დაეუფლე საუბრის ხელოვნებას
ადვილია შენთვის სხვებთან საუბარი? ზოგს ამის გაფიქრებაც კი აღელვებს, მით უმეტეს, თუ უცხო ადამიანთან მოუწევთ საუბარი. მიზეზი ხშირად მორიდებულობაა. მორიდებული ადამიანები ფიქრობენ: „რაზე უნდა ვილაპარაკო? როგორ დავიწყო საუბარი? როგორ განვაგრძო?“ საკუთარ თავში დარწმუნებულ, ურთიერთობის მოყვარულ ადამიანებს კი შეიძლება ჩვევად ჰქონდეთ საუბარში ინიციატივის აღება. ისინი ხშირად მოსაუბრეს არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას და საჭიროებენ მოსმენის უნარის განვითარებას. ამრიგად, ყველას — როგორც მორცხვებს, ისე თამამებს — გვჭირდება, დავეუფლოთ საუბრის ხელოვნებას.
დაიწყე ოჯახიდან
გონივრულია, ოჯახში დაიწყო ამ უნარის გაუმჯობესება. გამამხნევებელი საუბრები ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას.
ასეთი საუბრების წინაპირობა ერთმანეთზე ზრუნვაა (კან. 6:6, 7; იგავ. 4:1—4). თუ ვზრუნავთ ადამიანზე, მას ვესაუბრებით და ვუსმენთ, როდესაც რაიმეს ამბობს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, გვქონდეს სალაპარაკო თემა. თუ რეგულარულად გამოვყოფთ დროს ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლისთვის, სათქმელი ნამდვილად ბევრი გვექნება. საუბრის თემა შესაძლებელია მოგვაწოდოს ბროშურამ „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში საინტერესო შემთხვევა გვაქვს, ან რაღაც ახალს ან იუმორისტულს ვკითხულობთ, შეგვიძლია ესეც საუბრის თემად გამოვიყენოთ. კარგი იქნება, მივეჩვიოთ ასეთ თემებზე ოჯახის წევრებთან საუბარს. შემდეგ სხვებთან საუბარიც უფრო გაგვიადვილდება.
უცნობთან საუბარი
ბევრს უჭირს უცხო ადამიანთან საუბრის დაწყება. მაგრამ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გამო იეჰოვას მოწმეები ვცდილობთ, დავეუფლოთ საუბრის ხელოვნებას, რათა ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტება გადავცეთ. რა დაგეხმარება ამ მხრივ გაუმჯობესებაში?
საყურადღებოა ფილიპელების 2:4-ში მოცემული პრინციპი — უნდა ვიზრუნოთ არა მარტო პირად, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც. დაფიქრდი: ადამიანისთვის, რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ, უცნობი ხარ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მან თავი თავისუფლად იგრძნოს? ამაში გაღიმება და გულთბილი მისალმება დაგეხმარება. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.
ის შეიძლება ფიქრებში იყო გართული, შენ კი ხელი შეუშალე. თუ იმაზე დაუწყებ საუბარს, რაზეც შენ გსურს და არ დაინტერესდები, მისთვის რა არის მნიშვნელოვანი, განა განეწყობა სასაუბროდ? როგორ მოიქცა იესო, როდესაც ჭასთან სამარიელ ქალს შეხვდა? ქალი წყლის ავსებაზე ფიქრობდა. იესომაც სწორედ ამ თემაზე დაიწყო საუბარი, რომელიც მალე სულიერი საკითხების საინტერესო განხილვაში გადაიზარდა (იოან. 4:7—26).
თუ დაკვირვებული იქნები, შენც შეძლებ იმის განსაზღვრას, რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს გონებაში. მხიარულია თუ მოწყენილი? ასაკოვანია და, შესაძლოა, ცუდი ჯანმრთელობა აქვს? რამე ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ შვილები ჰყავს? შეძლებულია თუ ხელმოკლედ ცხოვრობს? რაიმე ნივთი ან მისი სამკაული ხომ არ მიგანიშნებს, რომელი რელიგიის მიმდევარია? თუ ყოველივე ამას გაითვალისწინებ საუბრის დაწყებისას, გაგიადვილდება მასთან საერთო ენის გამონახვა.
რა დასკვნა შეგიძლია გამოიტანო, თუ სახლის პატრონი კარს არ გიღებს და შიგნიდან გელაპარაკება? მას, ალბათ, რაღაცის ეშინია. შეგიძლია თუნდაც ეს ფაქტი გამოიყენო ჩაკეტილ კარს მიღმა მდგარ ადამიანთან საუბრის დასაწყებად.
ადამიანი საუბარში რომ ჩააბა, ზოგჯერ შეგიძლია საკუთარ თავზე დაუწყო ლაპარაკი — უთხარი, ვინ ხარ, რისთვის ხარ მისული, რატომ გწამს ღმერთი, რატომ დაიწყე ბიბლიის შესწავლა ან როგორ დაგეხმარა ბიბლია (საქ. 26:4—23). ცხადია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა, გონიერება გამოვავლინოთ და უმიზნოდ არ დავიწყოთ ლაპარაკი. შესაძლებელია, ადამიანმა თავადაც გიამბოს რამე საკუთარ თავსა და შეხედულებებზე.
ზოგ კულტურაში მიღებულია უცნობისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენა. ხალხი შინ უყოყმანოდ შეგიპატიჟებს. თუ ზრდილობიანად მოიკითხავ ოჯახის წევრებს და ინტერესით მოუსმენ, შეიძლება მასპინძელმაც ყურადღებით მოგისმინოს. ზოგან უფრო მეტად სტუმრებით ინტერესდებიან — შესაბამისად, მეტი დრო უნდა დაუთმო მისალმებასა და გაცნობას. საუბარში მასპინძლებმა შეიძლება დაინახონ, რომ მათთან რაღაც საერთო გაქვს. ეს კი, ალბათ, კარგი საფუძველი იქნება სულიერ საკითხებზე მსჯელობის დასაწყებად.
შესაძლებელია შენს უბანზე უცხო ენაზე მოლაპარაკე ბევრი მოსახლეა. როგორ უნდა გამონახო მათთან საერთო ენა? თუ მათ ენაზე თუნდაც მისალმებას ისწავლი, დაინახავენ, რომ ყურადღებას ავლენ მათ მიმართ. ამან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს თქვენს ურთიერთობას.
როგორ განვაგრძოთ საუბარი
საუბარი რომ განაგრძო, საჭიროა მოსაუბრის შეხედულებებით დაინტერესდე. მიეცი მას აზრის გამოთქმის საშუალება. ამაში შეიძლება კარგად შერჩეული კითხვები დაგეხმაროს. კარგი იქნება, თუ ისეთ კითხვებს დაუსვამ, რომ მოსაუბრემ პირადი თვალსაზრისი გამოხატოს და მხოლოდ „დიახ“ ან „არა“ არ გიპასუხოს. მაგალითად, აქტუალური საკითხის წამოჭრის შემდეგ, შეგეძლო გეკითხა: „როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა?“ ან „თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?“
შეკითხვის დასმის შემდეგ ყურადღებით მოუსმინე პასუხს. გულწრფელი ინტერესი გამოხატე სიტყვიერად, თავის დაკვრით ან რაიმე ჟესტით. სიტყვას ნუ გააწყვეტინებ. შეეცადე გაიგო, რას გეუბნება. იყავი „სწრაფი . . . მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკ. 1:19). პასუხის გაცემისას დაანახვე, რომ ნამდვილად უსმენდი.
გაითვალისწინე, რომ ყველა არ გიპასუხებს შეკითხვებზე. ზოგი, ალბათ, მხოლოდ გაკვირვებით შემოგხედავს ან გაგიღიმებს. სხვებმა შეიძლება უბრალოდ „დიახ“ ან „არა“ გითხრან. გული ნუ დაგწყდება. მომთმენი იყავი. ნურავის აიძულებ საუბარში ჩაბმას. თუ ვინმე გისმენს, ეს შესაძლებლობა ბიბლიური აზრების გასაზიარებლად გამოიყენე. დროთა განმავლობაში შეიძლება მან მეგობრად ჩაგთვალოს. მაშინ კი, ალბათ, თავადაც თავისუფლად გამოთქვამს აზრებს.
საუბრისას საფუძველი ჩაუყარე მომავალ შეხვედრას. თუ მოსაუბრე ბევრ შეკითხვას გაძლევს, რამდენიმეს უპასუხე, ხოლო ერთი ან ორი საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადე. უთხარი, რომ ამ საკითხებს გამოიკვლევ და შემდეგი შეხვედრისას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდი. თუ არაფერს გეკითხება, შეგიძლია საუბრის ბოლოს თავად წამოჭრა საკითხი, რომელიც მას დააინტერესებდა. შესთავაზე ამ საკითხის მომავალში განხილვა. ბევრი საინტერესო აზრი შეიძლება მოგაწოდოს წიგნმა „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, ბროშურამ „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“ და „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის მიმდინარე ნომრებმა.
თანამორწმუნეებთან საუბარი
როდესაც უცნობ თანამორწმუნეს, იეჰოვას მოწმეს, ხვდები, ავლენ თუ არა ინიციატივას მის გასაცნობად? თუ ხმას არ იღებ? სიყვარულმა უნდა აღგვძრას, გავიცნოთ ერთმანეთი (იოან. 13:35). როგორ უნდა დაიწყო ლაპარაკი? შეგიძლია უბრალოდ გაეცნო და მასაც ჰკითხო სახელი. თუ ჰკითხავ, როგორ გაიგო ჭეშმარიტება, საინტერესო საუბრისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ. თუნდაც გიჭირდეს აზრების ჩამოყალიბება, შენი მცდელობა დაანახვებს ადამიანს, რომ ის სულერთი არ არის შენთვის. უმთავრესი კი სწორედ ეს არის.
რა დაგეხმარება, რომ შენი კრების წევრთან შინაარსიანად ისაუბრო? გულწრფელი ინტერესი გამოავლინე მისადმი და მისი ოჯახისადმი. ახლახან დამთავრდა კრების შეხვედრა? — ყურადღება გაამახვილე საინტერესო აზრებზე. ეს სასარგებლო იქნება მისთვისაც და შენთვისაც. შეგიძლია რომელიმე აზრი მოიხსენიო „საგუშაგო კოშკის“ ან „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრებიდან. მაგრამ შეეცადე, რომ არც შენი ცოდნის გამომჟღავნება გამოგივიდეს და არც სხვისი ცოდნის შემოწმება. ისაუბრე იმაზე, რაც განსაკუთრებით მოგეწონა. შესაძლებელია, ილაპარაკოთ თეოკრატიული მსახურების სკოლის დავალებაზე, თუ რომელიმეს გაქვთ მოცემული, და ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები, როგორ შეიძლება მისი მომზადება. შეგიძლიათ სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარ შემთხვევებზეც ისაუბროთ.
ცხადია, საუბრისას ხშირად ვლაპარაკობთ ადამიანებზე — ვინ რა თქვა და რა გააკეთა. შეიძლება იუმორითაც ვთქვათ რამე. სასიამოვნო იქნება ჩვენი ნათქვამის მოსმენა? ჩვენი სიტყვები ყოველთვის გამამხნევებელი და სასიამოვნო იქნება, თუ ყურად ვიღებთ ღვთის სიტყვის რჩევას და სიყვარული გვამოძრავებს (იგავ. 16:27, 28; ეფეს. 4:25, 29; 5:3, 4; იაკ. 1:26).
სამქადაგებლო მსახურებაში წასვლამდე, ჩვეულებრივ, ვემზადებით. განა არ ღირს მეგობრებთან სასაუბროდაც მოვამზადოთ რაიმე საინტერესო? როდესაც რაიმეს წაიკითხავ ან გაიგებ, დაფიქრდი, რის გაზიარება შეგეძლო მათთვის. თანდათანობით ბევრ თემაზე შეძლებ საუბარს და მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აღარ ილაპარაკებ. რაც ყველაზე მთავარია, ყურადღება მიაქციე იმას, რომ საუბრით ცხადყო, რამდენად ძვირფასია შენთვის ღვთის სიტყვა (ფსალმ. 139:17).