირირებულ, უცვლელ წერილში შეცდომების ალბათობა ძალიან მცირეა. ასევე, შესაძლებელი იყო წიგნის ასლების გაკეთება და გადათარგმნა, ასე რომ, სხვადასხვა ენაზე წამკითხველ ადამიანებს სარგებელი ექნებოდათ მისგან. ნუთუ ეს გონივრული არაა, რომ ჩვენმა შემოქმედმა ინფორმაციის მოსაწოდებლად ასეთი საშუალება გამოიყენა? სინამდვილეში, ეს გონივრულზე უფრო მეტია, რადგან თვითონ შემოქმედმა თქვა, რომ ზუსტად ასე გააკეთა.
შესრულებული წინასწარმეტყველებები
32-34. რა არის ბიბლიაში, რაც სხვა წიგნში არ მოიპოვება?
32 ამასთან ერთად, ბიბლიას აქვს ღვთაებრივი ინსპირაციის კიდევ ერთი შეუდარებელი და გამოჩენილი ნიშან-თვისება: ის არის წინასწარმეტყველებების წიგნი, რომლებიც უშეცდომოდ შესრულდა და სრულდება.
33 მაგალითად, ბიბლიაში დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები უძველესი ტვიროსის განადგურება, ბაბილონის დაცემა, იერუსალიმის აღდგენა და ასევე, მიდიის, სპარსეთისა და საბერძნეთის მეფეების აღზევება და დაცემა. ეს იმდენად ზუსტად იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ყოველივე ეს დაიწერა მომხდარი მოვლენების შემდეგ (ესაია 13:17–19; 44:27—45:1; ეზეკიელი 26:3–6; დანიელი 8:1–7, 20–22).
34 იესოს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, ზუსტად შესრულდა (ლუკა 19:41–44; 21:20, 21). ასევე, იესოსა და პავლეს მიერ მოცემული წინასწარმეტყველებები ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ დაწვრილებით სრულდება ზუსტად ჩვენს დროში (2 ტიმოთე 3:1–5, 13; მათე 24; მარკოზი 13; ლუკა 21).
35. რატომ შეიძლება, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ შემოქმედისგან გამომდინარეობდეს?
35 ადამიანის გონებას, ინტელექტუალურსაც კი, არ შეეძლო ასე ზუსტად ეწინასწარმეტყველა მომავალი მოვლენები. ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ სამყაროს ყოვლადძლიერი და ყოვლადბრძენი შემოქმედის გონებას, როგორც ამას ვკითხულობთ 2 პეტრეს 1:20, 21-ში: „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება არ ამოიხსნება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ ამოქმედებულნი, წარმოთქვამდნენ მას ღმერთისაგან“.
ის იძლევა პასუხს
36. რას გვეუბნება ბიბლია?
36 ამრიგად, ბიბლიას მრავალი მტკიცება აქვს იმისა, რომ წარმოადგენს უზენაესის მიერ ინსპირირებულ სიტყვას. როგორც ასეთი, ის გვატყობინებს, თუ რატომ არიან ადამიანები დედამიწაზე; რატომ არის ამდენი ტანჯვა-წამება; საით მიედინება ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიცვლება პირობები უკეთესობისკენ. ის გვამცნობს, რომ არსებობს უზენაესი ღმერთი, რომელმაც რაღაც მიზნით შექმნა ადამიანი და ეს დედამიწა, და რომ მისი ეს მიზანი განხორციელდება (ესაია 14:24). ბიბლია ასევე გვამცნობს, თუ რა არის ჭეშმარიტი რელიგია და როგორ შეიძლება მისი პოვნა. მაშასადამე, ბიბლია არის უმაღლესი სიბრძნის ერთადერთი წყარო, რომელსაც შეუძლია გვითხრას ჭეშმარიტება ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან საკითხზე (ფსალმუნი 145:3; იგავნი 3:5; ესაია 2:2–4).
37. რომელი კითხვა წამოიჭრება ქრისტიანული სამყაროს შესახებ?
37 იმ დროს, როცა უამრავი მტკიცება არსებობს ბიბლიის უტყუარობისა და სიზუსტის შესახებ, მისდევს თუ არა მის მოძღვრებებს ყველა, ვინც ამბობს, რომ აღიარებს მას? მაგალითისთვის: ყურადღება მიაქციე იმ ქვეყნებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მისდევენ ქრისტიანობას, ანუ წარმოადგენენ ქრისტიანულ სამყაროს. მათთვის ბიბლია მრავალი საუკუნის მანძილზე იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ ირეკლავს თუ არა სინამდვილეში მათი აზროვნება და მოქმედებები ღმერთის უმაღლეს სიბრძნეს?
[სურათები 11 გვერდზე]
სერ ისააკ ნიუტონს სწამდა, რომ კოსმოსურ სივრცეში დედამიწა უჭირავს სხვა ციურ სხეულებთან მიზიდულობის ძალას.
ბიბლიის მიერ შემოთავაზებული წარმოდგენა, რომ დედამიწის გარშემო ცარიელი სივრცეა, აღიარებულია სწავლულების მიერ, როგორც მისი დროისთვის აღსანიშნავი წინასწარგანჭვრეტა.
[სურათი 12 გვერდზე]
ზოგიერთ ადრინდელ მეზღვაურს ეშინოდა კიდეც, რომ ნაოსნობისას ბრტყელი დედამიწის კიდეს მიადგებოდა.
[სურათი 13 გვერდზე]
ქრისტეს არსებობის შესახებ უფრო მეტი ფაქტებია, ვიდრე იულიუს ცეზარის, იმპერატორ კარლოს დიდის, ოლივერ კრომველის ან პაპის ლეო III შესახებ.
[სურათი 15 გვერდზე]
იესოს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულება, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, დადასტურებელია რომში არსებული ტიტუსის თაღით.