მკა, მოსავლის აღება
საქმე, რომელიც არ შეწყდება, „სანამ დედამიწა იარსებებს“ (დბ. 8:22). თუმცა მოსავლის აღებას დიდი შრომა სჭირდება, მას დიდი სიხარულიც მოაქვს (ფს. 126:5, 6; ეს. 9:3; 16:9, 10). ბიბლიაში ჩაწერილ ზოგიერთ მოვლენასთან აღნიშნულია, რომ ის მკის დროს მოხდა (დბ. 30:14; იეს. 3:15; მსჯ. 15:1; რთ. 1:22; 2:23; 1სმ. 6:13; 2სმ. 21:9; 23:13).
შაბათი, იუბილე. ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემულ კანონში მკასთან დაკავშირებული სხვადასხვა მითითება იყო ჩაწერილი. თუმცა მოსავლის აღება მნიშვნელოვანი საქმე იყო, ეს შაბათის დაცვისგან არ ათავისუფლებდა ისრაელებს. კანონი გადაუდებელ შემთხვევაშიც არ იძლეოდა ამ დღეს მკის უფლებას (გმ. 34:21; შდრ. ნემ. 13:15). შაბათის წელსა და იუბილეს წელს არაფერს თესავდნენ, შესაბამისად ისრაელებს არც არაფერი ექნებოდათ მოსამკელი, გარდა იმისა, რაც თავისით მოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ პატრონს არ უნდა მოემკა მოსავალი, მას, მის მონებს, მოჯამაგირეებს, მდგმურებსა და ხიზნებს, აგრეთვე შინაურ და გარეულ ცხოველებს შეეძლოთ ეჭამათ მოწეული ნაყოფი (გმ. 23:10, 11; ლვ. 25:3—7, 11, 12, 20—22).
პირველი ნაყოფი და გაჭირვებულებზე ზრუნვა. ყოველი პირველმოწეული ნაყოფი იეჰოვასთვის უნდა შეეწირათ (ლვ. 23:10, 11; კნ. 26:1—4). მხოლოდ მეხუთე წელს შეეძლოთ ხის ნაყოფის მოკრეფა თავისთვის (ლვ. 19:23—25).
მშიერ ისრაელს უფლება ჰქონდა, შესულიყო სხვის ყანაში ან ვენახში და დანაყრებამდე ეჭამა, მაგრამ ჭურჭლით არაფერი უნდა წაეღო და არც ნამგალი უნდა მოექნია მოძმის სამკალში (კნ. 23:24, 25; შდრ. მთ. 12:1; ლკ. 6:1; იხ. მორჩენილი მოსავალი).
ისრაელებს სრულად არ უნდა მოემკათ მინდვრის ნაპირები და მოსავლის აღების დროს დაცვენილი არ უნდა აეკრიფათ. პირიქით, მათ უნდა დაეტოვებინათ მარცვლეული და ყურძენი საწყლისა და ხიზნისთვის (ლვ. 19:9, 10; 23:22; კნ. 24:19).
ამინდი. ძველად აღთქმულ მიწაზე მკის დროს თითქმის არასდროს მოდიოდა წვიმა და ეს დღემდე ასეა. როცა იეჰოვამ სამუელის ლოცვის საპასუხოდ ჭექა-ქუხილი და წვიმა მოავლინა, ისრაელები მიხვდნენ, რომ მეფის მოთხოვნა დიდი ბოროტება იყო იეჰოვას თვალში (1სმ. 12:17—19; იხ. აგრეთვე იგ. 26:1). ადრეული გაზაფხულის გვიანი წვიმებისა და ლიბანის მთების დამდნარი თოვლის გამო მდინარე იორდანე მკის დროს ნაპირებიდან გადმოდიოდა ხოლმე (იეს. 3:15; 5:10, 11).
ვინაიდან მოსავლის აღების დროს სიცხეა, ცვარი მომკელებისთვის გამომაცოცხლებელი იქნებოდა (ეს. 18:4). ისინი მთის თოვლით ჩაციებულ სასმელს სიამოვნებით მიირთმევდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს, და არა თოვლის მოსვლა, იგულისხმება იგავების 25:13-ში მოყვანილ შედარებაში, რადგან მკის დროს თოვლის მოსვლა დიდი უბედურება იქნებოდა.
სელი, ქერი, ხორბალი. ძველად მკის დროს მომკელები ნამგალს იყენებდნენ (კნ. 16:9; მრ. 4:29) ან ხელით გლეჯდნენ მცენარეს. მეორე შემთხვევაში მცენარეს ძირფესვიანად გლეჯდნენ მიწიდან, განსაკუთრებით ხრიოკ ადგილებში, სადაც ნამჯა ცოტა იყო და მცენარეები მაღალი არ იზრდებოდა. მომკილ მოსავალს ერთად აგროვებდნენ, ძნებად კრავდნენ და, სავარაუდოდ, კალოზე ახვავებდნენ (დბ. 37:6, 7; რთ. 3:6, 7).
იერიხონის შემოგარენში სელის აღება იწყებოდა მე-12 თვეში, ადარში (თებერვალ-მარტი) ან ებრაელების წმინდა წელიწადის პირველი თვის, ნისანის (მარტ-აპრილი) დასაწყისში. სელს ხელით გლეჯდნენ ან თოხით იღებდნენ, შემდეგ კი გასაშრობად შლიდნენ. რახაბმა მზვერავები ნისანის თვის დასაწყისში დამალა ბანზე გაშლილ სელის ძნებში (იეს. 2:6, 16, 22, 23; 3:1, 2; 4:19).
შემდეგ ნისანის თვეში (მარტ-აპრილი) იწყებოდა ქერის მკა. აღთქმულ მიწაზე ისრაელები ქერის მკის დროს შევიდნენ და 15 ნისანს პირველად ჭამეს აღებული მოსავლიდან (იეს. 3:15; 5:10, 11). ქერის მკა პალესტინის მთაგორიან მხარეში გრძელდებოდა ზივის, იმავე იარის (აპრილ-მაისი) თვემდე, ბარში კი იწყებოდა ხორბლის მკა (რთ. 1:22; 2:23; 2სმ. 21:9).
სივანის თვეში (მაის-ივნისი) ხორბლის მკა უკვე მთაგორიან მხარეშიც ხდებოდა. მომკელი ერთ ხელს ღეროებს ჰკიდებდა, მეორე ხელში კი ნამგალი ეჭირა და ჭრიდა მათ (შდრ. კნ. 23:25; ეს. 17:5). ძველად ნამგალს ხის ან ძვლის ტარი ჰქონდა, რომელშიც ჩასმული იყო კაჟის ბასრი ნატეხები. მოგვიანებით დაიწყეს ჩვენთვის უფრო ნაცნობი რკალის ფორმის ლითონისპირიანი ნამგლის გამოყენება.
ყურძენი, ფინიკი, ლეღვი, ზეთისხილი. თამუზის თვეში (ივნის-ივლისი) მწიფდებოდა პირველი ყურძენი, რთველი კი აბის თვეში (ივლის-აგვისტო) იწყებოდა. ამ დროისთვის ბარში უკვე ზეთისხილიც მწიფდებოდა. ელულის თვეში (აგვისტო-სექტემბერი) ყველგან იკრიფებოდა ყურძენი, შემოსული იყო ფინიკი, მწიფდებოდა ბროწეული და ზაფხულის ლეღვის კრეფაც ხდებოდა (რც. 13:23). მოსავლის აღება ძირითადად ეთანის, იმავე თიშრის თვისთვის (სექტემბერ-ოქტომბერი) მთავრდებოდა, თუმცა ჩრდილოეთ გალილეაში ზეთისხილს ბულის ანუ ხეშვანის (მარხეშვანი) (ოქტომბერ-ნოემბერი) თვეშიც კრეფდნენ. ზეთისხილს ჯოხით ბერტყავდნენ (კნ. 24:20; იხ. კალენდარი).
დღესასწაულები. ისრაელში სამ ძირითად დღესასწაულს უშუალოდ მოსავლის აღების დროს ზეიმობდნენ (გმ. 23:14—17). უფუარობის დღესასწაული, რომელიც 15 ნისანს იწყებოდა, ქერის მკას ემთხვეოდა. 16 ნისანს, „შაბათის მომდევნო დღეს“ („შაბათში“ მაინცდამაინც ყოველკვირეული შაბათი არ იგულისხმებოდა, რადგან დღესასწაულის პირველი დღე შაბათად ითვლებოდა იმის მიუხედავად, რომელი დღე იყო), მღვდელმთავარს იეჰოვას წინაშე უნდა შეერხია პირველმოწეული ქერის ძნა (ლვ. 23:6—11).
კვირების დღესასწაულს, ანუ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს, 16 ნისანიდან 50-ე დღის თავზე აღნიშნავდნენ. ამ დროს ხორბალს მკიდნენ. ახალი მარცვლეულისგან მომზადებული ორი საფუვრიანი პური შესარხევ შესაწირავად მიჰქონდათ იეჰოვასთვის (ლვ. 23:15—17). როგორც ჩანს, იერემიას შვიდკვირიანი მკის პერიოდი (უფუარობის დღესასწაულსა და ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს შორის) ჰქონდა მხედველობაში, როცა იეჰოვაზე თქვა, რომ ის მკის კვირებსაც კი იცავდა მათთვის, ანუ წვიმას აკავებდა, რათა მოსავალი არ გაფუჭებულიყო (იერ. 5:24; შდრ. ამ. 4:7).
კარვობის დღესასწაულით, იმავე მოსავლის აღების დღესასწაულით, რომელიც მეშვიდე თვის, ეთანის (თიშრი) მე-15 დღეს იწყებოდა, აღნიშნავდნენ სამიწათმოქმედო წელიწადის დასრულებას. ეს დიდი სიხარულის დრო იყო, რადგან ძირითადი მოსავალი უკვე დაბინავებული ჰქონდათ (ლვ. 23:33—36, 39—43; იხ. დღესასწაული და სტატიები თითოეულ დღესასწაულზე).
გადატანითი მნიშვნელობა. ბიბლიაში მკა ხშირად გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით ვინმეს საქმეების კარგი თუ ცუდი შედეგების აღსანიშნავად. ღვთიური პრინციპის თანახმად, „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ, ვინც ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, „ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“. შემდეგ მან გალატელი ქრისტიანები დაარწმუნა, რომ თავის დროზე მოიმკიდნენ, თუ არ დაიღლებოდნენ (გლ. 6:7—9; იგ. 22:8; ოს. 8:1, 7). პავლემ მოუწოდა კორინთელ ქრისტიანებს, ხელგაშლილობა გამოეჩინათ იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული თანამორწმუნეების მიმართ: „ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“ (2კრ. 9:5—7).
გადასახლებიდან ხალხის დაბრუნება და სიცოცხლისთვის ადამიანთა შეკრება ბიბლიაში მკასთან არის შედარებული (ოს. 6:11; მთ. 9:37, 38; ლკ. 10:2). მკა ბოროტთა შეკრებისა და განადგურების სიმბოლოდაც გამოიყენება (იერ. 51:33). იესო ქრისტემ მოწაფეები მოსამკელად გაგზავნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ ისინი, ვინც სასიხარულო ცნობას გამოეხმაურებოდა (ინ. 4:35—38). იგავში სიმბოლურ ხორბალსა და სარეველაზე მან მკის დროდ „ქვეყნიერების წყობის აღსასრული“ დაასახელა და თქვა, რომ ამ დროს კაცის ძე თავის მომკელ ანგელოზებს გაგზავნის, რომლებიც „მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველივე დამაბრკოლებელს და უკანონობის ჩამდენთ“. ამ „სარეველას“, ანუ „ბოროტის ძეებს“, სიმბოლურ გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან, „ხორბალს“ კი, ანუ „სამეფოს ძეებს“, შეინახავენ და ისინი „თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მთ. 13:24—30, 36—43).
იოანეს მიერ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვიდან ჩანს, რომ განდიდებული და გამეფებული იესო ქრისტე ხელმძღვანელობს მკას. იესო აღწერილია, როგორც „კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც „თავზე ოქროს გვირგვინი ადგას, ხელში კი ბასრი ნამგალი უჭირავს“. მას შემდეგ, რაც ანგელოზმა უთხრა: „აიღე შენი ნამგალი და მომკე, რადგან მოვიდა მკის საათი და მოიწია სამკალი დედამიწაზე“, იოანემ იხილა, რომ „ღრუბელზე მჯდომმა მოიქნია თავისი ნამგალი დედამიწისკენ და მოიმკა დედამიწა“. მოციქულმა ისიც ნახა, როგორ მოაგროვეს „დედამიწის ვაზი“ და ჩაყარეს „ღვთის რისხვის დიდ საწნახელში“ (გმც. 14:14—20; შდრ. გმც. 19:11—16; იხ. მიწათმოქმედება).