ᲬᲧᲐᲚᲝᲑᲐ
გულისხმიერება, ლმობიერება და სიბრალული, რაც შვებას ჰგვრის არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფთ; უდიდესი თანაგრძნობა; ზოგ შემთხვევაში განაჩენის ან სასჯელის შემსუბუქება.
წყალობად უმეტესწილად ითარგმნება ებრაული სიტყვა რახამიმ და ბერძნული სიტყვა ელეოს (ზმნა ელეეო). ამ სიტყვების შინაარსობრივი ანალიზი და კონტექსტში მათი გამოყენება დაგვეხმარება, ბოლომდე ჩავწვდეთ მათ მნიშვნელობასა და ელფერს. ებრაული ზმნა რახამ განიმარტება, როგორც „თბილი, სათუთი გრძნობებით განმსჭვალვა … გულშემატკივრობა“ (A Hebrew and Chaldee Lexicon, ბ. დეივისის რედაქციით, 1957, გვ. 590). ლექსიკოგრაფ გესენიუსის განმარტებით, „ამ სიტყვაში ძირითადად მოიაზრება რუდუნება, დამშვიდება და სათუთი მოპყრობა“ (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ინგლისური თარგმანი ე. რობინსონისა, 1836, გვ. 939). ებრაული რახამ ენათესავება სიტყვას, რომელიც საშვილოსნოს ან შიგნეულს ნიშნავს. ჩვეულებრივ, ძლიერი თანაგრძნობა და სიბრალული ადამიანს შინაგანად აფორიაქებს და ზოგჯერ მუცლის ღრუში არასასიამოვნო შეგრძნებასაც კი იწვევს (შდრ. ეს. 63:15, 16; იერ. 31:20).
ბიბლიაში რახამ ერთადერთხელ გვხდება ფსალმუნმომღერლის მიმართვაში ღმერთისადმი: „მეყვარები [რახამის ერთ-ერთი ფორმა], იეჰოვა, ჩემო ძალავ!“ (ფს. 18:1). ადამიანებთან მიმართებით ეს სიტყვა გამოიყენება იმ ბიბლიურ ეპიზოდში, როცა იოსებს „გულ-ღვიძლი დაეწვა [რახამიმის ერთ-ერთი ფორმა] თავისი ძმის დანახვაზე“ და ატირდა (დბ. 43:29, 30; შდრ. 1მფ. 3:25, 26). როცა ისრაელებს სასტიკი და ულმობელი მოპყრობა ემუქრებოდათ (1მფ. 8:50; იერ. 42:10—12) დამპყრობელთა თუ ზემდგომთა მხრიდან (დბ. 43:14; ნემ. 1:11; დნ. 1:9), ისინი ღმერთს ლოცვაში სთხოვდნენ სიბრალულის გრძნობა გაეღვიძებინა თავიანთ მდევნელებში, რათა თანაგრძნობით, ლმობიერებითა და გულისხმიერებით მოპყრობოდნენ მათ (შდრ. ეს. 13:17, 18).
იეჰოვას წყალობა. წყალობად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ყველაზე ხშირად ბიბლიის იმ მონაკვეთებში გვხვდება, სადაც განიხილება იეჰოვას ურთიერთობა თავის რჩეულ ხალხთან. ღმერთს ისევე ებრალებოდა (რახამ) თავისი ხალხი და ისევე სწყალობდა მათ, როგორც დედ-მამა თავის ნაშიერს (ეს. 49:15; ფს. 103:13). ისრაელები ხშირად უხვევდნენ სწორი გზიდან და ხშირად ცვიოდნენ განსაცდელში, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროებდნენ ღვთის წყალობასა და დახმარებას. როცა ისინი დამოკიდებულებას იცვლიდნენ და იეჰოვას უბრუნდებოდნენ, იეჰოვას გული ულბებოდა მათ მიმართ და თანაგრძნობითა და კეთილგანწყობით ეპყრობოდა (კნ. 13:17; 30:3; ფს. 102:13; ეს. 54:7—10; 60:10). გარდა ამისა, იესო ქრისტეს ისრაელში დაბადება უდავოდ იმის მოწმობა იყო, რომ ღვთის თანაგრძნობისა და წყალობის „ცისკარმა“ მათზე მოაწია (ლკ. 1:50—58, 72—78).
რახამიმს მნიშვნელობით ნაწილობრივ ესატყვისება ბერძნული ელეოს. ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, „ელეოს (ἔλεος) სიბრალულის გარეგნული გამოხატულებაა; იგი მოიაზრებს შესაბრალისი სუბიექტის მხრიდან სიბრალულის საჭიროებას, ხოლო შემბრალებლის მხრიდან ამ საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“. ზმნა ელეეო საზოგადოდ გულისხმობს „სხვისი უბედურების თუ მწუხარების თანაზიარობას, განსაკუთრებით კი საქმით დამტკიცებულ თანაგრძნობას“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 60, 61). აქედან გამომდინარე, უსინათლოები, დემონით შეპყრობილები, კეთროვნები და გატანჯული ბავშვების მშობლები ელეოს — გულმოწყალებასა და სიბრალულს — აღუძრავდნენ იესოს (მთ. 9:27; 15:22; 17:15; მრ. 5:18, 19; ლკ. 17:12, 13). მათ მუდარას „შეგვიწყალე, უფალო“, იესო სასწაულებით პასუხობდა. იგი გულგრილად და ზერელედ კი არ ეხმარებოდა ადამიანებს, არამედ მათ შემხედვარეს გული ეწვოდა (მთ. 20:31, 34). ამ მუხლებში მახარობელი მათე იყენებს ზმნა სპლაგქნიზომეს, რომელიც ენათესავება სიტყვა სპლაგქნას, რაც სიტყვასიტყვით ნაწლავებს ნიშნავს (სქ. 1:18). ეს ზმნა მეტწილად სიბრალულის განცდას გამოხატავს, ელეოს კი საქმით დამტკიცებულ სიბრალულს.
არ შემოიფარგლება საკანონმდებლო აქტით. ქართულ ენაში „წყალობა“ დანაშაულის შენდობის აზრსაც ატარებს. ასე რომ, ეს სიტყვა შეგვიძლია იურიდიულ ტერმინსაც მივაკუთნოთ, სახელდობრ იმ კონტექსტებში, სადაც ლაპარაკია მოსამართლის მიერ დამნაშავისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღმერთი წყალობას ყოველთვის სხვა თვისებებთან ერთად თანაზომიერად ავლენს და არასოდეს არღვევს თავისავე დადგენილ სიმართლისა და ჭეშმარიტების ნორმებს (ფს. 40:11; ოს. 2:19), აგრეთვე იმას, რომ მემკვიდრეობით გადაცემული ცოდვის გამო ყველა სიკვდილს, ცოდვის საზღაურს იმსახურებს (რმ. 5:12; შდრ. ფს. 130:3, 4; დნ. 9:18; ტიტ. 3:5), გასაგებია, რატომ ვლინდება ხშირად ღვთის წყალობა ცოდვის პატიებასა თუ განაჩენისა და სასჯელის შემსუბუქებაში (ფს. 51:1, 2; 103:3, 4; დნ. 9:9; მქ. 7:18, 19). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ებრაული რახამიმისა და ბერძნული ელეოსის მნიშვნელობები არ შემოიფარგლება მხოლოდ პატიებითა და სასჯელის გაუქმებით. ცოდვების პატიება, როგორც ასეთი, არ არის ის წყალობა, რასაც ეს დედნისეული სიტყვები გულისხმობს, იგი წყალობის გამოვლენის ერთ-ერთი პირობაა. რასაკვირველია, როცა ღმერთი წყალობას იჩენს, ის არასოდეს უგულებელყოფს თავისივე დადგენილ სრულყოფილი სამართლის ნორმებს. ამის დასტურია ის, რომ მან მსხვერპლად გაიღო თავისი ძე, რათა ცოდვების პატიება მისი სამართლიანი ნორმების დაურღვევლად მომხდარიყო (რმ. 3:25, 26).
მაშასადამე, „წყალობა“ უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს არა უმოქმედობას (მაგალითად სასჯელის აღსრულებისგან თავშეკავებას), არამედ აქტიურ მოქმედებას, საქმით დამტკიცებულ გულისხმიერებასა და სიბრალულს, რაც შვებას ჰგვრის გასაჭირში მყოფთ, ანუ მათ, ვინც წყალობას საჭიროებს.
ამის თვალსაჩინო მაგალითია იესოს იგავი სამარიელზე, რომელმაც გზაზე დაგდებული, გაძარცული და ნაცემი მგზავრი დაინახა. მან დაამტკიცა, რომ ამ კაცის მოყვასი იყო, რადგან მის დანახვაზე გული დაეწვა და „გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“ — ჭრილობები შეუხვია და უპატრონა (ლკ. 10:29—37). ცხადია, რომ ამ იგავში არც ცოდვების პატიებაზეა საუბარი და არც სასამართლო გარჩევებზე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი ადამიანების მიმართ წყალობას მხოლოდ მაშინ არ ავლენს, როცა ისინი ჩადენილი დანაშაულისთვის, ფიგურალურად თუ ვიტყვით, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან. წყალობა მისი ხასიათის ნაწილია, რომელსაც ის ბუნებრივად ავლენს განსაცდელში მყოფთა მიმართ. იგი მისი მრავლისმომცველი სიყვარულის ერთ-ერთი ასპექტია (2კრ. 1:3; 1ინ. 4:8). იეჰოვა არ ჰგავს უგულო და შეუბრალებელ ცრუღმერთებს, რომელთაც ხალხები ეთაყვანებიან. „იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე. კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფს. 145:8, 9; შდრ. ფს. 25:8; 104:14, 15, 20—28; მთ. 5:45—48; სქ. 14:15—17). ის მდიდარია გულმოწყალებით და მისგან მომდინარე სიბრძნე „სავსეა გულმოწყალებით“ (ეფ. 2:4; იაკ. 3:17). მისმა ძემ, რომელმაც მამის შესახებ გააცხადა (ინ. 1:18), ეს თავისი თვისებებით, სიტყვითა და საქმით დაამტკიცა. როდესაც იესოს მოსასმენად უამრავი ხალხი შეიკრიბა, მას გული დაეწვა [სპლაგქნიზომეს ერთ-ერთი ფორმა], რადგან „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“. აღსანიშნავია, რომ ხალხის მიმართ ეს განცდა იესოს იქამდე დაეუფლა, ვიდრე ისინი მის სწავლებას გამოეხმაურებოდნენ (მრ. 6:34; მთ. 9:36; შდრ. მთ. 14:14; 15:32).
ის, რასაც კაცობრიობა საჭიროებს. ადამიანთა სავალალო ყოფის მიზეზი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვაა, ამიტომ უკლებლივ ყველა შველას საჭიროებს. იეჰოვა ღმერთმა მთელ კაცობრიობას უწყალობა ცოდვისგან და მისით გამოწვეული ავადმყოფობისგან თუ სიკვდილისგან დახსნის შესაძლებლობა (მთ. 20:28; ტიტ. 3:4—7; 1ინ. 2:2). მოწყალე ღმერთი მომთმენია, რადგან „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2პტ. 3:9). იეჰოვას ძალიან უნდა, რომ ყველას სიკეთე უყოს და ამისთვის ის ხელსაყრელ შემთხვევებს ეძებს (შდრ. ეს. 30:18, 19). მას არ ახარებს „ბოროტის სიკვდილი“ და გულში არ აქვს „ადამიანების დაჩაგვრა და დამწუხრება“, რისი თვალსაჩინო მაგალითიც იუდასა და იერუსალიმის განადგურებაა (ეზკ. 33:11; გდ. 3:31—33). გულქვაობა, სიჯიუტე, ღვთის მადლისა და წყალობის უარყოფა აიძულებს ღმერთს სხვაგვარად მოექცეს ადამიანებს და დაუკავოს მათ თავისი წყალობა (ფს. 77:9; იერ. 13:10, 14; ეს. 13:9; რმ. 2:4—11).
არ შეიძლება ბოროტად სარგებლობა. უდავოა, რომ იეჰოვა დიდად მოწყალეა მათ მიმართ, ვინც მას წრფელი გულით უახლოვდება, მაგრამ ის არც ერთ შემთხვევაში დაუსჯელს არ დატოვებს მოუნანიებელ ცოდვილებს, რომლებიც სამართლიანად იმსახურებენ დასჯას (გმ. 34:6, 7). ღვთის წყალობით ბოროტად სარგებლობა არავის გამოუვა. მოუნანიებელი შემცოდველი ადრე თუ გვიან პასუხს აგებს თავისი ცოდვებისთვის, ის ვერ გაექცევა არასწორი საქციელის შედეგებს (გლ. 6:7, 8; შდრ. რც. 12:1—3, 9—15; 2სმ. 12:9—14). თავისი წყალობით, მოთმინებითა და სულგრძელობით იეჰოვა ადამიანს გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს. მაშინაც, როცა ადამიანს ემდურება, ხელს არ კრავს საბოლოოდ, მოწყალედ ეხმარება და ხელმძღვანელობს (შდრ. ნემ. 9:18, 19, 27—31). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის მოთმინებას საზღვარი აქვს და თუ ადამიანი მის წყალობას არ ეხმაურება, ის წყვეტს მის გამოვლენას და თავისი სახელის გულისთვის მათ წინააღმდეგ ზომებს იღებს (ეს. 9:17; 63:7—10; იერ. 16:5—13, 21; შდრ. ლკ. 13:6—9).
არა ადამიანის საზომით. ადამიანებს არა აქვთ უფლება საკუთარი ნორმებითა თუ კრიტერიუმებით შეაფასონ ღვთის წყალობა. ღმერთი ზეციდან დაჰყურებს დედამიწას, აქვს კეთილი განზრახვა ადამიანის მიმართ, შორსმჭვრეტელი და გულთამხილავია, ამიტომ ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, იმას შეიწყალებს (გმ. 33:19; რმ. 9:15—18; შდრ. 2მფ. 13:23; მთ. 20:12—15). „რომაელების“ მე-11 თავში პავლე მსჯელობს იმაზე, თუ როგორ გამოავლინა ღმერთმა თავისი შეუდარებელი სიბრძნე და წყალობა უცხოტომელთა მიმართ, რათა მათ ზეციურ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა მისცემოდათ. უცხოტომელები არ მიეკუთვნებოდნენ ღვთის ხალხს, ისრაელს, შესაბამისად, მათთვის უცხო იყო ღვთის წყალობა, რომლითაც ისრაელი, რჩეული ხალხი სარგებლობდა. გარდა ამისა, ისინი იეჰოვას კანონებს არ იცავდნენ (შდრ. რმ. 9:24—26; ოს. 2:23). პავლე განმარტავს, რომ თავიდან ზეციერ სამეფოში შესვლის უფლება ისრაელებს მიეცათ, მაგრამ მათი უმეტესობა ღმერთს ეურჩა. ამან გზა გაუხსნა უცხოტომელებს, „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ ქცეულიყვნენ (გმ. 19:5, 6). პავლე ასე აჯამებს თავის მსჯელობას: „ვინაიდან ღმერთმა ყველანი ერთად [იუდეველებიცა და უცხოტომელებიც] დაამწყვდია ურჩობაში, რათა ყველა შეიწყალოს“. იესოს გამოსასყიდი მსხვერპლის საფუძველზე, ყველა, ვინც იესოს ირწმუნებდა (მათ შორის უცხოტომელები), გათავისუფლდებოდა მემკვიდრეობით მიღებული ადამის ცოდვისგან. გარდა ამისა, წამების ბოძზე იესოს სიკვდილმა კანონის წყევლისგან გაათავისუფლა იუდეველები, რათა ყველა უკლებლივ შეწყალებული ყოფილიყო. ღვთის სიბრძნით აღფრთოვანებულმა პავლე მოციქულმა დაწერა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რმ. 11:30—33; ინ. 3:16; კლ. 2:13, 14; გლ. 3:13).
ღვთის წყალობის ძიება. იეჰოვას წყალობის მსურველმა უნდა მიატოვოს თავისი ბოროტი გზა თუ აზრები და სუფთა გულით ეძებოს ღმერთი (ეს. 55:6, 7); მას უნდა ეშინოდეს ღვთისა და დააფასოს მისი სამართლიანი კანონები (ფს. 103:13; 119:77, 156, 157; ლკ. 1:50). თუ სწორი გზიდან გადაუხვევს, არ დამალოს, არამედ აღიაროს დანაშაული და მთელი გულით მოინანიოს (ფს. 51:1, 17; იგ. 28:13). ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთები თავადაც იყვნენ მოწყალენი. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი“ (მთ. 5:7).
მოწყალების გაცემა. ფარისევლებს, რომლებიც წყალობას არ იჩენდნენ, იესომ ასე უსაყვედურა: «წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“» (მთ. 9:10—13; 12:1—7; შდრ. ოს. 6:6). იესომ წყალობა კანონის სხვა წესებზე მაღლა დააყენა (მთ. 23:23). როგორც უკვე აღინიშნა, წყალობა სამართლებრივ აქტებშიც ვლინდება და ფარისევლებს, როგორც სინედრიონის წევრებს (ზოგი მათგანი), უთუოდ ექნებოდათ წყალობის გამოვლენის არაერთი შესაძლებლობა, თუმცა წყალობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება; იგი საზოგადოდ სიბრალულისა და თანაგრძნობის აქტიურ გამოვლენას, საქმით დამტკიცებულ წყალობას მოიაზრებს (შდრ. კნ. 15:7—11).
წყალობა შეიძლება მატერიალური დახმარების სახით გამოვლინდეს. თუმცა ასეთ წყალობას მაშინ აქვს ფასი, თუ მის უკან სწორი მოტივებია და არა გამორჩენა (მთ. 6:1—4). მაგალითად, მატერიალური ნივთების სახით უხვად გასცემდა მოწყალებას [ელეემოსინეს ერთ-ერთი ფორმა] ქურციკი (სქ. 9:36, 39), აგრეთვე კორნელიუსი, რომლის მოწყალება და ლოცვები ღმერთმა გაიხსენა და შეისმინა (სქ. 10:2, 4, 31). იესოს ნათქვამის თანახმად ფარისევლების უბედურება ის იყო, რომ ისინი მოწყალებად შინაგანს არ გასცემდნენ (ლკ. 11:41). ასე რომ, ნამდვილი მოწყალება გულიდან უნდა იყოს გაღებული.
იესო და მისი მოწაფეები იმით იყვნენ ცნობილი, რომ მოწყალებით გასცემდნენ სულიერ ძღვენს, რაც მატერიალურ ნივთებზე ბევრად ძვირფასია (შდრ. ინ. 6:35; სქ. 3:1—8). ქრისტიანული კრების წევრებმა, განსაკუთრებით კი „მწყემსებმა“ (1პტ. 5:1, 2) უნდა განივითარონ ეს თვისება. წყალობა, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი, მათ ხალისით უნდა გაიღონ და არა უგულოდ (რმ. 12:8). კრების ზოგიერთი წევრი შეიძლება რწმენაში მოსუსტდეს და სულიერად დაავადდეს; არც ის არის გამორიცხული, რომ ეჭვებს აჰყვეს, და რადგან ასეთებს სულიერი სიკვდილი ემუქრებათ, თანამორწმუნეებმა არ უნდა შეწყვიტონ მათდამი წყალობის გამოვლენა, რათა იქნებ, როგორმე დაღუპვას გადაარჩინონ. ამავე დროს, ქრისტიანებმა უნდა იფრთხილონ, რომ თავი არ ჩაიგდონ განსაცდელში მათ გამო, ვინც არასწორად იქცევა. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სიმართლის სიყვარულთან ერთად უნდა სძულდეთ ბოროტება. ასე რომ, წყალობის გაცემა ბოროტების შეწყნარებას როდი ნიშნავს (იუდ. 22, 23; შდრ. 1ინ. 5:16, 17; იხ. ᲛᲝᲬᲧᲐᲚᲔᲑᲐ).
გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე. მოწაფე იაკობი წერდა: „ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება. გულმოწყალება კი იმარჯვებს გასამართლებაზე“ (იაკ. 2:13). ამ მუხლის წინამავალ კონტექსტში იაკობი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე საუბრობს და მასში აერთიანებს გასაჭირში მყოფთა მიმართ წყალობით მოპყრობასა და მიუკერძოებლობას, რაც გამორიცხავს მდიდრების მიმართ განსაკუთრებულ მოპყრობას და ღარიბთა უგულებელყოფას (იაკ. 1:27; 2:1—9). მისი შემდგომი მსჯელობაც ამას უკავშირდება. ის საუბრობს იმ და-ძმების საჭიროებებზე, რომლებიც „შიშვლები არიან და დღიური საზრდო არა აქვთ“ (იაკ. 2:14—17). აქედან გამომდინარე, იაკობის ნათქვამი შეგვიძლია იმას დავუკავშიროთ, რაც იესომ თქვა, კერძოდ: გულმოწყალენი შეწყალებული იქნებოდნენ (მთ. 5:7; შდრ. მთ. 6:12; 18:32—35). გასამართლების დღეს ღმერთი იმათ შეიწყალებს, ვინც გაჭირვებულთ სწყალობდა, ანუ სიბრალულსა და თანაგრძნობას იჩენდა და აქტიურად ეხმარებოდა მათ. შედეგად მათი გულმოწყალება გაიმარჯვებს მათთვის წაყენებულ ნებისმიერ მძიმე ბრალდებაზე. „იგავებში“ ვკითხულობთ: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“ (იგ. 19:17). გულმოწყალების შესახებ მოწაფე იაკობის მსჯელობას ბიბლიის სხვა მუხლებიც ეხმიანება (შდრ. იობ. 31:16—23, 32; ფს. 37:21, 26; 112:5; იგ. 14:21; 17:5; 21:13; 28:27; 2ტმ. 1:16, 18; ებ. 13:16).
მღვდელმთავრის გულმოწყალება. ებრაელებისთვის მიწერილ წერილში განხილულია ის მიზეზები, რის გამოც იესო, აარონის შტოს მღვდლებზე ბევრად აღმატებული მღვდელმთავარი, უნდა განკაცებულიყო, წამებულიყო და მომკვდარიყო: „მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე, რომ შერიგების მსხვერპლი შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის“ და ვინაიდან „თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (ებ. 2:17, 18). ვიცით რა, როგორი იყო იესო, რას ასწავლიდა და იქმოდა, მისი მეშვეობით შეგვიძლია გაბედულად მივუახლოვდეთ ღმერთს. „ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო. ამიტომ სიტყვაში სითამამით მივუახლოვდეთ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებ. 4:15, 16).
საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება წყალობისა და სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო იესოს მხრიდან. იესო ზეცაში მღვდელმთავრად დანიშვნის შემდეგაც განაგრძობდა გულმოწყალების გამოვლენას. მაგალითად, მან გულმოწყალება გამოიჩინა პავლეს (სავლე) მიმართ, რადგან იცოდა, რომ ეს უკანასკნელი უმეცრებით მოქმედებდა. აი, რას წერდა თავად პავლე: „შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი, რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მასზე აფუძნებს რწმენას მარადიული სიცოცხლისთვის“ (1ტმ. 1:13—16). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესოს მამას, იეჰოვა ღმერთს არაერთხელ გამოუჩენია წყალობა ისრაელის მიმართ — იხსნიდა მათ მტრის ხელიდან, ათავისუფლებდა მჩაგვრელთაგან და მშვიდობასა და კეთილდღეობას აძლევდა, ქრისტიანებს მტკიცედ უნდა სჯეროდეთ, რომ თავისი ძის მეშვეობით ღმერთი მათ მიმართაც გულმოწყალე იქნება. ამიტომ წერდა იუდა: „ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე“ (იუდ. 21). ქრისტეში გამოვლენილი ღვთის შეუდარებელი წყალობა სტიმულს აძლევს ქრისტიანებს, რომ მედგრად და თავგანწირვის სულით განაგრძონ მსახურება (2კრ. 4:1, 2).
ცხოველებისადმი წყალობით მოპყრობა. იგავების 12:10-ში ვკითხულობთ: „მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს, ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა“. მართალმა კაცმა იცის, რა სჭირდება მის პირუტყვს და შესაბამისად ზრუნავს მასზე, უმართლოს კი სულ არ ანაღვლებს მისი მდგომარეობა. ამ მოთავისე და დაუნდობელ ქვეყნიერებაში ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის სარგებელი, რომლის მოტანაც მათ ადამიანებისთვის შეუძლიათ. ის, რასაც ბოროტი ცხოველებზე ზრუნავს ეძახის, ხშირ შემთხვევაში დაუნდობელი მოპყრობაა და სხვა არაფერი (შდრ. დბ. 33:12—14). მართალი, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანი ჰბაძავს ღმერთს, რომელიც ყველა თავის ქმნილებაზე, მათ შორის ცხოველებზეც ზრუნავს (შდრ. გმ. 20:10; კნ. 25:4; 22:4, 6, 7; 11:15; ფს. 104:14, 27; იონ. 4:11).
წყალობა და სიკეთე. ებრაულ რახამიმსა და ბერძნულ ელეოსთან ერთად ხშირად გამოიყენება და მნიშვნელობებით ახლოს დგას ებრაული ხესედ (ფს. 25:6; 69:16; იერ. 16:5; გდ. 3:22) და ბერძნული ქარის (1ტმ. 1:2; ებ. 4:16; 2ინ. 3), რომლებიც სიკეთედ (ერთგული სიყვარული) ითარგმნება. ხესედ რახამიმისგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ხაზგასმას აკეთებს სიკეთის ობიექტისადმი გამოვლენილ თავდადებასა და ერთგულებაზე, მეორე კი — ძლიერ თანაგრძნობასა და სიბრალულზე. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ქარისისა და ელეოსის შესახებ. ქარის მოიაზრებს უანგაროდ და დაუმსახურებლად გაღებულ ძღვენს, და ამგვარად ხაზგასმა კეთდება გამცემის გულუხვობასა და ხელგაშლილობაზე, ელეოს კი აქცენტს აკეთებს გასაჭირში მყოფთა გულმოწყალებით დახმარებაზე. აქედან გამომდინარე, ღმერთმა ქარის (სიკეთე) გამოიჩინა თავისი ძისადმი, როცა „მიანიჭა [ექარისატო] ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ (ფლ. 2:9). ეს სიკეთე ღვთის გულუხვობით იყო ნაკარნახევი და არა სიბრალულით (იხ. ᲡᲘᲙᲔᲗᲔ).