ᲐᲦᲖᲠᲓᲐ, ᲓᲐᲠᲘᲒᲔᲑᲐ
ებრაული არსებითი სახელი მუსარ და ზმნა ჲასარ ატარებს დარიგების, აღზრდის, შეგონების, გამოსწორების, ჭკუის სწავლების და დასჯის აზრს. ბერძნულ სეპტუაგინტასა და ქრისტიანულ-ბერძნული წერილებში დასჯისა და აღზრდის მნიშვნელობით გამოყენებულია არსებითი სახელი პედეა და ზმნა პედევო. პედეა ნაწარმოებია სიტყვიდან პეს, რომელიც ბავშვს ნიშნავს, და, ძირითიდად, მიუთითებს ისეთ აღმზრდელობით ზომებზე, როგორებიცაა დასჯა, დარიგება, სწავლება და გამოსწორება.
ვისგან მომდინარეობს და რა მიზნით. იეჰოვა თავის ხალხს არიგებს, რადგან უყვარს (იგ. 3:11, 12). ის მათ მითითებებს აძლევს აზროვნებისა თუ ქცევის ჩამოსაყალიბებლად ან გამოსასწორებლად. ამ მიზნით იეჰოვა მოსეს დროს ისრაელებს შესაძლებლობას აძლევდა, მისი დიდების მოწმენი გამხდარიყვნენ, მაგალითად, როცა განაჩენი აღასრულა ეგვიპტელთა ყველა ღვთაებაზე, გაათავისუფლა თავისი ხალხი და წითელ ზღვაში გაანადგურა ეგვიპტელთა ჯარი. გარდა ამისა, ის სჯიდა ურჩ ისრაელებს, რაც სხვებისთვისაც შიშის მომგვრელი იქნებოდა. იეჰოვა სასწაულებრივად აძლევდა თავის ხალხს საკვებსა და წყალს, რათა დაენახვებინა მათთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ყურად ეღოთ მისი ყოველი სიტყვა. ასეთი ზომების მეშვეობით იეჰოვა მათ თავმდაბლობას ასწავლიდა და ანახვებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისადმი სათანადო შიში ჰქონოდათ და ეს რწმენითა და მორჩილებით დაემტკიცებინათ (კნ. 8:3—5; 11:2—7).
ხშირად იეჰოვა თავისი ხალხის დასარიგებლად ან დასასჯელად თავის წარმომადგენლებს იყენებს. მაგალითად, თუ ებრაელი მამაკაცი თავის ცოლს უსაფუძვლოდ დაადანაშაულებდა, რომ ქორწილამდე ქალწული არ იყო, მას მოსამართლეებად დანიშნული უხუცესები დასჯიდნენ (კნ. 22:13—19). მშობლები, რომლებიც შვილებს სათანადოდ არიგებენ და სჯიან, იეჰოვას დავალებას ასრულებენ. შვილებმა ყურად უნდა იღონ მათი დარიგება, რადგან მშობლებს უყვართ ისინი და მათთვის კარგი სურთ (იგ. 1:8; 4:1, 13; 6:20—23; 13:1, 24; 15:5; 22:15; 23:13, 14; ეფ. 6:4). ქრისტიანულ კრებაში უხუცესები ღვთის სიტყვას იყენებენ სასწავლებლად, შესაგონებლად და გამოსასწორებლად (2ტმ. 3:16). იეჰოვა შემცოდველს იმ მიზნით სჯის, რომ გამოსწორებაში დაეხმაროს და თავიდან აარიდოს ქვეყნიერებისთვის გამოტანილი განაჩენი (1კრ. 11:32). იესო ქრისტე, კრების თავი, საჭიროების შემთხვევაში შეგონებასა და დასჯას მიმართავს, რადგან უყვარს თავისი მიმდევრები (გმც. 3:14, 19).
კრებიდან გარიცხვა ყველაზე მკაცრი აღმზრდელობითი ზომაა. მოციქულმა პავლემ სწორედ ამ ზომას მიმართა, როცა ჰიმენეოსი და ალექსანდრე სატანას გადასცა (1ტმ. 1:20). კრებიდან გარიცხვის შემდეგ ისინი კვლავ სატანის ქვეყნიერების ნაწილი გახდნენ (1კრ. 5:5, 11—13).
დევნები, რომელსაც იეჰოვა უშვებს, მისი მსახურების გამოწრთობას, აღზრდას და დახვეწას ემსახურება, ხოლო განსაცდელის შემდგომ ისინი „მშვიდობასა და სიმართლეს“ იმკიან (ებ. 12:4—11). ღვთის ძეც იმ განსაცდელების შედეგად გახდა თანამგრძნობი მღვდელმთავარი, რომლებიც იეჰოვამ მის შემთხვევაში დაუშვა (ებ. 4:15).
მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შედეგები. ბოროტები და უგუნურები (ზნეობრივად დაცემულნი) ყურს არ უგდებენ იეჰოვას დარიგებას, რადგან სძულთ ის (ფს. 50:16, 17; იგ. 1:7). ასეთი უგუნური საქციელის გამო ისინი მწარე შედეგებს იმკიან — ისჯებიან და ხშირად საკმაოდ მკაცრადაც. იგავების 16:22-ში ვკითხულობთ: „უგუნურები თავიანთივე უგუნურებით ისჯებიან“. მათი უგუნური საქციელის შედეგი შეიძლება იყოს სიღარიბე, სახელის გატეხვა, ავადმყოფობა და ნაადრევი სიკვდილიც კი. ისრაელების ისტორიიდან ნათლად ჩანს, რა მწარე შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუმორჩილებლობას. ისინი ყურს არ უგდებდნენ წინასწარმეტყველთა შეგონებასა და რჩევა-დარიგებას და არც მაშინ სწავლობდნენ ჭკუას, როცა იეჰოვა მფარველობის გარეშე ტოვებდა და აღარ აკურთხებდა. ამიტომ საბოლოოდ მათ თავს დაიტეხეს სასჯელი, რომლის შესახებაც იეჰოვამ არაერთხელ გააფრთხილა — ისინი დაიპყრეს და გადაასახლეს (იერ. 2:30; 5:3; 7:28; 17:23; 32:33; ოს. 7:12—16; 10:10; სფ. 3:2).
მაგრამ ისინი, ვინც იღებენ დარიგებას და იეჰოვასადმი ჯანსაღ შიშს ავლენენ, ბრძენდებიან ანუ მიღებული ცოდნის თანახმად ცხოვრობენ, რისი წყალობითაც თავიდან ირიდებენ დიდ ტკივილსა და ტანჯვას და შეიძლება სიცოცხლეც კი გაუხანგრძლივდეთ. მეტიც, ასეთებს იეჰოვა მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაფასებდეთ დარიგებას (იგ. 8:10, 33—35; 10:17).