ნაწილი 19
იესო მომავალს წინასწარმეტყველებს
იესო წინასწარმეტყველებს სამეფოს ძალაუფლებით თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ.
იესო ოთხ მოციქულთან ერთად იყო ზეთისხილის მთაზე, საიდანაც კარგად მოჩანდა იერუსალიმი და ტაძარი. იესომ მათ უთხრა, რომ იერუსალიმის ტაძარი განადგურდებოდა. ადრე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ქვეყნიერება მოისპობოდა (მათე 13:40, 49). ამიტომ მოციქულებმა იესოს ასეთი კითხვა დაუსვეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
იესომ მათ უთხრა, რა მოხდებოდა იერუსალიმის განადგურებამდე. მაგრამ მისი სიტყვები მხოლოდ იერუსალიმის განადგურებას არ ეხებოდა. იესოს წინასწარმეტყველება მოგვიანებით უფრო ფართო მასშტაბით უნდა შესრულებულიყო. მან იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში. ეს ყველაფერი ერთად აღებული იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ღვთის სამეფომ ზეცაში უკვე დაიწყო მოქმედება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვა ღმერთმა იესო გაამეფა ზეციერ სამეფოში და რომ ის მალე მოსპობდა ყველანაირ ბოროტებას დედამიწაზე და ადამიანებს ნამდვილ მშვიდობას მოუტანდა. აქედან გამომდინარე, ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ამ ქვეყნიერების რელიგიური, პოლიტიკური და სოციალური წყობის აღსასრულისა და ახალი ქვეყნიერების დაწყების მომასწავებელი იქნებოდა.
იესომ თქვა, რომ ზეცაში მისი გამეფების შემდეგ დედამიწაზე იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა, ძლიერი მიწისძვრები და ეპიდემიები; გამრავლდებოდა უკანონობაც. იესოს ნამდვილი მოწაფეები მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ეს ყველაფერი დასრულდებოდა „დიდი გასაჭირით“, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს (მათე 24:21).
როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ იესოს მიმდევრები დიდი გასაჭირის მოახლოებას? „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ“, — თქვა იესომ (მათე 24:32). როცა ლეღვის ხეს ფოთოლი გამოაქვს, ეს იმის ნიშანია, რომ ზაფხული ახლოსაა. მსგავსადვე, იესოს ნაწინასწარმეტყველები მოვლენების ერთ კონკრეტულ პერიოდში განვითარება აღსასრულის მოახლოების ნიშანი იქნებოდა. ზეციერი მამის გარდა არავის ეცოდინებოდა დიდი გასაჭირის დაწყების ზუსტი დღე და საათი. ამიტომ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“ (მარკოზი 13:33).