გაკვეთილი 36
თემის განვითარება
გამოცდილმა მომხსენებლებმა კარგად იციან თემის ფასი. მოხსენების მომზადებისას თემა მათ კონკრეტულ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებასა და მის უფრო ღრმად გააზრებაში ეხმარება. შედეგად, ისინი მსმენელისთვის უფრო სასარგებლოდ გადმოსცემენ მასალას, ნაცვლად იმისა, რომ ბევრ საკითხს მხოლოდ ზედაპირულად შეეხონ. როდესაც მთავარი აზრები უშუალოდ უკავშირდება თემას და მის განვითარებას უწყობს ხელს, მსმენელიც უკეთესად იმახსოვრებს ამ აზრებს და იგებს მათ მნიშვნელობას.
შეიძლება ითქვას, რომ მოხსენების თემა არის საკითხი, რომელზეც მსჯელობ, მაგრამ მოხსენებების ხარისხს გააუმჯობესებ, თუ თემას ისე მიუდგები, როგორც კონკრეტულ თვალსაზრისს, რომლითაც უნდა განიხილო საკითხი. მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს ისეთი მრავლისმომცველი საკითხი, როგორიცაა სამეფო, ბიბლია და აღდგომა. ამ საკითხებზე მრავალი თემის აგება შეიძლება. მაგალითად: „ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა“, „ღვთის სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს“, „ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია“, „ბიბლია თანამედროვე და პრაქტიკული სახელმძღვანელოა“, „აღდგომის იმედი ანუგეშებს მგლოვიარეებს“ და „აღდგომის იმედი დევნის დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება“. ყველა ეს თემა სრულიად სხვადასხვა მიმართულებით უნდა განივრცოს.
ბიბლიის მთავარი თემის შესაბამისად, დედამიწაზე იესო ქრისტეს ქადაგების მთავარი თემა ასეთი იყო: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათ. 4:17). როგორ არის ეს თემა განვითარებული ბიბლიაში? სახარებებში „სამეფო“ 110-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ იესო მხოლოდ სიტყვა „სამეფოს“ ხშირ გამეორებას როდი სჯერდებოდა. სწავლებითა და სასწაულებით იესომ ცხადყო, რომ ის, იმ დროს ადამიანთა შორის მყოფი, იყო ღვთის ძე და მესია, რომელსაც იეჰოვა სამეფოს გადასცემდა. მან ისიც აჩვენა, რომ მისი წყალობით სხვებსაც მიეცემოდათ ამ სამეფოს დამკვიდრების საშუალება; აგრეთვე ცხადი გახადა, რა თვისებები უნდა ჰქონოდათ მათ, ვისაც ეს პატივი ხვდებოდა წილად. სწავლებითა და დიდებული საქმეებით მან ნათლად აჩვენა, რას გააკეთებდა ღვთის სამეფო ადამიანებისთვის; იესო ღვთის წმინდა სულის მეშვეობით დემონებს დევნიდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ‘ღვთის სამეფო გვერდზე დარჩა’ მის ზოგიერთ მსმენელს (ლუკ. 11:20). სწორედ ამ სამეფოს შესახებ ქადაგება დაავალა იესომ თავის მიმდევრებს (მათ. 10:7; 24:14).
შეარჩიე სათანადო თემა. რა თქმა უნდა, არ მოგეთხოვება თემის ისე განვითარება, როგორც ეს ბიბლიაშია. და მაინც, სათანადო თემის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
თემის არჩევა თუ შენზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, დაფიქრდი, რა მიზანს გინდა მიაღწიო. როდესაც მოხსენების გეგმისთვის მთავარ აზრებს შეარჩევ, დარწმუნდი, რომ ისინი ნამდვილად უკავშირდება თემას.
როდესაც თემა მოცემული გაქვს, გულდასმით აწონ-დაწონე, რას გეუბნება ის იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა განავითარო მსჯელობა. ეცადე, ჩასწვდე თემის ღირებულებას და იმას, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მან მსმენელს. დავალებული თემის განსავითარებლად მასალის შერჩევა თუ შენზეა დამოკიდებული, ეს ისე გააკეთე, რომ თემიდან არ გადაუხვიო. როდესაც მასალაც მოცემული გაქვს, კარგად დაფიქრდი, როგორ უნდა გამოიყენო ის თემის განსავითარებლად; დაფიქრდი, რით არის ღირებული მსმენელისთვის აღნიშნული მასალა, და მოხსენების წარმოთქმით რა მიზნის მიღწევა გსურს. ასე უკეთესად განსაზღვრავ, რაზე ღირს ყურადღების გამახვილება.
როგორ გავუსვათ ხაზი თემას. თემის სათანადოდ ხაზგასმაში მასალის სწორად შერჩევა და განლაგება დაგეხმარება. თუ მოხსენებაში მხოლოდ იმას იყენებ, რაც უშუალოდ თემას უკავშირდება და, ამასთან ერთად, ითვალისწინებ კარგი გეგმის შედგენისთვის საჭირო პრინციპებს, მაშინ თემას თითქმის ავტომატურად გაესმება ხაზი.
თემის ხაზგასმაში გამეორებაც დაგეხმარება. კლასიკურ მუსიკაში ნაწარმოების თემა ანუ მისი ძირითადი მოტივი ხშირად მეორდება, რაც მთელი ნაწარმოების ხასიათის დადგენაში გვეხმარება. მაგრამ ძირითადი მოტივი ყოველთვის ერთნაირად არ მეორდება. ხანდახან მეორდება მისი ერთი ან ორი მონაკვეთი, დროდადრო კი ვარიაცია გამოიყენება. ასეა თუ ისე, კომპოზიტორი ჰარმონიულად აქსოვს ძირითად მოტივს მთელ ნაწარმოებში. ასევე უნდა ხდებოდეს მოხსენების თემის შემთხვევაშიც. თემის მთავარი სიტყვების გამეორება მუსიკალური ნაწარმოების ძირითადი მოტივის გამეორებას შეიძლება შევადაროთ. მთავარი სიტყვების სინონიმების გამოყენება ან თემის სხვა სიტყვებით გადმოცემა ვარიაციის მსგავსი იქნება. ასეთი მეთოდების გამოყენებით თემა გახდება ძირითადი აზრი, რომელსაც მსმენელი დაიმახსოვრებს.
ამ პრინციპების გამოყენება არა მარტო საჯარო მოხსენებებთან დაკავშირებით შეიძლება, არამედ სამქადაგებლო მსახურებაში ხალხთან საუბრის დროსაც. შედარებით ხანმოკლე საუბარიც კი უფრო ადვილად დასამახსოვრებელი ხდება, როდესაც თემა გამოკვეთილია. ბიბლიის შესწავლის დროს მიღებული ინფორმაციის გახსენებაც უფრო ადვილი იქნება, თუ თემა ხაზგასმული იყო. ძალისხმევა, რომელსაც თემების შერჩევასა და განვითარებას ახმარ, უკვალოდ არ ჩაივლის — შენ უფრო ეფექტური მომხსენებელი და ღვთის სიტყვის მასწავლებელი გახდები.