ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
ღვთის ერთგული თაყვანისმცემელი ქალი ხმამაღლა განადიდებს იეჰოვას ლოცვაში. ის ამბობს, რომ ღმერთმა მტვრიდან წამოაყენა და მისი მწუხარება სიხარულით შეცვალა.
ამ ქალს ხანა ჰქვია. როგორ შეცვალა მისი მწუხარება სიხარულმა? რატომ არის ის გახარებული? რის სწავლა შეგვიძლია ხანას შემთხვევიდან? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, ვნახოთ, რას მოგვითხრობს ბიბლია ხანას შესახებ.
დაძაბულობა ოჯახში
ხანა ელკანას ცოლია. ელკანა ლევიანია და მას სხვა ცოლიც ჰყავს. ისინი ეფრემში ცხოვრობენ (1 სამუელი 1:1, 2ა; 1 მატიანე 6:33, 34). თუმცა ღვთის თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა მრავალცოლიანობა, ღმერთმა მოსეს კანონის მეშვეობით მამაკაცებს ერთ ცოლზე მეტის ყოლის უფლება მისცა. კანონში აგრეთვე იყო მრავალცოლიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული მითითებები. ელკანა და მისი ოჯახი იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან, თუმცა, როგორც მათი შემთხვევიდან ჩანს, მრავალცოლიან ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები.
ხანა უშვილოა, ელკანას სხვა ცოლს — ფენინას კი რამდენიმე შვილი ჰყავს. ფენინა მეტოქეობას უწევს ხანას (1 სამუელი 1:2ბ).
ისრაელი ქალები მიიჩნევდნენ, რომ უშვილობა სამარცხვინო იყო და ღმერთი ასეთ ქალებს არ აფასებდა. მაგრამ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხანა ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვის გამო იყო უშვილო. ფენინა ამაყობდა, რომ შვილები ჰყავდა და, ნუგეშისცემის ნაცვლად, ამწარებდა ხანას.
იეჰოვას საწმინდარში წასვლა
მიუხედავად ოჯახში არსებული დაძაბულობისა, ელკანა ოჯახთან ერთად ყოველ წელს მიდის შილოში იეჰოვას საწმინდარშიa მსხვერპლის შესაწირად. ისინი ორივე გზაზე დაახლოებით 60 კილომეტრს გადიან და, როგორც ჩანს, ფეხით მოგზაურობენ. ხანასთვის ეს დრო განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მშვიდობის მსხვერპლის დიდი ნაწილი ფენინასა და მის შვილებს ეკუთვნით, ხანას კი მხოლოდ ერთი წილი ხვდება. ფენინა ხელიდან არ უშვებს ასეთ შემთხვევას, რომ გული ატკინოს ხანას და აგრძნობინოს, თითქოს ‘იეჰოვამ დაუხშო მას საშვილოსნო’. ეს უსიამოვნება ყოველ წელს მეორდება, ამიტომ ხანა ტირის და არაფერს ჭამს. ამ მოგზაურობას ხანასთვის სიხარულის ნაცვლად მწუხარება მოაქვს. მიუხედავად ამისა, ხანა ყოველთვის მიდის იეჰოვას საწმინდარში (1 სამუელი 1:3—7).
ხედავთ, რა კარგი მაგალითი მოგვცა ხანამ?! როგორ იქცევით გულგატეხილობის დროს? მარტოვდებით და თავს არიდებთ თანამორწმუნეებთან ურთიერთობას? ხანა ასე არ მოქცეულა. ის ყოველთვის იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის იყო. სირთულეების მიუხედავად, ჩვენც ხანას მსგავსად უნდა მოვიქცეთ (ფსალმუნი 26:12; 122:1; იგავები 18:1; ებრაელები 10:24, 25).
ელკანა ცდილობს, ანუგეშოს ხანა და ჩასწვდეს მის გულისნადებს. ის ეკითხება: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული? განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“ (1 სამუელი 1:8). შესაძლოა, ელკანამ არაფერი იცის ფენინას საქციელის შესახებ და ხანაც ამჯობინებს, არაფერი თქვას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხანა რწმენას ავლენს და იეჰოვას მიმართავს ლოცვით, რათა შინაგანი სიმშვიდე ჰქონდეს.
ხანა ფიცს დებს
მშვიდობის მსხვერპლი იეჰოვას საწმინდარში უნდა ეჭამათ. ხანა გადის სასადილო ოთახიდან და ღმერთს მიმართავს ლოცვით (1 სამუელი 1:9, 10). ის ამბობს: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას და გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“ (1 სამუელი 1:11).
ხანას ლოცვა კონკრეტულია. ის ღმერთს სთხოვს, ვაჟი ეყოლოს, და აღუთქვამს, რომ იეჰოვას მიუძღვნის და მთელი სიცოცხლე ის ნაზირი იქნება (რიცხვები 6:1—5). მისი აღთქმა ელკანამ უნდა მოიწონოს; ელკანას საქციელიდან ჩანს, რომ ის ეთანხმება თავისი საყვარელი ცოლის აღთქმას (რიცხვები 30:6—8).
ხანა ისე ლოცულობს, რომ მღვდელმთავარ ელის ის მთვრალი ჰგონია. ხანა გულში ლოცულობს და მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს. ის მხურვალედ ლოცულობს (1 სამუელი 1:12—14). წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ხანა, როცა ელი მას სიმთვრალეში ადანაშაულებს! მიუხედავად ამისა, ხანა პატივისცემით პასუხობს მღვდელმთავარს. ელი ხვდება, რომ ხანას ლოცვისას „დიდი წუხილი და სიმწარე ალაპარაკებდა“, ამიტომ ეუბნება: „ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამუელი 1:15—17). შემდეგ ხანა მიდის, შესაწირავს ჭამს და ‘სახე დამწუხრებული აღარა აქვს’ (1 სამუელი 1:18).
რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ლოცვისას შეგვიძლია იეჰოვას გავანდოთ ჩვენი საწუხარი თუ გრძნობები და მთელი გულით ვთხოვოთ დახმარება. თუ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება, იეჰოვას უნდა მივანდოთ ის. ეს საუკეთესო გამოსავალია (იგავები 3:5, 6).
უმეტესწილად, მხურვალე ლოცვის შემდეგ იეჰოვას მსახურებსაც ისეთივე სიმშვიდე ეუფლებათ, როგორიც ხანას ჰქონდა. მოციქულმა პავლემ ლოცვის შესახებ თქვა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). როცა იეჰოვას ვანდობთ ჩვენს ტვირთს, საშუალება უნდა მივცეთ, რომ ატაროს ის. შედეგად, ხანას მსგავსად, აღარ დავმწუხრდებით (ფსალმუნი 55:22).
ხანას იეჰოვასთან მიჰყავს ვაჟი
ღმერთი იხსენებს ხანას; ის ორსულდება და ვაჟს აჩენს (1 სამუელი 1:19, 20). ეს ერთ-ერთია ბიბლიაში მოთხრობილი იმ რამდენიმე შემთხვევიდან, როცა ღმერთი ზრუნავს თავისი მომავალი მსახურების დაბადებაზე. ელკანასა და ხანას ვაჟი სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველი გახდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ისრაელში სამეფო ტახტის დამკვიდრებაში.
ცხადია, ხანა ჩვილობიდან ასწავლის სამუელს იეჰოვას შესახებ. მას არ ავიწყდება იეჰოვასთვის მიცემული ფიცი. ის ამბობს: „როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, წარვუდგენ იეჰოვას და სულ იქ იცხოვრებს“. სამუელი დაახლოებით სამი-ოთხი წლისა მოსწყვიტეს ძუძუს; დაპირებისამებრ, ხანას ის იეჰოვას საწმინდარში მიჰყავს (1 სამუელი 1:21—24; 2 მატიანე 31:16).
მსხვერპლშეწირვის შემდეგ ხანასა და მის ქმარს სამუელი ელისთან მიჰყავთ. ხანას, ალბათ, თავისი პატარა ბიჭის ხელი უჭირავს, როცა ელის ეუბნება: „მაპატიე, ჩემო ბატონო, იცოცხლოს ჩემმა ბატონმა, მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და იეჰოვას წინაშე ვლოცულობდი. ამ ბავშვს ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი. ახლა იეჰოვას მივაბარე იგი და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“. ასე იწყებს სამუელი განსაკუთრებულ მსახურებას, რაც მთელი მისი სიცოცხლე გრძელდება (1 სამუელი 1:25—28; 2:11).
დრო გადის. ხანას ყოველთვის ახსოვს სამუელი. ბიბლიაში ნათქვამია: „დედა პატარა მოსასხამს უმზადებდა და ყოველ წელს აჰქონდა, როცა ქმართან ერთად ადიოდა ხოლმე ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირავად“ (1 სამუელი 2:19). უეჭველია, ხანა გამუდმებით ლოცულობს სამუელზე. ყოველ წელს სამუელის სანახავად მისული ხანა, ალბათ, არიგებს მას, რომ ერთგულად განაგრძოს ღვთის მსახურება.
ერთ-ერთი ასეთი მონახულების დროს, ელი აკურთხებს სამუელის მშობლებს და ელკანას ეუბნება: „იეჰოვამ მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა მიბარებულის ნაცვლად, რომელიც იეჰოვას მიაბარე“. მისი სიტყვები სრულდება და ხანასა და ელკანას სამი ვაჟი და ორი ასული უჩნდებათ (1 სამუელი 2:20, 21).
ელკანამ და ხანამ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს ქრისტიან მშობლებს! მრავალმა მშობელმა ნებაყოფლობით „მიაბარა“ იეჰოვას თავისი შვილი. ისინი ურჩევდნენ შვილებს, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე ემსახურათ სრული დროით. ასეთი მშობლები ქების ღირსნი არიან, რადგან მსხვერპლი გაიღეს. იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს მათ.
ხანა სიხარულით ლოცულობს
რა ბედნიერია ახლა ხანა, რომელიც ერთ დროს უშვილო იყო! ბიბლიაში ქალის ლოცვის სულ რამდენიმე შემთხვევაა ჩაწერილი. ამ ლოცვებიდან ორი ხანას ეკუთვნის. პირველ ლოცვაში ის გულისტკივილსა და მწუხარებას გამოხატავს, მეორეში კი სიხარულით სწირავს ღმერთს მადლობას. ხანა ლოცვას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „იეჰოვას შეწევნით ხარობს ჩემი გული“. მას უხარია, რომ ‘უშვილომ გააჩინა’ და აქებს იეჰოვას, რადგან ის „ამაღლებს, საწყალს მტვრიდან წამოაყენებს, ღარიბს — სანაგვიდან“ (1 სამუელი 2:1—10).
ხანას შემთხვევა ცხადყოფს, რომ სხვების არასრულყოფილებამ და ბოროტებამ შეიძლება გული გვატკინოს. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა განსაცდელებმა იეჰოვას მსახურებაში სიხარული დაგვაკარგვინოს. იეჰოვა ლოცვების მომსმენია და თავისი ერთგული ხალხის ღაღადი გულთან ახლოს მიაქვს; ის იხსნის მათ გასაჭირიდან და უხვად აძლევს მშვიდობასა თუ სხვა კურთხევებს (ფსალმუნი 22:23—26; 34:6—8; 65:2).
[სქოლიო]
a ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამ ადგილს ბიბლია იეჰოვას „ტაძარს“ უწოდებს. მაგრამ ისრაელის ისტორიის ამ პერიოდში შეთანხმების კიდობანი კარავში იდგა. იეჰოვას პირველი ტაძარი სოლომონის მეფობის დროს აშენდა (1 სამუელი 1:9; 2 სამუელი 7:2, 6; 1 მეფეები 7:51; 8:3, 4).
[სურათი 17 გვერდზე]
ხანამ იეჰოვას მიაბარა სამუელი.