თავი მეცხრამეტე
იეჰოვა დაამცირებს ამაყ ტვიროსს
1, 2. ა) როგორი ქალაქი იყო ძველი ტვიროსი? ბ) რა იწინასწარმეტყველა ტვიროსზე ესაიამ?
ის ‘სრულყოფილი იყო მშვენებით’ და ‘დოვლათით იყო სავსე’ (ეზეკიელი 27:4, 12). მისი დიდებული ხომალდები შორეულ ქვეყნებში მოგზაურობდნენ. მან ‘სახელი გაითქვა ზღვათა შორის’ და თავისი ‘დოვლათით გაამდიდრა ქვეყნის მეფეები’ (ეზეკიელი 27:25, 33). ძვ. წ. VII საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ფინიკიელთა ქალაქ ტვიროსს ასეთი ძლიერებისთვის მიეღწია.
2 ყოველივე ამის მიუხედავად, ტვიროსის განადგურების დრო კარს იყო მომდგარი. 100 წლით ადრე, ვიდრე ეზეკიელი აღწერდა მას, ესაიამ იწინასწარმეტყველა ფინიკიელთა ამ ბურჯის დაცემა და იმ ხალხის მწუხარება, რომელიც მასზე იყო დამოკიდებული. ესაიას სიტყვების თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ ღმერთი კვლავ მოხედავდა და ძველ კეთილდღეობას დაუბრუნებდა ტვიროსს. როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები და რის სწავლა შეგვიძლია ტვიროსის მაგალითიდან? იეჰოვასა და მისი დანაპირებისადმი რწმენა გაგვიმტკიცდება, როდესაც გავიგებთ, რა დაატყდა თავს ტვიროსს და რა იყო ამის მიზეზი.
„ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო!“
3, 4. ა) სად იყო თარშიში და რა ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული მასთან ტვიროსს? ბ) რატომ ‘ივალალებენ’ თარშიშში მოვაჭრე მეზღვაურები?
3 „ტვიროსის განაჩენში“ ესაია აცხადებს: «ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია [„ნავსაყუდელია“, აქ], აღარც მისასვლელი!» (ესაია 23:1ა). ფიქრობენ, რომ თარშიში ესპანეთის ნაწილს წარმოადგენდა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტვიროსიდან საკმაოდ იყო დაშორებულიa. მაგრამ ფინიკიელებს გამოცდილი მეზღვაურები ჰყავდათ და საუკეთესო ხომალდები ჰქონდათ. ზოგი ისტორიკოსის აზრით, პირველად ფინიკიელებმა შენიშნეს მთვარესა და დინებებს შორის კავშირი და მათ დაიწყეს ზღვაოსნობაში ასტრონომიის გამოყენება. ასე რომ, ტვიროსსა და თარშიშს შორის არსებული დიდი მანძილი არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა მათთვის.
4 ესაიას დღეებში ტვიროსი შორეულ თარშიშში ასაღებს საქონელს და, შესაძლებელია, მთელ სიმდიდრეს ესპანეთში იძენს, სადაც ვერცხლის, რკინის, კალისა და სხვა ლითონების მდიდარი საბადოებია (შეადარეთ იერემია 10:9; ეზეკიელი 27:12). „თარშიშის ხომალდებს“ — როგორც ჩანს, თარშიშში მოვაჭრე ტვიროსის გემებს — ნამდვილად ექნებათ იმის მიზეზი, რომ ‘ივალალონ’ და იგლოვონ, როდესაც მათი მშობლიური ნავსაყუდელი განადგურდება.
5. სად გაიგებენ თარშიშიდან მომავალი მეზღვაურები ტვიროსის დაცემის ამბავს?
5 როგორ გაიგებენ ზღვაში გასული მეზღვაურები ტვიროსის დაცემას? ესაია ამბობს: «ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას [„მათ“, აქ]» (ესაია 23:1ბ). „ქითიმის ქვეყანაში“ კუნძული კვიპროსი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც ფინიკიის სანაპიროდან დასავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. კვიპროსი უკანასკნელი ნავსადგურია, სადაც თარშიშიდან აღმოსავლეთით, ტვიროსისკენ, მიმავალი გემები ჩერდებიან. აქედან გამომდინარე, მეზღვაურები მაშინ გაიგებენ თავიანთი საყვარელი ნავსადგურის დანგრევის ამბავს, როდესაც კვიპროსში შევლენ. რა თავზარდამცემი იქნება ეს მათთვის! ისინი სასოწარკვეთილებას მიეცემიან და გამწარებული ივალალებენ.
6. რა საერთო ჰქონდა ტვიროსს ციდონთან?
6 ფინიკიის ზღვისპირეთის მცხოვრებთაც დაეცემათ თავზარი. წინასწარმეტყველი ამბობს: «დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი ციდონელი ვაჭრებით! დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი — მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი [„ეს მომგებიანი გახდა ერებისთვის“, აქ]» (ესაია 23:2, 3). „ზღვისპირეთის მცხოვრებნი“ — ტვიროსის მეზობლები — გაოგნებისგან დადუმდებიან, როდესაც ტვიროსი დაეცემა. ვინ არიან „ციდონელი ვაჭრები“, რომლებიც ‘ავსებენ’, ანუ ამდიდრებენ, ზღვისპირეთის მცხოვრებთ? წარსულში ტვიროსი მისგან ჩრდილოეთით დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე საპორტო ქალაქ ციდონის კოლონია იყო. ციდონელები თავიანთ მონეტებზე ციდონს ტვიროსის დედად აღწერენ. მიუხედავად იმისა, რომ ტვიროსი უკვე სიმდიდრით ჩრდილავს ციდონს, ის მაინც „ციდონის ქალწულია“ და მისი მკვიდრნი თავს კვლავაც ციდონელებს უწოდებდნენ (ესაია 23:12). აქედან გამომდინარე, „ციდონელ ვაჭრებში“ ტვიროსელი ვაჭრები უნდა იყვნენ ნაგულისხმები.
7. როგორ ავსებდნენ ხალხს დოვლათით ციდონელი ვაჭრები?
7 მდიდარ ციდონელ ვაჭრებს ხმელთაშუა ზღვით სხვადასხვა ქვეყანაში გააქვთ გასაყიდად მარცვლეული შიხორიდან, რომელიც ეგვიპტეში, ნილოსის აღმოსავლეთით, დელტაში, მდებარეობს (შეადარეთ იერემია 2:18). „ნილოსის ნამკალში“ ეგვიპტის სხვა საქონელიც იგულისხმება, რომლით ვაჭრობაც დიდ მოგებას აძლევს როგორც ციდონელ ვაჭრებს, ისე იმ ხალხს, ვისთანაც ისინი საქონელს ასაღებენ. ციდონელი ვაჭრები დოვლათით ავსებენ ტვიროსს. ცხადია, ისინი იგლოვებენ მის განადგურებას!
8. რა ზეგავლენას მოახდენს ტვიროსის განადგურება ციდონზე?
8 შემდეგ ესაია ციდონს მიმართავს: „გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს და ქალწულები არ გამიზრდია“ (ესაია 23:4). ტვიროსის განადგურების შემდეგ სანაპირო, სადაც ოდესღაც ეს ქალაქი იყო გაშენებული, უდაბურ ადგილს დაემსგავსება. ამიტომაც ზღვა თითქოს ოხრავს, როგორც შვილების სიკვდილით გამწარებული დედა, და უარყოფს, რომ ოდესმე ჰყოლია შვილები. ციდონი სირცხვილს ჭამს იმის გამო, რაც მის ქალწულს გადახდება თავს.
9. რომელი სხვა მოვლენებით გამოწვეული გლოვის მსგავსად იგლოვებს ხალხი, როდესაც ტვიროსის დაცემის ამბავს შეიტყობს?
9 დიახ, ტვიროსის დაცემის ამბის გავრცელებას დიდი გლოვა მოჰყვება. ესაია ამბობს: «როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტვიროსის გამო [„როგორც ეგვიპტის ამბით შეძრწუნდნენ, ისე შეძრწუნდებიან ტვიროსის ამბით“, აქ]» (ესაია 23:5). ხალხი ისეთივე სიმწრით იგლოვებს, როგორი სიმწრითაც ეგვიპტის ამბის გაგებისას გლოვობდა. რა ამბავს გულისხმობს წინასწარმეტყველი? შესაძლებელია, მის მიერ ნაწინასწარმეტყველები „ეგვიპტის განაჩენის“ შესრულებას (ესაია 19:1—25)b. ან შეიძლება მოსეს დღეებში ფარაონის ჯარის განადგურების ამბავს გულისხმობს, რომელმაც ძლიერ შეაძრწუნა ყველა (გამოსვლა 15:4, 5, 14—16; იესო ნავეს ძე 2:9—11). ნებისმიერ შემთხვევაში, თავზარდამცემი იქნება ტვიროსის განადგურების ამბავი. ესაია მოუწოდებს ხალხს, შორეულ თარშიშს შეაფარონ თავი და გამოიტირონ დაცემული ქალაქი: „თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო!“ (ესაია 23:6).
„ძველი დღეებიდან“ მოზეიმე
10—12. რა შეიძლება ითქვას ტვიროსის სიმდიდრეზე, მისი ისტორიის ხანგრძლივობასა და ზეგავლენაზე?
10 ტვიროსი უძველესი ქალაქია, რაც ესაიას შემდეგი შეკითხვიდანაც ჩანს: „ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში აქვს დასაბამი?“ (ესაია 23:7ა). ტვიროსის ისტორიას იესო ნავეს ძის დღეებამდე მაინც მივყავართ (იესო ნავეს ძე 19:29). დროთა განმავლობაში ტვიროსმა ლითონის ნივთების, მინის ჭურჭლისა და მეწამული საღებავის დამზადებით გაითქვა სახელი. ტვიროსული მეწამული მოსასხამები საოცრად ფასობს, ხოლო იქაური ქსოვილებით დიდებულები იმოსებიან (შეადარეთ ეზეკიელი 27:7, 24). გარდა ამისა, ტვიროსი მექარავნეთა სავაჭრო ცენტრი და უცხოური საქონლის ყიდვა-გაყიდვის მნიშვნელოვანი პუნქტია.
11 ქალაქი სამხედრო თვალსაზრისითაც ძლიერია. სპრეიგ დე კემპი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ფინიკიელები ბრძოლაში დახელოვნებული არ იყვნენ — რადგან მათი საქმიანობა ვაჭრობა იყო და არა ბრძოლა — ისინი ფანატიკური გამბედაობითა და სიმტკიცით იცავდნენ თავიანთ ქალაქებს. ასეთი ხასიათისა და ძლიერი ფლოტის წყალობით ტვიროსელებმა იმ დროში უძლიერესი ასურეთისთვის (აშურისთვის) წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს“.
12 ტვიროსი კვალს ტოვებს მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთზე. ის „საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში!“ (ესაია 23:7ბ). ფინიკიელები შორეულ ქვეყნებში მოგზაურობენ და სავაჭრო პუნქტებსა და ნავსადგურებს აარსებენ, სადაც ზოგჯერ მათი კოლონიები ჩნდება. მაგალითად, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაშენებული კართაგენი ტვიროსის კოლონიაა. დროთა განმავლობაში ის ტვიროსზე მეტად გაძლიერდება და რომის ძალაუფლების მეტოქედაც იქნება აღიარებული.
სიამაყის გამო დამცირდება
13. რატომ წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოუტანს განაჩენს ტვიროსს?
13 ტვიროსის ხანგრძლივი ისტორიისა და სიმდიდრის მხედველობაში მიღებით ნამდვილად დროულია შემდეგი შეკითხვა: „ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები — ქვეყნის დიდებულნი?“ (ესაია 23:8). ვინ რას გაუბედავს ქალაქს, რომელიც ძლიერ მმართველებს ნიშნავს თავის კოლონიებსა თუ სხვა ქვეყნებში ანუ „გვირგვინთა მიმნიჭებელია“. ვინ გაბედავს ცუდის თქმას დიდ სავაჭრო ქალაქზე, რომელთა ვაჭრები მთავრები არიან და სოვდაგრები — დიდებულები? მორის შეიჰაბი, ბეირუთის (ლიბანი) ეროვნული მუზეუმის სიძველეთა განყოფილების ყოფილი დირექტორი, ამბობს: „ძვ. წ. IX—VI საუკუნეებში ტვიროსი ისეთივე მნიშვნელობის ქალაქი იყო, როგორიც ლონდონი XX საუკუნის დასაწყისში“. ასე რომ, ვინ გაბედავდა ამ ქალაქის წინააღმდეგ რამის თქმას?
14. ვის გამოაქვს განაჩენი ტვიროსისთვის და რატომ?
14 ღვთის შთაგონებით წარმოთქმული პასუხი შიშის ზარს დასცემს ტვიროსს. ესაია ამბობს: „ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი“ (ესაია 23:9). რატომ გამოაქვს იეჰოვას ასეთი განაჩენი ამ მდიდარი უძველესი ქალაქისთვის? იმიტომ ხომ არა, რომ მისი მცხოვრებნი ცრუ ღმერთს, ბაალს, სცემენ თაყვანს? ან იქნებ იმიტომ, რომ ტვიროსთან იზებელს აქვს საერთო — ციდონელთა და აგრეთვე ტვიროსელთა მეფის, ეთბაყალის, ასულს, რომელიც ისრაელის მეფე აქაბს გაჰყვა ცოლად და იეჰოვას წინასწარმეტყველებს ხოცავს? (მესამე მეფეთა 16:29, 31; 18:4, 13, 19). პასუხი ორივე შემთხვევაში უარყოფითია. ტვიროსი ქედმაღლობისა და სიამაყის გამოა მსჯავრდადებული — იმის გამო, რომ ის სხვა ერთა, მათ შორის ისრაელთა, ხარჯზე მდიდრდება. ძვ. წ. IX საუკუნეში იეჰოვამ წინასწარმეტყველ იოველის მეშვეობით ტვიროსსა და სხვა ქალაქებს უთხრა: „იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს“ (იოველი 4:6). ნუთუ თვალს დახუჭავს ღმერთი იმაზე, რომ ტვიროსი მის ხალხს გასაყიდი საქონელივით ეპყრობა?
15. რა რეაქცია აქვს ტვიროსს, როდესაც ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს აოხრებს?
15 ასწლეულების გასვლა ვერ შეცვლის ტვიროსს. ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს გაანადგურებს, ტვიროსი სიხარულით შესძახებს: «შეიმუსრება [„შეიმუსრა“, აქ] იგი — ხალხების კარიბჭე; ჩემსკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება» (ეზეკიელი 26:2). ტვიროსი გაიხარებს, რადგან იფიქრებს, რომ მისთვის სარგებლის მომტანი იქნება იერუსალიმის განადგურება. მას ვაჭრობით დიდი შემოსავლის მიღების იმედი ექნება, რადგან იუდაელთა დედაქალაქი მეტოქეობას აღარ გაუწევს. იეჰოვა დაამცირებს თვითმარქვია „დიდებულებს“, რომლებიც აღტაცებით ემხრობიან მისი ხალხის მტრებს.
16, 17. რა დაემართებათ ტვიროსის მცხოვრებთ, როდესაც მათი ქალაქი დაეცემა? (იხილეთ სქოლიო).
16 ესაია განაგრძობს იეჰოვას მიერ ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენის უწყებას: «გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული [„ასულო“, აქ], სხვა გასასვლელი აღარ არის! ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი. თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი» (ესაია 23:10—12).
17 რატომ ეწოდება ტვიროსს „თარშიშის ასული“? შესაძლებელია, იმიტომ, რომ ტვიროსის დაცემის შემდეგ თარშიში მასზე ძლიერი ქალაქი გახდებაc. დაცემული ტვიროსის მკვიდრნი მიმოიფანტებიან და ისე ‘გადაივლიან’ არემარეს, როგორც წყალდიდობისას მდინარის კალაპოტიდან გადმოსული წყალი. „თარშიშის ასულისადმი“ მიმართული ესაიას ცნობით ხაზგასმულია, თუ რამდენად დიდი უბედურება ელის ტვიროსს. იეჰოვა ხელმოღერებულია და ბრძანებას იძლევა. ასე რომ, ტვიროსს ვერავინ შეუცვლის ხვედრს.
18. რატომ არის ტვიროსი მოხსენიებული „ციდონის ქალწულად“ და როგორ შეიცვლება მისი მდგომარეობა?
18 ესაია აგრეთვე „ციდონის ქალწულად“ იხსენიებს ტვიროსს, რაც იმას გამოხატავს, რომ წინათ ის არასდროს აუღიათ და გაუძარცვავთ უცხოელ დამპყრობლებს და ჯერ არ ყოფილა არავის მორჩილი (შეადარეთ მეოთხე მეფეთა 19:21; ესაია 47:1; იერემია 46:11). მაგრამ ახლა განადგურდება ტვიროსი და ზოგი მისი მკვიდრი ფინიკიის კოლონიაში, ქითიმში გადავა. მაგრამ მთელი ავლადიდების დაკარგვის გამო მათთვის იქაც არ იქნება საშველი.
ქალდეველები იავარქმნიან მას
19, 20. წინასწარმეტყველების თანახმად, ვის უნდა აეღო ტვიროსი და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?
19 რომელი პოლიტიკური ძალა აღასრულებს იეჰოვას მიერ ტვიროსისთვის გამოტანილ განაჩენს? ესაია აცხადებს: „აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები, ნანგრევებად აქციეს. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი სიმტკიცე!“ (ესაია 23:13, 14). ქალდეველები დაიპყრობენ ტვიროსს და არა აშურელები. ისინი საალყო კოშკებს აღმართავენ, მიწასთან გაასწორებენ ტვიროსელთა სახლებს და გაანადგურებენ თარშიშის ხომალდთა ნავსაყუდელს.
20 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იერუსალიმის დაცემიდან მცირე ხანში ტვიროსი ბაბილონს უჯანყდება, რის შემდეგაც ნაბუქოდონოსორი ალყაში აქცევს ქალაქს. ტვიროსს თავისი ძლიერების იმედი აქვს და წინააღმდეგობას უწევს მას. ალყის დროს ბაბილონელ მეომრებს მუზარადის ტარებით «თავი გადახოტრილი [„გამელოტებული“, აქ]» აქვთ, ალყის შემოსარტყმელად საჭირო აღჭურვილობის ზიდვით კი — ‘მხრები გადატყავებული’ (ეზეკიელი 29:18). ალყა ძვირად უჯდება ნაბუქოდონოსორს. ის ტვიროსის იმ ნაწილს ანადგურებს, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს, მაგრამ ნადავლს მაინც ვერ იგდებს ხელში. ტვიროსელებს ქალაქის მთელი ქონება დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარე პატარა კუნძულზე გადააქვთ. ძლიერი ფლოტის უქონლობის გამო ქალდეველთა მეფე ვერ ახერხებს კუნძულის აღებას. ტვიროსი 13 წლის შემდეგ ნებდება ქალდეველებს, მაგრამ ქალაქი მთლიანად არ ოხრდება და მოგვიანებით მასზე სხვა წინასწარმეტყველებებიც სრულდება.
„ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს“
21. რა მხრივ არის ტვიროსი „დავიწყებული“ და რა დროის განმავლობაში?
21 ესაია განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე“ (ესაია 23:15ა). ბაბილონელების მიერ ტვიროსის დაპყრობის შემდეგ ქალაქის კუნძულზე მდებარე ნაწილი „აღარავის ემახსოვრება“. წინასწარმეტყველებისამებრ, „ერთი მეფის“ — ბაბილონის იმპერიის — ბატონობის განმავლობაში კუნძულზე გაშენებულ ტვიროსს არავითარი ეკონომიკური ძლიერება არ ექნება. იერემიას პირით იეჰოვა ტვიროსს იმ ერებს შორის იხსენიებს, რომლებიც თავისი რისხვის ღვინით სავსე თასის შესასმელად ჰყავს გამორჩეული. ის ამბობს: „ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები“ (იერემია 25:8—17, 22, 27). ცნობილია, რომ კუნძულზე მდებარე ტვიროსი არ ყოფილა ბაბილონის მორჩილებაში სრული 70 წლის განმავლობაში, რადგან ბაბილონის იმპერია ძვ. წ. 539 წელს დაეცა. ამგვარად, როგორც ჩანს, 70 წლით წარმოდგენილია ბაბილონის მსოფლიო ბატონობის პერიოდი, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფო დინასტია იკვეხნის, რომ „ღვთის ვარსკვლავთა“ ზემოთ უდგას ტახტი (ესაია 14:13). არაერთი ერი ექცევა ბაბილონის მორჩილებაში სხვადასხვა დროს, მაგრამ 70 წლის გასვლის შემდეგ მის ბატონობას ბოლო მოეღება. რა დაემართება მაშინ ტვიროსს?
22, 23. როგორ წაუვა ტვიროსს საქმე, როდესაც თავს დააღწევს ბაბილონის ბატონობას?
22 ესაია განაგრძობს: „სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტვიროსს მეძავის სიმღერა. აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ! სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს [მეძაობას] ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე“ (ესაია 23:15ბ—17).
23 ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემის შემდეგ ფინიკია მიდია-სპარსეთის იმპერიის სატრაპია ხდება. სპარსეთს ამ დროს შემწყნარებელი მეფე კიროს დიდი მართავს. ტვიროსი ანახლებს თავის საქმიანობას და ყოველმხრივ ცდილობს, კვლავ იქნეს აღიარებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრად — ისევე როგორც ყველასგან დავიწყებული მეძავი, რომელმაც დაკარგა ძველი კლიენტები და ახლა ქნარზე დაკვრითა და სიმღერით ქუჩა-ქუჩა დაიარება და ახალი კლიენტების მიზიდვას ცდილობს. მიაღწევს ტვიროსი წარმატებას? დიახ, იეჰოვას ნებით ეს ასეც მოხდება. თანდათანობით ტვიროსი ისე გამდიდრდება, რომ ძვ. წ. VI საუკუნის ბოლოს წინასწარმეტყველი ზაქარია მის შესახებ იტყვის: „აიშენა ტვიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო — ქუჩის ტალახივით“ (ზაქარია 9:3).
‘მისი ნავაჭრი უფლისთვის იქნება შეწირული’
24, 25. ა) როგორ იწირება უფლისთვის ტვიროსის ნავაჭრი? ბ) მიუხედავად იმისა, რომ ტვიროსი ღვთის ხალხს ეხმარება, რას წინასწარმეტყველებს მის შესახებ ზაქარია იეჰოვას შთაგონებით?
24 რა შესანიშნავ წინასწარმეტყველურ სიტყვებს წარმოთქვამს ესაია! „მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ“ (ესაია 23:18). როგორ იწირება ტვიროსის ნავაჭრი უფლისთვის? იეჰოვა ისე წარმართავს მოვლენებს, რომ ტვიროსის ნავაჭრი მისი ნებისამებრ — ღვთის ხალხის საჭიროებებისთვის — არის გამოყენებული. ეს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ისრაელთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხდება. ტვიროსელები კედრის ძელებს აწვდიან ისრაელებს ტაძრის ასაგებად. ისინი აგრეთვე ვაჭრობას ანახლებენ იერუსალიმთან (ეზრა 3:7; ნეემია 13:16).
25 მიუხედავად ამისა, იეჰოვას შემდგომი განაჩენი გამოაქვს ტვიროსისთვის. კუნძულზე გაშენებული ამ დოვლათით სავსე ქალაქის შესახებ ზაქარია წინასწარმეტყველებს: „აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება“ (ზაქარია 9:4). ზაქარიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. 332 წელს სრულდება, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი ანადგურებს ზღვის ამ ქედმოუხრელ განმგებელს.
მოერიდეთ მატერიალიზმსა და სიამაყეს
26. რატომ სდებს მსჯავრს ღმერთი ტვიროსს?
26 იეჰოვა სიამაყის გამო სდებს მსჯავრს ტვიროსს, რადგან სძულს ეს თვისება. „ამპარტავანი თვალები“ ბიბლიაში მოხსენიებულ იეჰოვასთვის საძულველ შვიდ სიბილწეს შორის პირველია (იგავნი 6:16—1ბ9). პავლე მოციქული სიამაყეს სატანა ეშმაკს უკავშირებს, ხოლო ეზეკიელი იმნაირადვე ახასიათებს ამაყ ტვიროსს, როგორც სატანას (ეზეკიელი 28:13—15; 1 ტიმოთე 3:6). რატომ იყო ტვიროსი ამაყი? ეზეკიელი ტვიროსს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „გადიდგულებულხარ შენი დოვლათით“ (ეზეკიელი 28:5). ქალაქი მხოლოდ ვაჭრობითა და ქონების მოპოვებით იყო დაკავებული და ამ მხრივ მიღწეულმა წარმატებებმა მეტად გაადიდგულა იგი. ეზეკიელის პირით იეჰოვა „ტვიროსის მთავარს“ ეუბნება: „გადიდგულდი და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთის დასაჯდომელზე ვზივარო“ (ეზეკიელი 28:2).
27, 28. რა მახეში შეიძლება გაებან ადამიანები და როგორ დაგვანახვა ეს იესომ?
27 როგორც მთელ ერს, ისე ყოველ ცალკეულ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს სიამაყე და არასწორი თვალსაზრისი შეექმნას სიმდიდრეზე. იესომ იგავით დაგვანახვა, რამდენად დიდი მახეა ეს თითოეულისთვის. იგავში ერთ მდიდარ კაცს კარგი მოსავალი მოუვიდა. გახარებული კაცი უფრო დიდი ბეღლების აგებას გეგმავდა და ფიქრობდა, რომ მთელ სიცოცხლეს უზრუნველად გაატარებდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ღმერთმა მას უთხრა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?“ დიახ, მდიდარი კაცი მოკვდა, ქონება კი ვერაფერში გამოადგა (ლუკა 12:16—20).
28 იგავის დასასრულს იესომ თქვა: „ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის“ (ლუკა 12:21, სსგ). სიმდიდრეში არაფერი იყო ცუდი და არც კარგი მოსავალი იყო ცოდვა. ამ მდიდარი კაცის შეცდომა ის იყო, რომ ქონების დაგროვება ცხოვრების მიზნად იქცია. ის მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებდა. მომავალზე ფიქრისას მას იეჰოვა არც კი გახსენებია.
29, 30. როგორ გაგვაფრთხილა იაკობმა იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია საკუთარ თავზე დაიმედება?
29 იაკობმაც დიდი ყურადღება გაამახვილა ამავე საკითხზე. მან თქვა: „ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო“ (იაკობი 4:13—15). ამ სიტყვების შემდეგ კი იაკობმა სიმდიდრესა და სიამაყეს შორის კავშირს გაუსვა ხაზი: „თქვენი ამპარტავნობით პატივმოყვარეობთ. ყოველი ამგვარი ამპარტავნობა ბოროტებაა“ (იაკობი 4:16).
30 კვლავაც უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული საქმიანობა არ არის ცოდვა. ცოდვა სიამაყე, ქედმაღლობა და თავდაჯერებულობაა, რაც შეიძლება ქონების დაგროვებას მოჰყვეს. ნამდვილად ბრძნული სიტყვებია ნათქვამი ძველ იგავში: „ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს“. სიღარიბემ შეიძლება უკიდურესად გაართულოს ცხოვრება, მაგრამ სიმდიდრემ შეიძლება იქამდე მიიყვანოს ადამიანი, რომ ‘უარყოს ღმერთი და თქვას: ვინ არის იეჰოვა?’ (იგავნი 30:8, 9).
31. რა კითხვები უნდა დაუსვას საკუთარ თავს ქრისტიანმა?
31 ჩვენს დროში მრავალი ხდება სიღარიბისა და ეგოიზმის მსხვერპლი. ამ კომერციულ წუთისოფელში ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმდიდრეს. ამიტომაც ქრისტიანმა უნდა შეიმოწმოს თავი, ხომ არ ებმება იმავე მახეში, რომელშიც სავაჭრო ქალაქი ტვიროსი გაება. იმდენ დროსა და ენერგიას ხომ არ ხარჯავს ქონების შეძენაზე, რომ სიმდიდრის მონა ხდება? (მათე 6:24). ხომ არ შურს სხვისი, ვინც მასზე მეტი ქონების მფლობელია? (გალატელთა 5:26). თუ ქრისტიანი მდიდარია, ქედმაღლურად ხომ არ ფიქრობს, რომ სხვებზე მეტად პატივცემული უნდა იყოს და უპირატესობით უნდა სარგებლობდეს? (შეადარეთ იაკობი 2:1—9). ხოლო თუ ის ღარიბია, ხომ არ არის ნებისმიერ ფასად „გამდიდრების მსურველი“? (1 ტიმოთე 6:9). იმდენად დაკავებული ხომ არ არის სამუშაოთი, რომ მის ცხოვრებაში უმნიშვნელო ადგილი უჭირავს ღვთისათვის მსახურებას? (2 ტიმოთე 2:4). იმდენად ხომ არ შეიპყრო მომხვეჭელობამ, რომ სამსახურში ქრისტიანულ პრინციპებს უგულებელყოფს? (1 ტიმოთე 6:10).
32. რა გაფრთხილებას გვაძლევს იოანე და როგორ შეგვიძლია მისი რჩევის გამოყენება?
32 ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენს ცხოვრებაში ღვთის სამეფო ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. მეტად მნიშვნელოვანია, არასდროს დავივიწყოთ მოციქულ იოანეს სიტყვები: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული“ (1 იოანე 2:15). ცხადია, ყველასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკური სისტემით სარგებლობა (2 თესალონიკელთა 3:10). ამიტომაც ჩვენ ‘ვსარგებლობთ’ წუთისოფლით, მაგრამ ამავე დროს მისით «არამოსარგებლენი [„არასრულად მოსარგებლენი“, აქ]» ვართ (1 კორინთელთა 7:31). თუ მეტისმეტ სიყვარულს ვავლენთ მატერიალურისადმი, რომელსაც ეს წუთისოფელი გვთავაზობს, მაშინ აღარ გვიყვარს იეჰოვა. ‘ხორციელი გულისთქმის, თვალთა გულისთქმისა და ამ ცხოვრების სიამაყისამებრ’ მოქმედებას ვერ შევუთავსებთ ღვთის ნების შესრულებასd. მარადიულ სიცოცხლემდე კი ღვთის ნების შესრულება მიგვიყვანს (1 იოანე 2:16, 17).
33. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, მოერიდონ იმ მახეს, რომელშიც ტვიროსი გაება?
33 ტვიროსი მახეში გაება, როდესაც ყველაფერზე წინ სიმდიდრე დააყენა. მან დიდძალი ქონება შეიძინა, გაამაყდა და თავისივე სიამაყის გამო დაისაჯა. მისი შემთხვევა გამაფრთხილებელი მაგალითია თანამედროვე ერებისა და ხალხებისთვის. რამდენად უკეთესია, მივყვეთ პავლე მოციქულის შეგონებას! ის მოუწოდებს ქრისტიანებს, „არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17).
[სქოლიოები]
a ზოგი მკვლევარის აზრით, თარშიში ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ სარდინიაზე უნდა ყოფილიყო. სარდინიაც საკმაოდ იყო დაშორებული ტვიროსიდან.
b იხილეთ ამ წიგნის მე-15 თავი, გვერდები 200—207.
c დასაშვებია, „თარშიშის ასულში“ თარშიშის მცხოვრებნი იგულისხმებოდნენ. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „თარშიშის მკვიდრთ ისევე თავისუფლად შეუძლიათ მოგზაურობა და ვაჭრობა, როგორც ნილოსის წყალი გადმოდის კალაპოტიდან და მიედინება ყოველი მიმართულებით“. მაგრამ აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველებაში ტვიროსის დაცემის სავალალო შედეგებია ხაზგასმული.
d ამ მუხლში „სიამაყედ“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „ალაზონია“, რომელიც „ამ წუთისოფლის სიმტკიცეზე დამყარებულ უღვთო და ფუჭ ქედმაღლობას“ ნიშნავს (The New Thayer’s Greek-English Lexicon).
[რუკა 256 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ევროპა
ესპანეთი (თარშიშის სავარაუდო ადგილმდებარეობა).
ხმელთაშუა ზღვა
სარდინია
კვიპროსი
აზია
ციდონი
ტვიროსი
აფრიკა
ეგვიპტე
[სურათი 250 გვერდზე]
ტვიროსს არა აშური, არამედ ბაბილონი დაიმორჩილებს.
[სურათი 256 გვერდზე]
მონეტა ტვიროსელთა მთავარი ღვთაება მელკარტის გამოსახულებით.
[სურათი 256 გვერდზე]
ფინიკიელთა გემის მოდელი.