თავი 22
როდემდე უნდა მიდგენდნენ წესებს?
რას მოითხოვენ შენგან მშობლები? ․․․․․
როგორ ფიქრობ, სამართლიანია მათი მოთხოვნები?
□ დიახ □ არა
რისი შესრულება გიჭირს ყველაზე მეტად? ․․․․․
ალბათ მშობლებს არაერთხელ უთქვამთ შენთვის, თუ რისი უფლება გაქვს და რისი — არა. მათი მოთხოვნები შეიძლება ეხებოდეს საშინაო დავალებებს, საოჯახო საქმეებს და იმას, თუ როდის უნდა დაბრუნდე სახლში. შესაძლოა ფიქრობ, რომ შენს ნებაზე ვერც ტელეფონზე გილაპარაკია, ვერც ტელევიზორისთვის გიყურებია და ვერც კომპიუტერი ჩაგირთავს. „ინსტრუქციები“ შეიძლება სახლის კედლებს სცილდებოდეს და იმასაც მოიცავდეს, თუ როგორ მოიქცე სკოლაში და ვისთან იმეგობრო.
ხომ არ ფიქრობ, რომ ასეთი წესები ხელ-ფეხს გიკრავს და თავისუფლებას გართმევს? შესაძლოა კარგად გესმის ახალგაზრდების, რომელთა სიტყვებიც ქვემოთაა მოყვანილი.
„ნერვები მეშლებოდა, როცა მშობლები სახლში დაბრუნების დროს მიდგენდნენ. ჩემ გარდა ყველას ჰქონდა სახლში გვიან მისვლის უფლება“ (ალენი).
„როგორ გინდა, არ გაბრაზდე, როცა სულ გაკონტროლებენ, ვის ელაპარაკები მობილურით და რამდენ ხანს. თავი პატარა ბავშვი მგონია“ (ელიზაბეტი).
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ჩემს მშობლებს საერთოდ არ უნდოდათ, ვინმესთან ურთიერთობა მქონოდა ან მეგობრები მყოლოდა“ (ნიკოლი).
მართალია ბევრი არ ემორჩილება მშობლებს, მაგრამ ახალგაზრდების უმრავლესობა თვლის, რომ წესები მაინც საჭიროა. თუ საჭიროა, რატომღა არის ზოგი წესი გამაღიზიანებელი?
„ბავშვი აღარა ვარ!“
შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლები პატარა ბავშვივით გექცევიან და წესები სწორედ ამიტომ გაღიზიანებს. გინდა მათ დაანახვო, რომ ბავშვი აღარა ხარ. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი წესების დახმარებით მრავალ პრობლემას აერიდები და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდები.
მაგრამ შენ იზრდები და გეჩვენება, რომ წესები წესებად რჩება, არაფერი იცვლება. შეიძლება თავს შებოჭილად გრძნობ. ბრიელი თავის მშობლებზე ამბობს: „მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ ერთ დროს თვითონაც იყვნენ ჩემხელები. რატომღაც მე არ უნდა მქონდეს ხმის ამოღებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება. მათ უნდათ, რომ სულ ბავშვი ვიყო“. ელისონსაც მსგავსი აზრი აქვს: „როგორც ჩანს, ჩემს მშობლებს არ უნდათ იმასთან შეგუება, რომ ათის კი არა, უკვე 18 წლის ვარ. დროა, უფრო მეტად მენდონ“.
წესებთან შეგუება მაშინ უფრო რთულია, როცა ფიქრობ, რომ შენს და-ძმებს მეტი თავისუფლება აქვთ. მეთიუ მოზარდობის წლებს იხსენებს: „ჩემს უმცროს დას და მამიდაშვილებს ყველაფერს პატიობდნენ“.
სრული თავისუფლება?
გასაკვირი არ არის, თუ ძალიან გინდა, რომ შენს ნებაზე აკეთო ყველაფერი. მაგრამ ნამდვილად უკეთესი იქნება ეს შენთვის? ალბათ, იცნობ შენს ტოლებს, რომლებსაც აქვთ სრული თავისუფლება — როცა უნდათ, სახლში მაშინ ბრუნდებიან; რასაც უნდათ, იმას იცვამენ; სადაც უნდათ, იქ მიდიან მეგობრებთან ერთად. შესაძლოა მათი მშობლები უბრალოდ ვერ იცლიან მათთვის. თუმცა, რაც უნდა იყოს მიზეზი, ბიბლია არ ამართლებს შვილის ამგვარად აღზრდას (იგავები 29:15). მთელ მსოფლიოში სიყვარულის ნაკლებობა მეტწილად იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანები ეგოისტები არიან და ბევრ მათგანს ბავშვობაში სრული თავისუფლება ჰქონდა (2 ტიმოთე 3:1—5).
ნუ შეგშურდება იმ ახალგაზრდების, რომლებიც არაფერში არიან შეზღუდულნი. მშობლებს უყვარხარ, ისინი ზრუნავენ შენზე და ამიტომაც გიდგენენ წესებს. გონივრული წესების დადგენით მშობლები ჰბაძავენ იეჰოვა ღმერთს, რომელიც თავის ხალხს ეუბნებოდა: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).
როგორ უნდა მოიქცე, თუ ფიქრობ, რომ მშობლები ზედმეტად გზღუდავენ?
წავლენ მშობლები დათმობაზე?
გინდა უფრო მეტი თავისუფლება? გაღიზიანებს მეტისმეტი შეზღუდვები? ორივე შემთხვევაში გამოსავალი მშობლებთან დალაპარაკებაა. შეიძლება თქვა: „უკვე ვცადე და არაფერი გამოვიდა“. თუ ასეა, იქნებ სხვანაირად სცადო საერთო ენის გამონახვა. რა მიზანი უნდა გქონდეს მშობლებთან საუბრის დროს? შენ უნდა ეცადო: 1) უკეთ დაანახვო, რა გინდა და 2) უკეთ გაერკვე, რატომ გეუბნებიან უარს იმაზე, რაც გინდა. როცა ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტი უფლებების მიღება გსურს, პირველ რიგში, ურთიერთობის უნარის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქრო. რა დაგეხმარება ამაში?
ისწავლე ემოციების მართვა. საერთო ენის გამონახვისთვის საჭიროა თავშეკავება. ბიბლიაში წერია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). ბუზღუნი და ბუტიაობა არ გამოგადგება. როცა ბრაზდები წესებსა და შეზღუდვებზე, შეიძლება იმის სურვილი გაგიჩნდეს, რომ კარი გაიჯახუნო ან სახლში წინ და უკან დაიწყო სიარული. მაგრამ ასეთი საქციელის გამო, ალბათ, მშობლები უფრო მეტად შეგზღუდავენ.
ეცადე გაუგო მშობლებს. ტრეისი, რომელსაც მარტო დედა ზრდის, ამბობს: „ვფიქრობ ხოლმე, თუ რატომ მიდგენს დედა ამა თუ იმ წესს. მას მხოლოდ ის სურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი ვიყო“ (იგავები 3:1, 2). რაც უფრო მეტად გაუგებ მშობლებს, მით უფრო გაგიადვილდება მათთან საერთო ენის გამონახვა.
დავუშვათ, შენი მეგობრები იკრიბებიან და მშობლები არ გიშვებენ. ნაცვლად იმისა, რომ ეკამათო, შეგიძლია ჰკითხო, გაგიშვებენ თუ არა, სანდო მეგობარი რომ წამოგყვეს. თუ მაინც არ გაგიშვებენ, მათი თვალით შეხედე სიტუაციას. ასე უფრო ადვილად მიხვალთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც შენთვისაც მისაღები იქნება და მშობლებისთვისაც.
მოიპოვე მშობლების ნდობა. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც ბანკის ვალი აქვს. თუ დროულად და რეგულარულად შეიტანს საჭირო თანხას, ის სანდო კლიენტი გახდება. შედეგად, ბანკმა შეიძლება უფრო დიდი სესხიც მისცეს მას მომავალში. ასეა მშობლებთან ურთიერთობაც. შენი ვალი ისაა, რომ მშობლებს დაემორჩილო. თუ ყოველთვის — მცირედშიც კი — ემორჩილები მშობლებს, მათ უფრო გაუადვილდებათ შენი ნდობა. მათთვის იმედის გაცრუების შემთხვევაში კი ნუ გაგიკვირდება, თუ ერთ დღესაც „საკრედიტო ლიმიტს შეგიმცირებენ“.
თუ მშობლის სიტყვას არ შეასრულებ
იქნება მომენტები, როცა მშობლების მოთხოვნებს ვერ შეასრულებ — ან სახლში ვერ გააკეთებ რამეს, ან ტელეფონზე ილაპარაკებ ძალიან დიდხანს, ან დროზე არ დაბრუნდები სახლში (ფსალმუნი 130:3). რას ეტყვი მშობლებს? როგორ უნდა მოიქცე, სიტუაცია რომ განმუხტო?
უთხარი სიმართლე. თუ ზღაპრების მოყოლას დაიწყებ, მშობლებს საერთოდ დაუკარგავ შენდამი ნდობას. მოუყევი მათ ყველაფერი, როგორც იყო (იგავები 28:13). ნუ დაიწყებ თავის მართლებას და იმის მტკიცებას, რომ დიდი არაფერი დაგიშავებია. გახსოვდეს, „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).
ბოდიში მოუხადე. თუ ანერვიულე მშობლები, იმედი გაუცრუე მათ ან დამატებითი საზრუნავი გაუჩინე, უთხარი, რომ ნანობ შენს საქციელს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მკაცრად აღარ დაგსაჯონ. გახსოვდეს ისიც, რომ ბოდიში გულწრფელად უნდა მოუხადო.
პასუხი აგე შენს საქციელზე (გალატელები 6:7). თავიდან შეიძლება უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობ, რომ უსამართლოდ გსჯიან. მაგრამ აჯობებს, პასუხი აგო საკუთარ საქციელზე და ამით აჩვენო, რომ პატარა აღარა ხარ. თუ მშობლების ნდობის დაბრუნებას ეცდები, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.
დაწერე, ზემოთ აღნიშნული სამი რჩევიდან რომლის გათვალისწინება გჭირდება ყველაზე მეტად. ․․․․․
შენი მშობლები უმიზეზოდ არ გიდგენენ წესებს. ეს მათი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ გვხვდება ბიბლიაში ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მამაშენის მცნება“ და „დედაშენის კანონი“ (იგავები 6:20). ნურასდროს იფიქრებ, რომ მათ მიერ დადგენილი წესები თავისუფლებას გართმევს. დაემორჩილე მშობლებს და ‘ხელი მოგემართება’. ამას იეჰოვა ღმერთი გპირდება (ეფესოელები 6:1—3).
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-3 თავში
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მშობელი სვამს ან ნარკოტიკებს იღებს?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„პატივი ეცი მამას და დედას . . . რომ ხელი მოგემართოს“ (ეფესოელები 6:2,3).
რჩევა
თუ გინდა, რომ მშობლებმა მეტი თავისუფლება მოგცენ, ყოველთვის დაუჯერე და მოიპოვე მათი ნდობა. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო მეტად გაითვალისწინებენ შენს სურვილებს.
იცოდი, რომ . . . ?
როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, მოზარდები, რომლებსაც მშობლები გარკვეულ წესებს უდგენენ, უკეთესად სწავლობენ, უკეთ პოულობენ სხვებთან საერთო ენას და უფრო ბედნიერები არიან.
რა უნდა გავაკეთო
თუ მშობლები რამეს მეტყვიან და არ შევასრულებ ․․․․․
მშობლების ნდობა რომ დავიმსახურო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ზოგჯერ მშობლები მეტისმეტად გზღუდავენ?
● რატომ ვერ იკავებ ზოგჯერ ემოციებს, როცა მშობლები რაღაცის უფლებას არ გაძლევენ?
● რა დაგეხმარება იმაში, რომ მშობლებთან უკეთ გამონახო საერთო ენა?
[ჩანართი 183 გვერდზე]
„ამ ასაკში გგონია, რომ ყველაფერი იცი. ამიტომ ადვილად ბრაზდები, როცა მშობლები რამეს გიშლიან. მაგრამ ისინი ამას ტყუილუბრალოდ არ აკეთებენ“ (მეგანი).
[ჩარჩო 186 გვერდზე]
მართლა შენზე მეტად უყვართ?
გაგჩენია ოდესმე ისეთი გრძნობა, რომ მშობლებს შენი და ან ძმა შენზე მეტად უყვართ? ამ საკითხზე სწორი თვალსაზრისი რომ გქონდეს, გახსოვდეს ერთი რამ: სამართლიანობა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი ყველა შვილს ერთნაირად მოეპყროს. პირადად შენ გაკლებენ რამეს მშობლები? რას აკეთებენ ისინი, როცა მათი რჩევა, დახმარება და მხარდაჭერა გჭირდება? თუ უყურადღებოდ არ გტოვებენ, ნუთუ სწორი იქნება მათი დადანაშაულება იმაში, რომ ნაკლებად უყვარხარ? შენ და შენი და-ძმები განსხვავდებით ერთმანეთისგან. ამიტომ შეუძლებელია, რომ მშობლები ყოველთვის ერთნაირად მოგეპყრონ. ამას ბეთიც მიხვდა. დღეს ის 18 წლისაა და ამბობს: „მე და ჩემი ძმა ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ და განსხვავებული მოპყრობა გვჭირდება. არ მესმის, ადრე რატომ ვერ ვხვდებოდი ამას“.
[ჩარჩო⁄სურათი 189 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
ესაუბრე მშობლებს
წინა ორ თავში ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა შეეგუო მშობლების შენიშვნებსა და წესებს. მაგრამ შეიძლება ფიქრობ, რომ ისინი მეტისმეტად მკაცრები არიან. როგორ უნდა ესაუბრო მათ ამ საკითხზე?
● შეარჩიე ისეთი დრო, როცა გაღიზიანებული არა ხარ და მშობლებსაც სცალიათ.
● ელაპარაკე გულწრფელად, მშვიდად და პატივისცემით.
თუ ფიქრობ, რომ მშობელი ძალიან ბევრ შენიშვნას გაძლევს, შეგიძლია უთხრა: „მე მინდა, რომ კარგად მოვიქცე, მაგრამ ასე მგონია, ჩემი არაფერი მოგწონს. იქნებ ვილაპარაკოთ ამაზე“.
ქვემოთ დაწერე, შენ რა სიტყვებით დაიწყებ მშობელთან ამ თემაზე ლაპარაკს.
․․․․․
✔რჩევა: 21-ე თავი დაგეხმარება პირველი ნაბიჯის გადადგმაში. შეიძლება მშობლებმა გადაწყვიტონ ამ თავის შენთან ერთად განხილვა.
თუ ფიქრობ, რომ მშობელი არ გაძლევს საკმარის თავისუფლებას, შეგიძლია დაახლოებით ასეთი რამის თქმა: „მინდა, რომ უფრო მეტი თავისუფლება მქონდეს და საქმით დავამტკიცო, რომ ჩემი ნდობა შეიძლება. რას მეტყვი, რა გავაკეთო ამისთვის?“.
ქვემოთ დაწერე შენ რა სიტყვებით დაიწყებ მშობელთან ამ თემაზე ლაპარაკს.
․․․․․
✔რჩევა: გადახედე პირველი ტომის მე-3 თავს, რომლის სათაურია „როგორ მივაღწიო მშობლებისგან მეტ თავისუფლებას?“. ჩამოწერე კითხვები, რომლებიც ამ თავის წაკითხვის დროს გაგიჩნდება.
[სურათი 184, 185 გვერდებზე]
მას, ვინც სესხს პატიოსნად იხდის, ბანკი უფრო მეტად ენდობა. რაც უფრო მეტად დაუჯერებ მშობლებს, მით უფრო გაუადვილდებათ მათ შენი ნდობა.