ეთანხმება ეს წიგნი მეცნიერებას?
რელიგია ყოველთვის არ თვლიდა მეცნიერებას თავის მეგობრად. გასულ საუკუნეებში ზოგი ღვთისმეტყველი ეწინააღმდეგებოდა მეცნიერულ აღმოჩენებს, როცა ხედავდა, რომ ეს საფრთხეში აგდებდა ბიბლიის შესახებ მათ მიერ გაკეთებულ განმარტებებს. მაგრამ ნუთუ მეცნიერება მართლა ბიბლიის მტერია?
ბიბლიის მწერლებს მათ დროს აღიარებული მეცნიერული შეხედულებებისთვის რომ დაეჭირათ მხარი, შედეგად იქნებოდა წიგნი, თვალშისაცემი მეცნიერული უზუსტობებით. მაგრამ ეს მწერლები მხარს არ უჭერდნენ ასეთ არამეცნიერულ, მცდარ შეხედულებებს. პირიქით, მათ ჩაწერეს მრავალი ისეთი განცხადება, რომლებიც არა მარტო მეცნიერულად არის ზუსტი, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდეც იმ დროს აღიარებულ შეხედულებებს.
რა ფორმისაა დედამიწა?
ეს კითხვა ათასობით წლის მანძილზე აღძრავდა ადამიანებში ცნობისმოყვარეობას. ზოგადი შეხედულებით, რომელიც ძველ დროს ჰქონდათ, დედამიწა ბრტყელი იყო. მაგალითად, ბაბილონელებს სწამდათ, რომ სამყარო იყო ყუთი, ანუ ოთახი, რომელშიც დედამიწა იატაკი იყო. ვედის ქურუმებს ინდოეთში წარმოედგინათ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი და რომ მისი მხოლოდ ერთი ზედაპირი იყო დასახლებული. ძველი დროის ერთ-ერთი ტომი აზიაში დედამიწას გამოსახავდა ჩაის ლანგრად.
არაუგვიანეს ძვ. წ. მეექვსე საუკუნისა ბერძენმა ფილოსოფოსმა პითაგორამ თეორიულად განსაზღვრა, რომ, რადგან მთვარე და მზე სფერულები იყო, დედამიწაც სფერული უნდა ყოფილიყო. არისტოტელე (ძვ. წ. მეოთხე საუკუნე) მოგვიანებით დაეთანხმა ამას და ახსნა, რომ დედამიწის სფერულობა მტკიცდება მთვარის ეკლიპსებით. დედამიწის ჩრდილი მთვარეზე რკალს ხაზავს.
მაგრამ წარმოდგენა ბრტყელი დედამიწის შესახებ, რომლის მხოლოდ ზედა ნაწილი იყო დასახლებული, მთლიანად არ გაქარწყლებულა. ზოგს არ შეეძლო მრგვალ დედამიწასთან დაკავშირებით ლოგიკურად გამომდინარე აზრის — ანტიპოდების შესახებ კონცეფციის — აღიარებაa. ლაქტანციუსმა, ახ. წ. მეოთხე საუკუნის ქრისტიანმა აპოლოგეტმა, ეს იდეა მასხარად აიგდო. ის მსჯელობდა: „ნუთუ არის ისეთი უტვინო ვინმე, ვისაც სწამს, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ფეხებიც მათ თავზე მაღლა იმყოფება? . . რომ მცენარეულობა და ხეები თავდაყირა იზრდება? რომ წვიმა, თოვლი და სეტყვა ქვემოდან ზემოთ ცვივა?“2
ანტიპოდების კონცეფციამ რამდენიმე ღვთისმეტყველს დილემა შეუქმნა. გარკვეული თეორიები განსაზღვრავდა, რომ, თუ არსებობდნენ ანტიპოდელები, მათ არ შეეძლოთ კავშირის დამყარება ცნობილ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებთან ან იმიტომ, რომ ზღვა ძალიან დიდი იყო, რომ გადაელახათ ის, ან გაუვალი ტროპიკული სარტყლის გამო, რომელიც გარს არტყია ეკვატორს. ამიტომ საიდან შეეძლო რომელიმე ანტიპოდელს წარმოშობა? ამის გამო დაბნეულმა ზოგმა ღვთისმეტყველმა არჩია იმის რწმენა, რომ არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უწოდო ანტიპოდელები, ან რომ, როგორც ამას ლაქტანციუსი ამტკიცებდა — დედამიწა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო სფერული!
მიუხედავად ამისა, კონცეფციამ დედამიწის სფერულობის შესახებ გაიმარჯვა და ბოლოს ფართოდ აღიარებული გახდა. მაგრამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში, კოსმოსური საუკუნის დასაწყისში, ადამიანმა შეძლო გამგზავრება კოსმოსში საკმაოდ შორს, რომ საკუთარი თვალით ენახა და დაედასტურებინა, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვსb.
მაგრამ რა პოზიცია ეკავა ბიბლიას ამ საკითხთან დაკავშირებით? ძვ. წ. მერვე საუკუნეში, როცა გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ დედამიწა ბრტყელია, რამდენიმე საუკუნით ადრე, სანამ ბერძენი ფილოსოფოსები წამოაყენებდნენ თეორიას, რომ, შესაძლოა, დედამიწა სფერული ფორმისაა, და ათასობით წლით ადრე, სანამ ადამიანი კოსმოსიდან იხილავდა სფერულ დედამიწას, ებრაელმა წინასწარმეტყველმა ესაიამ საუცხოო უბრალოებით განაცხადა: „ის ზის მიწის კამარაზე“ (ესაია 40:22). ებრაული სიტყვა „ხუგ“-ი, რომელიც აქ ნათარგმნია სიტყვით „კამარა“, შეიძლება აგრეთვე გადმოითარგმნოს სიტყვით „სფერო“3. ბიბლიის სხვა თარგმანში ეს ასე იკითხება: „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუჱყანისანი“ („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა [ძვო])c.
ბიბლიის მწერალმა ესაიამ თავი აარიდა დედამიწის შესახებ იმ დროს აღიარებულ მითებს. პირიქით, მან ისეთი რამ დაწერა, რასაც მეცნიერული აღმოჩენებით მიღწეული წინსვლა არ ემუქრებოდა.
რას უჭირავს დედამიწა?
ძველ დროს ადამიანებს კიდევ სხვა კითხვები აინტერესებდათ კოსმოსის შესახებ: რაზე დგას დედამიწა? რას უჭირავს მზე, მთვარე, ვარსკვლავები? მათ არ იცოდნენ მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელსაც ფორმულირება მისცა ისააკ ნიუტონმა და რომელიც 1687 წელს იქნა გამოქვეყნებული. წარმოდგენა, რომ ციური სხეულები ცარიელ კოსმოსში, სინამდვილეში, არაფერზე დგას, მათთვის უცნობი იყო. ამიტომ მათი ახსნები ხშირად იმას ნიშნავდა, რომ რაღაც მატერიალურ ობიექტებს ან ნივთიერებებს უჭირავთ დედამიწა და სხვა ციური სხეულები.
მაგალითად, ერთი ძველებური თეორია, რომელიც, შესაძლოა, კუნძულზე მცხოვრებმა ადამიანებმა გამოიგონეს, განმარტავდა, რომ დედამიწა გარშემორტყმული იყო წყლებით და ამ წყლებში ტივტივებდა. ინდუსებს წარმოედგინათ, რომ დედამიწას რამდენიმე ერთიმეორეზე დადებული საყრდენი ჰქონდა. დედამიწა იდგა ოთხ სპილოზე, სპილოები იდგნენ ვეებერთელა კუზე, კუ იდგა უშველებელ გველზე და ეს დახვეული გველი კი ტივტივებდა მსოფლიო წყლების ზედაპირზე. ძვ. წ. მეხუთე საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსს ემპედოკლეს სწამდა, რომ დედამიწა იდგა ქარბორბალაზე და რომ ეს ქარბორბალა ამოძრავებდა ციურ სხეულებს.
ყველაზე გავლენიან წარმოდგენათა შორის იყო არისტოტელეს შეხედულება. თუმცა თეორიულად მან დაასკვნა, რომ დედამიწა სფერულია, ის უარყოფდა იმას, რომ მას შეეძლო ცარიელ კოსმოსში ყოფილიყო დაკიდებული. თავის ნაშრომში, სახელწოდებით „ცისათვის“, როცა უარყოფდა შეხედულებას, რომ დედამიწა წყალზე იდგა, მან თქვა: „როგორც დედამიწას, ასევე წყალს არ ახასიათებს გაჩერება ჰაეროვან სივრცეში: ის რაღაცაზე უნდა იდგას“4. მაშ, რაზე „იდგა“ დედამიწა? არისტოტელე ასწავლიდა, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები მიმაგრებული იყო მაგარი, გამჭვირვალე სფეროების ზედაპირზე. სფერო სფეროში იყო მოთავსებული, დედამიწა კი უძრავად იდგა ცენტრში. რადგან სფეროები ბრუნავდნენ ერთმანეთში, მათზე მყოფი მზე, მთვარე და პლანეტებიც ცაზე ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ მოძრაობდნენ.
არისტოტელეს ახსნა ლოგიკური ჩანდა. აბა, როგორ დარჩებოდნენ მაღლა ციური სხეულები, თუ რაღაცაზე არ იქნებოდნენ მყარად მიმაგრებული? პატივცემული არისტოტელეს ეს თვალსაზრისი თითქმის 2000 წლის მანძილზე ფაქტად იყო აღიარებული. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედიის“ (The New Encyclopædia Britannica) თანახმად, მე-16 და მე-17 საუკუნეებში მისი სწავლებები ეკლესიის თვალში „რელიგიური დოგმის სტატუსამდე იყო აღზევებული“5.
ტელესკოპების გამოგონებისთანავე ასტრონომებმა ეჭვქვეშ დააყენეს არისტოტელეს თეორია. და მაინც, პასუხი მანამდე არ მოდიოდა, სანამ სერ ისააკ ნიუტონმა არ ახსნა, რომ პლანეტები მათ ორბიტებზე ცარიელ კოსმოსში უჭირავს უხილავ ძალას — მიზიდულობას. ეს დაუჯერებელი ჩანდა და ნიუტონის ზოგი კოლეგისთვის ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ კოსმოსი შეიძლება ყოფილიყო ცარიელი სივრცე, რომელიც საკმაოდ თავისუფალი იყო ნივთიერებისგანd6.
რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით? დაახლოებით 3500 წლის წინ ბიბლიამ არაჩვეულებრივად ნათელი სიტყვებით განაცხადა, რომ დედამიწა „არაფერზე“ ჰკიდია (იობი 26:7). პირვანდელ ებრაულში აქ გამოყენებული სიტყვა „არაფერი“ (ბელი–მაჰʹ) პირდაპირი გაგებით ნიშნავს „არაფრის გარეშე“7. „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ (Contemporary English Version) იყენებს გამოთქმას „ცარიელ სივრცეში“.
იმ დროის ადამიანთა უმრავლესობას დედამიწა საერთოდ არ წარმოედგინათ „ცარიელ სივრცეში“ დაკიდებულ პლანეტად. მაგრამ ბიბლიის მწერალმა დიდად გაუსწრო თავის დროს და ჩაწერა განაცხადი, რომელიც მეცნიერულად ზუსტია.
ბიბლია და სამედიცინო მეცნიერება — ეთანხმებიან ერთმანეთს?
თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებამ მრავალი რამ გვასწავლა დაავადებების გავრცელებისა და თავიდან აცილების შესახებ. მედიცინის პროგრესი მე-19 საუკუნეში იქამდე მივიდა, რომ სამედიცინო პრაქტიკაში შემოღებულ იქნა ანტისეპტიკა — სისუფთავე ინფექციების შესამცირებლად. შედეგები სენსაციური იყო. დიდად შემცირდა ინფექციები და უდროო სიკვდილი.
მაგრამ ძველი დროის ექიმებს ბოლომდე არ ესმოდათ, თუ როგორ ვრცელდებოდა დაავადებები, და არც ბოლომდე ჰქონდათ შეგნებული სანიტარიის მნიშვნელოვნება ავადმყოფობის თავიდან აცილებაში. გასაკვირიც არ არის, რომ მათი სამედიცინო პრაქტიკის უმეტესი ნაწილი დღევანდელი სტანდარტებით ბარბაროსულად ჩაითვლებოდა.
უძველესი სამედიცინო ტექსტი, რომელიც კი არსებობს, არის ებერსის პაპირუსი, ძვ. წ. 1550 წლით დათარიღებული ეგვიპტური სამედიცინო ცოდნის კრებული. ეს გრაგნილი შეიცავს 700-მდე სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა სნეულებისგან, „ნიანგის ნაკბენით დაწყებული ფეხის ფრჩხილის ტკივილით დამთავრებული“8. ერთ-ერთი ენციკლოპედია აცხადებს: „ექიმების სამედიცინო შემეცნება ძალიან ემპირიკული იყო, უმეტეს წილად მაგიური და სრულიად არამეცნიერული“9 (The International Standard Bible Encyclopaedia). ამ საშუალებათაგან უმრავლესობა უეფექტო იყო, ხოლო ზოგი მათგანი — ძალიან სახიფათო. ჭრილობის სამკურნალოდ ერთი რეცეპტი რეკომენდაციას უწევდა ადამიანის ექსკრემენტის სხვა ნივთიერებებთან ნარევის გამოყენებას10.
ეგვიპტური სამედიცინო საშუალებების ეს ტექსტი დაახლოებით იმავე დროს დაიწერა, როცა ბიბლიის პირველი წიგნი, რომელშიც მოსეს რჯული შედის. მოსე, რომელიც ძვ. წ. 1593 წელს დაიბადა, ეგვიპტეში იზრდებოდა (გამოსვლა 2:1–10). როგორც ფარაონის სახლეულის წევრი, ის „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“ (საქმეები 7:22). ის იცნობდა ეგვიპტის „მკურნალებს“ (დაბადება 50:1–3). მოახდინა რამე გავლენა მოსეს წერილებზე მათმა უეფექტო და სახიფათო სამედიცინო პრაქტიკამ?
არა. პირიქით, მოსეს რჯული შეიცავდა სანიტარულ წესებს, რომლებმაც იმ დროს საკმაოდ გაუსწრეს. მაგალითად, კანონი სამხედრო დაბანაკებასთან დაკავშირებით მოითხოვდა ექსკრემენტების მიწაში ჩაფლვას ბანაკიდან მოშორებით (მეორე რჯული 23:13). ეს მნიშვნელოვნად მოწინავე პროფილაქტიკური ზომა იყო. ეს ხელს უწყობდა წყლის სუფთად შენახვას და უზრუნველყოფდა დაცვას ბუზების მეშვეობით გავრცელებადი ბაქტერიული დიზენტერიისა და ფაღარათის გამომწვევი სხვა დაავადებებისგან, რომლებიც დღემდე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავს იმ ქვეყნებში, სადაც სანიტარული პირობები სავალალოა.
მოსეს რჯულში მოცემული იყო კიდევ სხვა სანიტარული წესები, რომლებიც ისრაელს ინფექციური დაავადებების გავრცელებისგან იცავდა. პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ან მოსალოდნელი იყო, რომ ექნებოდა რამე გადამდები დაავადება, კარანტინში ამყოფებდნენ (ლევიანნი 13:1–5). ტანსაცმელი ან ჭურჭელი, რომლებიც შეეხო მკვდარ (შესაძლოა დაავადებისგან) ცხოველს, მეორედ გამოყენებამდე უნდა გაერეცხათ წყალში ან გაენადგურებინათ (ლევიანნი 11:27, 28, 32, 33). ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შეეხებოდა გვამს, უწმინდურად ითვლებოდა და მას განმწმენდი პროცედურები უნდა გაევლო, რომლებშიც შედიოდა დაბანვა და ტანსაცმლის გარეცხვა. უწმინდურების შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ის უნდა მორიდებოდა ფიზიკურ კონტაქტს სხვებთან (რიცხვნი 19:1–13).
ეს სანიტარული კოდექსი ცხადყოფს სიბრძნეს, რომელსაც არ იზიარებდნენ იმ დროის ექიმები გარშემო მცხოვრები ერებიდან. ათასობით წლით ადრე, სანამ სამედიცინო მეცნიერება შეისწავლიდა დაავადებების გავრცელების გზებს, ბიბლიამ მოიხსენია გონივრული პროფილაქტიკური ზომები დაავადებებისგან დასაცავად. არ არის გასაკვირი, რომ, საერთოდ, მოსეს მის დროს მცხოვრებ ისრაელებზე შეეძლო ეთქვა, რომ ისინი ცხოვრობდნენ 70 თუ 80 წლამდეe (ფსალმუნი 89:10).
შეიძლება თქვენ აღიაროთ, რომ ზემოხსენებული ბიბლიური განცხადებები მეცნიერულად ზუსტია. მაგრამ ბიბლიაში კიდევ სხვა რამ არის მოხსენიებული, რის დამტკიცებაც მეცნიერულად შეუძლებელია. ნუთუ მაინცდამაინც ეს აყენებს ბიბლიას მეცნიერებასთან წინააღმდეგობაში?
დაუმტკიცებლის დაჯერება
თუ რამე განცხადება დაუმტკიცებელია, ეს არ ნიშნავს, რომ ის უეჭველად არასწორია.. მეცნიერული მტკიცება შეზღუდულია ადამიანის უნარით: აღმოაჩინოს საკმარისი ფაქტები და სწორად განმარტოს ინფორმაცია. მაგრამ ზოგი ჭეშმარიტება დაუმტკიცებელია, ვინაიდან ან არავითარი მტკიცება არ არის შემონახული, ან ეს მტკიცება ბინდით მოცულია ან აღმოუჩენელი, ან მეცნიერული შესაძლებლობები და შემეცნება საკმარისი არ არის უდავო დასკვნის მისაღებად. შეიძლება ეს ასე იყოს გარკვეულ ბიბლიურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც არ არსებობს დამოუკიდებელი ფიზიკური ფაქტები?
მაგალითად, ბიბლია მოიხსენიებს უხილავ სფეროს, რომელშიც ბინადრობენ სულიერი პიროვნებები, რასაც მეცნიერულად ვერც დაამტკიცებ, ვერც უარყოფ. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულების შესახებ. არ არსებობს საკმარისი ნათელი გეოლოგიური მტკიცება ნოეს დღეებში მომხდარი მსოფლიო წარღვნის შესახებ, რაც დააკმაყოფილებდა ზოგ ადამიანს (დაბადება, მე-7 თავი). ნუთუ უნდა დავასკვნათ, რომ ეს არ მომხდარა? ისტორიული მოვლენები დროისა და ცვლილებების გამო შეიძლება ბუნდოვანი გახდეს. იქნებ გეოლოგიური აქტიურობის ათასობით წელმაც წაშალა წარღვნასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი?
მართალია, ბიბლია შეიცავს განცხადებებს, რომელთა დამტკიცება თუ უარყოფა არსებული ფიზიკური ფაქტების საფუძველზე შეუძლებელია. მაგრამ ნუთუ ამან უნდა გაგვაკვირვოს? ბიბლია არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო. მაგრამ ის ჭეშმარიტების წიგნია. ჩვენ უკვე განვიხილეთ ძლიერი მტკიცება, რომ მისი მწერლები უმწიკვლო და პატიოსანი მამაკაცები იყვნენ. და, როცა ისინი მეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებიან, მათი სიტყვები ზუსტია და სრულიად თავისუფალია ძველებური „მეცნიერული“ თეორიებისგან, რომლებიც უბრალო მითებადაა ქცეული. მაშასადამე, მეცნიერება არ არის ბიბლიის მტერი. საკმაო საფუძველი არსებობს, რომ ბიბლიის სიტყვები აკვიატებული აზრებისგან თავისუფალი გონებით აიწონ-დაიწონოს.
[სქოლიოები]
a „ანტიპოდები. . . არის ორი ერთმანეთის მიმართ სრულიად საპირისპირო წერტილი სფეროზე. სწორი ხაზი ამ ორ წერტილს შორის დედამიწის ცენტრს გადაკვეთდა. სიტყვა ანტიპოდები ბერძნულ ენაზე ნიშნავს ერმანეთისადმი ფეხებით მიქცეული. ორი პიროვნება, რომლებიც ანტიპოდების წერტილებზე დგანან, ყველაზე ახლოს ერთმანეთთან მხოლოდ ფეხებით არიან“ („მსოფლიო ენციკლოპედია“1 [The World Book Encyclopedia]).
b თუ მეცნიერული ენით ვილაპარაკებთ, დედამიწა შებრტყელებული სფეროიდია; ის ოდნავ შებრტყელებულია პოლუსებში.
c ამასთანავე, ნებისმიერი კუთხით რომ შეხედო, მხოლოდ სფერულ ობიექტს აქვს მრგვალი ფორმა. ბრტყელი დისკო კი გამოჩნდებოდა არა წრის ფორმით, არამედ უფრო ელიფსის ფორმით.
d ნიუტონის დროს ფართოდ აღიარებულ შეხედულებად ის იყო, რომ სამყაროს ავსებდა თხევადი ნივთიერება — კოსმოსური „სუპი“ — და რომ ამ სითხეში არსებული მორევები პლანეტების ბრუნვას იწვევდა.
e ევროპის მრავალ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1900 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 50 წელი იყო. იმ დროიდან ეს ხანგრძლივობა საოცრად გაიზარდა არა მარტო დაავადებების გაკონტროლებაში მედიცინის წინსვლის გამო, არამედ უკეთესი სანიტარიისა და საცხოვრებელი პირობების გამო.
[ჩანართი 21 გვერდზე]
თუ რომელიმე განაცხადის დამტკიცება შეუძლებელია, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის არასწორია.
[სურათი 18 გვერდზე]
რამდენიმე ათასი წლით ადრე, სანამ ადამიანები მრგვალ დედამიწას იხილავდნენ კოსმოსიდან, ბიბლიამ მოიხსენია „სიმრგულე ქუჱყანისანი“.
[სურათები 20 გვერდზე]
სერ ისააკ ნიუტონმა ახსნა, რომ პლანეტები მათ ორბიტებზე მიზიდულობას უჭირავს.