თავი 16
მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა
1—3. ა) რას გრძნობდა ესთერი, როცა უახლოვდებოდა მეფის ტახტს? ბ) როგორ მიიღო მეფემ ესთერი?
ესთერი ნელი ნაბიჯით უახლოვდება მეფის ტახტს. მის გულს ბაგაბუგი გააქვს. შუშანში, სპარსეთის სასახლეში, ისეთი სიჩუმეა, რომ ესთერს თავისი მსუბუქი ნაბიჯებისა და სამოსის შრიალის ხმაც კი ესმის. ის ვერც კი ამჩნევს სამეფო კარის დიდებულებას, საოცრად ლამაზ კოლონებსა და ლიბანის კედრის ხით მდიდრულად მოჩუქურთმებულ ჭერს, რადგან მთელი ყურადღება სამეფო ტახტზე მჯდომი მამაკაცისკენ აქვს მიმართული, რომლის ხელშიც მისი სიცოცხლეა.
2 მეფე დაჟინებით უყურებს ესთერს, რომელიც მას უახლოვდება და მისკენ ოქროს კვერთხს იწვდის. ეს უბრალო ჟესტია, მაგრამ ესთერისთვის სიცოცხლეს ნიშნავს. ამით მეფე გულმოწყალებას ავლენს ესთერის მიმართ და პატიობს, მოხმობის გარეშე რომ წარდგა მის წინაშე. როგორც კი სამეფო ტახტს უახლოვდება, ესთერი მადლიერების ნიშნად კვერთხის წვერს ეხება (ესთ. 5:1, 2).
3 ახაშვეროშის სამეფო სამოსი იმაზე მეტყველებდა, თუ რაოდენ მდიდარი და ძლევამოსილი იყო მეფე. იმდროინდელი სპარსეთის მეფეების სამოსის ღირებულება დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. მაგრამ ესთერმა ერთადერთი, რაც დაინახა, თავისი მეუღლის თბილი მზერა იყო. მეფეს თავისებურად უყვარდა ესთერი. მან უთხრა ესთერს: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ (ესთ. 5:3).
4. რა სირთულეები ელოდა წინ ესთერს?
4 ესთერმა უკვე გამოავლინა ძლიერი რწმენა და გამბედაობა — იგი წარდგა მეფის წინაშე, რომ დაეცვა და გადაერჩინა თავისი ხალხი. მართალია, მეფემ მიიღო ესთერი, მაგრამ მას წინ ჯერ კიდევ ბევრი სირთულე ელოდა. მას უნდა დაერწმუნებინა ეს ქედმაღალი მეფე, რომ მისი ყველაზე სანდო მრჩეველი ბოროტი კაცი იყო, რომელსაც ესთერის ხალხის განადგურება სურდა. როგორ დაარწმუნებდა ესთერი მეფეს ამაში, და როგორ შეგვიძლია ესთერივით მტკიცე რწმენა განვივითაროთ?
მან „ლაპარაკის დრო“ გონივრულად შეარჩია
5, 6. ა) როგორ გამოიყენა ესთერმა ეკლესიასტეს 3:1, 7-ში ჩაწერილი პრინციპი? ბ) როდის არჩია ესთერმა ქმართან დალაპარაკება და რატომ მეტყველებს ეს მის გონიერებაზე?
5 ნუთუ ესთერი თავის სათქმელს მეფეს ყველას თანდასწრებით ეტყოდა? თუ ასე მოიქცეოდა, მეფეს დაამცირებდა, მის მრჩეველს, ჰამანს კი იმის საშუალებას მისცემდა, რომ გაებათილებინა მისი ბრალდება. როგორ მოიქცა ესთერი? საუკუნეებით ადრე ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:1, 7). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ასწავლიდა ესთერს მამობილი, ღვთის ერთგული მორდოქაი, ამ პრინციპის თანახმად ცხოვრებას. ესთერს, რასაკვირველია, კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, ლაპარაკისთვის დროის გონივრულად შერჩევა.
6 ესთერმა თქვა: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას“ (ესთ. 5:4). მეფე დასთანხმდა და ჰამანსაც მოუხმო. ხედავთ, რა გონივრულად მოიქცა ესთერი? იგი გაუფრთხილდა თავისი მეუღლის ღირსებას და ხელსაყრელი დრო შეარჩია თავისი საწუხარის გამოსათქმელად (წაიკითხეთ იგავების 10:19).
7, 8. როგორი ნადიმი მოუწყო ქმარს ესთერმა, მაგრამ რატომ არჩია საუბრის გადადება?
7 უეჭველია, ესთერმა ნადიმი საგულდაგულოდ მოამზადა და ყველაფერი თავისი მეუღლის გემოვნების გათვალისწინებით გააკეთა. მან გულის გამახალისებლად სუფრაზე საუკეთესო ღვინო გამოატანინა (ფსალმ. 104:15). ახაშვეროშმა კარგად მოილხინა. მან კვლავ ჰკითხა ესთერს, რა სათხოვარი ჰქონდა. მაგრამ დადგა შესაფერისი დრო საუბრისთვის?
8 ესთერის აზრით, ჯერ არ იყო საუბრის დრო. მან მეფე და ჰამანი მეორე დღესაც მიიწვია ნადიმზე (ესთ. 5:7, 8). რატომ გადადო ესთერმა მეორე დღისთვის საუბარი? არ დაგავიწყდეთ, რომ მეფის ბრძანების თანახმად, ესთერის ყველა თანამემამულეს სიკვდილი ემუქრებოდა. ესთერი უნდა დარწმუნებულიყო, რომ საუბრისთვის მართლაც შესაფერისი დრო დადგა. ამიტომ, მოცდა არჩია და მეორე დღესაც ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ მის ქმარს დაენახა, რამდენად აფასებდა მას.
9. რატომ არის დასაფასებელი მოთმინება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ამ მხრივ ესთერს?
9 მოთმინება იშვიათი და დასაფასებელი თვისებაა. დამწუხრებულ ესთერს ერთი სული ჰქონდა, როდის გამოთქვამდა მეფესთან თავის საწუხარს, მაგრამ იგი მოთმინებით ელოდა შესაფერის წუთს. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან, რადგან თითოეული ჩვენგანი ვხედავთ უსამართლობას, რაც უნდა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ პრობლემის გადასაჭრელად ავტორიტეტული პირის დარწმუნება მოგვიწევს, შეგვიძლია მივბაძოთ ესთერს და მასსავით მომთმენები ვიყოთ. იგავების 25:15-ში ვკითხულობთ: „მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა“. თუ მოთმინებით დაველოდებით შესაფერის წუთს და ესთერივით მშვიდად და ტაქტიანად ვისაუბრებთ, ნებისმიერ დაბრკოლებას დავძლევთ. აკურთხა ესთერი იეჰოვა ღმერთმა მოთმინებისთვის?
ესთერის მოთმინების წყალობით სამართალმა იზეიმა
10, 11. როგორი განწყობით წამოვიდა ჰამანი ნადიმიდან, მაგრამ რამ გაუფუჭა ხასიათი, და რისკენ წააქეზეს ცოლმა და მეგობრებმა?
10 ესთერის მოთმინების წყალობით მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ჰამანი ნადიმიდან „გახარებული და გულმხიარული წავიდა“, რადგან მეფისა და დედოფლის თვალში კეთილგანწყობა მოიპოვა. მაგრამ, როცა სასახლის კარიბჭეს ჩაუარა, თვალი მოჰკრა იუდეველ მორდოქაის, რომელმაც პატივი არ მიაგო მას. როგორც წინა თავმა დაგვანახვა მორდოქაი ასე იმიტომ კი არ იქცეოდა, რომ ჰამანს პატივს არ სცემდა, არამედ იმიტომ, რომ ის იეჰოვა ღმერთის ერთგული იყო. მაგრამ ჰამანი „რისხვით აივსო მორდოქაიზე“ (ესთ. 5:9).
11 ჰამანმა თავის ცოლს და მეგობრებს უთხრა, რომ მორდოქაიმ არ მიაგო პატივი. მათ ურჩიეს, გაეკეთებინა ორმოცდაათწყრთიანი (22 მეტრი) ძელი და მეფისთვის ეთხოვა, რომ მორდოქაი ჩამოეკიდათ მასზე. ჰამანს მოეწონა ეს იდეა და მაშინვე გააკეთებინა ძელი (ესთ. 5:12—14).
12. რატომ ბრძანა მეფემ, რომ მისთვის ხმამაღლა წაეკითხათ მატიანე, და რა შეიტყო?
12 იმ ღამით „ძილი გაუკრთა მეფეს“. ამიტომ, მან ბრძანა, ხმამაღლა წაეკითხათ მისთვის იმ დღეთა მატიანეები. ამ დროს აღმოაჩინეს ჩანაწერი, სადაც ეწერა, რომ ერთ დროს მეფე ახაშვეროშის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. მას გაახსენდა, რომ შეთქმულები დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. რა დაემართა კაცს, რომელმაც ამ შეთქმულების შესახებ მეფის მსახურებს შეატყობინა? ეს კაცი მორდოქაი იყო. მეფემ მაშინვე იკითხა, რა პატივი მიაგეს მორდოქაის ამისთვის. როგორც გაირკვა, მისთვის არაფერი გაეკეთებინათ (წაიკითხეთ ესთერის 6:1—3).
13, 14. ა) როგორ გაუცრუვდა იმედი ჰამანს? ბ) რა უთხრეს ჰამანს ცოლმა და მეგობრებმა?
13 აღშფოთებულმა მეფემ იკითხა, ვინ დაეხმარებოდა ამ შეცდომის გამოსწორებაში. სწორედ ამ დროს, დილაადრიანად, სასახლის ეზოში ჰამანი შევიდა; როგორც ჩანს, მას რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა, ნებართვა მიეღო მორდოქაის დასასჯელად. მაგრამ სანამ მეფეს სთხოვდა ამის შესახებ, მეფემ ჰკითხა, რა პატივი უნდა მიეგოთ კაცისთვის, რომელმაც მეფის კეთილგანწყობა დაიმსახურა. ჰამანმა იფიქრა, რომ მეფეს თავად ის ჰყავდა მხედველობაში. ამიტომ, მეტისმეტი დიდება მოინდომა — შეემოსათ ეს კაცი სამეფო სამოსლით, მოეტარებინათ მეფის ცხენით შუშანი და განედიდებინათ ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ ჰამანის სახე, როდესაც გაიგებდა, რომ კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურდა, მორდოქაი იყო! ვის დაავალებდა მეფე, რომ მორდოქაისთვის პატივი მიეგოთ? რაღა თქმა უნდა, ჰამანს (ესთ. 6:4—10).
14 ამ დავალებამ ჰამანს კიდევ უფრო შეაჯავრა მორდოქაი. ის აჩქარებული ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. ჰამანს ცოლმა და მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. ის თვითონ გაება იუდეველი მორდოქაისთვის დაგებულ მახეში (ესთ. 6:12, 13).
15. ა) რა შედეგი გამოიღო ესთერის თავშეკავებამ? ბ) რატომ არის გონივრული, დაველოდოთ იეჰოვას?
15 ვინაიდან ესთერმა მოთმინება გამოავლინა და მეფესთან სასაუბროდ შესაფერის დროს დაელოდა, ამან ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ განდიდების მსურველი ჰამანი დამცირებულიყო. რასაკვირველია, იეჰოვას ხელი ერია იმაში, რომ მეფეს იმ ღამით ძილი გაუკრთა (იგავ. 21:1). ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა, რომ ვისწავლოთ მოთმინება (წაიკითხეთ მიქას 7:7). თუ დაველოდებით ღმერთს, ის ისეთ გამოსავალს გვაპოვნინებს, რაზეც ვერც კი ვიფიქრებდით.
მან გაბედულად ილაპარაკა
16, 17. ა) როდის დადგა ესთერისთვის „ლაპარაკის დრო“? ბ) რით განსხვავდებოდა ესთერი მეფის ყოფილი ცოლისგან, ვაშთისგან?
16 ესთერმა გადაწყვიტა, მეტად აღარ გამოეცადა მეფის მოთმინება და მომდევნო დღეს, ნადიმზე ყველაფერი ეთქვა მეფისთვის. ნადიმზე მეფემ კიდევ ერთხელ ჰკითხა ესთერს, რისი თხოვნა სურდა (ესთ. 7:2). როგორც იქნა, დადგა „ლაპარაკის დრო“.
17 ალბათ, ესთერმა საუბრის დაწყებამდე ლოცვით მიმართა თავის ღმერთს. შემდეგ კი თქვა: „თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, მეფეო, და თუ მეფე ინებებს, მომეცეს ჩემი ხვეწნით ჩემი სული და ჩემი თხოვნით — ჩემი ხალხი“ (ესთ. 7:3). ყურადღება მიაქციეთ, რომ ესთერმა მეფე დაარწმუნა, რომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა. ესთერი სრულიად განსხვავდებოდა ახაშვეროშის ყოფილი ცოლისგან, ვაშთისგან, რომელმაც შეგნებულად დაამცირა თავისი ქმარი (ესთ. 1:10—12). უფრო მეტიც, მას არ განუსჯია მეფე იმის გამო, რომ ბრმად ენდობოდა ჰამანს. პირიქით, ესთერი მეფეს შესთხოვდა, რომ გადაერჩინა იგი.
18. როგორ გაუმჟღავნა ესთერმა მეფეს თავისი სატკივარი?
18 ესთერის სიტყვებმა მეფე აღაშფოთა. ვინ ბედავდა დედოფალზე ხელის აღმართვას? ესთერმა აუხსნა მეფეს: „რადგან გაყიდულნი ვართ მე და ჩემი ხალხი მოსასპობად, დასახოცად და გასანადგურებლად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს უბედურება მეფეს ზიანს მოუტანს, რაც ყოვლად დაუშვებელია“ (ესთ. 7:4). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ესთერმა გულახდილად თქვა ყველაფერი, თუმცა ისიც დასძინა, რომ მხევლად რომ გაყიდულიყო, ხმას არ ამოიღებდა. ახლა კი, რომ გაჩუმებულიყო, იუდეველთა გაჟლეტა მეფესაც ძვირად დაუჯდებოდა.
19. როგორ შეძლო ესთერმა მეფის დარწმუნება და რას ვსწავლობთ მისგან?
19 ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ესთერმა შეძლო მეფის დარწმუნება და ამით კარგი მაგალითი დაგვიტოვა. თუ ოდესმე თქვენც მოგიწევთ, სერიოზული პრობლემის შესახებ საყვარელ ადამიანს ან რომელიმე პასუხისმგებელ პირს შეატყობინოთ, მოთმინება, პატივისცემა გამოავლინეთ და გულწრფელად ილაპარაკეთ (იგავ. 16:21, 23).
20, 21. ა) როგორ ამხილა ესთერმა ჰამანი, და რა რეაქცია ჰქონდა მეფეს? ბ) როგორ მოიქცა ჰამანი, როცა მის ჩანაფიქრს ფარდა აეხადა?
20 განრისხებულმა ახაშვეროშმა იკითხა: „ვინ არის და სად არის ის, ვინც ასეთი რამ გაბედა?“. ესთერმა თითი ჰამანისკენ გაიშვირა: „ეს კაცი, მოწინააღმდეგე და მტერი, ბოროტი ჰამანია!“. ამის გაგონებაზე ყველა იქ მყოფი გაოგნდა. ჰამანი შიშმა აიტანა. წარმოიდგინეთ, როგორ აჭარხლდებოდა ბრაზისგან მეფე, როცა გაიგებდა, რომ მისმა სანდო მრჩეველმა მოტყუებით დაასმევინა ბეჭედი ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც მისი საყვარელი მეუღლე უნდა მომკვდარიყო! განრისხებული მეფე წამოდგა და სასახლის ბაღში გავიდა, ცოტა რომ დამშვიდებულიყო (ესთ. 7:5—7).
21 ვინაიდან ჰამანის მზაკვრულ ჩანაფიქრს ფარდა აეხადა, ის დედოფლის ფეხებთან დაემხო და შეწყალებას სთხოვდა. როდესაც მეფე უკან დაბრუნდა, ჰამანი ესთერის ტახტზე დამხობილი დახვდა. ამის დანახვაზე მეფე რისხვით აინთო და ჰამანი იმაში დაადანაშაულა, რომ მან მეფისავე სასახლეში დედოფლის გაუპატიურება სცადა. ჰამანი სიკვდილს ვეღარ გადაურჩებოდა. ის იქიდან გაიყვანეს და სახე დაუფარეს. ერთმა კარისკაცმა მეფეს აცნობა, რომ ჰამანმა უშველებელი ძელი მოუმზადა მორდოქაის. ახაშვეროშმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ ჰამანი თავისივე გაკეთებულ ძელზე ჩამოეკიდათ (ესთ. 7:8—10).
22. როგორ გვეხმარება ესთერის მაგალითი, არასდროს დავკარგოთ იმედი და რწმენა და არც არასდროს დავეჭვდეთ?
22 დღევანდელ უსამართლო ქვეყნიერებაში შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ სამართალი ვერასდროს იზეიმებს. თქვენც გიფიქრიათ როდისმე ასეთი რამ? ესთერს არასდროს დაუკარგავს იმედი და რწმენა და არც არასდროს დაეჭვებულა. როდესაც საუბრისთვის შესაფერისი დრო დადგა, მან გაბედულად ილაპარაკა სიმართლე, დანარჩენი კი იეჰოვას მიანდო. მოდი, ჩვენც მის მსგავსად მოვიქცეთ! იეჰოვა არ შეცვლილა — როგორიც იყო ესთერის დროს, ისეთია დღესაც. ღმერთს კვლავაც შესწევს იმის უნარი, რომ ბოროტი ადამიანები მზაკვრობაში ამხილოს და მათივე დაგებულ მახეში გააბას ისე, როგორც ეს ჰამანის შემთხვევაში მოხდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 7:11—16).
მან თავი არ დაზოგა იეჰოვასა და თავისი ხალხისთვის
23. ა) როგორ დააჯილდოვა მეფემ მორდოქაი და ესთერი? ბ) როგორ შესრულდა სიკვდილის სარეცელზე მყოფი იაკობის მიერ ბენიამინზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება? (იხილეთ ჩარჩო „შესრულებული წინასწარმეტყველება“).
23 საბოლოოდ მეფემ დაინახა, ვინ იყო სინამდვილეში მორდოქაი. მეფემ მხოლოდ ის კი არ გაიგო, რომ სწორედ მორდოქაიმ შეატყობინა მეფის მსახურებს შეთქმულების შესახებ, არამედ ისიც, რომ მორდოქაი ესთერის მამობილი იყო. ახაშვეროშის ბრძანებით, მორდოქაიმ ჰამანის ადგილი დაიკავა — ის მეფის შემდეგ მეორე კაცი გახდა. ჰამანის სახლი, მათ შორის მისი აურაცხელი ქონება, მეფემ ესთერს გადასცა. ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად მორდოქაი დააყენა (ესთ. 8:1, 2).
24, 25. ა) შეეძლო ესთერს შვებით ამოესუნთქა ჰამანის სიკვდილით დასჯის შემდეგ? ბ) როგორ ჩაიგდო კიდევ ერთხელ ესთერმა თავი საფრთხეში?
24 ახლა უკვე ესთერსა და მორდოქაის საფრთხე არ ემუქრებოდათ. მაგრამ მორჩა ამით ყველაფერი და შეეძლო დედოფალს შვებით ამოესუნთქა? რასაკვირველია, თუ ის მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებდა. მალე წერილობითი ბრძანების თანახმად, რომელიც ჰამანმა მეფის სახელით დააწერინა, სპარსეთის იმპერიის ყველა კუთხე-კუნჭულში მცხოვრები ყოველი იუდეველი უნდა მომკვდარიყო. თავისი ბოროტი ჩანაფიქრის განსახორციელებლად შესაფერისი დრო რომ შეერჩია, ჰამანმა წილი ანუ ფური ყარა, რასაც, როგორც ჩანს, სპირიტიზმთან ჰქონდა კავშირი (ესთ. 9:24—26). მართალია, ამ ბრძანების შესრულებამდე თვეები იყო დარჩენილი, მაგრამ დრო სწრაფად გადიოდა და ის დღე ახლოვდებოდა. შესაძლებელი იყო სასიკვდილოდ განწირული იუდეველების ხსნა?
25 ესთერმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავგანწირვის სული და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო — კიდევ ერთხელ წარდგა მეფის წინაშე მოხმობის გარეშე. ახლა ის თავის ხალხზე წუხდა და ევედრებოდა თავის ქმარს, გაეუქმებინა საშინელი ბრძანება. მაგრამ სპარსეთის მეფის ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო (დან. 6:12, 15). ასე რომ, მეფემ ესთერსა და მორდოქაის უფლება მისცა, ახალი კანონი გამოეცათ. ეს ახალი კანონი იუდეველებს უფლებას აძლევდა, თავი დაეცვათ. ცხენებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა მთელი იმპერია შემოიარეს და ეს სასიხარულო ცნობა იუდეველებს აცნობეს. იუდეველებს გულში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ (ესთ. 8:3—16). წარმოიდგინეთ, როგორ ემზადებოდნენ იუდეველები საბრძოლველად და როგორ ისხამდნენ იარაღს ამ უზარმაზარ იმპერიაში. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ იყო მათთან (1 სამ. 17:45).
26, 27. ა) რაოდენ დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა იეჰოვამ თავის ხალხს მტრებზე? ბ) რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა, როცა იუდეველებმა ჰამანის ვაჟები დახოცეს?
26 როდესაც დანიშნული დღე დადგა, ღვთის ხალხი მზად იყო თავდასაცავად. ახლა მათ მხარს უჭერდა ბევრი სპარსელი მაღალჩინოსანიც. მთელ სამეფოში გავრცელდა ხმა, რომ იმპერიაში მეორე კაცად იუდეველი მორდოქაი დაინიშნა. იეჰოვამ თავის ხალხს დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა. უეჭველია, მან იზრუნა იმაზე, რომ თავისი ხალხის მტრები საბოლოოდ დამარცხებულიყვნენ და მათთვის ზიანი ვეღარ მიეყენებინათ (ესთ. 9:1—6).a
27 გარდა ამისა, მორდოქაი უსაფრთხოდ ვერ განაგებდა ჰამანის სახლს მანამ, სანამ ამ ბოროტი კაცის ათი ვაჟი ცოცხალი იქნებოდა. იუდეველებმა ისინიც დახოცეს (ესთ. 9:7—10). ასე შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება. ღმერთს მანამდე ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ამალეკელები სრულიად განადგურდებოდნენ, ამალეკელები, რომლებიც მისი ხალხის მტრები იყვნენ (კან. 25:17—19). დიდია ალბათობა, რომ ჰამანის ვაჟები სწორედ ამ მსჯავრდადებული ხალხის დარჩენილი ნაწილი იყვნენ.
28, 29. ა) რატომ სურდა იეჰოვას, რომ ესთერსა და მის ხალხს თავის დასაცავად ებრძოლათ? ბ) რა მხრივ გვეხმარება დღეს ესთერის მაგალითი?
28 ესთერმა მძიმე ტვირთს მოჰკიდა ხელი, როცა თავის თავზე აიღო სამეფო ბრძანების გამოცემა, რომლის თანახმადაც ისრაელს თავის დასაცავად უნდა ებრძოლა და სიკვდილით დაესაჯა მტერი. ეს ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ იეჰოვას სურდა, რომ მისი ხალხი არ განადგურებულიყო. ისრაელ ერში უნდა მოსულიყო აღთქმული მესია, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის იმედის წყაროდ იქცეოდა (დაბ. 22:18). დღეს ღვთის მსახურებს უხარიათ, რადგან მას შემდეგ, რაც მესია, იესო, დედამიწაზე მოვიდა, თავის მიმდევრებს ომებში მონაწილეობა აუკრძალა (მათ. 26:52).
29 მიუხედავად ამისა, ქრისტიანები დღეს სულიერ ბრძოლაში არიან ჩაბმული. დღეს, ისე როგორც არასდროს, სატანა დიდი მონდომებით ცდილობს, იეჰოვასადმი რწმენა შეგვირყიოს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:3, 4). მართლაც დიდი კურთხევაა, რომ ესთერმა ასეთი შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა! დაე, ჩვენც მასავით ძლიერი რწმენა გვქონდეს! მასავით გონიერებას მოვუხმოთ და მოთმინება გამოვავლინოთ, როცა ვინმეს დარწმუნებაა საჭირო; და მზად ვიყოთ ღვთის ხალხის დასაცავად!
a მეფემ იუდეველებს უფლება მისცა, მეორე დღეს საბოლოოდ დაემარცხებინათ თავიანთი მტრები (ესთ. 9:12—14). ამ გამარჯვებას იუდეველები დღემდე, ყოველ გაზაფხულს, აღნიშნავენ. ეს დღესასწაული ფურიმის სახელითაა ცნობილი. ამ დღესასწაულს ეს სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ჰამანმა ფური ანუ წილი ყარა, რათა გაენადგურებინა ისრაელები.