თავი 21
როგორ გავუძლო ამდენ კრიტიკას?
„დედაჩემი სულ იმას ცდილობს, რომ რაღაცაში გამომიჭიროს. ჯერ საქმე არა მაქვს დამთავრებული, რომ მოდის და ეგრევე შენიშვნებს მაძლევს“ (კრეიგი).
„მშობლები გამუდმებით ჭკუას მარიგებდნენ. მათთვის რომ გეკითხა, წესიერად ვერაფერს ვაკეთებდი ვერც სკოლაში, ვერც სახლში და ვერც კრებაში. თავიანთი შენიშვნებით მოსვენებას არ მაძლევდნენ“ (ჯეიმზი).
შენც ფიქრობ, რომ რაც არ უნდა გააკეთო, მშობლებს მაინც ვერაფერს მოაწონებ? ისეთი გრძნობა ხომ არა გაქვს, რომ გამადიდებელი შუშით გაკვირდებიან, ყველა ნაბიჯს გიკონტროლებენ და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან შენით?
რას გეუბნებიან ყველაზე ხშირად?
□ შენი ოთახი სულ ყირაზე დგას!
□ სულ ტელევიზორთან როგორ უნდა იჯდე?!
□ როდისღა უნდა დაიძინო?!
□ როდემდე უნდა იწვე?!
შემდეგ ხაზზე დაწერე, მშობლებისგან ყველაზე მეტად რომელი შენიშვნა გაღიზიანებს.
․․․․․
შენიშვნებმა და კრიტიკამ შეიძლება ნერვები მოგიშალოს. მაგრამ ახლა მოდი მეორე მხრიდან შეხედე ამ საკითხს: მშობლები საერთოდ რომ არ გაძლევდნენ რჩევას ან შენიშვნას, ხომ იფიქრებდი, რომ მათ არ აღელვებთ შენი ბედი?! (ებრაელები 12:8). მათ რომ არ უყვარდე, არც რჩევებს მოგცემდნენ და არც შენიშვნებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მოყვარული მამა“ შეაგონებს შვილს (იგავები 3:12).
შენ უნდა გიხაროდეს, რომ მშობლები ფიქრობენ შენზე. მათ სურთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი იყო. სხვა თუ არაფერი, მათზე უმცროსი ხარ და შედარებით ნაკლები გამოცდილება გაქვს. რაც არ უნდა კარგი იყო, რჩევები და შენიშვნები დროდადრო მაინც დაგჭირდება. ამის გარეშე ვერ გაიმარჯვებ „ახალგაზრდულ სურვილებთან“ ბრძოლაში (2 ტიმოთე 2:22).
რომ არ გსიამოვნებს?
ბიბლიაში წერია: „ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად“ (ებრაელები 12:11). ეს ჩვეულებრივი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ. შენ ჩამოყალიბების პროცესში ხარ, ჯერ კიდევ იზრდები და ერკვევი საკუთარ თავში. ასე რომ, რაც არ უნდა თბილად და ტაქტიანად მოგცენ შენიშვნა, ამან შეიძლება გაგაღიზიანოს.
ასეთი რეაქცია იმიტომაცაა გასაგები, რომ სხვების აზრი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი წარმოდგენა შეგექმნება საკუთარ თავზე. მშობლების აზრს კი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. და როცა საკუთარი მშობელი გაძლევს შენიშვნას ან გიწუნებს რაღაცას, ამან შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს შენზე.
თუ მშობლებმა რამდენჯერმე მიგითითეს შეცდომაზე, ნიშნავს ეს იმას, რომ მათ შენი არაფერი მოსწონთ ან არაფერი გამოგდის? არა. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს (ეკლესიასტე 7:20). ჩვენ ბევრ რამეს შეცდომებზე ვსწავლობთ (იობი 6:24). შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლები შენს შეცდომებს ადვილად ამჩნევენ, კარგს კი — ვერა. ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო, მაგრამ ამან არ უნდა დაგიკარგოს საკუთარი თავის რწმენა.
რატომ გაკრიტიკებენ?
ზოგჯერ მეტისმეტი კრიტიკის მიზეზი შეიძლება მშობლის ცუდი განწყობა იყოს და არა შენი შეცდომა. თუ დედას მძიმე დღე ჰქონდა ან ის შეუძლოდ არის, შეიძლება უფრო მეტად გამოხატოს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ოთახი კარგად არა გაქვს დალაგებული. თუ მამა გაბრაზებულია ფინანსური პრობლემების გამო, მისი სიტყვები შეიძლება ‘მახვილივით ჭრიდეს’ (იგავები 12:18). ბუნებრივია, უსამართლო კრიტიკა გამაღიზიანებელია. მაგრამ ეცადე, უსამართლობაზე კი არა, იმაზე იფიქრო, რომ როგორმე მშობლებს აპატიო. ასე შენ თვითონაც უკეთ იგრძნობ თავს. გახსოვდეს, რომ „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2).
შენი მშობლებიც არასრულყოფილი ადამიანები არიან და მათაც შეიძლება ჰქონდეთ არასრულფასოვნების გრძნობა. როცა რაღაცა არ გამოგდის, ისინი შეიძლება თავიანთ თავს ადანაშაულებდნენ ამაში. მაგალითად, დედა შეიძლება გაუბრაზდეს შვილს, თუ მას სკოლიდან ცუდი ნიშნები მოაქვს. ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ შვილის წარუმატებლობა მისი ბრალია და არ აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.
შეინარჩუნე სიმშვიდე
რა მიზეზითაც არ უნდა გაძლევდნენ შენიშვნებს, მთავარია, შენ როგორ შეხვდები ამას. პირველ რიგში, ეცადე, რომ არ აფეთქდე. იგავების 17:27-ში ნათქვამია: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“. როგორ უნდა შეინარჩუნო „მშვიდი სული“? ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარება.
მოუსმინე. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე თავის მართლება დაიწყო, მოთოკე ემოციები და ბოლომდე მოუსმინე მშობელს. იაკობმა დაწერა, რომ ქრისტიანი „სწრაფი [უნდა] იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). თუ მშობელს აწყვეტინებ ლაპარაკს, ის იფიქრებს, რომ არ გინდა მისი მოსმენა. ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდება და უფრო მეტ შენიშვნას მოგცემს.
გაუგე. ზოგჯერ შეიძლება მშობლის ტონი გაღიზიანებს. მაგრამ ასეთ დროს ეცადე, იფიქრო იმაზე, თუ რას გეუბნება და არა იმაზე, თუ როგორ გეუბნება. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: „რაშია მართალი? ადრეც ხომ არ მოუცია შენიშვნა ამაზე? მართლა რთულია იმის შესრულება, რასაც მთხოვს?“. შეიძლება იმ მომენტში ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ მშობლებს შენი სიყვარული ამოძრავებთ. რომ არ უყვარდე, საერთოდ არაფერს გეტყოდნენ (იგავები 13:24).
დაეთანხმე. თუ მშობლის რჩევას ან შენიშვნას დაეთანხმები, ის დაინახავს, რომ ტყუილუბრალოდ არ ულაპარაკია. მაგალითად, მშობელმა შეიძლება გითხრას: „ოთახი სულ არეული გაქვს. თუ არ დაალაგებ, დაისჯები“. შენ შესაძლოა ფიქრობ, რომ ოთახი ისედაც დალაგებულია, მაგრამ ჯობია, ეს ხმამაღლა არ თქვა. შეეცადე, მშობლის თვალით შეხედო სიტუაციას. უკეთესი იქნება, თუ დაახლოებით ასეთ რამეს ეტყვი სარკაზმის გარეშე: „მართალი ხარ. ოთახი დასალაგებელი მაქვს. ახლავე დავალაგო თუ სადილის შემდეგ?“. თუ ასე მოიქცევი, სიტუაცია განიმუხტება. გასაგებია, რომ შემდეგ უნდა შეასრულო კიდეც შენი სიტყვა (ეფესოელები 6:1).
დაიცადე. თუ გაქვს თავის გამართლების მიზეზი და ამის თქმა გინდა, მოითმინე მანამ, სანამ მშობლის სურვილს არ შეასრულებ. ბიბლიაში წერია: „ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავები 10:19). მშობელი მაშინ უფრო მოგისმენს, როცა დაინახავს, რომ მისი სიტყვები უყურადღებოდ არ დატოვე.
დაწერე, ზემოთ მოცემული ოთხი რჩევიდან ყველაზე მეტად რომლის გათვალისწინება გჭირდება. ․․․․․
სწავლის ძირი მწარე არის . . .
როგორ ფიქრობ, ღირს სირთულეების ატანა ოქროს აღმოსაჩენად? ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიბრძნეს ოქროზე დიდი ფასი აქვს (იგავები 3:13, 14). რა არის საჭირო სიბრძნის შესაძენად? იგავების 19:20-ში წერია: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“. რჩევებისა და დარიგების მიღება ზოგჯერ მწარეა და ნამდვილად არ არის სახალისო. მაგრამ ეცადე ყოველთვის დაინახო მათში ის, რაც ოქროზე ძვირფას სიბრძნეს შეგძენს.
რჩევებსა და შენიშვნებს ვერსად გაექცევი. დღეს ამას მშობლებისა და მასწავლებლებისგან ისმენ, ხვალ კი თანამშრომლებისა და სხვა ადამიანებისგან მოგიწევს მოსმენა. თუ სათანადოდ მოეკიდები მშობლების შენიშვნებს, უკეთესად ისწავლი და მომავალში კარგი თანამშრომელი და ყოველმხრივ პროგრესული ადამიანი იქნები. ამისთვის კი ნამდვილად ღირს შიგადაშიგ კრიტიკის ატანა.
დაგღალა მშობლების წესების მოსმენამ? როგორ უნდა შეეგუო ამას და როგორ შეიძლება მათგან მეტი თავისუფლების მიღება?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“ (იგავები 1:5).
რჩევა
რომ არ გაღიზიანდე მშობლების შენიშვნებზე . . .
● ნუ დაგავიწყდება, რომ მშობლები შენიშვნებს კი გაძლევენ, მაგრამ გაქებენ კიდეც.
● თუ ბოლომდე ვერ ხვდები, რატომ გაძლევენ შენიშვნას ან რას მოელიან შენგან, სთხოვე, რომ აგიხსნან.
იცოდი, რომ . . . ?
ზოგ მშობელს იმიტომ უჭირს შვილების მიმართ სითბოს გამოვლენა, რომ თავის დროზე მათი მშობლებიც საკმარისად არ ავლენდნენ სიყვარულსა და ყურადღებას მათდამი.
რა უნდა გავაკეთო
როცა მშობლები შენიშვნას მომცემენ ․․․․․
თუ ვფიქრობ, რომ მშობლები მეტისმეტად მაკრიტიკებენ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არის რთული შენიშვნის მიღება?
● რის გამო შეიძლება მოგცენ მშობლებმა შენიშვნები?
● რა დაგეხმარება იმაში, რომ ნებისმიერი შენიშვნა შენს საკეთილდღეოდ გამოიყენო?
[ჩანართი 177 გვერდზე]
„დედაჩემი სულ მიყვიროდა და მეც სულ ვეპასუხებოდი. ახლა ვცდილობ, ბიბლიის რჩევები გავითვალისწინო და ვატყობ, რომ ჭრის. დედაჩემიც აშკარად შეიცვალა. დღეს მისი უფრო მეტად მესმის და ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა“ (მარლინი).
[სურათი 180 გვერდზე]
ეცადე რჩევებსა და შენიშვნებში ყოველთვის დაინახო ის, რაც ოქროზე ძვირფას სიბრძნეს შეგძენს.