ჩარჩო 1ა
რა იგულისხმება თაყვანისცემაში
ზოგი ლექსიკონი „თაყვანისცემას“ შემდეგნაირად განმარტავს: „ღვთისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულება“. ბიბლიაში „თაყვანისცემად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვები ღრმა პატივისცემისა და მორჩილების აზრს ატარებს და ისინი ქმნილებებთან მიმართებითაც გამოიყენება (მათ. 28:9). ამ სიტყვებს ვხვდებით ღვთის ან რომელიმე ღვთაების თაყვანისცემის კონტექსტშიც (იოან. 4:23, 24). ამ სიტყვების მნიშვნელობას ცალკეულ შემთხვევებში კონტექსტი გვახვედრებს.
მხოლოდ იეჰოვა, სამყაროს შემოქმედი და უზენაესი მმართველი, იმსახურებს უპირობო ერთგულებას (გამოცხ. 4:10, 11). შეიძლება ითქვას, რომ თაყვანს ვცემთ იეჰოვას, თუ ვაღიარებთ მის უზენაესობას და პატივს მივაგებთ მის სახელს (ფსალმ. 86:9; მათ. 6:9, 10). სწორედ ეს ორი თემაა წამოწეული წიგნ „ეზეკიელში“. ბიბლიის მხოლოდ ამ წიგნში ფრაზას „უზენაესი უფალი იეჰოვა“ 217-ჯერ ვხვდებით, ხოლო ფრაზას „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“, სხვადასხვა ფორმულირებით — 55-ჯერ (ეზეკ. 2:4; 6:7).
თაყვანისცემაში მხოლოდ გრძნობები კი არა, საქმეებიც მოიაზრება (იაკ. 2:26). როდესაც იეჰოვას ვუძღვნით სიცოცხლეს, ამგვარად ვპირდებით, რომ ყველაფერში დავემორჩილებით მას, როგორც ჩვენს უზენაესს მმართველს, და მოწიწებას გამოვიჩენთ მისი სახელისადმი. როგორც გვახსოვს, სატანის მესამე საცდურზე იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ თაყვანისცემა უშუალო კავშირშია ღვთის მსახურებასთან (მათ. 4:10). ვინაიდან იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ, სიამოვნებას გვანიჭებს მისდამი მსახურებაa (კან. 10:12). ღმერთს ვემსახურებით, როდესაც ჩაბმულნი ვართ იმ საქმეებში, რომლებიც მის თაყვანისცემას უკავშირდება და ჩვენგან თავგანწირვას მოითხოვს. რა შედის ამ საქმეებში?
წმინდა მსახურება თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეს მოიცავს, რომელთაგან თითოეული ძალიან ძვირფასია იეჰოვასთვის. ჩვენ წმინდა მსახურებაში ვართ ჩაბმულნი, როცა ვქადაგებთ, ვესწრებით კრების შეხვედრებს და, როცა ვაშენებთ და ვუვლით თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ შენობებს. წმინდა მსახურებაა ისიც, როცა ოჯახურ თაყვანისცემას ვესწრებით, მხარს ვუჭერთ სტიქიით დაზარალებული თანამორწმუნეების დახმარების საქმეს, ვმსახურობთ ბეთელში ან მოხალისეებად კონგრესის დროს (ებრ. 13:16; იაკ. 1:27). თუკი ჩვენს გულსა და გონებაში წმინდა თაყვანისმცემლობას უმთავრესი ადგილი უკავია, შეიძლება ითქვას, რომ დღედაღამ ვემსახურებით იეჰოვას, რაც უდიდეს სიხარულს გვგვრის (გამოცხ. 7:15).
a „თაყვანისცემის“ აღმნიშვნელი ერთ-ერთი ებრაული სიტყვა „მსახურების“ აზრსაც ატარებს.