მოთხრობა 35
ხანა ვაჟისთვის ლოცულობს
ერთ ისრაელ კაცს, ელკანას, ორი ცოლი ჰყავდა, ხანა და ფენინა, მაგრამ მას ხანა უფრო უყვარდა. ფენინა დასცინოდა ხანას, რადგან ის უშვილო იყო, თავად ფენინას კი ბევრი შვილი ჰყავდა. ყოველ წელს ელკანა თავის ოჯახთან ერთად შილოში ადიოდა ხოლმე, რათა იქ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი კარავში. ერთხელ შილოში ყოფნისას, მან შეამჩნია, რომ მისი საყვარელი მეუღლე, ხანა, ძალიან მოწყენილი იყო და ტიროდა. ელკანამ მას უთხრა: ნუ ტირი ხანა, მე შენ ძალიან მიყვარხარ.
მოგვიანებით, ხანა მარტო მივიდა კარავში, რომ ელოცა. ის იეჰოვას ევედრებოდა და თან ტიროდა. მან აღთქმა დაუდო ღმერთს: იეჰოვა, თუ მომცემ ვაჟს, შენ მოგიძღვნი და ის მთელი ცხოვრება შენი მსახური იქნება.
მღვდელმთავარმა ელიმ დაინახა, როგორ სლუკუნებდა ხანა და მთვრალი ეგონა. ხანამ მას უთხრა: ჩემო ბატონო, მთვრალი არა ვარ. დიდი დარდი მაქვს და იეჰოვას ვესაუბრები. ელი მიხვდა, რომ შეცდა და უთხრა ქალს: დაე, შეგისრულოს იეჰოვამ, რაც სთხოვე. გულდამშვიდებული ხანა კარვიდან გამობრუნდა. ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ხანას ბიჭი შეეძინა. მას სამუელი დაარქვა. წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნებოდა ის!
ხანას არ დავიწყებია იეჰოვასთვის მიცემული აღთქმა. როგორც კი სამუელი ძუძუს მოსწყვიტა, კარავში მიიყვანა მსახურებისთვის, ელის წარუდგინა და უთხრა: აი, ამ ბავშვს ვთხოვდი ღმერთს და ახლა იეჰოვას ვუძღვნი მას. ელკანა და ხანა ყოველ წელს მიდიოდნენ სამუელის სანახავად და ყოველ მისვლაზე ახალი მოსასხამი მიჰქონდათ ბავშვისთვის. იეჰოვამ ხანას კიდევ სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი აჩუქა.
„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7)