წმინდათაწმინდა
კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის შიდა ოთახი (გმ. 26:33; 1მფ. 6:16). ამ ოთახს, როგორც ჩანს, კუბის ფორმა ჰქონდა, რადგან სიგრძით, სიგანითა და სიმაღლით ათი წყრთა (4,5 მ) იყო. სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდა კარვის წმინდათაწმინდაზე ფართობით ორჯერ დიდი, მოცულობით კი რვაჯერ დიდი იყო (გმ. 26:15, 16, 18, 22, 23; 1მფ. 6:16, 17, 20; 2მტ. 3:8).
წმინდათაწმინდაში მღვდელმთავარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გამოსყიდვის დღეს შედიოდა. წმინდათაწმინდისა და წმინდის გამყოფი ფარდის მიღმა შესვლის უფლება სხვას არავის ჰქონდა (ლვ. 16:2). წმინდათაწმინდის შიდა საფარველსა და ფარდაზე ფერადი ძაფებით ქერუბიმები იყო ამოქარგული (გმ. 26:1, 31, 33). სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდის კედლები და ჭერი კედრისა იყო, ოქროთი მოვარაყებული. კედლები ქერუბიმების, პალმების, გოგრებისა და ყვავილების გამოსახულებებით იყო მოჩუქურთმებული (1მფ. 6:16—18, 29; 2მტ. 3:7, 8).
ცნობილია, რომ გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში სამჯერ შედიოდა. პირველად სამსხვერპლოს ნაკვერჩხლებით სავსე ოქროს საცეცხლური და საკმეველი შეჰქონდა, მეორედ — ხარის სისხლი, ცოდვის შესაწირავი მღვდლებისთვის და მესამედ — თხის სისხლი, ცოდვის შესაწირავი ხალხისთვის (ლვ. 16:11—15; ებ. 9:6, 7, 25). ის ცხოველთა სისხლს აპკურებდა ოქროს კიდობნის წინ, რომლის სახურავზეც ოქროს ქერუბიმები იყო დამაგრებული და რომლის თავზეც იდგა ღრუბელი, როგორც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო (გმ. 25:17—22; ლვ. 16:2, 14, 15). როგორც ჩანს, კარვის ამ შიდა ოთახს ეს ღრუბელი ანათებდა, რადგან იქ სალამპრე არ იდგა.
უდაბნოში, კარავის წმინდათაწმინდის თავზე დღისით ღრუბელი იდგა, ღამით კი — ცეცხლის სვეტი, რომელსაც მთელი ისრაელის ბანაკი ხედავდა (გმ. 13:22; 40:38; რც. 9:15; შდრ. ფს. 80:1).
დაკარგული კიდობანი. როდის და რა პირობებში გაუჩინარდა შეთანხმების კიდობანი, უცნობია. ის ბაბილონელების წაღებული არ უნდა იყოს, რადგან ძვ. წ. 607 წელს განადგურებული და გაძარცული ტაძრის ნივთებს შორის კიდობანი არ არის ნახსენები (2მფ. 25:13—17; ეზრ. 1:7—11). კიდობანი არც ზერუბაბელის და მოგვიანებით არც ჰეროდეს მიერ აღდგენილი დიდებული ტაძრის წმინდათაწმინდაში მდგარა. როცა იესო მოკვდა, წმინდათაწმინდისა და წმინდის გამყოფი სქელი, მძიმე ფარდა ღვთის რისხვის ნიშნად მთლიანად ჩაიხა. წმინდაში მომსახურე მღვდლები დაინახავდნენ, რომ კიდობანი, რომელიც ღვთის იქ ყოფნის სიმბოლო იყო, წმინდათაწმინდაში არ იდგა. ფარდის ორად გახევა იმის ნიშანი იყო, რომ მღვდელმთავრის მიერ გამოსასყიდი მსხვერპლის შეწირვას ფასი მეტად აღარ ჰქონდა და აღარც ლევიანთა მღვდელმსახურება იყო საჭირო (მთ. 27:51; 23:38; ებ. 9:1—15).
სიმბოლური მნიშვნელობით. შეთანხმების კიდობანი შეხვედრის კარვის წმინდათაწმინდაში იდგა. კიდობნის სახურავი, რომელზეც ორი ოქროს ქერუბიმი იყო დამაგრებული, ღვთის ტახტის სიმბოლოს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, წმინდათაწმინდა იეჰოვა ღმერთის ზეციერ სამყოფელს განასახიერებდა. ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნ „ებრაელებში“ ახსნილია, რომ წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავრის წმინდათაწმინდაში შესვლა სიმბოლურ წმინდათაწმინდაში დიდებული მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს შესვლას მოასწავებდა. ის სიმბოლურ წმინდათაწმინდაში მხოლოდ ერთხელ შევიდა ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლით. „ებრაელებში“ ვკითხულობთ: „მეორე განყოფილებაში [წმინდათაწმინდაში] კი მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წელიწადში ერთხელ და ისიც სისხლით, რომელსაც სწირავს თავისთვის და ხალხის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვებისთვის ... ეს კარავი იმ დანიშნული დროის სიმბოლოა, რომელიც უკვე დადგა ... როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ამჟამინდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით, რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი, ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ზეციურის სიმბოლო ამგვარად [მსხვერპლად შეწირული ცხოველის სისხლის პკურებით] განწმენდილიყო, მაგრამ თვითონ ზეციური — ამაზე უკეთესი მსხვერპლით. ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას, რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია, არამედ თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებ. 9:7—12, 23, 24).
ამგვარად, იესო ქრისტემ, დიდებულმა მღვდელმთავარმა მელქისედეკის წესით, შეასრულა ის, რასაც აარონის შტოს მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში შესვლის დროს მხოლოდ სიმბოლურად ასრულებდა (ებ. 9:24). ქრისტეს სულიერი ძმები, მისი თანამემკვიდრეები მხნევდებიან „ებრაელებში“ ჩაწერილი შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ, თავშესაფარში გაქცეულები, დიდად გავმხნევდეთ, რომ ჩავეჭიდოთ ჩვენ წინ მდებარე იმედს. ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა, სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი, იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებ. 6:18—20).
პავლე შემდეგი სიტყვებით მოუწოდებდა ცხებულებს, თავისუფლად მიახლოებოდნენ ღმერთს და უყოყმანოდ ჩაჭიდებოდნენ იმედს: „ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი ხორცით, და რადგან გვყავს დიდი მღვდელი ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ წრფელი გულით და სრული რწმენით, სხურებით გულგაწმენდილნი ბოროტი სინდისისგან და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი. მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა“ (ებ. 10:19—23).