ბიბლიური მუხლების ახსნა
იოანეს 14:6 — „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“
«იესომ უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“» (იოანე 14:6, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
„უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ (იოანე 14:6, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
იოანეს 14:6-ის ახსნა
ადამიანს, რომელსაც სურს, თაყვანი სცეს ზეციერ მამას, იეჰოვაa ღმერთს, უნდა აღიაროს იესოს მნიშვნელოვანი როლი.
„მე ვარ გზა“. იესო გვიჩვენებს „გზას“, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით მივუახლოვდეთ. მაგალითად, როცა ვლოცულობთ, ღმერთს იესოს სახელით უნდა მივმართოთ (იოანე 16:23, 24). იესოს სიკვდილი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ღმერთს შეურიგდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ კვლავ მოიპოვონ მისი წყალობა (რომაელები 5:8—11). გარდა ამისა, იესომ მისაბაძი მაგალითი დაუტოვა მათ, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ღვთისმოსაწონად იცხოვრონ (იოანე 13:15).
„მე ვარ ... ჭეშმარიტება“. იესო ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა და ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობდა (1 პეტრე 2:22). ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ იესოს მოვუსმენთ (იოანე 8:31, 32). იესო „ჭეშმარიტება“ იმ გაგებითაც იყო, რომ მან შეასრულა ბიბლიური წინასწარმეტყველება და ამგვარად, რეალობად აქცია ღვთის დაპირებები (იოანე 1:17; 2 კორინთელები 1:19, 20; კოლოსელები 2:16, 17).
„მე ვარ ... სიცოცხლე“. იესომ სიცოცხლე გაიღო, რათა ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ჰქონდეს (იოანე 3:16, 36). იესო „სიცოცხლე“ გარდაცვლილთათვისაც არის, რადგან ის მათ მკვდრეთით აღადგენს (იოანე 5:28, 29; 11:25).
„მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“. მათ, ვისაც სურთ, ღმერთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, უნდა აღიარონ იესოს განსაკუთრებული როლი. ამას კი იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ღმერთს იესოს სახელით მიმართავენ ლოცვაში, რითაც აღიარებენ იესო ქრისტეს ძალაუფლებას (იოანე 15:16). ამასთანავე, ისინი იმასაც აღიარებენ, რომ ხსნა მხოლოდ იესოს მეშვეობით არის შესაძლებელი (საქმეები 4:12; ფილიპელები 2:8—11).
იოანეს 14:6-ის კონტექსტი
იოანეს მე-13 —17 თავებში ვხვდებით რჩევებს, რომლებიც იესომ თავის 11 მოციქულს მისცა სიკვდილის წინა ღამეს. მე-14 თავში იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, ერწმუნათ ის და ერწმუნათ ღმერთი, მისი მამა; აგრეთვე სიყვარული და მორჩილება გამოევლინათ მათ მიმართ (იოანე 14:1, 12, 15—17, 21, 23, 24). იესომ გაუმჟღავნა მოციქულებს, რომ მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაც დღემდე ასეა (იოანე 14:10, 20, 28, 31). იესო მალე ზეცად ამაღლდებოდა, მიუხედავად ამისა, მან დაარწმუნა მოწაფეები, რომ არ მიატოვებდა მათ (იოანე 14:18). ის მათ დაჰპირდა „დამხმარესაც“ და შემდეგი სიტყვებით განუმარტა, რას გულისხმობდა: „წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით“ (იოანე 14:25—27). ამ და სხვა საშუალებებით იესომ თავისი მიმდევრები მომავალი განსაცდელებისთვის მოამზადა.