თავი 2
„გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“
1, 2. ჩვენ თვითონ რატომ ვერ დავუახლოვდებით იეჰოვას და რა გააკეთა იესო ქრისტემ, რომ ღმერთს დავახლოებოდით?
როდისმე გზა აგბნევია? შეიძლება ეს მაშინ მოხდა, მეგობართან ან ნათესავთან რომ მიდიოდი. ალბათ, გაჩერდებოდი და ვინმეს სთხოვდი, გზა ესწავლებინა. რას იზამდი, თუ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდებოდა და გეტყოდა, გამომყევი, მე მიგიყვანო?! შვებით ამოისუნთქავდი.
2 მსგავსად იქცევა იესო ქრისტეც, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ღმერთთან დაახლოება. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგად ადამიანებს გზა აებნათ და „ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი არიან“ (ეფესოელები 4:17, 18). საჭიროა სწორ გზას დავადგეთ. იესოა ის ღვთისნიერი პიროვნება, რომელიც მხოლოდ გზას კი არ გვიჩვენებს, არამედ, როგორც 1-ელ თავში დავინახეთ, გვიწვევს კიდეც: „მოდი და გამომყევი“ (მარკოზი 10:21). იესო იმასაც გვიხსნის, თუ რატომ უნდა დავთანხმდეთ მოწვევაზე. მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მოდი ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, თუ მხოლოდ ძის მეშვეობით რატომ არის შესაძლებელი მამასთან დაახლოება, და შემდეგ იმაზე, თუ რატომ არის იესო „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
უმნიშვნელოვანესი როლი იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში
3. რატომ უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს იესოს მეშვეობით?
3 უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს იესოს მეშვეობით, ის არის, რომ იეჰოვამ თავის ძეს დააკისრა უმნიშვნელოვანესი როლი თავისი განზრახვის შესრულებაშიa. მამამ სწორედ იესოს მიანდო ყველა თავისი განზრახვის განხორციელება (2 კორინთელები 1:20; კოლოსელები 1:18—20). იესოს როლის მნიშვნელობას რომ ჩავწვდეთ, უნდა გავიხსენოთ ედემის ბაღში მომხდარი ამბავი, როცა პირველმა ცოლ-ქმარმა სატანის მხარე დაიკავა და იეჰოვას ეურჩა (დაბადება 2:16, 17; 3:1—6).
4. რა საკითხი წამოიჭრა ედემში დაუმორჩილებლობის შედეგად და რა გადაწყვიტა იეჰოვამ?
4 ურჩობის შედეგად საყოველთაო მნიშვნელობის საკითხი წამოიჭრა, თუ რამდენად სამართლიანი მმართველია იეჰოვა. ამ საკითხის გადასაჭრელად იეჰოვამ გადაწყვიტა, თავისი რომელიმე სრულყოფილი ძე გამოეგზავნა დედამიწაზე. სწორედ მას დაეკისრებოდა უდიდესი მნიშვნელობის მისია — საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა იეჰოვას უზენაესობის დასამტკიცებლად და კაცობრიობის გამოსასყიდად. ის, ვისაც ღმერთი ამოირჩევდა, თუ სიკვდილამდე ერთგული დარჩებოდა, გადაიჭრებოდა სატანის დაუმორჩილებლობის შედეგად წამოჭრილი ყველა პრობლემა (ებრაელები 2:14, 15; 1 იოანე 3:8). იეჰოვას მილიონობით სრულყოფილი სულიერი ძე ჰყავს (დანიელი 7:9, 10). რომელ მათგანს ამოირჩევდა? იეჰოვამ არჩევანი თავის „მხოლოდშობილ ძეზე“ შეაჩერა, რომელიც იესო ქრისტეს სახელითაა ცნობილი (იოანე 3:16).
5, 6. რით აჩვენა იეჰოვამ, რომ თავის ძეს ენდობა, და რის საფუძველზე ენდობა?
5 გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე აირჩია. მამა თავის ძეს ბოლომდე ენდობოდა. დედამიწაზე თავისი ძის მოსვლამდე საუკუნეებით ადრე იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ შეურაცხყოფისა და ტანჯვის მიუხედავად, იესო ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებდა (ესაია 53:3—7, 10—12; საქმეები 8:32—35). ანგელოზებისა და ადამიანების მსგავსად ღვთის ძესაც ჰქონდა ნების თავისუფლება და შეეძლო გადაწყვეტილება პირადად მიეღო. იეჰოვა იმდენად ენდობოდა იესოს, რომ თავისი ძის ერთგულების შესახებ იწინასწარმეტყველა. რის საფუძველზე ჰქონდა იეჰოვას ასეთი ნდობა? ის კარგად იცნობდა თავის ძეს და იცოდა, რა ძლიერ სურდა მას, მამისთვის ესიამოვნებინა (იოანე 8:29; 14:31). ბიბლიიდან ვიცით, რომ ძესაც უყვარს მამა და იეჰოვასაც უყვარს თავისი ძე (იოანე 3:35). სწორედ ურთიერთსიყვარულმა განაპირობა ასეთი ნდობა და სიახლოვე (კოლოსელები 3:14).
6 დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამასთან დაახლოება მხოლოდ იესოს მეშვეობით არის შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ, რა როლი აკისრია ძეს, როგორ ენდობა მას მამა და რა ძლიერ უყვართ ერთმანეთი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეუძლია მხოლოდ ძეს მამისკენ წაგვიძღვეს.
მხოლოდ ძე იცნობს მამას კარგად
7, 8. რატომ თქვა იესომ დარწმუნებით, რომ არავინ იცნობს მამას ისე კარგად, როგორც ძე?
7 იეჰოვასთან დასაახლოებლად გარკვეული მოთხოვნების შესრულებაა აუცილებელი (ფსალმუნი 15:1—5). როგორ შევასრულოთ იეჰოვას მოთხოვნები და როგორ გავუხაროთ მას გული, ძეზე უკეთ ეს არავინ იცის. მან თქვა: „ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა. ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს გაუმჟღავნოს“ (მათე 11:27). რატომ თქვა იესომ ასე დარწმუნებით, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, რომ არავინ იცნობს მამას ისე კარგად, როგორც ძე?
8 ბიბლიის თანახმად, ძე „პირმშოა ყველა ქმნილებას შორის“ და ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან (კოლოსელები 1:15). ისინი ძალზე დიდი ხნის განმავლობაში, შემოქმედების დასაწყისიდან სულიერი ქმნილებების შექმნამდე მხოლოდ ორნი იყვნენ. წარმოიდგინე, რა მამაშვილურ სიყვარულს განავითარებდნენ (იოანე 1:3; კოლოსელები 1:16, 17). დაფიქრდი, ძეს რა უნიკალური შესაძლებლობა ექნებოდა მამის გვერდით, გაეგო მისი თვალსაზრისი, ნება, მოთხოვნები და ის, თუ როდის როგორ მოქმედებს. ნამდვილად არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ იესოზე უკეთ მამას არავინ იცნობს. აქედან გამომდინარე, იესოზე უკეთესად ღმერთს ვერავინ გაგვაცნობდა.
9, 10. ა) როგორ გაგვაცნო იესომ თავისი მამა? ბ) რისი გაკეთება გვმართებს, რომ იეჰოვას გული გავუხაროთ?
9 იესოს სწავლებებიდან ჩანს, რომ მან კარგად იცოდა, რას ფიქრობს იეჰოვა, რას გრძნობს და რას მოითხოვს თავისი თაყვანისმცემლებისგანb. აი კიდევ რა თქვა იესომ: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). სიტყვითა თუ საქმით იესო მამას ყველაფერში ზედმიწევნით ჰბაძავდა. როგორც ბიბლიიდან ვიცით, იესო გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკებოდა ხალხს, კურნავდა და თანაუგრძნობდა. მათი შემხედვარე ის აცრემლებულა კიდეც. ეს ყოველივე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რას ილაპარაკებდა და რას გააკეთებდა იეჰოვა (მათე 7:28, 29; მარკოზი 1:40—42; იოანე 11:32—36). მამის ნება მართლაც სრულყოფილად ვლინდებოდა ძის სიტყვებსა და საქმეებში (იოანე 5:19; 8:28; 12:49, 50). ასე რომ, იესოს სწავლებების თანახმად უნდა ვიცხოვროთ და მივყვეთ მას, რათა იეჰოვას გული გავუხაროთ (იოანე 14:23).
10 როგორც გავიგეთ, იესოს ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან და ზედმიწევნით ჰბაძავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იეჰოვამ, რომ მას მხოლოდ თავისი ძის მეშვეობით დავახლოებოდით. ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს იესოს სიტყვები „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).
„მე ვარ გზა“
11. ა) რატომ შეგვიძლია ღმერთთან კარგი ურთიერთობის განვითარება მხოლოდ იესოს მეშვეობით? ბ) როგორ უსვამს ხაზს იოანეს 14:6 იესოს განსაკუთრებულ მდგომარეობას? (იხილე სქოლიო).
11 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღმერთს იესოს გარეშე ვერ დავუახლოვდებით. იესო არის „გზა“, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება. იესომ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა, სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და გამოგვისყიდა (მათე 20:28). სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ღმერთთან დაახლოება. ღმერთი წმინდაა და ის არასოდეს იწონებს ცოდვას, რამაც ადამიანებსა და ღმერთს შორის კედელი აღმართა (ესაია 6:3; 59:2). მაგრამ იესოს მსხვერპლმა დაანგრია ეს კედელი, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ცოდვებისგან განვწმენდილიყავით (ებრაელები 10:12; 1 იოანე 1:7). თუ რწმენას გამოვავლენთ ქრისტეს მსხვერპლის მიმართ და ასეთი სახით იეჰოვას დახმარებას მივიღებთ, მასთან კარგი ურთიერთობა გვექნება. სხვანაირად ‘ღმერთს ვერ შევურიგდებით’c (რომაელები 5:6—11).
12. რა გაგებით არის იესო „გზა“?
12 იესო „გზა“ ლოცვის დროსაც არის. მხოლოდ იესოს მეშვეობით შეგვიძლია იეჰოვას ლოცვით მივმართოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ჩვენს გულწრფელ ლოცვებს იეჰოვა შეისმენს (1 იოანე 5:13, 14). იესომ თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ . . . ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული“ (იოანე 16:23, 24). სწორედ იესოს სახელით შეგვიძლია ვილოცოთ, მივუახლოვდეთ იეჰოვას და ვუწოდოთ მას „ჩვენი მამა“ (მათე 6:9). როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას. იესო იმიტომაც არის „გზა“, რომ თავისი მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იეჰოვას მოსაწონად. ასე რომ, ღმერთთან დასაახლოებლად იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ (1 პეტრე 2:21).
„მე ვარ . . . ჭეშმარიტება“
13, 14. ა) რით ცხადყო იესომ, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა? ბ) „ჭეშმარიტება“ რომ ყოფილიყო, რა უნდა გაეკეთებინა იესოს, და რატომ?
13 იესო ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა, იმას, რაც თავისი მამისგან ჰქონდა მოსმენილი (იოანე 8:40, 45, 46). იესოს არასოდეს უთქვამს ტყუილი (1 პეტრე 2:22). მისი მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ ის ‘ჭეშმარიტებით ასწავლიდა ღვთის გზას’ (მარკოზი 12:13, 14). როდესაც იესომ თქვა, მე ვარ ჭეშმარიტებაო, ის მხოლოდ იმას არ გულისხმობდა, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა, ქადაგებდა და ასწავლიდა. მას გაცილებით მეტი ჰქონდა მხედველობაში.
14 როგორც ვიცით, საუკუნეებით ადრე ბიბლიის დამწერებს იეჰოვას შთაგონებით არაერთი წინასწარმეტყველება წარმოუთქვამთ მესიაზე ანუ ქრისტეზე. მათ დაწვრილებით იწინასწარმეტყველეს მის ცხოვრებაზე, მსახურებასა და სიკვდილზე. მესიის მოსვლაზე მოსეს კანონიც მიუთითებდა (ებრაელები 10:1). დარჩებოდა იესო სიკვდილამდე ერთგული, რითაც მასზე წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება შესრულდებოდა? მხოლოდ მაშინ დამტკიცდებოდა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებათა ღმერთია. ეს დიდი პასუხისმგებლობა იესომ იტვირთა. თავისი ცხოვრებით — სიტყვითა და საქმით — ცხადი გახადა, რომ მასზე შესრულდა წინასწარმეტყველებები (2 კორინთელები 1:20). ის „ჭეშმარიტება“ იყო, რადგან იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვები სწორედ იესოს მოსვლამ აქცია რეალობად (იოანე 1:17; კოლოსელები 2:16, 17).
„მე ვარ . . . სიცოცხლე“
15. რას ნიშნავს, გვწამდეს ძე, და რას მოგვიტანს ეს?
15 იესო იმ გაგებით არის „სიცოცხლე“, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ (1 ტიმოთე 6:19). მან თქვა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოანე 3:36). რას ნიშნავს, გვწამდეს ღვთის ძე? ღრმად უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ მის გარეშე მარადიულ სიცოცხლეს ვერ მივიღებთ. უფრო მეტიც, საქმეებით უნდა გამოვავლინოთ რწმენა, ვისწავლოთ იესოსგან და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მას მივბაძოთ (იაკობი 2:26). ასე რომ, თუ ღვთის ძე გვწამს, ეს მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს; სულითცხებულ ქრისტიანთა „მცირე სამწყსო“ ზეციერ უკვდავ სიცოცხლეს მიიღებს, „უამრავი ხალხი“ კი სხვა ცხვრებიდან — მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე სამოთხეში (ლუკა 12:32; 23:43; გამოცხადება 7:9—17; იოანე 10:16).
16, 17. ა) რა გაგებით არის იესო „სიცოცხლე“ გარდაცვლილთათვის? ბ) რაში ვართ დარწმუნებულნი?
16 რა შეიძლება ითქვას გარდაცვლილებზე? იესო მათთვისაც არის „სიცოცხლე“. სანამ ლაზარეს, თავის მეგობარს აღადგენდა, იესომ მართას, ლაზარეს დას უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25). იეჰოვამ თავის ძეს „სიკვდილისა და სამარის“ გასაღებები ჩააბარა, რითაც მკვდრეთით აღდგომის ძალა მისცა (გამოცხადება 1:17, 18). იესო სამარის კარიბჭეებს გააღებს და გაათავისუფლებს კაცობრიობის საერთო სამარეში დატყვევებულთ (იოანე 5:28, 29).
17 „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ — ამ სიტყვებით იესომ მოკლედ თქვა, თუ რატომ მოვიდა დედამიწაზე. ამის შემდეგ კი მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). იესოს სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს ძალა. მამისკენ მიმავალ გზას მხოლოდ და მხოლოდ ის გვიჩვენებს; და, თუ იესოს მივყვებით, გზა არასოდეს აგვებნევა.
როგორ გამოეხმაურები მოწვევას?
18. რას ნიშნავს, მიჰყვე იესოს?
18 ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ძეს უნდა მივყვეთ, რადგან მას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და კარგად იცნობს მამას. როგორც წინა თავიდან დავინახეთ, სიტყვების გარდა საქმეებიც უნდა აჩვენებდეს, რომ იესოს მივყვებით, ანუ მისი სწავლებების თანახმად ვცხოვრობთ და მას ვბაძავთ (იოანე 13:15). ამაში ეს წიგნი დაგვეხმარება.
19, 20. როგორაა შედგენილი ეს წიგნი და როგორ დაგეხმარება, რომ მიჰყვე იესოს?
19 მომდევნო თავებში დაწვრილებით გავეცნობით იესოს ცხოვრებას და მსახურებას. წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი. 1-ელ ნაწილში იესოს თვისებებსა და საქმეებს მიმოვიხილავთ. მე-2 ნაწილში იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა ენთუზიაზმით ქადაგებდა და ასწავლიდა, ხოლო მე-3 ნაწილში განვიხილავთ, თუ როგორ ავლენდა სიყვარულს. მე-3 თავიდან დაწყებული ყოველი თავის ბოლოს მოცემულია ჩარჩო „როგორ მივყვე იესოს?“ ჩარჩოში კი მოცემულია კითხვები და ბიბლიური მუხლები, რაც დაგვანახვებს, თუ როგორ მივბაძოთ იესოს სიტყვითა და საქმით.
20 იეჰოვას დახმარებით გზა არ აგებნევა და არც თანდაყოლილი ცოდვა ჩამოგაშორებს ღმერთს. იეჰოვასთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც გვაჩვენა, როგორ განვავითაროთ ღმერთთან კარგი ურთიერთობა (1 იოანე 4:9, 10). ასე რომ, მთელი გულით გამოეხმაურე იესოს მოწვევას: „გამომყევი“ (იოანე 1:43).
a იესოს იმდენად მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა, რომ ბიბლიაში ის არაერთი წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სახელითა და წოდებით მოიხსენიება (იხილე ჩარჩო 23-ე გვერდზე).
b მაგალითად, იხილე იესოს სიტყვები მათეს 10:29—31; 18:12—14, 21—35; 22:36—40-ში.
c ბერძნულ ორიგინალში იოანეს 14:6-ში გამოყენებულ პირის ნაცვალსახელს „მე“ ახლავს განსაზღვრული არტიკლი, რაც იესოს განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ანუ ის არის გზა, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით არის ღმერთთან დაახლოება შესაძლებელი.