იეჰოვა მმართველობს — თეოკრატიით
„იმეფებს უფალი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 145:10).
1, 2. ა) რატომ განიცადეს ადამიანებმა მარცხი მმართველობაში? ბ) მთავრობის რომელი ერთადერთი ფორმა იყო ნამდვილად წარმატებული?
ნიმროდის დროიდან ადამიანებმა მმართველობის მრავალი ფორმა სცადეს. იყო დიქტატორობა, მონარქია, ოლიგარქია და დემოკრატიის სხვადასხვა ფორმა. იეჰოვამ მრავალი სახის მმართველობა დაუშვა. რადგან ყველა ძალაუფლების ძირითადი წყარო იეჰოვაა, მან დააყენა სხვადასხვა მმართველი სათანადო პოზიციებზე (რომაელთა 13:1). მიუხედავად ამისა, ადამიანთა ძალისხმევამ — მართოს, მარცხი განიცადა. ადამიანთა ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო შეექმნა ხანგრძლივი, სტაბილური და სამართლიანი საზოგადოება. თითოეული მათგანი ძალზე ხშირად ამართლებდა სიტყვებს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა [მისდა, აქ] საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
2 უნდა გაგვაკვირვოს თუ არა ამან? — არა! არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია მართოს საკუთარი თავი. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა . . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამიტომ, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მთავრობა იყო ნამდვილად წარმატებული. რომელი იყო ეს მთავრობა? — თეოკრატია იეჰოვას მმართველობით. ბიბლიური ბერძნულით „თეოკრატია“ ნიშნავს ღმერთის [თე·ოს] მმართველობას [კრა·ტოს]. რომელი მთავრობა შეიძლება იყოს თვით იეჰოვა ღმერთისაზე უკეთესი? (ფსალმუნი 145:10).
3. რა არის დედამიწაზე თეოკრატიის არსებობის ადრინდელი მაგალითი?
3 ვიდრე ადამი და ევა იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ, თეოკრატია მცირე დროით იყო ედემში (დაბადება 3:1-6, 23). აბრაამის დროს თეოკრატია მხოლოდ ქალაქ სალიმში არსებობდა, სადაც მელქისედეკი იყო მეფე და მღვდელი (დაბადება 14:18-20; ებრაელთა 7:1-3). პირველი ეროვნული თეოკრატია კი იეჰოვას ხელმძღვანელობით დამყარდა სინაის უდაბნოში, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-16 საუკუნეში. როგორ მოხდა ეს? და როგორ მოქმედებდა ეს თეოკრატიული მთავრობა?
თეოკრატიის დაბადება
4. როგორ ჩამოაყალიბა იეჰოვამ ისრაელი თეოკრატიულ ეროვნებად?
4 იეჰოვამ ისრაელი ერი ეგვიპტის მონობისაგან დაიხსნა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1513 წელს, ხოლო ფარაონის ჯარი ისრაელებს რომ დაედევნა, წითელ ზღვაში განადგურდა. შემდეგ კი, ისრაელი მიიყვანა სინაის მთასთან. როდესაც მთასთან დაბანაკდნენ, იეჰოვამ მოსეს მეშვეობით უთხრა მათ: „თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან“. ისრაელებმა უპასუხეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამოსვლა 19:4, 5, 8). კავშირი დაიდო და ისრაელის თეოკრატიული ერი დაიბადა (მეორე რჯული 26:18, 19).
5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა მართავდა ისრაელს?
5 როგორ მართავდა ისრაელებს იეჰოვა, რომელიც უხილავია ადამიანთა თვალებისათვის? (გამოსვლა 33:20). მმართველობის მიზნით იეჰოვამ ერს მისცა კანონები და სამღვდელოება. ის, ვინც ემორჩილებოდა კანონებს და თაყვანისცემას ღვთიური განაწესის მიხედვით ასრულებდა, ემორჩილებოდა დიდებულ თეოკრატს, იეჰოვა ღმერთს. დამატებით, მღვდელმთავარს ჰქონდა ურიმი და თუმიმი, რომლის მეშვეობითაც, კრიტიკული მდგომარეობის დროს, იეჰოვა მმართველობდა ისრაელებს (გამოსვლა 28:29, 30). მოგვიანებით, კვალიფიცირებული უხუცესი მამაკაცები იყვნენ იეჰოვას წარმომადგენლები თეოკრატიაში, ისინი თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ სრულდებოდა ღმერთის კანონები. თუ ჩვენ განვიხილავთ ამ მამაკაცების ზოგიერთ მაგალითს, უკეთ გავიგებთ, თუ როგორ უნდა დაემორჩილონ ადამიანები ღმერთის მმართველობას.
თეოკრატიული ხელისუფლება
6. რატომ იყო ადამიანებისათვის ძნელი, თეოკრატიაში ჰქონოდათ ძალაუფლება და როგორი მამაკაცები იყვნენ საჭირო ამ პასუხისმგებლობისათვის?
6 ისინი, რომლებიც ისრაელში ხელისუფლების წევრები იყვნენ, დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ, მაგრამ მათ მოეთხოვებოდათ სიმტკიცე და ძალისხმევა, რომ შეენარჩუნებინათ წონასწორობა. ისინი ძალიან ფრთხილები უნდა ყოფილიყვნენ, რომ მათთვის თავიანთი „მე“ არასოდეს გამხდარიყო იეჰოვას სახელის წმიდადყოფაზე მნიშვნელოვანი. ღმერთის სიტყვები, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ ისევე ჭეშმარიტად იყო ნათქვამი ისრაელებზე, როგორც მთელ კაცობრიობაზე. ისრაელი ჰყვაოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უხუცესებს ახსოვდათ, რომ ისრაელი იყო თეოკრატიული და რომ უნდა შეესრულებინათ არა საკუთარი, არამედ იეჰოვას ნება. ისრაელის ჩამოყალიბების შემდეგ, მოსეს სიმამრმა, ითრომ აღწერა, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ უხუცესები: „მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი“ (გამოსვლა 18:21).
7. რატომ იყო მოსე შესანიშნავი მაგალითი, იმათთვის ვინც იეჰოვას მიერ დაწესებულ ხელისუფლებაში მსახურობს?
7 პირველი, ვინც განახორციელა მაღალი ხელისუფლება ისრაელში, იყო მოსე. ის იყო თეოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლის შესანიშნავი მაგალითი. ერთხელ, მან გამოამჟღავნა ადამიანური არასრულყოფილება. მაგრამ, მოსე ყოველთვის იეჰოვაზე იყო მინდობილი. როდესაც წამოიჭრა საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, მოსე იეჰოვას მითითებას ეძებდა (შეადარე რიცხვნი 15:32-36). როგორ გაუძლო მოსემ ცდუნებას, რომ მაღალი მდგომარეობა პირადი დიდებისათვის არ გამოეყენებინა? მიუხადავად იმისა, რომ წინამძღოლობას უწევდა რამდენიმე მილიონიან ერს, ის „უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). მოსე არ იყო პატივმოყვარე, არამედ იეჰოვას დიდებისათვის ზრუნავდა (გამოსვლა 32:7-14). მოსეს ჰქონდა ძლიერი რწმენა. პავლე მოციქული წერდა, რომ ვიდრე მოსე ისრაელის წინამძღოლი გახდებოდა „იგი, თითქოს უხილავს ხედავდა, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). მოსეს არასოდეს დავიწყებია, რომ ისრაელის ნამდვილი მმართველი იყო იეჰოვა (ფსალმუნი 89:1, 2). რა შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი დღისათვის!
8. რა დავალება მისცა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს და რატომ არის ეს დავალება საყურადღებო?
8 როდესაც მოსესათვის ისრაელების ზედამხედველობა ძალზე მძიმე აღმოჩნდა, იეჰოვამ თავისი სული მისცა 70 უხუცესს, რომლებიც მოსეს დაეხმარებოდნენ ხალხის გასამართლებაში (რიცხვნი 11:16-25). შემდგომ წლებში, ყოველ ქალაქს უნდა ჰყოლოდა უხუცესები (შეადარე მეორე რჯული 19:12; 22:15-18; 25:7-9). მოსეს სიკვდილის შემდეგ, იეჰოვამ ისრაელების წინამძღოლად დააყენა იესო ნავეს ძე. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა იესო ნავეს ძეს ამ უპირატესობით. მიუხედავად ამისა, არასოდეს არ უნდა უგულებელყო ის, რაც იეჰოვამ უთხრა: „ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია“ (იესო ნავეს ძე 1:8). დაუფიქრდი, მიუხედავად იმისა, რომ იესო ნავეს ძე 40 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა იეჰოვას, მას გამუდმებით უნდა ეკითხა კანონი. ჩვენც ასევე გვესაჭიროება ბიბლიის შესწავლა, იეჰოვას კანონებისა და პრინციპების გახსენება ჩვენი მსახურების სტაჟისა და უპირატესობების მიუხედავად (ფსალმუნი 118:111, 112).
9. რა მოხდა ისრაელში მსაჯულთა დროს?
9 იესო ნავეს ძის შემდეგ, ისრაელში იყო მსაჯულთა მთელი რიგი. საუბედუროდ, მათ დროს ხშირად „უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში“ (მსაჯულნი 2:11). მსაჯულთა პერიოდის შესახებ ბიბლია წერს: „იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა“ (მსაჯულნი 21:25). თითოეულს ქცევისა და თაყვანისცემის საკუთარი დადგენილება ჰქონდა; ისტორიამ ცხადყო, რომ მრავალი ისრაელიანელი მცდარ გადაწყვეტილებებს ღებულობდა. მათ იწყეს კერპთაყვანისმცემლობა და ხშირად საშინელ დანაშაულობებს სჩადიოდნენ (მსაჯულნი 19:25-30). მაგრამ, ზოგიერთი სამაგალითო რწმენას ამჟღავნებდა (ებრაელთა 11:32-38).
10. რამდენად რადიკალურად შეიცვალა ისრაელის მთავრობა სამუელის დროს და რამ მიიყვანა ამისაკენ?
10 ბოლო მსაჯულის, სამუელის ცხოვრების დროს ისრაელმა მმართველობის კრიზისი განიცადა. მტრულად განწყობილი ერების ზეგავლენით, რომლებიც მის ახლომდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და რომელთაც მეფეები მართავდნენ, ისრაელებმა წამოაყენეს საკითხი, რომ საჭიროებდნენ მეფეს. მათ დაავიწყდათ, რომ უკვე ჰყავდათ მეფე და რომ მათი მთავრობა იყო თეოკრატიული. იეჰოვამ უთხრა სამუელს: „შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (პირველი მეფეთა 8:7). ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ რაოდენ იოლია ქვეყნიერების ზეგავლენით დაკარგო სულიერი თვალსაზრისი (შეადარე 1 კორინთელთა 2:14-16).
11. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი კვლავ თეოკრატიული იყო, იმის მიუხედავად, რომ შეიცვალა მთავრობა და მმართველობდნენ მეფეები? ბ) რა დავალება მისცა იეჰოვამ ისრაელის მეფეებს და რა მიზნით?
11 იეჰოვა დათანხმდა ისრაელების მოთხოვნას და აირჩია პირველი ორი მეფე, საული და დავითი. ისრაელმა გააგრძელა თეოკრატიულად, იეჰოვას მმართველობით, ცხოვრება. თითოეულ მეფეს უნდა ხსომებოდა, რომ დავალებული ჰქონდა გაეკეთებინა კანონის პირადი ეგზემპლარი და ყოველდღიურად ეკითხა იგი: „რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს“ (მეორე რჯული 17:19, 20). დიახ, იეჰოვას სურდა, რომ მის თეოკრატიაში ძალაუფლების მქონეებს არ განედიდებინათ საკუთარი თავი, არამედ თავიანთი მოქმედებებით იეჰოვას კანონები აესახათ.
12. როგორი რეპუტაცია დაიმსახურა დავითმა თავისი ერგულებით?
12 დავით მეფეს ჰქონდა იეჰოვასადმი გამოჩენილი რწმენა და ამიტომაც აღუთქვა ღმერთმა, რომ დავითი იქნებოდა მეფეთა დინასტიის მამა, რომელიც მარადიულად იმეფებდა (მეორე მეფეთა 7:16; მესამე მეფეთა 9:5; ფსალმუნი 88:30). იეჰოვასადმი დავითის თავმდაბლური მორჩილება მიბაძვის ღირსია. მან თქვა: „უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად“ (ფსალმუნი 20:2). თუმცა, დავითი ხორციელი სისუსტის გამო ხანდახან ცდებოდა, მაგრამ როგორც წესი, თავის თავს კი არა, არამედ იეჰოვას ძლიერებას ენდობოდა.
არათეოკრატიული საქმეები და პოზიციები
13, 14. რა იყო დავითის შემდგომი მეფეების ზოგიერთი არათეოკრატიული მოქმედებები?
13 ისრაელის ყველა წინამძღოლი არ იყო დავითისა და მოსეს მსგავსი. უმეტესობა თეოკრატიული წესისადმი უპატივცემულობას ამჟღავნებდა და ნებას რთავდა ისრაელში კერპთაყვანისმცემლობას. თვით ზოგიერთი ერთგული მმართველიც კი ხანდახან არათეოკრატიულად იქცეოდა. ძალზე ტრაგედიულია სოლომონის შემთხვევა, რომელიც დაჯილდოებული იყო დიდი სიბრძნითა და სიმდიდრით (მესამე მეფეთა 4:25, 29). ის არ მიჰყვა იეჰოვას კანონებს, დაქორწინდა მრავალ ქალზე და ისრაელში კერპთაყვანისმცემლობა დაუშვა. როგორც ჩანს, სოლომონის მეფობის ბოლო წლები იყო დესპოტური (მეორე რჯული 17:14-17; მესამე მეფეთა 11:1-8; 12:4).
14 სოლომონის ძეს, რობოამს თავისმა მორჩილებმა სთხოვეს, რომ შეემსუბუქებინა მათთვის ტვირთი. იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა მშვიდად გაეანალიზებინა, რობოამმა თავისი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა — და ისრაელის 12 ტომიდან დაკარგა 10 (მეორე ნეშტთა 10:4-17). დანარჩენი ათი ტომის პირველი მეფე იყო იერობოამი. იმისათვის, რომ უზრუნველეყო თავისი სახელმწიფოს გათიშვა ნათესავ ერთან, რათა აღარასოდეს შეერთებოდა მას, იერობოამმა შემოიღო ხბოსადმი თაყვანისმცემლობა. ეს, შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით ჭკვიანური ნაბიჯი იყო, მაგრამ ამან აშკარად ცხადყო თეოკრატიის უგულებელყოფა (მესამე მეფეთა 12:26-30). მოგვიანებით, მეფე ასამ მრავალწლიანი ერთგული მსახურების შემდეგ, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში, გამოამჟღავნა ამპარტავნობა, რითაც ჩირქი მოსცხო თავის სახელს. ასა სასტიკად მოექცა იეჰოვას მიერ რჩევის მისაცემად გაგზავნილ წინასწარმეტყველს (მეორე ნეშტთა 16:7-11). დიახ, თვით დიდი ხნის ერთგული მსახურებიც ზოგჯერ საჭიროებენ რჩევას.
თეოკრატიის დასასრული
15. რატომ არ შეესაბამებოდნენ თეოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნილებებს იუდეველი წინამძღვრები მაშინ, როდესაც იესო დედამიწაზე იყო?
15 როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იყო, ისრაელში ჯერ კიდევ არსებობდა თეოკრატია. მაგრამ, სამწუხაროდ, ისრაელში პასუხისმგებელ უხუცესთაგან უმრავლესობა არ იყო სულიერად მოაზროვნე. ისინი არ ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ თვინიერნი, როგორც მოსე, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თვინიერებით. იესომ მიუთითა მათ სულიერ ხრწნაზე, როდესაც თქვა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამრიგად, ყოველივე, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ“ (მათე 23:2, 3).
16. როგორ ცხადყვეს პირველ საუკუნეში იუდეველთა წინამძღვრებმა, რომ პატივს არ სცემდნენ თეოკრატიას?
16 იმის შემდეგ, რაც იესო გადასცეს პონტოელ პილატეს, იუდეველმა წინამძღვრებმა ცხადყვეს, თუ რამდენად შორს იყვნენ თეოკრატიული მორჩილებისაგან. პილატემ დაკითხა იესო და დაასკვნა, რომ იესო უდანაშაულო იყო. როდესაც იესო იუდეველთა წინაშე გაიყვანეს, პილატემ თქვა: „აი თქვენი მეფე“. ხოლო როდესაც იუდევლებმა ყვირილით მოითხოვეს იესოს სიკვდილით დასჯა, პილატემ იკითხა: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მღვდლებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა“ (იოანე 19:14, 15). მათ კეისარი აღიარეს მეფედ, და არა იესო, რომელიც ‘უფლის [იეჰოვას, აქ] სახელით იყო მოსული’ (მათე 21:9).
17. რატომ აღარ იყო ისრაელი თეოკრატიული ერი?
17 იესოს უარყოფით, იუდევლებმა უარყვეს თეოკრატია, რადგან იესო დანიშნული იყო მომავალი თეოკრატიული წყობის მთავარ ფიგურად. იესო იყო სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, დავითის ძე, რომელსაც მარადიულად უნდა ემეფა (ესაია 9:6, 7; ლუკა 1:33; 3:23, 31). ამრიგად, ხორციელი ისრაელი აღარ იყო ღმერთის რჩეული ხალხი (რომაელთა 9:31-33).
ახალი თეოკრატია
18. რომელი ახალი თეოკრატია დაიბადა პირველ საუკუნეში? განმარტე.
18 ღმერთის მიერ ისრაელის უარყოფა არ ნიშნავდა დედამიწაზე თეოკრატული წყობის დასასრულს. იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ ჩამოაყალიბა ახალი თეოკრატია. ეს იყო ცხებულ ქრისტიანთა კრება, რომელიც, ფაქტიურად, ახალი ერი იყო (1 პეტრე 2:9). პავლე მოციქულმა მათ უწოდა ‘ღმერთის ისრაელი’, რომელის წევრებიც მოსულები იყვნენ „ყოველი ტომისა და ენისაგან და ხალხისა და ერისაგან“ (გალატელთა 6:16; გამოცხადების 5:9, 10). იმ დროს, როდესაც ემორჩილებოდნენ იმ ქვეყნის ადამიანთა ხელისუფლებებს, რომელშიც ცხოვრობდნენ, ახალი თეოკრატიის წევრებს, სინამდვილეში, ღმერთი მმართველობდა (1 პეტრე 2:13, 14, 17). ახალი თეოკრატიის დაბადების შემდეგ ხორციელი ისრაელის წინამძღვრები მაშინვე ცდილობდნენ აეძულებინათ მოწაფეები, რომ არ შეესრულებინათ ქრისტეს დავალება. რა იყო პასუხი? „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვმორჩილებდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმე 5:29). ჭეშმარიტად, თეოკრატიული თვალსაზრისია!
19. რატომ შეიძლება პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებას ეწოდოს თეოკრატიული?
19 როგორ ფუნქციონირებდა ახალი თეოკრატია? მეფედ, იეჰოვა ღმერთის წარმომადგენლად, დანიშნული იყო იესო ქრისტე (კოლასელთა 1:13). მიუხედავად იმისა, რომ მეფე იყო უხილავი, ზეცაში მისი მმართველობა ღმერთის ერთგული ადამიანებისათვის იყო რეალური და მისი სიტყვა მართავდა მათ ცხოვრებას. ხილულ ზედამხედველებად დანიშნულნი იყვნენ სულიერად კვალიფიცირებული უხუცესები. იერუსალიმში ასეთ უხუცესთა ჯგუფი ფუნქციონირებდა, როგორც ხელმძღვანელი კორპორაცია. ამ კორპორაციის წარმომადგენლები იყვნენ მიმოსვლითი უხუცესები; პავლე, ტიმოთე და ტიტე. ყოველი კრებისათვის ზრუნავდნენ კორპორაციის უფროსი მამაკაცები, ანუ უხუცესები (ტიტე 1:5). როდესაც რთული პრობლემა წამოიჭრებოდა, უხუცესები რჩევას ეკითხებოდნენ ხელმძღვანელ კორპორაციას, ან მის ერთერთ წარმომადგენელს, მაგალითად, პავლეს (შეადარე საქმე 15:2; 1 კორინთელთა 7:1; 8:1; 12:1). გარდა ამისა, კრების ყოველი წევრი მონაწილეობას ღებულობდა თეოკრატიის მხარდაჭერაში. ყოველი მათგანი პასუხისმგებელი იყო იეჰოვას წინაშე, რომ ბიბლიური პრინციპები თავიანთ ცხოვრებაში გამოეყენებინათ (რომაელთა 14:4, 12).
20. რა შეიძლება ითქვას მოციქულთა შემდგომი პერიოდის თეოკრატიაზე?
20 პავლე იძლეოდა გაფრთხილებას, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ განვითარდებოდა განდგომილება, რაც ზუსტად მოხდა (2 თესალონიკელთა 2:3). დროთა განმავლობაში იმათი რიცხვი, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ, გადაიზარდა მილიონებსა და ასობით მილიონებში. მათ ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სახის საეკლესიო მმართველობის ფორმები: იერარქიული, პრესვიტერანული და კონგრეგაციონალური. მაგრამ, ვერც მათმა მოქმედებამ და ვერც რწმენამ ვერ აირეკლა იეჰოვას მმართველობა. ისინი არ იყვნენ თეოკრატიულნი!
21, 22. ა) როგორ აღადგინა იეჰოვამ თეოკრატია უკანასკნელი დღეების დროს? ბ) რა შეკითხვებზე იქნება გაცემული პასუხი მომდევნო სტატიაში?
21 წინასწარმეტყველების თანახმად, ქვეყნიერების ბოლო დღეების დროს მოხდებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანების ცრუ ქრისტიანთაგან გამორჩევა (მათე 13:37-43). ეს მოხდა 1919 წელს, ეს გადამწყვეტი წელი იყო თეოკრატიის ისტორიაში. მაშინ შესრულდა ესაიას 66:8-ის დიდებული წინასწარმეტყველება: „ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად?“ ამ კითხვაზე პასუხი იყო ძალზე ხმამაღლა ნათქვამი — დიახ! 1919 წელს ქრისტიანულმა კრებამ კვლავ იწყო არსებობა როგორც ცალკეულმა „ერმა“. თეოკრატიული „მიწა“, ნამდვილად, ერთ დღეში იშვა! უკანასკნელი დღეების წინსვლისას, ახალი ერის ორგანიზაციის სტრუქტურა შესწორდა პირველ საუკუნეში არსებული ორგანიზაციის სტრუქტურის შესატყვისად (ესაია 60:17). მაგრამ, ორგანიზაცია ყოველთვის იყო თეოკრატიული. რწმენითა და მოქმედებებით ყოველთვის ირეკლავდა ბიბლიის ღვთიურ კანონებსა და პრინციპებს, ყოველთვის ემორჩილებოდა ტახტზე აღზევებულ იესო ქრისტეს (ფსალმუნი 44:18; 71:1, 2).
22 დაკავშირებული ხარ თუ არა ამ თეოკრატიასთან? გიკავია თუ არა თეოკრატიაში საპასუხისმგებლო ადგილი? თუ ეს ასეა, იცი თუ არა, რას ნიშნავს თეოკრატიული მოქმედება? იცი თუ არა, რა ხაფანგს უნდა ერიდო? ბოლო ორი საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[შეგიძლია თუ არა განმარტო?]
□ რა არის თეოკრატია?
□ რა მხრივ იყო ისრაელი თეოკრატიული?
□ რა გაითვალისწინა იეჰოვამ მეფეების შესახსენებლად, რომ ისრაელი თეოკრატიული დარჩენილიყო?
□ რა მხრივ იყო ქრისტიანული კრება თეოკრატიული და როგორ იყო ორგანიზებული?
□ რომელი თეოკრატიული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა თანამედროვე დროს?
[სურათი 24-ე გვერდზე]
პონტოელი პილატეს წინაშე იუდეველთა წინამძღვრებმა კეისარს უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭეს, ვიდრე იეჰოვას მიერ თეოკრატიულად დანიშნულ მეფეს