ᲨᲘᲨᲘ
მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული ცუდი, შემაწუხებელი გრძნობა; ახასიათებს შფოთვა, მოუსვენრობა და მღელვარება; პოტენციური საფრთხის განჭვრეტა და შესაბამისი ზომების მიღება.
შიშად ითარგმნება ებრაული არსებითი სახელი ფახად (ზმნა ფახად), რაც უმთავრესად აღნიშნავს იმას, რაც კანკალს იწვევს (შდრ. მქ. 7:17). თავზარად ნათარგმნი სიტყვა კუც (გმ. 1:12; რც. 22:3; ეს. 7:16) ხშირად ზიზღის მნიშვნელობით იხმარება (იხ. ᲡᲘᲡᲐᲫᲐᲒᲚᲔ, ᲡᲐᲖᲘᲖᲦᲠᲝᲑᲐ). „ღამეული შიში“ მიუთითებს იმაზე, რაც ღამით აშინებს ან თავზარს სცემს ადამიანს, მაგალითად, მძარცველების ან მტაცებელი ცხოველების თავდასხმა (ქბ. 3:8, სსგ).
იაკობმა ყოვლისშემძლეს უწოდა „ღმერთი, ვისიც ისაკს ეშინია“. ისაკი ღვთისმოშიში იყო და ცდილობდა, ღმერთი არ გაენაწყენებინა. იაკობიც მამამისივით ღვთისმოშიში იყო. მან თავადაც „დაიფიცა ის, ვისიც მამამისს, ისაკს ეშინია“ (დბ. 31:42, 53).
ვისაც ღვთის მსახურება სურს, იეჰოვას მიმართ ჯანსაღი შიში უნდა ჰქონდეს — უნდა მოერიდოს ყველაფერს, რაც ღვთისთვის მიუღებელია. სწორედ ასეთმა შიშმა აქცია იობი უმწიკვლო და მართალ კაცად (იობ. 1:1; 23:15; 31:23). ფსალმუნმომღერალს მთავრები დევნიდნენ, მაგრამ ღვთის შიშის წყალობით ღვთისმოსაწონი გზიდან არ გადაუხვევია (ფს. 119:120, 161). იეჰოშაფატი მოსამართლეებს ღვთისმოშიშობისკენ მოუწოდებდა, რათა მიუკერძოებლად მიეღოთ გადაწყვეტილებები (2მტ. 19:5—7).
იეჰოვა იცავს და ეხმარება თავის ხალხს. აქედან გამომდინარე, ღვთის მსახურს არ მართებს კაცთმოშიშობა, რადგან ასეთ შიშს შეუძლია სწორი პოზიცია დაათმობინოს მას (ფს. 27:1; 78:53; 91:2—5; ეს. 12:2). ღვთის მსახური ამ ქვეყნიერებაში ტანჯვას ვერ გაექცევა. ის შეიძლება არასახარბიელო და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მისი შემხედვარე მცირე რწმენის ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთი აღარ ზრუნავს თავის მსახურზე და მისი ხვედრის გაზიარების შიშით შეიძლება ის გაჭირვების დროს მიატოვოს (ფს. 31:11). მაგრამ იეჰოვა არ ტოვებს თავის მსახურებს (ფს. 27:10; 94:14).
ღვთის შიშის უქონლობის გამოა, რომ ბოროტი ბოროტებას არ ეშვება (ფს. 36:1—4). მაგრამ ღვთაებრივი სიბრძნის უარმყოფელი ვერ გაექცევა შიშს, როცა თავს უბედურება დაატყდება (იგ. 1:26, 27).
როდესაც იეჰოვამ ორგული ისრაელები თავისი მფარველობის გარეშე დატოვა, ისინი დღედაღამ გაურკვეველი მომავლის შიშით იყვნენ შეპყრობილი. ისრაელები თავს ვერ დააღწევდნენ უბედურებას (კნ. 28:66, 67; ეს. 24:17—20; 33:14; იერ. 30:5; გდ. 3:47). ასეთი ძრწოლა და შიში არ დაეუფლებათ მათ, ვინც ყოველთვის ღვთაებრივი სიბრძნით ხელმძღვანელობს და შემოქმედის მიმართ მოწიწებას გრძნობს (იგ. 1:33; 3:24, 25; 28:14).
ისრაელი ერის მიმართ გამოვლენილი იეჰოვას შეუდარებელი ძალის, მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის გამო მრავალ ხალხს შიში იპყრობდა (2მტ. 17:10; ფს. 53:5; 105:38; ეს. 19:16, 17; იერ. 33:9). მაგალითად, ღვთის დახმარებით ისრაელები ბრწყინვალედ იმარჯვებდნენ თავიანთ მტრებზე და შიშის ზარს სცემდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს (კნ. 11:25; 1მტ. 14:17; 2მტ. 14:12—14; 20:29). მორდოქაისა და ესთერის დროს, როცა მოვლენები ებრაელების სასარგებლოდ წარიმართა, იუდეველთა მტრები შიშმა მოიცვა (ესთ. 8:17; 9:2, 3). ამასთანავე, ღვთისგან გაძლიერებულ და გამხნევებულ კაცს შეუძლია სხვაშიც აღძრას ღვთისადმი ჯანსაღი შიში და მორჩილების სურვილი. ასე მაგალითად, როცა საულმა ისრაელებს იაბეშ-გალაადის დაცვისკენ მოუწოდა, „ხალხი იეჰოვას შიშმა მოიცვა და როგორც ერთი კაცი, ისე გამოვიდნენ“ (1სმ. 11:7).
იეჰოვამ იწინასწარმეტყველა კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა. ამ თავზარდამცემ ამბავს ისრაელები არ უნდა შეეშინებინა, რადგან ბაბილონის დაცემა ებრაელ ტყვეებს შიშისგან გათავისუფლებას უქადდა. თუმცა კერპების გამკეთებლებს შიში და ძრწოლა აიტანდა, როცა მიხვდებოდნენ, რომ ადამიანის ხელით შექმნილ ღმერთებს ბაბილონის ხსნა არ ძალუძდათ (ეს. 44:8—11, 24—28; 51:12, 13).
ებრაული სიტყვები იარე (ლვ. 19:30; 26:2) და არაც (ფს. 89:7; ეს. 29:23; 47:12) შესაძლოა შიშის ან მოკრძალებისა და მოწიწების აზრს ატარებდეს. ზმნაში არაც ხშირად შიშისგან ცახცახი, კანკალი და თრთოლვა იგულისხმება (ეს. 8:12; ფს. 10:18).
ისრაელები მოკრძალებულმა შიშმა მოიცვა, როცა იეჰოვას თანდასწრების ხილული ფაქტის მომსწრენი გახდნენ. სინაის მთასთან შეკრებილმა ისრაელებმა დაინახეს ჩამოწოლილი შავი ღრუბელი, რასაც თან ახლდა ელვა, ქუხილი და საყვირის ხმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მთელი მთა ზანზარებდა და კვამლი ასდიოდა. ღვთის ძალის დანახვამ ისრაელები შეაშინა, მოსეც კი კანკალებდა. იეჰოვამ თავისი ძალის დემონსტრირება იმ მიზნით მოახდინა, რომ ისრაელებში ჯანსაღი შიში ჩაენერგა, რათა არ შეეცოდათ (გმ. 19:9, 16—19; 20:18, 20; ებ. 12:21).
იეჰოვას დიდების ხილვა ყოველთვის მოკრძალებულ შიშს იწვევდა. ზეციერი ეტლის თავზე არსებული ერთგვარი სივრცე, რომლის ზემოთაც წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა იეჰოვას დიდება იხილა, მოწიწების მომგვრელი ყინულივით ელვარებდა. ცოცხალი არსებების, იგივე ქურუბიმების, თავზევით არსებული ეს გამჭვირვალე სივრცე თავისი ზომებითა და შესახედაობით მოწიწების მომგვრელი იყო. ამ გამჭვირვალე სივრცის ზემოთ მოჩანდა საფირონისებრი ტახტისმაგვარი რაღაც. ტახტზე მჯდომისგან ოქროსა და ვერცხლის შენადნობივით მოელვარე, ცეცხლისმაგვარი სინათლე იფრქვეოდა და თავად ტახტზე მჯდომიც მსგავსი ბრწყინვალებით იყო გარემოცული. იეჰოვას დიდების დანახვაზე ეზეკიელი მოწიწებით პირქვე დაემხო (ეზკ. 1:15—22, 25— 28).
ჩვენ მხოლოდ იეჰოვას მიმართ უნდა გვქონდეს მსგავსი მოკრძალებული შიში, რომელიც მისადმი თაყვანისცემისკენ აღგვძრავს (ფს. 89:7; ეს. 29:23). ბიბლია ქრისტიანებს მოგვიწოდებს, რომ „ღმერთს მისთვის მოსაწონად ვემსახუროთ შიშითა და კრძალვით [ნაწარმოებია ბერძ. დეოს-იდან]“ (ებ. 12:28). ღვთის მსახურები ნამდვილად ავლენენ ღვთისადმი მოკრძალებულ შიშს, როდესაც ყველანაირად ცდილობენ, ასიამოვნონ მას; მათ ისიც ესმით, რომ ღმერთი ყველას პასუხს მოსთხოვს და მიუკერძოებლად განიკითხავს (1პტ. 1:17; გმც. 14:7).
ცალკეული ადამიანები ან ერებიც კი შეიძლება იწვევდნენ ზოგჯერ მოკრძალებას. მაგალითად, შულამელმა გოგონამ იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სოლომონზე, რომ მეფემ ის დროშასთან შეკრებილ კრძალვის მომგვრელ ჯარს შეადარა, რომელიც საბრძოლოდ იყო გამზადებული. ქებათა-ქების 6:4, 10-ში (აქ, 2006) გამოყენებულია ებრაული სიტყვა აიომ, რაშიც მოწიწება და კრძალვა იგულისხმება. შიშის მომგვრელები და შემაძრწუნებლები იყვნენ საბრძოლველად გასული ქალდეველებიც (აბკ. 1:6, 7). წინასწარმეტყველმა ესაიამ ბაბილონს მოუწოდა, მიემართა ჯადოქრობისთვის, რათა შიშის ზარი დაეცა მის წინააღმდეგ გამოსული ხალხისთვის და ამგვარად, განადგურებისთვის თავი დაეღწია. თუმცა მისი ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდებოდა (ეს 47:12—15). ბაბილონს სპარსეთის მეფის, კიროსის ჯარი გაანადგურებდა (ეს. 44:24—45:2).
იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობის წყალობით მოსე ღვთის ხალხის თვალწინ შიშის მომგვრელ საქმეებს (ებრ. მორა) ახდენდა (კნ. 34:10, 12; გმ. 19:9). მორწმუნეებს მოსეს ძალაუფლების მიმართ ჯანსაღი შიში ჰქონდათ. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი მოსეს მეშვეობით ელაპარაკებოდა. გარდა ამისა, ისრაელებს იეჰოვას საწმინდრის მიმართაც მოკრძალებული შიში უნდა ჰქონოდათ (ლვ. 19:30; 26:2). ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ მოწიწება უნდა გამოეხატათ საწმინდრის მიმართ და იეჰოვასთვის მის მოსაწონად ეცათ თაყვანი, ისე რომ გაეთვალისწინებინათ ყველა მისი მითითება.
რას ნიშნავს იეჰოვას შიში?
ბიბლიიდან ჩანს, რომ შიში შეიძლება იყოს გამართლებული და გაუმართლებელი. ჯანსაღი შიში ეხმარება ადამიანს, ფრთხილად იმოქმედოს და თავი აარიდოს საფრთხეს, ავადმყოფური შიში კი იმედს უკარგავს და შინაგანად ფიტავს ადამიანს და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ღვთის შიში ჯანსაღია. მასში იგულისხმება შემოქმედისადმი მოწიწება და მოკრძალება, რაც ადამიანს აღძრავს, არ გაანაწყენოს ღმერთი. ასეთ შიშს განაპირობებს ღვთის სიკეთისა და სიკარგის დაფასება და იმის გააზრება, რომ ის უზენაესი მოსამართლე და ყოვლისშემძლეა, რომელსაც აქვს ურჩთა დასჯისა თუ მოსპობის უფლება.
იეჰოვა ღმერთის მსახურებს მისდამი ჯანსაღი შიში უნდა ჰქონდეთ. ღვთისადმი შიშნარევი მოწიწება „სიბრძნის სათავეა“ (ფს. 111:10; იგ. 9:10). ეს არ არის პანიკური, დამთრგუნველი შიში. „იეჰოვას შიში წმინდაა“ (ფს. 19:9). იგავების 8:13-ში აღწერილია, როგორ მოქმედებს ადამიანზე ღვთის შიში: „ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება“. ღვთისმოშიში სწორ გზას არ ასცდება, რადგან „იეჰოვას შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ბოროტებას“ (იგ. 16:6).
ადამსა და ევას არ აღმოაჩნდათ ღვთისადმი სათანადო შიში და ეურჩნენ მას. ურჩობის შემდეგ მათ პანიკური შიში დაეუფლათ და დაემალნენ ღმერთს. „შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა“, — ასე ახსნა ადამმა დამალვის მიზეზი (დბ. 3:10). როგორც ჩანს, ასეთივე შიშმა შეიპყრო ადამის ვაჟი კაენი თავისი ძმის, აბელის, მკვლელობის შემდეგ. შესაძლოა ეს გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოიწადინა მან ქალაქის აშენება (დბ. 4:13—17).
ებრაელების 12:28-ში მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს, ჰქონდეთ ღვთისმოსაწონი შიში: „კვლავაც ვიქონიოთ წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით“. ანგელოზი, რომელსაც მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, ცაში დაფრინავდა და ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გმც. 14:6, 7). როგორც მათეს 10:28-დან ვიგებთ, იესომ ღვთისადმი ჯანსაღი შიში კაცთმოშიშებას დაუპირისპირა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. გამოცხადების 2:10-ში იესო ასე მიმართავს ქრისტიანებს: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს“. თუ ადამიანს უყვარს იეჰოვა, ის კაცთმოშიშობას არ დაემონება და კომპრომისზე არ წავა.
თუ ქრისტიანს სათანადო შიში აქვს, ის პატივს სცემს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან იცის, რომ მათ მიერ აღსრულებული სამართლიანი სასჯელი, ფაქტობრივად, ღვთის რისხვის გამოვლინებაა (რმ. 13:3—7).
იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს დედამიწის მოსახლეობა შიშით იქნებოდა მოცული. მან თქვა, რომ მოხდებოდა „საზარელი მოვლენები“, ხალხს კი გული წაუვიდოდა „შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“ (ლკ. 21:11, 26). მართალია, საზოგადოებაში შიში გაბატონდებოდა, მაგრამ ღვთის მსახურები ესაიას 8:12-ში ჩაწერილი პრინციპით იმოქმედებდნენ: „ნუ შეგაშინებთ ის, რისიც მათ ეშინიათ“. ამის მიზეზს მოციქული პავლე გვიხსნის: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2ტმ. 1:7).
სოლომონ ბრძენმა ადამიანის ბუნებაზე, მის სხვადასხვა საქმიანობასა და განსაცდელებზე დაკვირვების შემდეგ თქვა: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკ. 12:13).
რატომ ეშინია ცხოველს ადამიანის. დაბადების 9:2-ში შიში ცხოველების კონტექსტში მოიხსენიება. ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს უთხრა: „კვლავაც თქვენი შიშით ძრწოდეს დედამიწის ყველა ცოცხალი ქმნილება“. ალბათ, ამიტომ შეძლეს ერთი წლის მანძილზე ნოემ და მისმა ოჯახმა კიდობანში ცხოველებისა და ფრინველების დამორჩილება. წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გამოსული ნოე ღმერთმა დაარწმუნა, რომ ცხოველებს კვლავაც ექნებოდათ ადამიანის შიში. ამ ფაქტს ცხოველთა სამყაროზე დაკვირვებაც ადასტურებს. დრ. ჯორჯ გ. გუდვინი, ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ძუძუმწოვართა განყოფილების ასოცირებული კურატორი, აღნიშნავს: „ჩვეულებრივ, ლეოპარდი თავს არ ესხმის ადამიანს. მაგრამ თუ ვინმემ დაჭრა ან გააღიზიანა, უკან არ დაიხევს“. აგრესიულობით ცნობილი შხამიანი გველები, მაგალითად, მამბა და სამეფო კობრა, როგორც წესი, ადამიანს თავს არიდებენ. მართალია, სასტიკი მოპყრობით ადამიანმა ზოგი ცხოველი ავი გახადა, მაგრამ, ზოგადად, ცხოველებს ადამიანის ეშინიათ. ეს ადასტურებს დაბადების 1:26—28-ში ჩაწერილ ღვთის სიტყვებს, რომლის თანახმადაც ცხოველები დასაბამიდანვე ადამიანს უნდა დამორჩილებოდნენ.