შიმეი
[შესაძლოა შემაიას შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: ისმენს იეჰოვა].
1. გერშონის (გერშომის) მეორე ვაჟი ჩამონათვალში; ლევის შვილიშვილი (გმ. 6:16, 17; რც. 3:17, 18; 1მტ. 6:16, 17). მისგან წარმოიშვა ლევიანთა რამდენიმე საგვარეულო (რც. 3:21—26; 1მტ. 23:7, 10, 11; ზქ. 12:13).
2. რეუბენელი, რომლის შთამომავალი, თავკაცი ბეერაჰი ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერმა (ტიგლათფილესერ III) გადაასახლა (1მტ. 5:1, 4—6).
3. მერარელი ლევიანი (1მტ. 6:29).
4. გერშონელი ლევიანი; ასაფის წინაპარი (1მტ. 6:39, 42).
5. ბენიამინელი, რომლის ცხრა ვაჟი (ან შთამომავალი) საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ იერუსალიმში (1მტ. 8:1, 19—21, 28). სავარაუდოდ, 1 მატიანის 8:13-ში მოხსენიებული შემა, აიალონელთა საგვარეულოს თავკაცი.
6. სიმონელი, ზაქურის ვაჟი; ჰყავდა 16 ვაჟი და 6 ასული (1მტ. 4:24—27).
7. დავითის ერთ-ერთი ძმა (2სმ. 21:21; იხ. შამა №2).
8. გერშონის შთამომავალი ლადანის ხაზით. დავითის მეფობის დროს შიმეის სამი ვაჟი (ან შთამომავალი) ლევიანთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ (1მტ. 23:8, 9).
9. ლევიან მუსიკოსთა მეათე დანაყოფის ხელმძღვანელი. იედუთუნის ვაჟი (1მტ. 25:1, 3, 17).
10. დავითის ვენახების მეთვალყურე, რამათელი კაცი (1მტ. 27:27).
11. მეფე დავითის ერთგული მხარდამჭერი, რომელიც არ მიემხრო ადონიას (1მფ. 1:8). სავარაუდოდ, სწორედ ის დანიშნა მეფე სოლომონმა ბენიამინის ტერიტორიაზე სამეფო კარის სარჩოთი მომმარაგებლად. ელას ვაჟი (1მფ. 4:7, 18).
12. ბენიამინელი სოფელ ბახურიმიდან. საული კარგა ხნის მკვდარი იყო და მის საგვარეულოს მეფობაც წართმეული ჰქონდა, მაგრამ შიმეი, გერას ვაჟი საულის საგვარეულო სახლიდან, მაინც დაბოღმილი იყო დავითზე. დაგროვილი ბრაზი მან დავითზე მაშინ ანთხია, როცა ეს უკანასკნელი თავის ხალხთან ერთად აბესალომს გაექცა იერუსალიმიდან. შიმეი ზეთისხილის მთის აღმოსავლეთით ფერდობს მიუყვებოდა, ქვებს ესროდა და მტვერს აყრიდა მათ და თან დავითს წყევლიდა. აბიშაიმ დავითს შიმეის მოკვლის ნებართვა სთხოვა, მაგრამ დავითი არ დათანხმდა, რადგან სჯეროდა, რომ იეჰოვა შიმეის წყევლას კურთხევით შეცვლიდა (2სმ. 16:5—13).
როცა მდგომარეობა შეიცვალა და დავითი შინ დაბრუნდა, შიმეი ათას ბენიამინელთან ერთად პირველი შეეგება მეფეს, მის წინაშე დაემხო და პატიება სთხოვა. აბიშაიმ კვლავ მოინდომა მისი მოკვლა, მაგრამ დავითმა ამის ნება არ მისცა და დაიფიცა, რომ შიმეის არ მოკლავდა (2სმ. 19:15—23). თუმცა სიკდვილამდე დავითმა სოლომონს დაუბარა, რომ შიმეი სისხლიანი ჭაღარით ჩაეყვანა სამარეში (1მფ. 2:8, 9).
თავისი მეფობის დასაწყისში სოლომონმა მოიხმო შიმეი, იერუსალიმში დაასახლა და ქალაქის დატოვება აუკრძალა. ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში მას სიკვდილი არ ასცდებოდა. შიმეი დაემორჩილა ბრძანებას, მაგრამ სამი წლის შემდეგ ის ქალაქიდან გავიდა გათში გაქცეული ორი მონის დასაბრუნებლად. როცა სოლომონმა ამის შესახებ შეიტყო, შიმეი ბენაიას მოაკვლევინა და ასე აგებინა პასუხი იეჰოვას წინაშე დადებული ფიცის გატეხვისთვის (1მფ. 2:36—46).
13. ლევიანი, ჰემანის შთამომავალი, რომელიც ხიზკიას მეფობის დასაწყისში განიწმინდა და რომელმაც მონაწილეობა მიიღო ტაძრიდან გამოტანილი უწმინდური ნივთების გადაყრაში (2მტ. 29:12, 14—16). შესაძლოა იგივე შემაია №14.
14. ლევიანი; ხიზკიას მეფობის დროს ტაძარში მიტანილი უხვი შესაწირავისა და მეათედის მეთვალყურედ დაყენებული მეორე კაცი (2მტ. 31:11—13). შესაძლოა იგივე შემაია №13.
15. მორდოქაის წინაპარი; ბენიამინელი (ესთ. 2:5).
16. გამგებელ ზერუბაბელის ძმა; დავითის შთამომავალი იუდას ტომიდან (1მტ. 3:19).
17. ერთ-ერთი ლევიანი, რომელმაც თავისი უცხოელი ცოლი გაუშვა შვილებთან ერთად მას შემდეგ, რაც ეზრამ გაკიცხა უცხოელებთან დამოყვრების გამო (ეზრ. 10:10, 11, 23, 44).
18, 19. ორი ებრაელი, ხაშუმის ძე და ბინუის ძე, რომლებმაც თავიანთი უცხოელი ცოლები გაუშვეს თავიანთ ვაჟებთან ერთად (ეზრ. 10:33, 38, 44).