მკითხაობა
ზეადამიანური ძალების დახმარებით საიდუმლო ცოდნის (განსაკუთრებით მომავალი მოვლენების შესახებ) სხვადასხვა საშუალებით მიღება (იხ. სპირიტიზმი). მკითხაობის სხვადასხვა სახეობა განხილულია სტატიებში: ასტროლოგები; შემლოცველი; მარჩიელი; ჯადოქრობა.
მკითხავებს სჯერათ, რომ ზეადამიანური ძალები (ღმერთები) მომავალს უმჟღავნებენ მათ, ვისაც გარკვეული ნიშნების წაკითხვა და ახსნა შეუძლია. როგორც ისინი ამბობენ, ღმერთები ამ ნიშნებს სხვადასხვანაირად იძლევიან, მაგალითად, ციური მოვლენების (ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგება და მოძრაობა, მზისა და მთვარის დაბნელება, მეტეორები), ბუნების ძალების (ქარი, ქარიშხალი, ცეცხლი), ცოცხალი არსებების ქცევის (ძაღლის ყმუილი, ფრინველების ფრენა, გველების მოძრაობა), ფინჯანში ჩაის ფოთლების ფორმის, წყალზე ზეთის წვეთების ფორმის, დაშვებისას ისრის მიმართულების, შეწირული ცხოველების ორგანოების (ღვიძლი, ფილტვები, ნაწლავები) გარეგნული ნიშნების, ხელისგულის ხაზების, წილისყრისა და მიცვალებულთა „სულების“ მეშვეობით.
მკითხაობის ზოგ სახეობას კონკრეტული სახელები შეარქვეს. მაგალითად, ქირომანტია (მომავლის წინასწარმეტყველება ხელისგულზე არსებული ხაზების მეშვეობით), ჰეპატოსკოპია (ღვიძლის დათვალიერება), ბელომანტია (წინასწარმეტყველება ისრის მეშვეობით), რავდომანტია (წინასწარმეტყველება კვერთხზე), ონეირომანტია (სიზმრების ახსნა), ნეკრომანტია (ვითომდა მკვდართა გამოკითხვა) და კრისტალომანტია (მკითხაობა სარკის მიხედვით).
დასაბამი. მკითხაობას დასაბამი ქალდეველთა ქვეყანაში, ბაბილონში მიეცა. იქიდან ხალხის გაფანტვის შემდეგ ოკულტიზმი მთელ დედამიწაზე გავრცელდა (დბ. 11:8, 9). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ასურბანიფალის ბიბლიოთეკის მეოთხედი შედგება ნიშნების ამხსნელი ფილებისგან. მათი დახმარებით ცდილობდნენ ყველა უცნაური მოვლენის ახსნას, რომლებიც შეიძლებოდა ცაზე ან დედამიწაზე მომხდარიყო, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევითობების ახსნას. მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმზე თავდასხმის გადაწყვეტილება მხოლოდ მკითხაობის შემდეგ მიიღო. მის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისრებს არხევს, თერაფიმის მეშვეობით ეძებს პასუხს, ღვიძლს უყურებს. მკითხაობისას მისმა მარჯვენამ იერუსალიმში წასვლა აჩვენა“ (ეზკ. 21:21, 22).
ნიშნების დასანახად ღვიძლის დათვალიერება მომდინარეობდა შეხედულებიდან, რომ ამ ორგანოში თავმოყრილი იყო სიცოცხლისუნარიანობა, ემოციები და თბილი გრძნობები. ადამიანის სისხლის მეექვსედს ღვიძლი შეიცავს. ცვლილებები მის წილებში, სადინრებში, წანაზარდებზე, ვენებსა და კიდეებზე, აგრეთვე გარეგნული ცვლილებები ღმერთებისგან რაღაცის მომასწავებლად მიიჩნეოდა (იხ. ასტროლოგები). არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ დიდი რაოდენობით ღვიძლის თიხის ნიმუშებზე (უძველესი აღმოაჩინეს ბაბილონში) ლურსმული დამწერლობით შესრულებული იყო ნიშნები და ტექსტები, რომლებსაც მკითხავები იყენებდნენ (იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 324). ძველი ასურეთის ქურუმებს ბარუ ეწოდებოდათ, რაც ნიშნავს შემმოწმებელს ან დამნახავს, რადგან მომავლის წინასწარმეტყველებაზე კონცენტრირებულ მათ რელიგიაში სწორედ ღვიძლის დათვალიერება ასრულებდა მნიშვნელოვან როლს.
ბიბლია გმობს მკითხაობას. მკითხაობის ყველანაირი ფორმა, რა სახელითაც უნდა იყოს ცნობილი, აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიას. იეჰოვამ მოსეს პირით არაერთხელ მკაცრად გააფრთხილა ისრაელი, რომ სხვა ხალხებისგან არ ესწავლათ მკითხაობა: „არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კნ. 18:9—12; ლვ. 19:26, 31). წინასწარმეტყველური ნიშნები რომც შესრულებულიყო, მკითხავები სასჯელს ვერ აიცილებდნენ (კნ. 13:1—5; იერ. 23:32; ზქ. 10:2). ბიბლია რომ არ იწყალებს მკითხავებს, ჩანს მასში ჩაწერილი კანონიდან, რომლის თანახმადაც მკითხავები არ უნდა ეცოცხლებინათ (გმ. 22:18; ლვ. 20:27).
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, განდგომილები ყურს არ უგდებდნენ იეჰოვას. ასე არა მხოლოდ უბრალო ადამიანები იქცეოდნენ, როგორიც ენ-დორელი ქალი იყო, არამედ ძლევამოსილი მეფეები, მაგალითად საული და მენაშე, აგრეთვე დედოფალი იზებელი (1სმ. 28:7, 8; 2მფ. 9:22; 21:1—6; 2მტ. 33:1—6). მართალია, კარგმა მეფე იოშიამ თავისი მეფობის დროს ქვეყნიდან განდევნა მკითხავები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იუდას გადასარჩენად, რათა თავისი დის, ისრაელის სამეფოს მსგავსად არ განადგურებულიყო (2მფ. 17:12—18; 23:24—27). მაგრამ იეჰოვა, თავისი სიკეთიდან გამომდინარე, წინასწარმეტყველების მეშვეობით აფრთხილებდა მათ ამ საძაგელი საქმიანობის შედეგებზე, ისევე როგორც მისი წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ მკითხაობის დედას, ბაბილონს (ეს. 3:1—3; 8:19, 20; 44:24, 25; 47:9—15; იერ. 14:14; 27:9; 29:8; ეზკ. 13:6—9, 23; მქ. 3:6—12; ზქ. 10:2).
მკითხაობა იესოს მოციქულების დროსაც ძალიან გავრცელებული იყო. კუნძულ კვიპროსზე ჯადოქარი ბარიესო პავლე მოციქულმა დააბრმავა, რადგან მისთვის ქადაგებაში ხელის შეშლას ცდილობდა. მაკედონიაში პავლემ დემონი განდევნა აბეზარი გოგონასაგან, რითაც თავზარი დასცა მის ბატონებს, რადგან მკითხაობით გოგონა დიდ მოგებას აძლევდა მათ (სქ. 13:6—11; 16:16—19). მაგრამ სხვებმა, სამარიელი სიმონის მსგავსად, ნებაყოფლობით მიატოვეს ჯადოქრობა და იმდენმა ეფესოელმა დაწვა თავისი სამკითხაო წიგნები, რომ წიგნების ფასი საერთო ჯამში ორმოცდაათი ათასი ვერცხლი (თუ დინარი იყო, $37 200) გამოვიდა (სქ. 8:9—13; 19:19).
ადამიანს მაშინ შეუძლია დაიკმაყოფილოს მომავლის გაგების ბუნებრივი მოთხოვნილება, როცა თაყვანს სცემს და ემსახურება თავის დიდებულ შემოქმედს, რადგან ღმერთი თავისი არჩეული გზით წინასწარ სიყვარულით აცხადებს იმას, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს (ამ. 3:7). მაგრამ, როცა ადამიანები ზურგს აქცევენ იეჰოვას და შორდებიან მას, ვინც დასაწყისიდანვე იცის დასასრული, ისინი ადვილად ექცევიან დემონების გავლენაში. ეს კარგად გამოჩნდა საულის მაგალითიდან, რომელიც მომავლის გასაგებად თავიდან იეჰოვას ეკითხებოდა, შემდეგ კი, როცა ორგულობის გამო ღმერთმა შეწყვიტა მასთან ურთიერთობა, რჩევისთვის დემონებს მიმართა (1სმ. 28:6, 7; 1მტ. 10:13, 14).
ღვთისგან გამჟღავნებულ ჭეშმარიტებასა და მკითხავებისგან მიღებულ ინფორმაციას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ვინც მკითხაობს, უხილავი დემონები ხშირად ძლიერ კრუნჩხვებში აგდებენ, ზოგჯერ კი ისინი მისტიკური მუსიკითა და ნარკოტიკული საშუალებებით სიგიჟემდე მიდიან. ასეთ ფიზიკურ თუ გონებრივ ზიანს არ იღებენ იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურები, როცა წმინდა სულით აღძრულები ლაპარაკობენ (სქ. 6:15; 2პტ. 1:21). ღვთის წინასწარმეტყველები თავს ვალდებულად თვლიდნენ, უსასყიდლოდ გაეცხადებინათ ღვთის სიტყვები, წარმართი მკითხავები კი პირადი გამორჩენისთვის მკითხაობდნენ.
ბიბლიაში მკითხაობის ყველა ფორმა უარყოფითად არის მოხსენიებული. ხშირად, იმავე მუხლებში, რომლებშიც მკითხაობა იგმობა, საუბარია მრუშობასა და სიძვაზე (2მფ. 9:22; ნამ. 3:4; მლ. 3:5; გლ. 5:19, 20; გმც. 9:21; 21:8; 22:15). ღვთის თვალში მკითხაობა ურჩობის ტოლფასია (1სმ. 15:23). აქედან გამომდინარე, არ არსებობს ბიბლიური საფუძველი, რომ თავის მსახურებთან იეჰოვას ურთიერთობას მკითხაობის „კარგი ფორმა“ ვუწოდოთ.
იეჰოვა შლის მკითხავების გეგმებს. იეჰოვას უსაზღვრო ძალა და გრძნეულ ქურუმთა შეზღუდული შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა ფარაონის წინაშე მოსესა და აარონის წარდგომისას. როცა აარონის ჯოხი გველად გადაიქცა, ეგვიპტელმა გრძნეულებმაც მსგავსი სასწაული მოახდინეს. მაგრამ ისინი ძალიან შერცხვნენ, როცა აარონის ჯოხმა გადაყლაპა მათი ჯოხები. ეგვიპტელმა ქურუმებმა წყალი სისხლად აქციეს და ბაყაყები წყლიდან ამოიყვანეს. მაგრამ, როცა იეჰოვამ მტვერი ქინქლად აქცია, გრძნეული ქურუმები თავიანთი ჯადოქრობით ვერაფერს გახდნენ და აღიარეს, რომ ამაში ღვთის ხელი ერია (გმ. 7:8—12, 19—22; 8:5—11, 16—19; 9:11).
„ფურს ანუ წილს ყრიდნენ [როგორც ჩანს, ამას ერთ-ერთი ასტროლოგი აკეთებდა] ჰამანის წინაშე დღეებსა და თვეებზე“, რომ იეჰოვას ხალხის გასანადგურებლად საუკეთესო დრო განესაზღვრათ (ესთ. 3:7—9). ამ მუხლის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „როცა ჰამანმა ამ მეთოდს თავისი განზრახვის განხორციელებისთვის ხელსაყრელი დროის დასადგენად მიმართა, ის სპარსეთის მეფეებისა და წარჩინებულების მსგავსად მოიქცა, რომლებიც ასტროლოგებისგან რჩევის მიღებისა და იღბლიანი საათის გაგების გარეშე არასდროს შეუდგებოდნენ თავიანთი გეგმების განხორციელებას“ (Commentary on the Whole Bible, ჯეიმისონი, ფოსეტი და ბრაუნი). მკითხაობის შემდეგ ჰამანი მყისვე შეუდგა თავისი ბოროტი ზრახვის შესრულებას. მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა იეჰოვას მხსნელი ძალა და ჰამანი, რომელიც მკითხავებს ენდობოდა, მორდოქაისთვის გამზადებულ ძელზე ჩამოკიდეს (ესთ. 9:24, 25).
დემონურ ძალებთან შედარებით იეჰოვას აღმატებული ძალა მაშინაც გამოჩნდა, როცა მოაბელებმა ისრაელის დასაწყევლად „მკითხაობის გასამრჯელო“ მიუტანეს შუამდინარელ მკითხავ ბალაამს (რც. 22:7). მართალია, მას უბედურების მომასწავებელი ნიშნის გაგება უნდოდა, მაგრამ იეჰოვამ მხოლოდ კურთხევები წარმოათქმევინა ისრაელზე. იეჰოვამ აღძრა ბალაამი, წარმოეთქვა იგავი, რომელშიც მან აღიარა: „არც ჯადო არსებობს იაკობის წინააღმდეგ და არც მკითხაობა ისრაელის წინააღმდეგ“ (რც. თ-ები 23, 24).
„პითონის სული“. მაკედონიის ქალაქ ფილიპეში პავლე შეხვდა სულით, დემონით შეპყრობილ მოახლე გოგონას, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა მას. ბერძნულ ტექსტში აქ „პითონის სული“ (პნევმა პითონა) წერია (სქ. 16:16, შდრ. სსგ, კს, აფ). პითონი ერქვა მითურ გველს, რომელიც დელფოში (საბერძნეთი) ტაძარსა და ორაკულს დარაჯობდა. დროთა განმავლობაში პითონი ეწოდა მომავლის წინასწარმეტყველს და იმ სულს, რომელიც მას ალაპარაკებდა. მართალია, მოგვიანებით ამ სიტყვას მუცლით მეტყველის აღსანიშნავად იყენებდნენ, მაგრამ „საქმეებში“ ის ეწოდება დემონს, რომელიც მოახლე გოგონას მკითხაობის ძალას აძლევდა.