იყავით თანამგრძნობნი
„შეიმოსეთ მოწყალებით, სახიერებით“ (კოლასელთა 3:12).
1. რატომ საჭიროებენ ადამიანები თანაგრძნობას უფრო მეტად დღეს?
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანები არასდროს საჭიროებდნენ თანაგრძნობას ისე, როგორც დღეს. დაავადებების, შიმშილის, უმუშევრობის, დამნაშავეობის, ომების, ანარქიისა და სტიქიური უბედურებების გამო მილიონობით ადამიანს სჭირდება დახმარება. მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული პრობლემა — კაცობრიობის იმედგაცრუებული სულიერი მდგომარეობა. სატანა, რომელმაც იცის, რომ დრო ცოტა აქვს, ‘აცდუნებს მსოფლიოს’ (გამოცხადება 12:9, 12). ამის შედეგად, სიცოცხლის დაკარგვის საშიშროება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არსებობს, რომლებიც ქრისტიანული კრების გარეთ იმყოფებიან, ხოლო ბიბლია გამორიცხავს მკვდრეთით აღდგენის ნებისმიერ იმედს მათთვის, ვინც ღმერთის მოახლოებული სასამართლოს დღის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება (მათე 25:31–33, 41, 46; 2 თესალონიკელთა 1:6–9).
2. რატომ აყოვნებს იეჰოვა ბოროტების განადგურებას?
2 და მაინც, იეჰოვა ღმერთი ბოლო წუთამდე აგრძელებს სულგრძელობისა და წყალობის გამოვლენას უმადურებისა და ბოროტებისადმი (მათე 5:45; ლუკა 6:35, 36). ის აკეთებს ამას იმავე მიზეზით, რომლითაც ურწმუნო ისრაელი ერის დასჯას აყოვნებდა. „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!“ (ეზეკიელი 33:11).
3. რომელი მაგალითიდან ჩანს, რომ იეჰოვა არა მხოლოდ თავისი ხალხისადმი ავლენს თანაგრძნობას და რას ვსწავლობთ აქედან?
3 იეჰოვამ, აგრეთვე, ბოროტი ნინევიელებისადმი გამოავლინა თანაგრძნობა. მან გაგზავნა თავისი წინასწარმეტყველი იონა, რომ გაეფრთხილებინა ისინი მოახლოებული განადგურების შესახებ. ნინევიელები დადებითად გამოეხმაურნენ იონას ქადაგებას და მოინანიეს. ამ ფაქტმა აღძრა თანამგრძნობი ღმერთი, იეჰოვა, არ გაენადგურებინა ქალაქი იმ პერიოდში (იონა 3:10; 4:11). თუ ღმერთს შეეცოდა ნინევიელები, რომელთაც მკვდრეთით აღდგენის შესაძლებლობა ექნებოდათ, რამდენად უფრო უნდა ებრალებოდეს ადამიანები, რომლებიც დღეს სამუდამო განადგურების წინაშე დგანან! (ლუკა 11:32).
თანაგრძნობის გამომხატველი შეუდარებელი მოღვაწეობა
4. დღეს როგორ ავლენს თანაგრძნობას იეჰოვა ადამიანებისადმი?
4 თავისი თანამგრძნობი პიროვნების თანახმად, იეჰოვამ უფლებით აღჭურვა თავისი მოწმეები, რომ ემცნოთ მოყვასისთვის „კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14, აქ). ხოლო როცა ადამიანები მადლიერებით ხვდებიან სიცოცხლის გადამრჩენ მოღვაწეობას, იეჰოვა ხსნის მათ გულებს, რათა ჩასწვდნენ ცნობას სამეფოს შესახებ (მათე 11:25; საქმე 16:14). ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ღმერთს ბაძავენ, თანაგრძნობას იმით ავლენენ, რომ განმეორებით მიდიან დაინტერესებულ პიროვნებებთან და სადაც შესაძლებელია, ბიბლიის შესწავლის ჩატარებით ეხმარებიან მათ. ამრიგად, 1993 წელს, 231 ქვეყანაში მცხოვრებმა ოთხ მილიონ-ნახევარზე მეტმა იეჰოვას მოწმემ კარდაკარ ქადაგებასა და მოყვასთან ბიბლიის საშინაო შესწავლაში ერთ მილიარდზე მეტი საათი გაატარა. თავის მხრივ, ამ ახალ დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, თავიანთი ცხოვრება მიუძღვნან იეჰოვას და შეუერთდნენ მონათლული მოწმეების რიგებს. აგრეთვე, ამით ისინი იღებენ პასუხისმგებლობას თანაგრძნობის გამომხატველ შეუდარებელ მოღვაწეობაში მონაწილეობაზე იმ მომავალი მოწაფეების სასარგებლოდ, რომლებიც ჯერ ჩაბმული არიან სატანის მომაკვდავ ქვეყნიერებაში (მათე 28:19, 20; იოანე 14:12).
5. როდესაც ღვთიური თანაგრძნობა მიაღწევს თავის საზღვარს, რა დაემართება რელიგიებს, რომლებიც არასწორ წარმოდგენას ქმნიან ღმერთზე?
5 მალე იეჰოვა იმოქმედებს, როგორც ‘მეომარი’ (გამოსვლა 15:3). თავისი სახელისა და ხალხისადმი თანაგრძნობის გამო ის მოაშორებს ბოროტებას და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 პეტრე 3:13). ღმერთის რისხვის დღეს უპირველესად ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები დაექვემდებარებიან განაჩენს. როგორც იერუსალიმში მდებარე საკუთარი ტაძარი არ დაიცვა ღმერთმა ბაბილონის მეფის ხელიდან, ასევე არ დაინდობს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც არასწორ წარმოდგენას ქმნიან მასზე. ღმერთი აღძრავს გაეროს წევრებს, გააპარტახონ ქრისტიანული სამყარო და ცრუ რელიგიის ყველა სხვა ფორმა (გამოცხადება 17:16, 17). „მეც ასე მოვიქცევი, — აცხადებს იეჰოვა, — არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე მოვაქცევ მათსავე საქმეებს“ (ეზეკიელი 9:5, 10).
6. რომელი მოქმედებებით ავლენენ თანაგრძნობას იეჰოვას მოწმეები?
6 სანამ დრო არის, იეჰოვას მოწმეები აგრძელებენ მოყვასისადმი თანაგრძნობის გამოვლენას იმით, რომ გულმოდგინედ ქადაგებენ ღმერთის ცნობას გადარჩენის შესახებ. ამავე დროს, რასაკვირველია, სადაც შესაძლებელია, ისინი მატერიალურ დახმარებასაც უწევენ ადამიანებს. თუმცა, უპირველესად, ისინი პასუხისმგებლები არიან, გაუწიონ ასეთი დახმარება ოჯახის წევრებსა და თანამორწმუნეებს (გალატელთა 6:10; 1 ტიმოთე 5:4, 8). თანაგრძნობის გამოვლენის გასაოცარ მაგალითებს წარმოადგენს დახმარება, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა მრავალჯერ აღმოუჩინეს თანამორწმუნეებს, რომლებმაც სხვადასხვა უბედურებები განიცადეს. მაგრამ ქრისტიანები არ უნდა ელოდონ კრიტიკულ მომენტებს, რომ გამოავლინონ თანაგრძნობა. ისინი დაუყოვნებლივ ამჟღავნებენ ამ თვისებას ყოველდღიური ცხოვრების კარგ და ცუდ შემთხვევებში.
ახალი პიროვნების თვისება
7. ა) როგორი კავშირი აქვს ახალ პიროვნებასთან კოლასელთა 3:8–13-ში მოხსენიებულ თანაგრძნობას? ბ) რაში ეხმარება თანაგრძნობა ქრისტიანებს?
7 მართალია, რომ ჩვენი ცოდვილი არსება და სატანის ქვეყნიერების ცუდი ზეგავლენა აბრკოლებს თანაგრძნობის გამოვლენას. ზუსტად ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია, მოვიშოროთ „რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა. . . ბილწსიტყვაობა“. ნაცვლად ამისა ის გვირჩევს ‘შევიმოსოთ ახალი [პიროვნება]’, რომელიც ღმერთის პიროვნებას შეესაბამება. უპირველესად, ჩვენ მოწოდებული ვართ შევიმოსოთ „მოწყალებით [თანაგრძნობით, აქ], სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით“. შემდეგ ბიბლია გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვავლინოთ ეს თვისებები ცხოვრებაში. „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვისმეს: როგორც ქრისტემ [იეჰოვამ, აქ] მოგიტევათ, ისევე თქვენც“. პატიება უფრო გაგვიადვილდება, თუ ჩვენი ძმებისადმი ‘თანაგრძნობას’ განვავითარებთ (კოლასელთა 3:8–13).
8. რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს მიმტევებელი სული?
8 სხვა მხრივ, თანაგრძნობით გამოხატული პატიების მხედველობიდან გამოტოვება საფრთხეში აგდებს ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან. იესომ დამაჯერებლად გვიჩვენა ეს იგავში ულმობელი მონის შესახებ, რომლის ბატონმა გადასცა ის საპყრობილეში „ვიდრე მთელ თავის ვალს გადაუხდიდა“. მონამ დაიმსახურა ასეთი მოპყრობა, რადგან უგულოდ მოიქცა, როცა არ გამოავლინა თანაგრძნობა თანამონის მიმართ, რომელიც შეწყალებას ევედრებოდა. იესომ იგავი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“ (მათე 18:34, 35).
9. როგორ არის დაკავშირებული თანაგრძნობა ახალი პიროვნების უმნიშვნელოვანეს მხარესთან?
9 თანაგრძნობის უნარი სიყვარულის მნიშვნელოვანი მხარეა. ხოლო სიყვარული არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშან-თვისება (იოანე 13:35). ამიტომ, ახალი პიროვნების აღწერისას ბიბლია აკეთებს დასკვნას: „ყოველივე ამაზე მეტად — [შეიმოსეთ] სიყვარულით, რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა“ (კოლასელთა 3:14).
შური — თანაგრძნობის დამაბრკოლებელი თვისება
10. ა) რის შედეგად შეუძლია შურს, ფესვები გაიდგას ჩვენს გულში? ბ) რომელი ცუდი შედეგები მოჰყვება შურს?
10 ჩვენი ცოდვილი არსების გამო შურს ადვილად შეუძლია ფესვები გაიდგას ჩვენს გულში. შესაძლოა, ჩვენგან განსხვავებით, რომელიმე ძმა ან და დაბადებიდან დაჯილდოებულია ნიჭით ან აქვს მატერიალური სიმდიდრე, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ან, შესაძლოა, ვინმემ მიიღო განსაკუთრებული სულიერი კურთხევები და უპირატესობები. შევძლებთ კი თანაგრძნობის გამოვლენას იმ ადამიანებისადმი, ვისიც გვშურს? ალბათ, ვერ შევძლებთ. ნაცვლად ამისა, შურით აღსავსე გრძნობებს შეუძლია საბოლოოდ თავი იჩინოს კრიტიკულ საუბარში ან ბოროტ მოქმედებებში, ამიტომ, ადამიანების შესახებ იესომ თქვა: „გულის სიუხვის მიხედვით მეტყველებს მისი პირი“ (ლუკა 6:45). ასეთ კრიტიკას, შესაძლოა, სხვებიც შეუერთდნენ. ამის გამო ოჯახის ან ღმერთის ხალხის კრების სიმშვიდე შეიძლება დაირღვეს.
11. როგორ ჩაიხშო თანაგრძნობა თავის გულში იოსების ათმა ძმამ და რა მოჰყვა ამას შედეგად?
11 ყურადღება მიაქციე, თუ რა მოხდა ერთ დიდ ოჯახში. იაკობის ათ უფროს ვაჟს განუვითარდა შური თავიანთი უმცროსი ძმის, იოსების მიმართ, რადგან ის მამის საყვარელი შვილი იყო. ამის შედეგად ისინი „ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად“. მოგვიანებით იოსები კურთხეული იყო ღვთიური სიზმრებით, რომლებიც ამტკიცებდა მისადმი იეჰოვას კეთილგანწყობილებას. ამის გამო ძმებმა „უფრო შეიძულეს იგი“. რადგან მათ არ ამოძირკვეს შური თავიანთი გულიდან, ამან ჩაახშო მათი თანაგრძნობა და სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანა (დაბადება 37:4, 5, 11).
12, 13. რა უნდა ვაკეთოთ, როცა ჩვენს გულში იბადება შურით აღსავსე გრძნობები?
12 მათ შეუბრალებლად გაყიდეს იოსები მონობაში. თავიანთი მცდარი მოქმედება რომ დაეფარათ, მათ აფიქრებინეს მამას, რომ იოსები მხეცმა დაგლიჯა. განვლო წლებმა და როცა შიმშილმა აიძულა, საკვების საყიდლად ეგვიპტეში ჩასულიყვნენ, მათი ცოდვა გამომჟღავნდა. საკვების გამანაწილებელმა დაადანაშაულა ისინი ჯაშუშობაში და უთხრა, რომ აღარ მიემართათ დახმარებისთვის, სანამ თავიანთ უმცროს ძმას, ბენიამინს, არ მოიყვანდნენ, ხოლო მათ ვერ იცნეს, რომ ეს იოსები იყო. ამ დროს მათი მამის საყვარელი შვილი იყო ბენიამინი და მათ იცოდნენ, რომ იაკობი არ მოინდომებდა მის გაშვებას.
13 როცა იდგნენ იოსების წინაშე, მათმა სინდისმა აღიარებინა: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი“ (დაბადება 42:21). თანაგრძნობის და ამავე დროს სიმტკიცის გამოვლენით, იოსები დაეხმარა ძმებს მათი სინანულის გულწრფელობის დამტკიცებაში. შემდეგ მან უთხრა ვინ იყო და დიდსულოვნად მიუტევა. ოჯახის ერთიანობა აღდგა (დაბადება 45:4–8). ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, ეს შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს. რადგან გვესმის, რომ შურს ცუდი შედეგები მოჰყვება, ჩვენ უნდა ვილოცოთ იეჰოვასადმი, რომ დაგვეხმაროს, შევცვალოთ შურით აღსავსე გრძნობები ‘თანაგრძნობით’.
თანაგრძნობის სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები
14. რატომ უნდა მოვერიდოთ ძალადობისადმი ინტერესის გამოვლენას?
14 გარდა ამისა, თანაგრძნობის გამოვლენას შეიძლება აბრკოლებდეს ინტერესი ძალადობისადმი. სპორტის მრავალი სახეობა და გართობები, რომელთაც ძალადობა ახასიათებს, სისხლის ღვრისადმი წადილს აღვივებენ. ბიბლიურ დროში წარმართები რეგულარულად უყურებდნენ გლადიატორების შეჯიბრებებსა და ადამიანთა წვალების სხვა სახეობებს, რომლებიც რომის იმპერიის მოედნებზე ტარდებოდა. ერთ-ერთი ისტორიკოსის გამონათქვამის თანახმად, ასეთი გართობები „ახშობდნენ სიბრალულს წამების მიმართ, სიბრალულს, რომელიც განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან“. დღევანდელ ქვეყნიერებაში გართობების უმეტეს ნაწილს იგივე გავლენა აქვს. ქრისტიანებმა, რომლებიც ცდილობენ იყვნენ თანამგრძნობნი, ყურადღებით უნდა აირჩიონ წასაკითხი მასალა, ფილმები და სატელევიზიო პროგრამები. ისინი ბრძნულად იქცევიან, თუ ახსოვთ ფსალმუნის 10:5-ში ჩაწერილი სიტყვები: „ძალადობის მოყვარული სძულს [იეჰოვას] სულს“.
15. ა) როგორ შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს თანაგრძნობის უნარი? ბ) როგორ რეაგირებენ ქრისტიანები თანამორწმუნეებისა და მოყვასის საჭიროებებზე?
15 თანაგრძნობის უქონლობა, შეიძლება, აგრეთვე, ეგოისტ ადამიანებსაც ახასიათებდეს. მოციქული იოანე აღწერს, თუ რამდენად სერიოზულია ეს: „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?“ (1 იოანე 3:17). მსგავსად ამისა, იესოს იგავში გულმოწყალე სამარიელის შესახებ თანაგრძნობა არ გამოიჩინეს საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა მღვდელმა და ლევიანმა. როცა პირველებმა თავისი ცოცხალ-მკვდარი იუდეველი ძმის გაჭირვებული მდგომარეობა დაინახეს, გადავიდნენ გზის მეორე მხარეზე და გააგრძელეს გზა (ლუკა 10:31, 32). ამის საპირისპიროდ, თანამგრძნობი ქრისტიანები მაშინვე ეხმაურებიან თავიანთი ძმების მატერიალურ და სულიერ გაჭირვებას. და როგორც იესოს იგავში წარმოდგენილი სამარიელი, ისინი უცნობების საჭიროებებზეც ზრუნავენ. ამრიგად, ისინი სიხარულით უთმობენ თავიანთ დროს, ენერგიასა და საშუალებებს მოწაფეების მომზადების საქმის წინსვლას. ასეთი მოქმედებით, ისინი ხელს უწყობენ მილიონობით ადამიანის გადარჩენას (1 ტიმოთე 4:16).
თანაგრძნობა ავადმყოფებისადმი
16. რა შეზღუდვებს ვხვდებით დაავადებებთან დაკავშირებით?
16 დაავადებები არასრულყოფილი, მომაკვდავი კაცობრიობის მწარე ხვედრია. არც ქრისტიანები წარმოადგენენ გამონაკლისს და მათი უმრავლესობა არ არის სამედიცინო დარგის სპეციალისტი; მათ არც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, როგორც ამას ადრინდელი ქრისტიანები აკეთებდნენ, რომლებმაც ქრისტესა და მისი მოციქულებისგან მიიღეს ასეთი ძალა. ქრისტეს მოციქულებისა და მათი უშუალო თანამშრომლების სიკვდილის შემდეგ, ასეთი სასწაულებრივი ძალები გაქრა. აქედან გამომდინარე, შეზღუდულია ისეთი ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა, რომლებიც იტანჯებიან ფიზიკური დაავადებების გამო, რომელთა შორის არის ტვინის ფუნქციების დარღვევა და ჰალუცინაციები (საქმე 8:13, 18; 1 კორინთელთა 13:8).
17. რას ვსწავლობთ იობისადმი მოპყრობიდან, რომელიც ავადმყოფობდა და შვილები დაკარგა?
17 ავადმყოფობას ხშირად თან სდევს დეპრესია. მაგალითად, ღმერთის მოშიში იობი ძალიან დასუსტდა საშინელი დაავადებისა და უბედურებების გამო, რომელიც სატანამ დაატეხა (იობი 1:18, 19; 2:7; 3:3, 11–13). მას სჭირდებოდა მეგობრები, რომლებიც თანაგრძნობით მოექცეოდნენ და ‘ანუგეშებდნენ’ (1 თესალონიკელთა 5:14). ამის ნაცვლად, ის მოინახულა სამმა, ეგრეთ წოდებულმა, ნუგეშისმცემელმა, რომლებმაც ნაჩქარევად გამოიტანეს მცდარი დასკვნები. იმის თქმით, რომ უბედურებები მისივე დანაშაულებით იყო გამოწვეული, მათ უფრო გააღრმავეს იობის გულგატეხილობა. თანამგრძნობი ქრისტიანები მოერიდებიან ასეთ შეცდომას, როცა თანამორწმუნეები ავადმყოფობენ ან გულგატეხილები არიან. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ სულ რამდენიმე გულთბილი შეხვედრა უხუცესებთან ან მოწიფულ ქრისტიანებთან, რომლებიც თანაგრძნობით მოუსმენენ, გაუგებენ და სიყვარულით აღსავსე ბიბლიურ რჩევას მისცემენ (რომაელთა 12:15; იაკობი 1:19).
თანაგრძნობა უძლურებისადმი
18, 19. ა) როგორ უნდა ეპყრობოდნენ უხუცესები დასუსტებულ და გზააბნეულ პიროვნებებს? ბ) სამართლებრივი კომიტეტის მოწვევის აუცილებლობაც რომ იყოს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესები თანაგრძნობით ეპყრობოდნენ პიროვნებას, რომელიც შეცდა?
18 განსაკუთრებით თანამგრძნობნი უნდა იყვნენ უხუცესები (საქმე 20:29, 35). ბიბლიაში მოცემულია ბრძანება: „ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება“ (რომაელთა 15:1). არასრულყოფილების გამო ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს (იაკობი 3:2). ‘შეცოდებაში ჩავარდნილი’ ადამიანის მიმართ მოპყრობაში საჭიროა თანაგრძნობის გამოჩენა (გალატელთა 6:1). უხუცესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისევლების მსგავსი, რომლებიც არაგონივრულად იყენებდნენ ღმერთის კანონს.
19 პირიქით, უხუცესები მისდევენ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს თანაგრძნობის გამომხატველ მაგალითებს. მათ ძირითად მოღვაწეობაში შედის ღმერთის ცხვრების საზრდოობა, გამხნევება და გამოცოცხლება (ესაია 32:1, 2). იმის ნაცვლად, რომ უამრავი წესის საშუალებით სცადონ მდგომარეობის გაკონტროლება, ისინი ღმერთის სიტყვის შესანიშნავი პრინციპებისკენ მოუწოდებენ. ამრიგად, უხუცესების მოვალეობა არის თავიანთი ძმების გაძლიერება და მათ გულში სიხარულისა და იეჰოვას გულკეთილობისადმი მადლიერების აღძვრა. თუ თანამორწმუნე უშვებს რაიმე უმნიშვნელო შეცდომას, უხუცესი, ჩვეულებრივ, მოერიდება მის შესწორებას სხვების თანდასწრებით. თუკი საუბარი აუცილებელია, თანაგრძნობა აღძრავს უხუცესს ცალკე გაიყვანოს ის პიროვნება და სხვების დაუსწრებლად განიხილოს პრობლემა (შეადარე მათე 18:15). რაც არ უნდა რთული იყოს ვინმესთან ურთიერთობის დამყარება, უხუცესი უნდა ეპყრობოდეს მოთმინებითა და დახმარების სურვილით. ის არასდროს არ უნდა ეძებდეს მიზეზებს, რომ გარიცხოს ასეთი პიროვნება კრებიდან. სამართლებრივი კომიტეტის მოწვევის აუცილებლობაც რომ იყოს, იმ პიროვნებისადმი, რომელმაც სერიოზული შეცდომა დაუშვა, უხუცესები თანაგრძნობას გამოავლენენ. მათი სიმშვიდე შეიძლება დაეხმაროს პიროვნებას, მოინანიოს (2 ტიმოთე 2:24–26).
20. როდის არის თანაგრძნობის გამოხატვა არასათანადო და რატომ?
20 მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, როცა იეჰოვას მსახური არ უნდა ავლენდეს თანაგრძნობას (შეადარე მეორე რჯული 13:6–9). ქრისტიანისთვის შეიძლება ნამდვილი გამოცდა იყოს, ‘არ იქონიოს კავშირი’ ახლო მეგობართან ან ნათესავთან, რომელიც გარიცხულია კრებიდან. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა არ გამოავლინოს სიბრალული (1 კორინთელთა 5:11–13). ასეთმა სიმტკიცემ შეიძლება აღძრას გზააბნეული პიროვნება, მოინანიოს ცოდვა. გარდა ამისა, სხვა სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ქრისტიანები უნდა მოერიდონ თანაგრძნობის შეუფერებელ გამოვლენას, რომელიც შეიძლება უზნეობამდე მიმყვანი იყოს.
21. რომელ სხვა სფეროებში უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა და რა არის ამაში სასარგებლო?
21 სტატიის მოცულობა არ გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ყველა ის მრავალი სფერო, რომელშიც თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ; მაგალითად, ხანდაზმული ადამიანებისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც ახლობელი დაკარგა ან ურწმუნო მეუღლის მხრიდან დევნას განიცდის. თანაგრძნობა, აგრეთვე, უნდა გამოვავლინოთ უხუცესებისადმი, რომლებიც გულმოდგინედ შრომობენ (1 ტიმოთე 5:17). პატივი ეცით მათ და მხარში ამოუდექით (ებრაელთა 13:7, 17). მოციქულმა პეტრემ დაწერა: „იყავით ყველა. . . შემწყნარებელნი [თანამგრძნობნი, აქ]“ (1 პეტრე 3:8). თუ ყველა საჭირო შემთხვევაში ასე მოვიქცევით, ხელს შევუწყობთ კრების ერთობასა და ბედნიერებას და აღვძრავთ გარეშეებს შეიცნონ ჭეშმარიტება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი მოქმედებით ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს თანამგრძნობ მამას, იეჰოვას.
კითხვები გამეორებისთვის
◻ როგორ ავლენს იეჰოვა თანაგრძნობას ცოდვილი კაცობრიობისადმი?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ თანამგრძნობნი?
◻ რომელი დამაბრკოლებელი პირობები გვიშლის ხელს, გამოვავლინოთ თანაგრძნობა?
◻ როგორ უნდა მოვეპყროთ ავადმყოფებსა და გულგატეხილებს?
◻ განსაკუთრებით, ვინ უნდა ავლენდეს თანაგრძნობას და რატომ?
[სურათი მე-14 გვერდზე]
ინტერესის გამოვლენა ძალადობისადმი, რომელიც, მაგალითად, ტელევიზიით გადმოიცემა, ახშობს თანაგრძნობას.
[სურათები მე-15 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები 231 ქვეყანაში ასრულებენ თანაგრძნობის გამომხატველ შეუდარებელ მოღვაწეობას იმით, რომ ქადაგებენ სახლებში, ქუჩებსა და ციხეებშიც კი.