საჩუქარი, ძღვენი
საჩუქრების ჩუქება ოდითგანვე მიღებული წესი იყო. მაგალითად, აბრაამის მხცოვანმა მსახურმა რებეკას ძვირფასეულობა უბოძა მას შემდეგ, რაც იეჰოვასგან ნიშანი მიიღო, რომ ისაკის ცოლი სწორედ ის გახდებოდა (დბ. 24:13—22). შემდეგ კი, როცა ლაბანისა და ბეთუელისგან მათ ქორწინებაზე თანხმობა მიიღო, ძღვნად სხვა ნივთებიც მიართვა და მის დედასა და ძმასაც „ყოველივე საუკეთესო მისცა“ (დბ. 24:50—53). კარგა ხნის შემდეგ, აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს ჩააბარა, ხარჭებისგან შეძენილ ვაჟებს კი საჩუქრები დაურიგა და შორს გაუშვა (დბ. 25:5, 6; შდრ. 2მტ. 21:3).
პატრიარქალურ ეპოქაში საჩუქრებს ჭირგამოვლილ ადამიანსაც ჩუქნიდნენ. როცა იეჰოვამ იობი „ტყვეობიდან“ დაიხსნა, მისმა და-ძმებმა და ძველმა ნაცნობებმა ანუგეშეს ის და თან ფული და ოქროს სამკაულები მიუტანეს (იობ. 42:10, 11).
პირადი ინტერესებისთვის გაღებული საჩუქრები. საჩუქრები ხშირად ყოფილა სასურველი მიზნის მიღწევის საშუალება. იაკობმა თავის ძმას, ესავს გულის მოსალბობად ძღვნად შინაური პირუტყვი გაუგზავნა (დბ. 32:13—18; 33:8). იაკობი დაჟინებით სთხოვდა ესავს, მიეღო მისი ძღვენი, რადგან აღმოსავლური ტრადიციით ძღვენზე უარის თქმა არაკეთილგანწყობილებას ნიშნავდა (დბ. 33:10). ეგვიპტის მკაცრი გამგებლის (სინამდვილეში იოსების) გულის მოსაგებად იაკობის ვაჟებმა თავიანთი მამის, იაკობის რჩევისამებრ მას ძღვნად თავიანთი მიწის საუკეთესო ნაყოფი წაუღეს (დბ. 42:30; 43:11, 25, 26). მეფე ასამ ოქრო-ვერცხლი უძღვნა ბენ-ჰადადს, რათა მას ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება დაერღვია (1მფ. 15:18, 19).
საჩუქრის მიმრთმევზე „იგავებში“ ნათქვამია: „ძღვენი კაცს დიდ გასაქანს მისცემს და დიდებულ ხალხთანაც კი წაუძღვება“ (იგ. 18:16). ძღვენი რისხვას აცხრობს, მაგრამ ის ვერ დააცხრობს ნაღალატები ქმრის რისხვას, რაგინდ დიდი საჩუქარიც უნდა შეაძლიოს ცოლის საყვარელმა (იგ. 21:14; 6:32—35).
მეფეებისთვის, წინასწარმეტყველებისთვის თუ სხვებისთვის მირთმეული ძღვენი. როგორც ჩანს, ძველად მეფესთან ხელცარიელი მისვლა მიუღებელი იყო. უვარგისმა კაცებმა, რომლებიც საულს არაფრად აგდებდნენ, ძღვენი არ მიართვეს მას. სოლომონის სიბრძნის მოსასმენად შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულებს დიდძალი ძღვენი მიჰქონდათ მასთან. ახალდაბადებული „იუდეველთა მეფის“ სანახავად მისულმა ასტროლოგებმა ამავე ჩვეულებისამებრ ძღვენი მიართვეს პატარა იესოს (1სმ. 10:27; 1მფ. 10:10, 24, 25; მთ. 2:1, 2, 11; იხ. აგრეთვე 2მფ. 20:12; 2მტ. 17:5). ზოგჯერ ძღვენი წინასწარმეტყველთათვისაც მიჰქონდათ, როცა მათთან რამის საკითხავად მიდიოდნენ (1სმ. 9:7; 2მფ. 8:8, 9). მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველები გაწეული სამსახურისთვის არაფერს მოელოდნენ, რაც კარგად გამოჩნდა ელისეს შემთხვევაში, რომელმაც უარი თქვა ნაამანის ძღვენზე (2მფ. 5:15, 16).
ხშირად საჩუქრებს კარგად შესრულებული სამუშაოსთვისაც ჩუქნიდნენ (2სმ. 18:11; დნ. 2:6, 48; 5:16, 17, 29). კანონის თანახმად, გათავისუფლებული მონა ბატონს ხელცარიელი არ უნდა გაეშვა. მას ფარიდან, კალოდან, ზეთის საწურიდან ან საწნახლიდან რამე უნდა მიეცა მისთვის (კნ. 15:13, 14). საჩუქრების ჩუქება სასიხარულო მოვლენის დროსაც იყო მიღებული (ესთ. 9:20—22; შდრ. გმც. 11:10).
საწმინდრისთვის გაღებული ძღვენი. ღმერთმა ლევიანები ძღვნად გადასცა აარონის სახლს საწმინდარში მსახურების შესასრულებლად (რც. 18:6, 7). საწმინდარში მომსახურე გაბაონელებსა თუ სხვებს ნეთინიმები ანუ „გადაცემულნი“ ეწოდებოდათ (იეს. 9:27; 1მტ. 9:2; ეზრ. 8:20). საწმინდრისთვის გაღებული შესაწირავები თუ მსხვერპლი ძღვნად ითვლებოდა (გმ. 28:38; ლვ. 23:37, 38; რც. 18:29; მთ. 5:23, 24; ლკ. 21:1).
იეჰოვა შემოქმედია, ამიტომ ყველაფერი მას ეკუთვნის. თუ ვინმე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად რამეს გაიღებს, ფაქტობრივად, ღმერთს დაუბრუნებს იმას, რაც მისგან აქვს მიღებული (ფს. 50:10; 1მტ. 29:14).
რჩევა. ქრთამად მიცემული ძღვენი გულს რყვნის და სამართალს ამრუდებს, ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს, შევიძულოთ ასეთი ძღვენი. ის გმობს ძღვენს დახარბებულ კაცს (კნ. 16:19, 20; ეკ. 7:7; იგ. 15:27; ეს. 1:23; იხ. ქრთამი). „კაცი, რომელიც ცრუდ იკვეხნის ძღვნით“, მაგრამ ნათქვამს არ ასრულებს, ჰგავს საწვიმარ ღრუბელს და ქარს წვიმის გარეშე (იგ. 25:14). საჩუქრების დამრიგებელს ბევრი უმეგობრდება, მაგრამ საჩუქრით ნამდვილ მეგობარს ვერ შეიძენ (იგ. 19:6).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები მკაცრად განსჯის საჩუქრების ჩუქების ზოგიერთ ჩვეულებას. იესომ გაკიცხა მწიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც არღვევდნენ ღვთის მცნებას დედისა და მამის პატივისცემის შესახებ. მათი აზრით, თუ ვინმე თავის ქონებას ღვთისთვის გაღებულ ძღვნად გამოაცხადებდა, ის აღარ იყო ვალდებული, ეს ქონება მშობლებისთვის მოეხმარა, თუმცაღა თავად შეეძლო ამ ქონებით სარგებლობა (მთ. 15:1—6; იხ. კორბანი). სანაცვლოს მიღების იმედით რაიმეს გაცემას ფასი არა აქვს (ლკ. 6:30—36; 14:12—14). იეჰოვასთვის მოსაწონი რომ იყოს, ძღვენი უანგაროდ და აფიშირების გარეშე უნდა იყოს გაღებული (მთ. 6:2—4; 1კრ. 13:3).
ქრისტიანების ძღვენი. პირველი ქრისტიანები ძღვენს, იგივე შესაწირავს გაჭირვებული და-ძმების დასახმარებლად გასცემდნენ (რმ. 15:26; 1კრ. 16:1, 2). ყველა ეს ძღვენი ნებაყოფლობით იყო გაღებული, რაც კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2კრ. 9:7). გარდა ამისა, ისინი ეხმარებოდნენ იმ თანაქრისტიანებს, რომლებიც თავს ქრისტიანულ მსახურებას უძღვნიდნენ. ასეთი იყო პავლე მოციქული. პავლე ძალიან მადლიერი იყო იმისთვის, რასაც ძმები უგზავნიდნენ, თუმცა თავად არასოდეს არაფერს ავალდებულებდა მათ (ფლ. 4:15—17).
ქრისტიანებს მატერიალურ საჩუქრებზე ბევრად ძვირფასი საჩუქრის გაღება შეუძლიათ, მაგალითად, გაიღონ დრო და უნარი სხვების სასწავლებლად და აღსაშენებლად, რასაც დიდი სიხარული მოაქვს. ყველაზე დიდი ძღვენი, რისი გაღებაც სხვისთვის შეიძლება, ღვთის სიტყვის ქადაგება და სწავლებაა, რადგან მომსმენს მარადიული სიცოცხლის მოპოვების საშუალებას აძლევს (ინ. 6:26, 27; 17:3; სქ. 20:35; 2კრ. 12:15; გმც. 22:17; იხ. მოწყალება).